Plasmon
ლენდაცინი / Lendacin®


შემადგენლობა
ლენდაცინი 250 მგ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 250 მგ ცეფტრიაქსონს ნატრიუმის მარილის სახით.
ლენდაცინი 0,5 გ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მგ ცეფტრიაქსონს ნატრიუმის მარილის სახით.
ლენდაცინი 1 გ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 გ ცეფტრიაქსონს ნატრიუმის მარილის სახით.
ლენდაცინი 2 გ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 გ ცეფტრიაქსონს ნატრიუმის მარილის სახით.

რა არის ლენდაცინი და რისთვის იყენებენ მას
ლენდაცინი - ეს არის პარენტერალურად გამოსაყენებლად განკუთვნილი მესამე თაობის ნახევრად სინთეტური ცეფალოსპორინი. მას გააჩნია ბაქტერიციდური მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ, რომელიც განპირობებულია ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით.

თერაპიული ჩვენებები
ნაჩვენებია ცეფტრიაქსონის მიმართ დადგენილი ან სავარაუდო მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული შემდეგი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომელნიც მოითხოვენ პარენტერალურ თერაპიას:
• ბაქტერიული მენინგიტი; 
• პნევმონია;
• მუცლის ღრუს ინფექციები, კერძოდ, პერიტონიტი და ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები. ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა მოხდეს კომბინაციაში ანტიანაერობული აქტიურობის მქონე სხვა ანტიბიოტიკთან;
• კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
• ძვლების და სახსრების ინფექციები;
• ლაიმის დაავადების (II და III სტადიის) გვიანი გამოვლინებები;
• სუსუნატი (გონორეა).

გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისთვის გულ-სისხლძარღვთა, კოლორექტალურ ქირურგიაში და უროლოგიური პროცედურების დროს, როგორც დამოუკიდებლად, ისე კომბინაციაში სხვა ანტიბიოტიკებთან. კოლორექტალური ოპერაციების დროს აუცილებელია მისი კომბინირება ანტიანაერობული აქტიურობის მქონე ანტიბიოტიკებთან.

ლენდაცინის გამოყენების წინ
წინააღმდეგჩვენებები
ცეფტრიაქსონი წინააღმდეგ ნაჩვენებია პაციენტებისთვის ცნობილი მომატებული მგრძნობელობით ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით პენიცილინის მიმართ შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციები.
არ უნდა დაენიშნოთ ახალშობილებს ჰიპერბილირუბინემიით და უდღეურ ბავშვებს. In vitro გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია გამოდევნოს ბილირუბინი შრატის ალბუმინთან ბმის ადგილებიდან, რამაც ამ პაციენტების ჯგუფში შეიძლება ბილირუბინის ენცეფალოპათიის განვითარება გამოიწვიოს.

ცეფტრიაქსონი წინააღმდეგნაჩვენებია:
• უდღეური ბავშვებისთვის კორეგირებული ასაკის მიღწევამდე, რომელიც უდრის 41 კვირას (ჰესტაციის კვირები + სიცოცხლის კვირები);
• დროულად დაბადებული ბავშვებისთვის (28 დღემდე ასაკის): 
o სიყვითლით, ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით, ვინაიდან, ამ მდგომარეობების დროს შეიძლება დარღვეული იქნეს ბილირუბინთან ბმა;
o რომელნიც მოითხოვენ (ან შეუძლიათ მოითხოვონ) კალციუმის ან კალციუმის შემცველი ხსნარების ი/ვ შეყვანა, ვინაიდან, არსებობს კომპლექსის ცეფტრიაქსონი-კალციუმი დალექვის რისკი.
ინტრამუსკულარულად შესაყვანად
• აუცილებელია ლიდოკაინის წინააღმდეგჩვენების გათვალისწინება მისი ცეფტრიაქსონთან ერთობლივად შეყვანისას.

საგანგებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
• პაციენტის ასაკის მიუხედავად, არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან შეყვანა ერთდროულად ინტრავენურად ან სხვა საინფუზიო სისტემით შესაყვან ან სხვა ადგილას შესაყვან კალციუმის შემცველ ხსნარებთან. 
• Clostridium difficile-თან ასოცირებულ დიარეაზე არსებობდა შეტყობინებები, ცეფტრიაქსონის ჩათვლით, თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებისას. მისი სიმძიმე შეიძლება ვარირებდეს მსუბუქი ფორმიდან სიცოცხლისთვის სახიფათო კოლიტამდე. ყველა პაციენტისთვის ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ გაჩენილი დიარეით, უნდა გათვალისწინებული იქნეს C. difficilе -თან მისი კავშირის შესაძლებლობა. აუცილებელია ანამნეზის საგულდაგულო შეკრება, ვინაიდან, C. difficilе-თან ასოცირებული დიარეის შესახებ შეტყობინებები არსებობდა ანტიბაქტერიული საშუალებების შეყვანიდან ორი თვის შემდეგაც კი. 
• ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს, შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული სუპერინფექციები. 
• ისეთი დოზების მიღების შემდეგ, რომელნიც აჭარბებენ სტანდარტულ რეკომენდებულს, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ვლინდებოდა დაჩრდილვები, რომლებიც შეცდომით ქვებად ჩაითვალა. ეს დაჩრდილვა არის ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექი, რომელიც ქრება ცეფტრიაქსონით თერაპიის დასრულების ან გაუქმების შემდეგ. 
• პაციენტებში, ვინც გადიოდა მკურნალობას ცეფტრიაქსონით, იშვიათად იყო შეტყობინებები პანკრეატიტის თაობაზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყო ნაღვლის გზების გაუვალობით. პაციენტების უმრავლესობას გააჩნია ნაღვლის შეგუბების და ბილიარული სლაჯის რისკის ფაქტორები, მაგ., წინმსწრები მასშტაბური თერაპია, მძიმე დაავადება და სრული პარენტერალური კვება.
• თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობისას დოზა უნდა შემცირდეს მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. 
• თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, ცეფტრიაქსონის ხსნარის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის. 

ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინებისთვის, ანამნეზის საგულდაგულო შეკრების დროსაც კი არ შეიძლება გამოირიცხოს ანაფილაქტური შოკი. 
ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარული ინტერვალების შემდეგ ატარებენ სისხლის საერთო ანალიზს. 

სამკურნალწამლო და სხვა ურთიერთქმედებები
დღევანდელ დღემდე არ იყო შემჩნეული თირკმელების ფუნქციის დარღვევა ცეფტრიაქსონის და ძლიერი დიურეტიკების (მაგ., ფუროსიმიდის) დიდი დოზების ერთდროულად შეყვანის შემდეგ. იმის მტკიცებულება, რომ ცეფტრიაქსონი ზრდის ამინოგლიკოზიდების თირკმლურ ტოქსიკურობას, არ არსებობს. ცეფტრიაქსონის შეყვანის შემდეგ ალკოჰოლის მიღების შემდეგ დისულფირამის მსგავსი ეფექტი აღნიშნული არ ყოფილა. ცეფტრიაქსონი არ შეიცავს N-მეთილტიოტეტრაზოლის ჯგუფს, რომელიც ასოცირდება ალკოჰოლის შესაძლო გადაუტანლობასთან და სხვა ცეფალოსპორინების მიერ გამოწვეულ სისხლდენებთან. 
პრობენეციდი არ ახდენს გავლენას ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე. 
in vitro გამოკვლევის დროს ქლორამფენიკოლის და ცეფტრიაქსონის შეთავსებისას აღინიშნებოდა ანტაგონიზმის ეფექტები.
არ გამოიყენოთ კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, ხსნარის მოსამზადებლად ან დამზადებული ი/ვ შესაყვანი ცეფტრიაქსონის ხსნარის შემდგომი გაზავებისთვის, რადგანაც შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. ცეფტრიაქსონი-კალციუმის კომპლექსის დალექვა, აგრეთვე, შეიძლება მოხდეს, თუ ცეფტრიაქსონს შეურევენ კალციუმის შემცველ ხსნარებს ი/ვ შეყვანის ერთსა და იმავე სისტემაში. ცეფტრიაქსონის შეყვანა ერთდროულად ინტრავენურად შესაყვან კალციუმის შემცველ ხსნარებთან არ შეიძლება, მათ შორის, კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას Y-მაგვარი პორტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, პაციენტებისთვის (გარდა ახალშობილებისა) ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების შეყვანა შეიძლება თანმიმდევრობით, ერთმანეთის შემდეგ, თუ შეყვანებს შორის საინფუზიო სისტემები საგულდაგულოდ გამოირეცხება თავსებადი სითხით. მოზრდილების პლაზმის და ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის პლაზმის in vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებს ცეფტრიაქსონი-კალციუმის კომპლექსის დალექვის მაღალი რისკი გააჩნიათ. 
ლიტერატურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.
ცეფტრიაქსონს შეუძლია არასასიკეთო გავლენის მოხდენა ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების ეფექტურობაზე. ამ მიზეზით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში რეკომენდებულია სარგებლობა კონტრაცეფციის დამატებითი (არა ჰორმონალური) საშუალებებით. 
პაციენტებს, ვინც გადის მკურნალობას ცეფტრიაქსონით, იშვიათ შემთხვევებში კუმბსის რეაქცია შეიძლება ცრუ დადებითი ჰქონდეთ. 
გამოკვლევებმა გალაქტოზემიაზე ცეფტრიაქსონით და სხვა ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი მოგვცენ. ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება მიღებული იქნეს, აგრეთვე, შარდში გლუკოზის არაფერმენტატული განსაზღვრის დროს. შარდში გლუკოზის განსაზღვრისთვის საჭიროა გლუკოოქსიდაზური მეთოდების გამოყენება.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ლენდაცინის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება, თუ პოტენციური სარგებლიანობა დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის არსებულ რისკს. ცეფტრიაქსონი დაბალი კონცენტრაციით გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების პერიოდში ლენდაცინის გამოყენების შესახებ იღებს ექიმი. 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვინაიდან, ცეფტრიაქსონი ზოგჯერ თავბრუსხვევას იწვევს, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ინფორმაცია ინგრედიენტების შესახებ
ლენდაცინი შეიცავს ნატრიუმს. 1,0 გ ლენდაცინი შეიცავს 83 მგ (3,6 მმოლ) ნატრიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებისთვის, ვინც იცავს ნატრიუმის შემზღუდველ დიეტას. 

ლენდაცინის გამოყენების წესი
დოზა და გამოყენების წესი უნდა განისაზღვროს ინფექციური პროცესის სიმძიმის და ლოკალიზაციის, მიკროორგანიზმების მგრძნობელობის, ავადმყოფის ასაკის და მდგომარეობიდან გამომდინარე. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პასუხზე მკურნალობაზე. ცეფტრიაქსონით, ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკებით, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 48 – 72 საათის განმავლობაში ციებ-ცხელების ან ინფექციური დაავადების სხვა ნიშნების გაქრობის შემდეგ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები სხეულის მასით  50 კგ 
ჩვეულებრივი დოზაა 1-2 გ ცეფტრიაქსონი ერთხელ დღეში (ყოველ 24 საათში). მძიმე ინფექციების ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე ერთხელ დღეში. 
გაურთულებელი სუსუნატის (გონორეის) დროს მოზრდილებს და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს წონით ≥ 50 კგ უნიშნავენ 250 მგ ცეფტრიაქსონს ერთჯერადად ინტრამუსკულარულად.

მენინგიტი
მოზრდილების, 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების და ბავშვების წონით ≥ 50 კგ მკურნალობას იწყებენ 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ერთხელ დღეში. მაქსიმალური დოზის 4 გ/დღე-ღამეში გადაჭარბება არ შეიძლება. 
ბაქტერიული მენინგიტის დროს ბავშვებში თერაპიას იწყებენ დოზებიდან 50-100 მგ/კგ (მაქსიმალურამდე 2 გ) ერთხელ დღეში. 
2 კვირაზე უმცროსი ბავშვებისთვის (მეტის დანიშვნა არ შეიძლება) - 50 მგ/კგ.
ინფექციის პათოგენის და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ დოზა შეიძლება შესაბამისი სახით შემცირდეს. 
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ საკმარისია 1 - 2 კვირა. 
ლაიმის დაავადება (II და III სტადია)
მოზრდილების და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის ცეფტრიაქსონის თერაპიული დოზა შეადგენს 50 მგ/კგ (მაქსიმალურად 2 გ) ერთხელ დღეში 14 დღის განმავლობაში. 
ბავშვები: 50-100 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე ერთხელ დღე-ღამეში (მაქსიმალურად 2 გ/დღე-ღამეში) 14 დღის განმავლობაში.

პერიოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციის შემდგომი ინფექციის პროფილაქტიკისთვის დაბინძურებულ ან პოტენციურად ინფიცირებულ ქირურგიულ ველზე რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (ინფექციის რისკის მიხედვით) ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე. კოლორექტალური ოპერაციებისას ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს ანტიანაერობული აქტივობის მქონე ანტიბიოტიკთან კომბინაციაში. 

ხანდაზმული პაციენტები 
ხანდაზმულ პაციენტებს თირკმელების და ღვიძლის დამაკმაყოფილებელი ფუნქციის პირობებში მოზრდილების დოზის კორექტირება არ სჭირდებათ.
ახალშობილები და ბავშვები 12 წლამდე წონით < 50 კგ 
რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმები შეყვანის სიხშირით ერთხელ დღეში. 
• ახალშობილები: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტრავენურად, 60 წუთის განმავლობაში. დოზამ არასოდეს არ უნდა გადააჭარბოს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე. დოზა ერთნაირია როგორც უდღეური, ისე დროულად დაბადებული ბავშვებისთვის. 
• ბავშვები 12 წლამდე: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე, მაგრამ ძალიან მძიმე ინფექციებისას შეიძლება გაიზარდოს 80 მგ/კგ-მდე დღეში. სადღეღამისო დოზის 80 მგ/კგ გადაჭარბება არ შეიძლება. 50 მგ/კგ სხეულის მასაზე მაღალი ინტრავენური დოზების შეყვანა უნდა მოხდეს ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. 
• ბავშვებისთვის 50 კგ და მეტი წონით რეკომენდებულია მოზრდილებისთვის განკუთვნილი სტანდარტული დოზა. 

თირკმელების უკმარისობა 
თუ პაციენტებს დარღვეული თირკმელების ფუნქციით შენარჩუნებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ცეფტრიაქსონის დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. სადღეღამისო დოზის შეზღუდვა მაქსიმალურ 2 გ-მდე აუცილებელია მხოლოდ თირკმელების ძალიან მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ). 
შეთავსებული მძიმე თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს აუცილებელია პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და პრეპარატის დოზის შესაბამისი კორექტირება. 
ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებს, დიალიზის შემდეგ ცეფტრიაქსონის დამატებითი დოზა არ სჭირდებათ. ამავე დროს დოზის კორექტირების აუცილებლობის გამოსავლენად ასეთ პაციენტებს უნდა გაუკონტროლდეთ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია, ვინაიდან, მათ პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე შეიძლება დაქვეითებული ჰქონდეთ. 

ღვიძლის უკმარისობა 
თუ თირკმელების ფუნქცია ნორმალურია, დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. შეთავსებული მძიმე თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს აუცილებელია პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და პრეპარატის დოზის შესაბამისი კორექტირება. 

გამოყენების წესი
შეიძლება შეყვანა ინტრავენურად ბოლუსურად, ინტრავენურად წვეთოვანად ან ინტრამუსკულარულად მითითებების თანახმად ხსნარის დამზადების შემდეგ.
ხსნარის მოსამზადებლად და ი/ვ შეყვანისთვის მისი შემდგომი გაზავებისთვის არ შეიძლება კალციუმის შემცველი გამხსნელების გამოყენება (მაგ., რინგერის ხსნარის ან ჰარტმანის ხსნარის), ვინაიდან, შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა. ცეფტრიაქსონი-კალციუმის კომპლექსის დალექვა, აგრეთვე, შესაძლებელია, თუ ცეფტრიაქსონი შეერევა კალციუმის შემცველ ხსნარებს ი/ვ შეყვანის ერთ სისტემაში.
ინტრამუსკულარული ინექციები არაა ნაჩვენები 2 წელზე უმცროსი ბავშებისთვის.
ლენდაცინის დანიშვნა შეიძლება ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად ან ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება არანაკლებ 30 წუთი. 
ლენდაცინის შერევა არ შეიძლება ერთ შპრიცში სხვა პრეპარატებთან, გარდა ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარისა (მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის).
თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, ცეფტრიაქსონის ხსნარის გამოყენება მხოლოდ ინტრამუსკულარული ინექციებისთვის შეიძლება.
შესაძლო ფიზიკური შეუთავსებლობის გამო ცეფტრიაქსონის შემცველი ხსნარის შერევა ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან, ამინოგლიკოზიდებთან, ამსაკრინთან, ლაბეტალოლომთან და ჩამოთვლილის გარდა სხვა საინფუზიო ხსნარებთან არ შეიძლება. 
ინტრამუსკულარულად დანიშვნისას. 250 მგ ცეფტრიაქსონს უმატებენ 2 მლ, ხოლო 1 გ-ს - 3,5 მლ 1%-იან ლიდოკაინის ხსნარს. ხსნარი შეჰყავთ ღრმად დუნდულის კუნთში. 1 გ-ზე მაღალი დოზები, უნდა დაიყონ და შეყვანილნი იქნენ რამდენიმე ადგილას.
ინტრავენურად დანიშვნისას. 250 მგ ცეფტრიაქსონს ამატებენ 5 მლ, ხოლო 1 გ - 10 მლ საინექციო წყალს. ხსნარი ნელა შეჰყავთ ვენაში 2 - 4 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ინფუზიისას. 2 გ ცეფტრიაქსონს ამატებენ 40 მლ საინფუზიო ხსნარს (0,45 % ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდი, 2,5 %, 5% ან 10% გლუკოზა, 5% ლევულოზა, 6% დექსტრანი გლუკოზაში). ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანად არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. 
ხსნარების დამზადებისას ინტრამუსკულარული ან ინტრავენური ინექციისთვის კრისტალური ფხვნილი თეთრიდან მოყვითალო-ნარინჯის ფერამდე იძლევა ხსნარს მკრთალი-ყვითლიდან ქარვის ფერამდე.
დამზადებული ხსნარები ყურადღებით უნდა დათვალიერდეს. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, ხილული ნაწილაკების გარეშე. დამზადებული ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადად გამოსაყენებლად, ხსნარის გამოუყენებელი ნაწილი უნდა გადაიღვაროს.

ჭარბი დოზირება
ჭარბ დოზირებას კრუნჩხვის გამოწვევა შეუძლია. გვერდითი ეფექტების პროფილის გათვალისწინებით შეიძლება იყოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.

მკურნალობა
სპეციალური ზომები არ არსებობს. უნდა გატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებები, აუცილებლობის მიხედვით განხილული იქნეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია. ცეფტრიაქსონი ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით არ გამოიყოფა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა წამალს, ლენდაცინსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდებათ. შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გაჩენა:

სისტემური გვერდითი ეფექტები
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (დაახლოებით შემთხვევების 2%): თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. 
ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. 
• სიხშირე უცნობია: არსებობდა შეტყობინებები აგრანულოციტოზის (< 500/მმ3) შემთხვევების შესახებ, ძირითადად მკურნალობის 10 დღის შემდეგ და 20 გ-ის და მეტის ტოლი საერთო დოზების მიღების შემდეგ. 

კანის რეაქციები (დაახლოებით 1%): ეკზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. 
• სიხშირე უცნობია: არსებობდა შეტყობინებები მძიმე არასასურველი რეაქციების შესახებ კანის მხრიდან (პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი). 
• სხვა, იშვიათი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ვერტიგო და თავბრუსხვევა, ნაღვლის ბუშტში ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის დალექვა კლინიკური გამოვლინებებით, ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება, გლუკოზურია, ჰემატურია, ოლიგურია, შრატში კრეატინინის შემცველობის მომატება, გენიტალური მიკოზი, ციებ-ცხელება, კანკალი, ანაფილაქტური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, მაგ., ბრონქოსპაზმი.
არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან ერთდროულად შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ან პრეპარატებთან ერთად, სხვა საინფუზიო სისტემების მეშვეობითაც კი. 
შეიძლება განვითარდეს ცეფტრიაქსონის მიმართ არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (Сandida, სოკოებით და სხვა მდგრადი მიკროორგანიზმებით) გამოწვეული სუპერინფექციები. ცეფტრიაქსონით მკურნალობის იშვიათი არასასურველი ეფექტია – ფსევდომემბრანოზული კოლიტი, როგორც ისეთი ინფექციის შედეგი, რომლის პათოგენიც არის Clostridium difficile. პაციენტებმა დიარეით ანტიბაქტერიული საშუალების მიღების შემდეგ უნდა გაითვალისწინონ ამ დაავადების შესაძლებლობა. 
ძალიან იშვიათ შემთხვევებში არსებობდა შეტყობინებები ცეფტრიაქსონის კალციუმის დალექვის შესახებ თირკმელებში, უპირატესად 3 წელზე უფროს ბავშვებში, რომელნიც იღებდნენ მაღალ სადღეღამისო დოზებს (მაგ.,  80 მგ/კგ/დღე-ღამეში) ან ზოგად დოზებს, რომელნიც აჭარბებენ 10 გ და გააჩნდათ რისკის სხვა ფაქტორები (მაგ., სითხის მოხმარების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვ.). ნალექის წარმოქმნის რისკი გაზრდილი აქვთ უმოძრაო ან დეჰიდრირებულ პაციენტებს.
ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის დალექვა ნაღვლის ბუშტში, ძირითადად აღენიშნებოდათ პაციენტებს, ვინც იღებდა სტანდარტულ რეკომენდებულზე მაღალ დოზებს. დალექვა შექცევადია ცეფტრიაქსონის მოხსნის შემდეგ.
აღნიშნული იყო პანკრეატიტის განვითარების ცალკეული შემთხვევები. 
არსებობდა შეტყობინებები ისეთი ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების შესახებ, როგორიცაა შედედების დარღვევა.

ადგილობრივი გვერდითი ეფექტები
იშვიათ შემთხვევებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ვითარდებოდა ფლებიტი. ეს ეფექტი შეიძლება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, თუ პრეპარატის შეყვანა მოხდება ნელა (2-4 წუთის განმავლობაში).
ინტრამუსკულარული ინექციები ლიდოკაინის გარეშე მტკივნეულია. 

გავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე
პაციენტებს, ვინც ცეფტრიაქსონით მკურნალობას გადის, კუმბსის რეაქცია იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ცრუ დადებითი იქნეს. ცეფტრიაქსონს და სხვა ანტიბიოტიკებს გალაქტოზემიაზე ანალიზის ცრუ დადებითი შედეგის მოცემა შეუძლიათ. 
აგრეთვე, ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება იქნეს მიღებული შარდში გლუკოზის არა ფერმენტატული განსაზღვრისას. ამიტომ შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს საჭიროა ფერმენტატული მეთოდების გამოყენება.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადას წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
დამზადებული ხსნარი ვარგისია 24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C შენახვის შემთხვევაში ან 48 საათის 2°C - 8°C ტემპერატურაზე. 

გაცემის პირობები
რეცეპტის მიხედვით.

სად შევიძინოთ?