1. რა არის პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატ გროპრინოსინი ფორტეს აქვს ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება (ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას).პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ინოზინ პრანობექსს, რომელიც თრგუნავს ადამიანისათვის პათოგენური ჰერპესის ვირუსების რეპროდუქციას in vitro.
პრეპარატის გროპრინოსინი ფორტეს გამოყენების ჩვენებები
კომპლექსური თერაპია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციებისას.მარტივი ჰერპესის (Herpes Simplex) ვირუსით გამოწვეული ტუჩების და სახის კანის ჰერპესის მკურნალობა.
პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციის ისტორია.თუ 5-14 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
2. რა უნდა იცოდეთ გროპრინოსინი ფორტეს გამოყენებამდე
არ მიიღოთ გროპრინოსინი ფორტე
თუ ალერგიული ხართ ინოზინ პრანობექსზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია შეფუთვის ფურცლის მე-6 ნაწილში). ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს: გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება.
თუ ამჟამად გაქვთ პოდაგრის შეტევა (სახსრების ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სახსრების ირგვლივ კანის შეშუპება და სიწითლე ან სითხის (ექსუდატის) დაგროვება მსხვილი სახსრების ირგვლივ) ან თუ ანალიზის შედეგებით აღინიშნება შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გროპრინოსინი ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევებში:თუ წარსულში გქონდათ პოდაგრის შეტევები ან სისხლში ან შარდში შარდმჟავას დონის მომატება. პრეპარატ გროპრინოსინი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას დონის დროებითი მატება სისხლში და შარდში.თუ წარსულში გქონდათ თირკმელში ქვები (ნეფროლითიაზი).თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამ შემთხვევაში ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას.მკურნალობა გრძელდება ხანგრძლივად (3 თვე ან მეტი). ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი დანიშნავს რეგულარულ სისხლის ანალიზს და გააკონტროლებს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციას. გრძელვადიანი მკურნალობისას თირკმელებში შეიძლება წარმოიქმნას ქვები.თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.
ბავშვები
გროპრინოსინი ფორტე არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან გეგმავთ რაიმე სხვა მედიკამენტის გამოყენებას.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება გროპრინოსინ ფორტესთან:
პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (ალოპურინოლი და სხვა პრეპარატები);
მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ შარდმჟავას ექსკრეციას, მათ შორის დიურეზულები (ზრდიან შარდის გამომუშავებას), მაგალითად, ფუროსემიდი, ტორსემიდი, ეტაკრინის მჟავა, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორთალიდონი, ინდაპამიდი;
მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ფუნქციას (ე.წ. იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ან ატოპიური დერმატიტის დროს);
აზიდოთიმიდინი (პრეპარატი აივ ინფექციის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ გროპრინოსინი ფორტე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ გირჩევთ ამ პრეპარატის მიღებას. თქვენი ექიმი შეაფასებს, აღემატება თუ არა პრეპარატის გამოყენების სარგებელი პოტენციურ რისკებს.
ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატ გროპრინოსინი ფორტეს ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა.
3. პრეპარატ გროპრინოსინი ფორტეს გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი შეფუთვიის ფურცელში მოცემული ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი მიიღება შიგნით (პერორალურად).
ტაბლეტი მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან, სასურველია წყალთან ერთად. მთელი ტაბლეტის გადაყლაპვის გაძნელებისას, ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს ან გაიხსნას მცირე რაოდენობის სითხეში პრეპარატის მიღების გასამარტივებლად.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით (65 წელზე მეტი ასაკის)
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში.
როგორც წესი, სადღეღამისო დოზა არის 3 ტაბლეტი (3გ) დღეში (ანუ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 ტაბლეტი (4 გ) დღეში (ანუ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, დაყოფილი რამდენიმე დოზად.
ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, რეკომენდებულია გროპრინოსინი ფორტეს მიცემა სიროფის სახით.
თერაპიის ხანგრძლივობა
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-დან 14 დღემდე.
სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს კიდევ 1-2 დღის განმავლობაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი გროპრინოსინი ფორტე
დღემდე, დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ გროპრინოსინი ფორტეს მიღება
თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ საჭირო დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ გროპრინოსინი ფორტეს მიღებას
თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა ვერ მიაღწიოთ მოსალოდნელ თერაპიულ ეფექტს, ან თქვენი სიმპტომები გაუარესდეს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გროპრინოსინი ფორტემაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციები გროპრინოსინი ფორტეს მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად ვითარდება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
უეცრად განვითარებული ხიხინი;
გაძნელებული სუნთქვა;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების შეშუპება;
გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები გროპრინოსინ ფორტეს გამოყენებისას ჩამოთვლილია ქვემოთ:
ძალიან ხშირად (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
ხშირი (ვითარდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება;
გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე;
მუცლის ტკივილი;
კანის ქავილი;
კანის გამონაყარი (როგორც ერთადერთი სიმპტომი);
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
დაღლილობა ან უსიამოვნო შეგრძნება;
სახსრების ტკივილი.
არახშირი (ვითარდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
დიარეა;
ყაბზობა;
ნერვოზულობა;
ძილიანობა ან ჩაძინების გაძნელება (უძილობა);
სადღეღამისო შარდის რაოდენობის მომატება (პოლიურია).
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს ხელმისაწვდომი მონაცემებით):
ეპიგასტრიუმში ტკივილი, სახის, ტუჩების, ქუთუთოების ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება), ჭინჭრის ციება, ალერგიული რეაქცია, უეცარი ალერგიული რეაქცია მთელ სხეულზე (ანაფილაქსიური რეაქცია), ანაფილაქსიური შოკი, თავბრუსხვევა, კანის სიწითლე (ერითემა).
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ მედიკამენტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პრეპარატების რეგისტრაციის სამმართველოს პრეპარატების არასასურველი რეაქციების მონიტორინგის განყოფილებას
ეროზოლიმსკაიას ხეივანი, 181C,
PL-02 222 ვარშავა, პოლონეთი
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ ასევე შეატყობინოთ უფლებამოსილ პირს.
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. პრეპარატ გროპრინოსინი ფორტეს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია
შეფუთვაზე „ვარგისია -მდე“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე შეიცავს
აქტიური ნივთიერება არის ინოზინ პრანობექსი (კომპლექსი, რომელიც შეიცავს ინოზინს და 2-ჰიდროქსიპროპილდიმეთილამონიუმის 4-აცეტამიდობენზოატს მოლარული თანაფარდობით 1:3).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ინოზინ პრანობექსს.
სხვა ინგრედიენტებია: კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K 25, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატ გროპრინოსინი ფორტეს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან კრემისფერი ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, 20 მმ სიგრძისა და 10 მმ სიგანის, ერთ მხარეს ნაზოლით და მეორე მხარეს წარწერით ასო "F".
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე შეფუთულია PVC/PE/PVDC/ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10 ან 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში შეფუთვის ფურცელთან ერთად.