Nuk
ლანთანობი / Lantanob 1000 მგ


ლანთანობი და მისი გამოყენება

ლანთანობი გამოიყენება თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტების სისხლში ფოსფატის დონის შესამცირებლად.

იმ პაციენტებს, რომელთა თირკმლები სათანადოდ არ ფუნქციონირებს, ვერ ხდება სისხლში ფოსფატის დონის კონტროლი. ამ დროს სისხლში ფოსფატის რაოდენობა იზრდება (ჰიპერფოსფატემია).

ლანთანობი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მიერ საკვებიდან ფოსფატის შეწოვას კუჭ-ნაწლავის სისტემაში მასთან შეკავშირების გზით. ლანთანობთან შეკავშირებული ფოსფატის შეწოვა ნაწლავის კედლიდან შეუძლებელია.

 

ლანთანობის მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთ ლანთანობი

  • თუ ხართ ალერგიული (აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა) ლანთანის კარბონატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
  • თუ თქვენს სისხლში გაქვთ ფოსფატის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია).

 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ლანთანობის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იცით, რომ გაქვთ ან გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

  • კუჭის ან ნაწლავების კიბო;
  • ნაწლავების ანთებითი დაავადება, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების ჩათვლით;
  • მუცლის ღრუს ოპერაცია ან მუცლის ღრუს/ნაწლავების ინფექცია ან ანთება (პერიტონიტი);
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული;
  • ნაწლავების ობსტრუქცია ან ნელი პერისტალტიკა (მოძრაობა) ნაწლავებში (მაგალითად, შეკრულობა და დიაბეტით გამოწვეული გართულებები კუჭის მხრივ);
  • ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.

თუ გაქვთ თირკმლების დისფუნქცია, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სისხლში კალციუმის დონის პერიოდულ შემოწმებასთან დაკავშირებით. თუ სისხლში კალციუმის დაბალი დონე გაქვთ, შეიძლება დამატებით კალციუმის მიღების დანიშვნა გახდეს საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ უნდა ჩაიტაროთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ ლანთანობს, ვინაიდან მან შეიძლება ზეგავლენა იქონიოს შედეგებზე.

 

ბავშვები

არ გამოიყენება.

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და ლანთანობი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ლანთანობმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული პრეპარატების შეწოვაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ქლოროქინს (რევმატიზმისა და მალარიის სამკურნალოდ), კეტოკონაზოლს (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), ტეტრაციკლინური ან დოქსიციკლინური ანტიბიოტიკებს, მათი მიღება უნდა მოხდეს ლანთანობის მიღებამდე 2  საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

არ არის რეკომენდებული პერორალური ფლოქსაცინური ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება (ციპროფლოქსაცინის ჩათვლით) ლანთანობის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

თუ ღებულობთ ლევოთიროქსინს (ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვლის გამო), მისი მიღება უნდა მოხდეს ლანთანობის მიღებამდე 2  საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლში თირეომასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის სათანადო კონტროლი.

 

ლანთანობი საკვებთან და სასმელთან ერთად

ლანთანობი მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. ლანთანობის მიღების წესები იხილეთ პუნქტში 4.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლანთანობის მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძიდან, ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის მიზანშეწონილი. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ათლეტები

არა არის შესაბამისი.

 

ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

პაციენტებში ლანთანობის გამოყენებისას ფიქსირდება ისეთი არახშირი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ვერტიგო (თავბრუსხვევის და „ტრიალის“ შეგრძნება). მისი გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნულმა გვერდითმა მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

 

ლანთანობი შეიცავს გლუკოზას

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

 

ლანთანობის მიღების წესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლანთანობი უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა და პირღებინება, მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ლანთანობი ჭამამდე მიიღეთ.

ლანთანობის პერორალური ფხვნილის შერევა ხდება რბილ საკვებთან (მაგალითად, ვაშლის პიურესთან ან მსგავს საკვებ პროდუქტთან) ერთად და შემდეგ უნდა გადაიყლაპოს. დამატებით სითხე საჭირო არ არის.

არ გახსნათ საშეტი, სანამ მზად არ იქნებით. საშეტის მთლიანი შიგთავსი აურიეთ 1-2 სავსე კოვზ რბილ საკვებთან, დააკვირდით, რომ მთლიანი დოზა შეერიოს საკვებს. დარწმუნდით, რომ პერორალური ფხვნილი/საკვების ნარევი მიიღება მყისიერად (15 წუთის განმავლობაში). არასოდეს შეინახოთ პერორალური ფხვნილი/ნარევი შემდეგი გამოყენებისათვის.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, პერორალური ფხვნილის რამდენი საშეტი უნდა  მიიღოთ ყოველი ჭამის დროს (თქვენი დღიური დოზა გაიყოფა კვებებს შორის). თქვენ მიერ მისაღები საშეტების რაოდენობა დამოკიდებულია:

  • თქვენს კვებაზე (ფოსფატის რაოდენობაზე თქვენ მიერ მიღებულ საკვებში);
  • სისხლში ფოსფატის დონეზე.

პერორალური ფხვნილის თქვენი დოზა დიდი ალბათობით იქნება 750 ან 1000 მგ, დღეში სამჯერ ჭამის დროს. ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, თქვენი ექიმი შეამოწმებს სისხლში ფოსფატის დონეს და შეუძლია გაზარდოს დოზა, სანამ ფოსფატის დონე თქვენს სისხლში იქნება მისაღები და რეგულარული.

ლანთანობი მოქმედებს ნაწლავში საკვებიდან ფოსფატის შეკავშირებით. მნიშვნელოვანია ლანთანობის მიღება ყოველი ჭამის დროს. თუ შეცვლით თქვენს დიეტას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება ლანთანობის დამატების დოზის მიღება გახდეს საჭირო. თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ რა ზომებს უნდა მიმართოთ ასეთ დროს.

 

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება.

 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლანთანობი

თუ მიიღეთ ლანთანობის ჭარბი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს რისკის შესაფასებლად და კონსულტაციის მისაღებად. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა და თავის ტკივილი.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ ლანთანობის მიღება

მნიშვნელოვანია ლანთანობის მიღება ყოველი ჭამის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ლანთანობის მიღება, მაშინ მიიღეთ მომდევნო დოზა შემდეგ კვებასთან ერთად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

 

თუ შეწყვიტეთ ლანთანობის მიღება

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მძიმე. თუ განვითარდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება:

  • ნაწლავის კედლის გახევა (აღნიშნულის ნიშნებია: მუცლის ძლიერი ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, პირღებინება ან მტკივნეული მუცელი). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).
  • ნაწლავების ობსტრუქცია (აღნიშნულის ნიშნებია: მძიმე მეტეორიზმი; მუცლის ტკივილი; შეშუპება ან სპაზმები; ძლიერი შეკრულობა). ეს არის არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ ახალი ან მძიმე შეკრულობა, ეს შეიძლება ნაწლავების ობსტრუქციის პირველი ნიშანი იყოს. შეკრულობა არის ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში).

 

სხვა ნაკლებად მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

  • შეკრულობა, გულძმარვა, მეტეორიზმი (შებერილობა);
  • ჰიპოკალციემია (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) ასევე ხშირი გვერდითი მოვლენაა; მისი სიმპტომები შეიძლება იყოს ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, კუნთების და მუცლის სპაზმები ან სახისა და ფეხების კუნთების სპაზმები.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შეკრულობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ეს შეიძლება ნაწლავების ობსტრუქციის ადრეული სიმპტომი იყოს.

 

არახშირი გვერდითი მოვლენები  (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

  • დაღლილობა; დისკომფორტის შეგრძნება; ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე; ხელებისა და ფეხების შეშუპება; სხეულის ტკივილი; თავბრუსხვევა, ვერტიგო, ბოყინი; კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი); მონელების დარღვევა; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; პირის სიმშრალე; კბილების მხრივ დარღვევები; საყლაპავი მილის ან პირის ღრუს ანთება; თხიერი განავალი; ღვიძლის გარკვეული ჰორმონების, პარათიროიდული ჰორმონის, ალუმინის, კალციუმისა და გლუკოზის კონცენტრაციების მომატება სისხლში; სისხლში ფოსფატის დონის მომატება ან შემცირება; წყურვილი; წონაში კლება; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; სისუსტე ან ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), მადის დაქვეითება ან მომატება; ხორხის ანთება; თმის ცვენა; მომატებული ოფლიანობა; გემოს დარღვევა და სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მომატება.

 

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში

არ ფიქსირდება.

 

ლანთანობის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან საშეტებზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის უტილიზაცია. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ლანთანობის შემადგენლობა

ლანთანობი 750მგ

ერთი საშეტი შეიცავს 750 მგ ლანთანს (ლანთანის კარბონატის სახით).

ლანთანობი 1000მგ

-  ერთი საშეტი შეიცავს 1000 მგ ლანთანს (ლანთანის კარბონატის სახით).

- სხვა ინგრედიენტებია დექსტრატები (ჰიდრირებული), უწყლო კოლოიდური სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.

 

ლანთანობის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი პერორალური ფხვნილის სახით საშეტში.

საშეტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, რომელშიც წარმოდგენილია:

10 საშეტი (გარე მუყაოს შეფუთვა შეიცავს 1 მუყაოს კოლოფს 10 საშეტის შემცველობით).

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

სად შევიძინოთ?