Plasmon
რივაროქსი / RIVAROX


1. რა არის რივაროქსი და რისთვის გამოიყენება

რივაროქსი არის: 

მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია წითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამონაჭდევით “I”.

 

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

 

 

რივაროქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რივაროქსაბანს და გამოიყენება ზრდასრულ პაციენტებში:

• ვენური თორმბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრებზე გადატანილი ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ.

• ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სისხლის შედედების სამკურნალოდ და რეციდივის პროფილაქტიკისთვის. 

რივაროქსი წარმოადგენს ანტითრომბოზულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედების (Xა ფაქტორის) ბლოკირების გზით და ამგვარად ამცირებს სისხლის შედედების უნარს.

 

2. რისი ცოდნაა საჭირო რივაროქსის მიღებამდე 

ნუ მიიღებთ რივაროქსს, თუ:

• აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

• გაქვთ ძლიერი სისხლდენა.

• გაქვთ ისეთი დაავადება ან სხეულის რომელიმე ორგანოს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზრდის მნიშვნელოვანი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგ., კუჭის წყლული, დაზიანება ან სისხლჩაქცევა ტვინში, ახლად გადატანილი ქირურგიული ოპერაცია ტვინზე ან თვალზე.

• ღებულობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლა ან ჰეპარინის შეყვანა არტერიებსა და ვენებში სისხლძარღვების სანათურის დახშობის თავიდან აცილების მიზნით.

• გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს.

• ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს.

 

არ მიიღოთ რივაროქსი და შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა.

 

სიფრთხილის ზომები:

რივაროქსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. 

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ გაქვთ:

• სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით, როგორიცაა:

 

- თირკმლის ზომიერი ან მძიმე ხარისხის უკმარისობა (თირკმლის ფუნქცია გავლენას ახდენს პრეპარატის შემცველობაზე სისხლში)

- სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიღება (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლა ან ჰეპარინის შეყვანა არტერიებსა და ვენებში სისხლძარღვების სანათურის დახშობის თავიდან აცილების მიზნით 

- სისხლდენით მიმდინარე დაავადებები

- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას

- კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გართულდეს სისხლდენით, მაგ., კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, საყლაპავის ანთებითი დაავადება გამოწვეული გასტროეზოფაგეალური რეფლუქსით (კუჭის წვენის მოხვედრა საყლაპავ მილში)

- თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პრობლემები (რეტინოპათია)

- ბრონქების გაფართოებით და ნახველით მიმდინარე სასუნთქი სისტემის დაავადება (ბრონქოექტაზია) ან ანამნეზში ფილტვიდან სისხლდენა

 

• გულის ხელოვნური სარქველი

• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლდენის რისკი). შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამ სინდრომის შესახებ. ექიმი გადაწვეტს საჭიროებს თუ არა ცვლილებას დანიშნული მკურნალობა.

• არასტაბილური არტერიული წნევა ან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევა ფილტვებიდან შედედებული სისხლის ამოსაღებად

 

რივაროქსის მიღებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურების აუცილებლობას.

 

ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისას:

• ძალიან მნიშვნელოვანია რივაროქსის მიღება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ზუსტ დროს, რომელსაც განგისაზღვრათ ექიმი.

• თუ ოპერაცია მოიცავს კათეტერიზაციას ან ინიექციას ზურგის ტვინში (მაგ., ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია ან ტკივილის შემსუბუქება):

- ძალიან მნიშვნელოვანია რივაროქსის მიღება ექიმის მიერ განსაზღვრულ ზუსტ დროს როგორც ინიექციამდე ან კათეტერის ამოღებმადე, ასევე ამ პროცედურების შემდეგ

- დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ფეხებში სისუსტის ან დაბუჟების შეგრძნების წარმოქმნის, ასევე ნაწლავისა ან შარდის ბუშტის მხრივ პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ანესთეზიის დასრულებისას, ვინაიდან ამ შემთხვევებში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

 

ბავშვები და მოზარდები:

რივაროქსი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ არასაკმარისია.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

 

• სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), გარდა მათი მხოლოდ გარენულად გამოყენების შემთხვევებისა

• კეტოკონაზოლის ტაბლეტები (კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი ჭარბი რაოდენობით)

• ზოგიერთი ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)

• ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის მკურნალობისას (მაგ., რიტონავირი)

• სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები (მაგ., ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)

• ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგ., ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა)

• დრონედარონი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის არანორმალური რითმის სამკურნალოდ

• ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინი უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპრინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)

 

ვინაიდან ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რივაროქსის ეფექტის გაძლიერება, რივაროქსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს მათი მიღების შესახებ. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურების აუცილებლობას. კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითერების მომატებული რისკის შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობას.

 

ასევე შეატყობინეთ ექიმს, თუ ღებულობთ:

• ეპილეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)

• კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ), დეპრესიის საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება

 

ვინაიდან ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რივაროქსის ეფექტის შესუსტება, რივაროქსის მიღებამდე აცნობეთ ექიმს მათი მიღების შესახებ. ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის დანიშვნის და სამედიცინო მეთვალყურების აუცილებლობას.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

პრეპარატის მიღების დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი:

რივაროქსის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან გონების დაკარგვა (არახშირი გვერდითი ეფექტი). აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რივაროქსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

რივაროქსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

3. რივაროქსის მიღების წესი 

რივაროქსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 

 

რა დოზით უნდა მიიღოთ რივაროქსი:

- ვენური თორმბოემბოლიის პროფილაქტიკა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრებზე გადატანილი ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ: 

რივაროქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ. 

- ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) სისხლის შედედების მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა:

ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ანტითრომბული მკურნალობის შემდეგ თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის გაგრძელება ან ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტით დღეში 1-ჯერ, ან ერთი 20 მგ-იანი ტაბლეტით დღეში 1-ჯერ. 

რივაროქსის მიიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

თუ აღგენიშნებათ ყლაპვის გაძნელება, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსის ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით მიღება. 

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით. 

როდის უნდა მიიღოთ რივაროქსი:

რივაროქსი მიიღეთ ყოველ დღე ექიმის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების დროის ადვილად დამახსოვრების მიზნით ტაბლეტი მიიღეთ დღის განმავლობაში ერთი და იგივე დროს. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი.

მუხლზე ან მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ოპერაციის ტიპზე, კერძოდ:

• იმ პაციენტებში, რომელსაც ჩაუტარდათ მასშტაბური ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსარზე, რეკომენდებულია მკურნალობა 5 კვირის განმავლობაში;

• იმ პაციენტებში, რომელსაც ჩაუტარდათ მასშტაბური ოპერაცია მუხლის სახსარზე, რეკომენდებულია მკურნალობა 2 კვირის განმავლობაში.

ოპერაციის შემდგომ პრეპარატის პირველი დოზის მიღება საჭიროა ოპერაციის დასრულებიდან 6-10 სთ-ის შემდეგ.

რივაროქსის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი რაოდენობით რივაროქსის მიღებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ რივაროქსის მიღება:

- თუ თქვენ დაგავიწყდათ საჭირო დროს ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ მომდევნო დღეს და ამგვარად განაგრძეთ პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმით.

დღის განმავლობაში არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

 

რივაროქსის მიღების შეწყვეტა:

არ შეწყვიტოთ რივაროქსის მიღება თვითნებურად, ექიმის წინასწარი ინფორმირების გარეშე, ვინაიდან პრეპარატი განკუთვნილია სერიოზული მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერ¬დითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

ისევე, როგორც სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა (ანტითრომბული საშუალებები), რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა და, შესაბამისად, არტერიული წნევის უეაცარი დაცემა (შოკი). ზოგ შემთხვევაში კი სისხლდენა შესაძლოა იყოს ფარული ხასიათის. 

 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება და დაკავშირებულია სისხლდენასთან

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

• ხანგრძლივი და ძლიერი სისხლდენა

• ძლიერი სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, ტავბრუსხვევა, ტავის ტკივილი, უმიზეზო შეშუპება, სუთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა

 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება კანის სერიოზული დაზიანებებით

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

• კანზე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები, მაგ., პირის ღრუს ან თვალის არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში)

• წამლისმიერი სინდრომი, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ანთებითი პროცესებით ორგანიზმში, ჰემატოლოგიური ცვლილებებით და სისტემურობით (DღEშშ-სინდრომი). აღნიშნული სინდრომი ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში)

 

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება მძიმე ალერგიული რეაქციებით

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ხორხის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ვლინდება 10000-დან 1 შემთხვევაში) ან არახშირად (ანგიოედემა და ალერგიული შეშუპება; ვლინდება 100-დან 1 შემთხვევაში)

 

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში):

• ანემია, რაც ვლინდება კანის სიფერკმრთალით, სისუსტით, ქოშინით

• სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდ-სასქესო გზებიდან (ჰემატურიის და მენორაგიის ჩათვლით), ცხვირიდან, ღრძილებიდან 

• სისხლჩაქცევა თვალში (კონიუქტივაში სისხლდენის ჩათვლით).

• სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში (ჰემატომა, დაბეჟილობა)

• სისხლიანი ნახველი

• კანის და კანქვეშა სისხლჩაქცევები 

• პოსტოპერაციული სისხლდენა 

• სისხლიანი გამონადენი ქირურგიული ჭრილობიდან

• კიდურების შეშუპება

• ტკივილი კიდურებში

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით)

• ცხელება

• ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა

• დაბალი არტერიული წნევა (შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან სინკოპე) 

• ზოგადი სისუსტე და ენერგიის დეფიციტი (სწრაფი დაღლის და ასთენიის ჩათვლით), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

• კანზე გამონაყარი, ქავილი

• სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება

არახშირი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში):

• სისხლჩაქცევა ტვინში და ქალასშიდა სისხლჩაქცევა

• სისხლჩაქცევა სახსრებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას

• თრომბოციტოპენია 

• ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით)

• ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით მომატებული ბილირუბინი, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის ფერმენტები, თრომბოციტემია;

• გონების დაკარგვა

• შეუძლოდ ყოფნა

• გახშირებული გულისცემა

• პირის სიმშრალე

• ჭინჭრის ციება

იშვიათი (1 შემთხვევაზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში):

• სისხლჩაქცევა კუნთებში

• ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით)

• კანისა და სკლერების სიყვითლე

• ადგილობრივი შეშუპება

• ჰემატომა შორისის მიდამოში (კარდიალური პროცედურების გართულებისას, როდესაც ხდება ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია (ფსევდოანევრიზმა))

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

• ძლიერი სისხლდენის შემდგომი თირკმლის უკმარისობა

• კიდურებში სისხლჩაქცევა, რაც უწვევს შეშუპებას, ტკივილს, მგრძნობელობის დაქვეითებას, დაბუჯებას ან პარალიზებას (კომპარტმენტ-სინდრომი, როგორც სისხლდენის გართულება)

 

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

 

5. რივაროქსის შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ რივაროქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

არ გამოიყენოთ რივაროქსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სად შევიძინოთ?