Plasmon
როვეზიქსი / Rovezix


რას წარმოადგენს როვეზიქსი და მისი გამოყენება

როვეზიქსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. სტატინებს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი.

 

როვეზიქსი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, "ცუდი" ქოლესტერინის (LDL (დსლ) ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერიდების, დონის დასაქვეითებლად სისხლში. ის ასევე ზრდის "კარგი" ქოლესტერინის (HDL (მსლ) ქოლესტერინი) დონეს სისხლში. ეს მედიკამენტი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს ორი გზით: ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რომელიც შეიწოვება კუწ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე – ქოლესტერინის დონეს, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი.

 

ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს მაღალი ქოლესტერინის დონეს, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე და გამოიწვიოს მათი შევიწროება.

 

ხანდახან შეიძლება მოხდეს შევიწროებული სისხლძარღვის დახშობა, რაც იწვევს გულის ან თავის ტვინის სისხლმომარაგების შეწყვეტას და შედეგად - მიოკარდიუმის ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი.

 

როვეზიქსი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ ქოლესტერინის დონის დამწევი დიეტით. ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამწევი დიეტის დაცვა. მკურნალმა ექიმმა როვეზიქსი შეიძლება დანიშნოს, თუ პაციენტი უკვე იღებს როზუვასტატინს და ეზეტიმიბს იმავე დოზებით.

 

როვეზიქსი გამოიყენება, თუ პაციენტს აღენიშნება:

- ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);

- გულის დაავადებები, როვეზიქსი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის რისკს, გულის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად ქირურგიული ჩარევის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.

 

როვეზიქსი არ უწყობს ხელს გახდომას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა როვეზიქსის მიღებამდე

დაუშვებელია როვეზიქსის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია როზუვასტატინის, ეზეტიმიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები (მიოპათია);

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის დროს).

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ როვეზიქსით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. როვეზიქსით მკურნალობის დროს საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებების გამოყენება ფეხმძიმობისგან დასაცავად (იხ. ქვემოთ: ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება);

თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, პირის ღრუში ბუშტუკების და/ან წყლულების განვითარება როვეზიქსის ან სხვა მსგავსი მედიკამენტების მიღების შემდეგ.

 

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როვეზიქსით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აქვს კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აქვს კუნთების პრობლემები, ან აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების აუხსნელი გენეზის ტკივილები, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე ან ცხელება. ასევე, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების მუდმივი ხასიათის სისუსტე;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების გენერალიზებულ სისუტეს, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტეს) ან თვალის მიასთენიას (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), რადგან სტატინებმა შეიძლება დაამძიმონ დაავადება ან გამოიწვიონ მიასთენიის განვითარება (იხ. პარაგრაფი 4);

თუ პაციენტი აზიური წარმომავლობისაა (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს როვეზიქსის პაციენტისათვის შესაფერის დოზას;

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან ჩ ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა მაგ.: ლოპინავირი/რიტონავირი და/ან ატაზანავირი ან სიმეპრევირი. იხ. აგრეთვე "სხვა მედიკამენტები და როვეზიქსი";

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იღებს სხვა მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს. იხ. "სხვა მედიკამენტები და როვეზიქსი";

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა (ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს როვეზიქსის საჭირო დოზას).

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ფუზიდინის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდინის მჟავისა და როვეზიქსის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე დაავადება (რაბდომიოლიზი).

 

როვეზიქსთან მკურნალობასთან კავშირში აღწერილ იქნა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ). როვეზიქსის მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა სამედიცინო დახმარებისათვის, თუ პაციენტს აღენიშნება მე-4 პარაგრაფში აღწერილი რომელიმე სიმპტომი.

 

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული): საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია როვეზიქსის ნებისმიერი დოზის მიღებამდე.

 

მცირე რაოდენობის პაციენტებში სტატინებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ღვიძლზე, ამის განსაზღვრა ხდება მარტივი ანალიზით, რომლითაც ვლინდება ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე სისხლში. ამ მიზნით, როვეზიქსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სისხლის ანალიზის (ღვიძლის ფუნქციის ტესტების) რეგულარულად შემოწმება. საჭიროა ექიმთან მიმართვა დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, თუ მას აღენიშნება დიაბეტი ან იმყოფება მისი განვითარების რისკის ქვეშ. დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია, თუ პაციენტს სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე აქვს, ჭარბწონიანია და აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა.

ჰოსპიტალიზაციის ან სხვა დაავადების მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს როვეზიქსს.

 

ბავშვები და მოზარდები

როვეზიქსი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

სხვა მედიკამენტები და როვეზიქსი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგ., ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის. როზუვასტატინის ეფექტი ძლიერდება ერთდროული მიღების შემდეგ). როვეზიქსის მიღება არ უნდა მოხდეს, სანამ მიიღება ციკლოსპორინი;

ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (მათი სისხლის გამათხევადებელი მოქმედება ან სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ამ მედიკამენტთან ერთად მიღებისას), ტიკაგრელორი ან კლოპიდოგრელი;

ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტები, ე.წ. ფიბრატები, რომლებიც ასევე ახდენენ ტრიგლიცერიდების დონის კორექციას სისხლში (როგორიცაა გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). მათი ერთდროული მიღებისას როზუვასტატინის ეფექტი ძლიერდება;

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტი), რადგან ის გავლენას ახდენს ეზეტიმიბზე;

ვირუსული ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის ან ჩ ჰეპატიტის, სამკურნალო მედიკამენტები (იხ. "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები")., ცალკე ან კომბინაციაში: რიტონავირი ლოპინავირი, ატანაზავირი, სიმეპრევირი, ომბიტაზვირი, პარიტაპრევირი, დასუბავირი, ველპატაზვირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტაზვირი;

დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს ან მაგნიუმს (გამოიყენება კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის კუჭში; აქვეითებს როზუვასტატინის დონეს პლაზმაში). ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს, თუ პაციენტი იღებს ამ ტიპის მედიკამენტს როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში;

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი) - როზუვასტატინის ეფექტი ქვეითდება ერთდროული მიღებისას;

ფუზიდინის მჟავა – თუ ფუზიდინის მჟავის მიღება აუცილებელია ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტით მკურნალობა. მკურნალი ექიმი აცნობებს პაციენტს, როდის შეიძლება როვეზიქსის მიღების განახლება. როვეზიქსის მიღებამ ფუზიდინის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. მე-4 პარაგრაფში.

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინაღმდეგო აბები). აბებიდან შეწოვილი სასქესო ჰორმონების დონე იზრდება;

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (იზრდება ჰორმონების დონე სისხლში);

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

სიმეპრევირი (გამოიყენება ქრონიკული C  ჰეპატიტის სამკურნალოდ).

 

ჰოსპიტალიზაციის ან სხვა დაავადების მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს როვეზიქსს.

 

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ფეხმძიმობა

დაუშვებელია როვეზიქსის მიღება ფეხმძიმობის დროს, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს. თუ როვეზიქსით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. როვეზიქსით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებების გამოყენება ფეხმძიმობისგან დასაცავად.

ძუძუთი კვება

დაუშვებელია როვეზიქსის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი ეს მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ როვეზიქსი გავლენას მოახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ზოგიერთ პირს როვეზიქსის მიღების შემდეგ აღენიშნება თავბრუსხვევა. თუ ვითარდება თავბრუსხვევა, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონაულტაცია.

 

როვეზიქსი შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

 

როვეზიქსი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ კაფსულაში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად "თავისუფალია ნატრიუმისაგან".

 

როვეზიქსის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

როვეზიქსით მკურნალობის დროს უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამწევი დიეტის დაცვა და ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებში რეკომენდებული დღიური დოზაა მითითებული დოზის ერთი ტაბლეტი.

როვეზიქსი მიიღება ერთხელ დღეში.

მედიკამენტი მიიღება დღის ნებისმიერ დროს, კვებისაგან დამოუკიდებლად. თითოეული კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

როვეზიქსი არ არის განკუთვნილი საწყისი მკურნალობისათვის. მკურნალობის დაწყება, დოზის კორექცია აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ცალკეული აქტიური ნივთიერებების მიღებით და შესაბამისი დოზების განსაზღვრის შემდეგ განხილულ უნდა იქნას როვეზიქსზე გადასვლა შესაბამისი დოზირებით.

ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარულად ვიზიტი ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლისათვის, რათა შემოწმდეს მიღწეული და შენარჩუნებულია თუ არა ქოლესტერინის სასურველი დონე.

როვეზიქსის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

როვეზიქსის დოზის გამოტოვებისას:

პაციენტმა არ უნდა იღელვოს, უბრალოდ შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

 

როვეზიქსით მკურნალობის შეწყვეტისას

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს როვეზიქსით მკურნალობის შეწყვეტა. როვეზიქსის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის ისევ მომატება.

 

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

 

მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, თუ რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს. როვეზიქსის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;

სამიზნის მსგავსი, არაამობურცული გამონაყარი ან მრგვალი მოწითალო ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და თვალებზე წყლულებით. ასეთ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება ან გრიპის სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

გენერალიზებული გამონაყარი კანზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ლიმფური კვანძების გადიდება (DღEშშ-სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი)

როვეზიქსის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა ,თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

- წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (მოიცავს კანზე გამონაყარს, სახსრების დაზიანებას და სისხლის ყჯრედებზე ეფექტებს);

- კუნთის გაწყვეტა.

 

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადაიზარდოს კუნთების სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებაში, ე.წ. რაბდომიოლიზში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ცხელება და თირკმელების უკმარისობა.

 

აღწერილი გვერდითი მოვლენები დახარისხებულია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1–ზე ნაკლებ პაციენტში)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1–ზე ნაკლებ პაციენტში)

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

 

ხშირი გვერდითი მოვლენები

- თავის ტკივილი;

- ყაბზობა;

- გულისრევა;

- კუნთების ტკივილი;

- სისუსტე;

- თავბრუსხვევა;

- დიაბეტი - უფრო მეტად ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე სისხლში, აქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში ექიმი მოახდენს წონის კონტროლს;

- მუცლის ტკივილი;

- დიარეა;

- მეტეორიზმი (ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება);

- დაღლილობის შეგრძნება;

- ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის მაჩვენებლის გაზრდა სისხლში (ტრანსამინაზები).

 

არახშირი გვერდითი მოვლენები

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

შარდში ცილის რაოდენობის მომატება - ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს თავისით, როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე;

კუნთების ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის მაჩვენებლის მომატება სისხლში (კრეატინკინაზა (ჩK));

ხველა;

დისპეფსია;

გულძმარვა;

სახსრების ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

კისრის ტკივილი;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

ტკივილი მკერდში;

ალები;

არტერიული წნევის მომატება;

ჩხვლეტის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

წელის ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ხელებისა და ფეხების ტკივილი;

შეშუპება, განსაკუთრებით მტევნებისა და ტერფების.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში ირადიაციით წელის არეში;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება), ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სისხლიანი შარდი, ფეხებისა და ხელების ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება), მეხსიერების დაკარგვა, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია).

სიხშირე უცნობია

ქოშინი, შეშუპება (შესივება), ძილის დარღვევები, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები, სექსუალური დარღვევები, დეპრესია, სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება, მყესების დაზიანება, მუდმივი ხასიათი კუნთების სისუსტე, ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება).

მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების გენერალიზებულ სისუსტეს, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაში მონაწილე კუნთების).

თვალის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალების კუნთების სისუსტეს).

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ხელების ან ფეხების სისუსტე, რომელიც ძლიერდება აქტივობის პერიოდის შემდეგ. მხედველობის გაორება ან ქუთუთოების დაწევა, ყლაპვის გაძნელება ან ქოშინი.

 

როვეზიქსის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობისას.

 

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

 

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როვეზიქსი

აქტიური ნივთიერებებია ეზეტიმიბი და როზუვასტატინი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.

თითოეული კაფსულა შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბს.

 

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,  ნატრიუმის სტეარილფუმარატი, უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი.

კაფსულის გარსი:

ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172), ინდიგოტინი (E132).

 

როვეზიქსის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

როვეზიქსი 10 მგ + 10 მგ კაფსულები არის ჟელატინის კაფსულები ყვითელი ფერის თავსახურითა და კორპუსით, რომელიც შეიცავს 2 ვარდისფერ მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს და 2 თეთრი ფერის მრგვალ ტაბლეტს.

როვეზიქსი 20 მგ + 10 მგ კაფსულები არის ჟელატინის კაფსულები მწვანე ფერის თავსახურითა და კორპუსით, რომელიც შეიცავს 4 ვარდისფერ მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს და 2 თეთრი ფერის მრგვალ ტაბლეტს.

კაფსულები მოწოდებულია ბლისტერებით, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

სად შევიძინოთ?