Nuk
ელიქსაბანი / ELIXABAN


აპიქსაბანი, 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ორალური გამოყენებისთვის

 

აქტიური ნივთიერება: 
აპიქსაბანი 5 მგ. 

 

დამხმარე ნივთიერებები: 
ტაბლეტის ბირთვი:  ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული).

 

ტაბლეტის გარსი:  ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 2910 (15მPა), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172).

 

რა არის ელიქსაბანი და რისთვის გამოიყენება
ელიქსაბანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანს და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "ანტიკოაგულანტები". ფაქტორ Xა-ს ბლოკირების გზით, რომელიც წარმოადგენს სისხლის შედედების მნიშვნელოვან კომპონენტს, პრეპარატი ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას.

 

ელიქსაბანი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგ შემთხვევებში:
სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაცია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში. თრომბი გულიდან სისხლის ნაკადთან ერთად შეიძლება მოხვდეს ტვინში (რაც გამოიწვევს ინსულტს), ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ქვედა კიდურების (ღრმა ვენის თრომბოზი) ან ფილტვების (პულმონარული ემბოლიზმი) სისხლძარღვებში შედედებული სისხლის სამკურნალოდ, ან თრომბის განმეორების პრევენციისთვის.

 

რისი ცოდნაა საჭირო ელიქსაბანის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ელიქსაბანს, თუ:
აღგენიშნებათ ალერგია აპიქსაბანის ან ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6); 
გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა;
გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, ამჟამად ან ახლო წარსულში კუჭის ან ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში, ახლახანს განვითარებული სისხლდენა თავის ტვინში); 
გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლდენის მაღალ რისკთან (ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული კოაგულოპათია); 
იღებთ სისხლის შედედების დამაქვეითებელ პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინს, რივაროქსაბანს, დაბიგატრანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტებით მკურნალობის შეცვლის შემთხვევებისა, როდესაც ჰეპარინი შეიყვანება ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, კათეტერის ამოვარდნის პრევენციის მიზნით, ან არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ სისხლძარღვში ჩადგმულია მილი (კათეტერული აბლაცია). 

 

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მოვლენა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 

სისხლდენის მომატებული რისკი, როგორიცაა: 
სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების აქტივობის დამაქვეითებელი მდგომარეობები; 
ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას; 
ასაკი 75 წელს ზემოთ; 
წონა 60 კგ ან ნაკლები. 
თირკმელების მძიმე უკმარისობა ან დიალიზი.
ამჟამად ან წარსულში არსებული ღვიძლის პრობლემები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების მქონე პაციენტებში ელიქსაბანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. 
გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი.
თუ ექიმი თვლის, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ოპერაცია ფილტვებიდან სისხლის კოლტის ამოსაღებად. 

 

ელიქსაბანის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა შემდეგ შემთხვევებში: 
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ~ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი~ (იმუნური სისტემის დაავადება, როდესაც იზრდება სისხლის თრომბების წარმოქმნის რისკი), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა.
თუ თქვენთვის საჭიროა ოპერაცია ან პროცედურა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის ხანმოკლე დროით შეწყვეტის შესახებ. თუ ზუსტად არ იცით, შეუძლია თუ არა პროცედურას სისხლდენის გამოწვევა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

ბავშვები და მოზარდები 
რეკომენდებული არ არის ელიქსაბანის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და ელიქსაბანი:
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გააძლიეროს აპიქსაბანის მოქმედება, ზოგიერთს კი – შეასუსტოს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პრეპარატებთან კომბინაციაში ელიქსაბანის დანიშვნის და თქვენზე დაკვირვების საკითხთან დაკავშირებით.

 

შემდეგ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია გააძლიეროს აპიქსაბანის მოქმედება და გაზარდოს არასასურველი სისხლდენის რისკი: 
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.); 
აივ/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი); 
სისხლის შედედების დასაქვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და ა.შ.);
ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). სისხლდენის რისკი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მაღალი, თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის პირი და იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას; 
მომატებული არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი); 
ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ეწოდებათ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები. 

 

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს შეუძლია შეამციროს აპიქსაბანის სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის უნარი: 
ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების საპროფილაქტიკო პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და ა.შ.); 
კრაზანა (მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს); 
ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი). 

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. 
აპიქსაბანის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თუ ხართ ორსულად, აპიქსაბანი არ უნდა მიიღოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაორსულდით ელიქსაბანის მიღების პერიოდში. 
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ მოგეცემათ რეკომენდაცია, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ ან არ დაიწყოთ ელიქსაბანით მკურნალობა. 

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი:
აპიქსაბანმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 
ელიქსაბანი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა) და ნატრიუმს
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. 
ამ სამკურნალო საშუალების 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.  

 

ელიქსაბანის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.  

 

მიღების მეთოდი
გადაყლაპეთ ტაბლეტები წყლის მიყოლებით. ელიქსაბანის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 
იმისათვის, რომ მკურნალობის ეფექტი იყოს ოპტიმალური, ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. 
თუ თქვენთვის რთულია ტაბლეტის მთლიანად მიღება, ელიქსაბანის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა და წყალში, დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში ან ვაშლის ფაფაში შერევა უშუალოდ მიღებამდე

 

მითითებები ტაბლეტების დაფშვნასთან დაკავშირებით
დაფშვენით ტაბლეტები სანაყის საშუალებით. 
ფრთხილად გადაიტანეთ ფხვნილი შესაბამის კონტეინერში, შემდეგ შეურიეთ მცირე რაოდენობის (მაგალითად 30 მლ (2 სუფრის კოვზი)) წყალი ან ზემოთ მითითებული სხვა სითხე. 
მიიღეთ ნარევი.
გამოავლეთ ტაბლეტის დასაფშვნელად გამოყენებული სანაყი და კონტეინერი მცირე რაოდენობის (მაგალითად, 30 მლ) წყლით ან ერთ-ერთი სხვა სითხით და მიიღეთ ეს სითხე. 

 

ასევე, საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეიყვანოს 60 მლ წყალში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში გახსნილი ელიქსაბანის დაფშვნილი ტაბლეტი ნაზოგასტრალური ზონდის საშუალებით. 

 

მიიღეთ ელიქსაბანი შემდეგი რეკომენდებული დოზირების მიხედვით:

 

გულში სისხლის თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის წინაგულების ფიბრილაციის (მოციმციმე არითმია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში 
რეკომენდებული დოზა – ელიქსაბანი 5 მგ-ის თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.

 

რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 2.5 მგ-ის თითო ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, თუ:
აღინიშნება თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა;
აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან ორი ან მეტი: 
სისხლის ანალიზის შედეგებით ნაჩვენებია თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია (შრატში კრეატინინის მნიშვნელობა – 1.5 მგ/დლ (133 მკმოლი/ლ) ან მეტი); 
ასაკი 80 წელი ან მეტი; 
წონა 60 კგ ან ნაკლები

 

რეკომენდებული დოზა – ერთი ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს. გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს ექიმი. 
ქვედა კიდურების ვენების თრომბების და ფილტვებში სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 5 მგ-ის ორ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში პირველი 7 დღის განმავლობაში, მაგალითად ორი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი საღამოს. 
7 დღის შემდეგ რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 5 მგ-ის ერთ ტაბლეტს ორჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს. 
სისხლის თრომბების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მკურნალობის 6-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ
რეკომენდებული დოზა შეადგენს ელიქსაბანი 2.5 მგ-ის ერთ ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე ტაბლეტი საღამოს.
გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ იღებს ექიმი.
ექიმს შეუძლია შეცვალოს ანტიკოაგულანტებით მკურნალობა შემდეგი სახით. 
ელიქსაბანიდან ანტიკოაგულანტზე გადასვლა
შეწყვიტეთ ელიქსაბანის მიღება. დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ტაბლეტის შემდეგი დაგეგმილი მიღების დროს. 

 

ანტიკოაგულანტიდან ელიქსაბანზე გადასვლა
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. დაიწყეთ ელიქსაბანით მკურნალობა ანტიკოაგულანტის შემდეგი დოზის მიღების გრაფიკით, შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება. 
ანტიკოგულანტის და K ვიტამინის ანტაგონისტის კომბინირებული პრეპარატიდან (მაგალითად ვარფარინი) ელიქსაბანზე გადასვლა  
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. ელიქსაბანის მიღების დროის დასადგენად ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს. 
ელიქსაბანით მკურნალობიდან ანტიკოგულანტის და K ვიტამინის ანტაგონისტის კომბინირებულ პრეპარატზე (მაგალითად ვარფარინი) გადასვლა
თუ ექიმი დაგინიშნავთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატს, გააგრძელეთ ელიქსაბანის მიღება K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. ექიმი გაგიკეთებთ სისხლის ანალიზს და შეგატყობინებთ ელიქსაბანის მიღების დასრულების დროს. 
პაციენტები, რომლებიც იტარებენ კარდიოვერსიას
თუ საჭირო იქნება თქვენი არარეგულარული გულისცემის მკურნალობა კარდიოვერსიის სახელწოდებით ცნობილი მეთოდით, გამოიყენეთ ელიქსაბანი ისე, როგორც გეტყვით თქვენი ექიმი, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის კოლტების წარმოქმნა ტვინის სისხლძარღვებსა და სხეულის სხვა სისხლძარღვებში.  

 

ელიქსაბანის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
თუ თქვენ მიიღებთ ელიქსაბანის დანიშნულ დოზაზე მეტ რაოდენობას, სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალებების შეფუთვა, მაშინაც კი, თუ ისინი უკვე ცარიელია.

 

ელიქსაბანის დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, იმატებს სისხლდენის განვითარების რისკი. თუ დაგეწყებათ სისხლდენა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებიც შეძლებენ Xა ფაქტორის Mმოქმედების აღდგენას და სისხლდენის შეჩერებას.

 

თუ დაგავიწყდათ ელიქსაბანის მიღება
მიიღეთ ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ და:
ელიქსაბანის შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს
შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

 

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა ქნათ, ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 

თუ შეწყვეტთ ელიქსაბანის მიღებას
არ შეწყვიტოთ ელიქსაბანის მიღება, სანამ არ მიმართავთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, რადგან სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი მოიმატებს, თუ მკურნალობას დროზე ადრე დაამთავრებთ.
პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ელიქსაბანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება. 
აპიქსაბანის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის სისხლდენა, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში და მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო მეთვალყურეობას. 
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს აპიქსაბანის გულში სისხლის შედედების პრევენციის მიზნით იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომელთაც აქვთ გულის არარეგულარული რითმი და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი:

 

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)
სისხლდენა მოიცავს:
თვალებში
კუჭში ან ნაწლავში
სწორი ნაწლავიდან
სისხლი შარდში
ცხვირიდან
ღრძილებიდან
სისხლჩაქცევები და შეშუპება
ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სიფერმკრთალე
დაბალი არტერიული წნევა, როდესაც პაციენტი გრძნობს სისუსტეს ან აქვს გახშირებული გულისცემა
გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:
გამმა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება (GGt)

 

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)
სისხლდენა:
თავის ტვინში და სპინალურ ზოლში
პირის ღრუში და ხველის დროს ნერწყვში 
მუცლის ღრუში ან საშოდან
განავალში ღია/წითელი შეფერილობის სისხლი
სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდგომ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის ნაჟღენთი ქირურქიული ჩარევის შემდეგ ჭრილობიდან ან ნაკერიდან (ჭრილობიდან გამონადენი) ან ინექციის ადგილიდან
ჰემოროიდიდან
განავლის ან შარდის ანალიზებიდან იკვეთება სისხლი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სისხლის შედედებაზე)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მაჩვენებლის დონის მომატება
ბილირუბინის დონის მომატება, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე

 

გამონაყარი კანზე
ქავილი
თმის ცვენა
ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ხორხის შეშუპება და სუნთქვის გართულება. დაუყონებლივ მიმართედ ექიმს, თუ გამოვლინდებათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე.

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)
სისხლდენა:
ფილტვებსა და ხორხში
მუცლის ღრუს მიღმა
კუნთებში

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)
კანზე გამონაყარი, სამიზნეს მსგავსი ბუშტუკების წარმოქმნით (მუქი ფერის ცენტრალური არე, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა).

 

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც ცნობილია რომ ვლინდება, თუ აპიქსაბანი მიიღება ქვედა კიდურის ვენაში სისხლის შედედების განმეორებითი წარმოქმნის და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პრევენციისათვის

 

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)
სისხლდენა მოიცავს:
ცხვირიდან
ღრძილებიდან
სისხლი შარდში
სისხლჩაქცევები და შეშუპება
კუჭში, ნაწლავში, ან სწორი ნაწლავიდან
პირის ღრუში
საშოდან

 

ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სიფერმკრთალე
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სისხლის შედედებაზე)
გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)
გამონაყარი კანზე
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:
გამმა-გლუტამილტრანსფერაზას (GGt) ან ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALt) დონის მომატება

 

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1 შემთხვევაში)
დაბალი არტერიული წნევა, როდესაც პაციენტი გრძნობს სისუსტეს ან აქვს გახშირებული გულისცემა
სისხლდენა:
თვალებში
პირის ღრუში და ხველის დროს ნერწყვში 
განავალში ღია / წითელი შეფერილობის სისხლი
განავალში ან შარდში ანალიზებიდან იკვეთება სისხლი
სისხლდენა, რომელიც ვლინდება ოპერაციის შემდგომ, მათ შორის სისხლჩაქცევები და შეშუპება, სისხლის ან სითხის ნაჟღენთი ქირურქიული ჩარევის შემდეგ ჭრილობიდან ან ნაკერიდან (ნაკერის სეკრეცია) ან ინექციის ადგილიდან
ჰემოროიდიდან
კუნთებში
ქავილი
თმის ცვენა
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ხორხის შეშუპება და სუნთქვის გართულება. დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, თუ გამოვლინდება ამ სიმპტომებიდან რომელიმე

 

სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს:
ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო მაჩვენებლები
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მაჩვენებლის დონის მომატება
ბილირუბინის დონის მომატება, სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) დაშლის პროდუქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 ადამიანიდან 1 შემთხვევაში) სისხლდენა:
თავის ტვინში და ზურგის ტვინში
ფილტვებში

 

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)სისხლდენა:
მუცლის ღრუში და მუცლის ღრუს მიღმა 
კანზე გამონაყარი, სამიზნეს მსგავსი ბუშტუკების წარმოქმნით (მუქი ფერის ცენტრალური არე, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით და კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა).

 

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. 
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

 

ელიქსაბანის შენახვის პირობები
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით. 

 

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია 
ელიქსაბანი არის: 
ვარდისფერი, ორმხრივამობურცული, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
თითოეულ კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია 20 ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. 

 

 

სად შევიძინოთ?