Plasmon
კო-ვალტანი / CO-VALTAN


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს ვალსარტანის 80 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 12.5 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება (შეიცავს ვალსარტანსა და ჰიდროქლორთიაზიდს), რომლის მოქმედება დამყარებულია შემადგენელი კომპონენტების თერაპიულ ეფექტურობაზე. ვალსარტანი ანგიოტენზინ-II რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტია. ამორჩევითად აინჰიბირებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ეფექტზე. ვალსარტანი აბლოკირებს ანგიოტენზინით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროვებასა და ალდოსტერონის გამოყოფას. პრეპარატის მიღების შემდეგ, პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის გაზრდილმა დონემ შესაძლოა მოახდინოს AT2 რეცეპტორების სტიმულირება, თუმცა ვალტანის აფინურობა AT1 რეცეპტორების მიმართ 20000-ჯერ მეტია AT2 რეცეპტორებთან შედარებით. პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი 2 საათში მიიღწევა, მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათში და შენარჩუნებული რჩება 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი დოზირების შემთხვევაში მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან 2-4 კვირაში და შენარჩუნებული რჩება ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არ ვითარდება მოხსნის სინდრომი. პრეპარატი არ მოქმედებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტზე, არ ხდება ბრადიკინინის დეგრადაცია და შესაბამისად, მცირეა ხველის განვითარების რისკი. ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი. დიურეზულ მოქმედებასთან ერთად ამცირებს ცირკულირებადი პლაზმის მოცულობას, რის შედეგადაც იზრდება რენინის აქტივობა, ალდოსტერონის სეკრეცია და შესაბამისად, კალიუმის კარგვა ორგანიზმიდან. ხოლო ვალსარტანთან ერთად კომბინაციაში მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი. პერორალურად მიღებული ვალსარტანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 23%-ია. 94-97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული პრეპარატის ნაწილი (70%) გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო 30% შეუცვლელი სახით - შარდთან ერთად. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებული დოზის 60-80% აბსორბირდება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 2 სთ-ში მიიღწევა და მისი მოქმედება 6-15 სთ-მდე გრძელდება. მიღებული დოზის 95% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. ჰიდროქლორთიაზიდისა და ვალსარტანის ერთდროული მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკაზე და აღნიშნული კომბინაციის ეფექტურობაზე.

ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა;
კო-ვალტანი ინიშნება, როგორც მეორე რიგის არჩევის პრეპარატი, როდესაც მონოთერაპია არაეფექტურია.

მიღების წესები და დოზები
კო-ვალტანის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (80 მგ ვალსარტანი / 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი) ერთხელ დღეში, ყოველდღიურად. ხოლო პაციენტებს, რომლებიც არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭიროებენ მეტ დოზას, ენიშნებათ 160 მგ ვალსარტანი / 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი ერთხელ დღეში ყოველდღიურად. მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირაში. პიციენტები თირკმლის მსუბუქი ან საშუალოდ გამოხატული ფუნქციის დარღვევით (კკ >30 მლ/წთ) დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ასევე არ საჭიროებენ დოზის კორექციას პაციენტები ღვიძლის მსუბუქი და საშუალოდ გამოხატული არაბილიარული გენეზის, ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე უკმარისობის დროს. პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სუსტი და გარდამავალი ხასიათისაა. ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ნაზოფარინგიტი, დაღლილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, წელის ტკივილი, ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კრეატინინისა და აზოტის დონის მატება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოვლენის რისკი იზრდება ალკოჰოლური, სედატიური და სანარკოზე საშუალებებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში. იშვიათად: კუჭის ტკივილი, შფოთვა, ართრიტი, ასთენია, ბრონქიტი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დისპეფსია, პირის სიმშრალე, დისპნეა, ჰიპოტონია, გასტროეზოფაგიტი, შეშუპება, შუა ყურის ანთება, პარესთეზია, ტემპერატურის მატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, საშარდე სისტემის ინფექციები, ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ფოტოსენსიბილიზაცია, ქოლესტაზი, სიყვითლე, დეპრესია, ჰიპოკალიემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და სხვა სახის ზემგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები, ვასკულიტი, მიალგია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები, ძვლის ტვინის სუპრესია, ჰემოლიზური ანემია, პანკრეატიტი.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ორსულობა;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი;
- ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ);
- რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული. ხოლო მკურნალობის პერიოდში პაციენტის დაორსულების შემთხვევაში პრეპარატი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას.

განსაკუთრებული მითითებები
- ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება პლაზმაში.
კო-ვალტანი სიფრთხილით ინიშნება კალიუმის მარილებთან ერთად, კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინაციაში და ასევე ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში (მაგ.: ჰეპარინი). თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობის პროცესში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალემია, ასევე ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რის შედეგადაც იზრდება არითმიისა და გლიკოზიგური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. რეკომენდებულია კალიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლში.
- ნატრიუმის ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი ორგანიზმში. კო-ვალტანით მკურნალობის საწყის ეტაპზე, პაციენტებში ნატრიუმის ან სისხლის მოცირკულირე მოცულობის დეფიციტით, შესაძლოა განვითარდეს კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ნატრიუმისა ან სისხლის მოცირკულირე მოცულობის დეფიციტის კორექცია, როგორიცაა დიურეტიკის დოზის შემცირება. ჰიპოტონიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა და საჭიროების მიხედვით მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ი/ვ ინფუზია. არტერიული წნევის დარეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია კოვალტანით მკურნალობის გაგრძელება.
- თირკმლის არტერიის სტენოზი.
პრეპარატის უსაფრთხოება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის დროს დადგენილი არ არის. პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (>30 მლ/წთ) დოზის კორექციას არ საჭიროებენ. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება, თუმცა არ საჭიროებს დოზის კორექციას, პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის დროს. თიაზიდურმა დიურეტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, შეცვალონ ორგანიზმის ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ, ასევე ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდოვანას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კო-ვალტანის ჰიპოტონური ეფექტი. კო-ვალტანის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის ტოქსიურ ეფექტს, ამიტომ მსგავსი კომბინაციების დანიშვნისას რეკომენდებულია ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი შრატში. ვალსარტანის სხვა სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამიოდარონი და გლიბენკლამიდი, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებაგამოვლენილი არ არის. კო-ვალტანის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (ასას.) - სალიცილის მჟავა და ინდომეტაცინი, ერთდროული მიღებისას შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის დიურეზული და ჰიპოტონური ეფექტი. ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება კო-ვალტანის ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, როგორიცაა სალურეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ადენოკორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინ G და სალიცილის მჟავას წარმოებულები. თიაზიდური დიურეტიკები ზრდიან ალოპურინოლის მიმართ მგრძნობელობას; ამანტადინის გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს; აძლიერებენ დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიურ ეფექტს; ამცირებენ თირკმლების მიერ ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყოფას (როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი) და შესაბამისად, აძლიერებენ მათ მიელოსუპრესიულ ეფექტს. კო-ვალტანით მკურნალობის ფონზე, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. მეთილდოფასა და თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია. ქოლესტირამინი ამცირებს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვას. ვიტამინი D ან კალციუმის მარილებთან კო-ვალტანის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალციუმის დონის მატება, ხოლო ციკლოსპორინთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრას მსგავსი სიმპტომები. კო-ვალტანი სიფრთხილით ინიშნება მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას.

ჭარბი დოზირება
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა: ღებინების ინდუცირება (თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ), ჰიპოტენზიის შემთხვევაში რეკომენდებულია ი/ვ ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია. ჰიდროქლორთიაზიდისაგან განსხვავებით, ვალსარტანი არ ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არაუმეტას 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით!

რეგისტრაციის # და თარიღი
ბრძ. N 596/ო 04.11.2008

სად შევიძინოთ?