Plasmon
ლიზინოკორ H® / LISINOCOR H®


შემადგენლობა

ლიზინოკორ H-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ლიზინოპრილის 10 მგ-სა და ჰიდროქლორთიაზიდის 12,5 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება. ლიზინოპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი აფერხებს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს, სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის შემცველობას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, ზრდის გულის წუთმოცულობას შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას, არტერიულ წნევას. ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ლიზინოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერი ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეულ კალიუმის დანაკარგს. პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით. ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს. კნტ-დან აბსორბირდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებული დოზის 60-80%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1,5-3 სთ-ში მიიღწევა, მისი მოქმედება გრძელდება 12 სთ-მდე, თირკმლის ნორმალური ფუნქციის პაციენტებში ელიმინაცია ხდება შარდის გზით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესები და დოზები
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საჭიროებისას შესაძლებელია - 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ლიზინოკორ H-ით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოკორ H-ით თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით). ლიზინოკორ H ინიშნება დღეში ერთხელ დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები
- ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;
- სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია;
- სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება (ხანგრძლივი გამოყენებისას), ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება;
- ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე);
- ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
- შესაძლებელია: სისუსტე, ერთეულ შემთხვევაში - ართრალგია.

უკუჩვენება
- ანამნეზში ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპების არსებობა;
- თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;
- თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ლიზინოკორ H-ით მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვანი და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესანტული საშუალებებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
ლიზინოკორ H-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
ლიზინოკორ H-ისა და კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში). ამიტომ, აღნიშნული კომბინაცია ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.
ლიზინოკორ H-ის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზინოკორ H-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
ლიზინოკორ H-მა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში - შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება: არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობა - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 001523 25.05.2006

სად შევიძინოთ?