ვილნობ მეტი / Vilnob Met
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ და მისი გართულებების კომბინირებული თერაპიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 50მგ+1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები, ათქ კოდი: A10BD08.
მოქმედების მექანიზმი
ვილნობ მეტში კომბინირებულია ორი ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატი მოქმედების ერთმანეთის შემვსები მექანიზმით ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად: ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება კუნძლოვანი უჯრედების გამაძლიერებლების ჯგუფს, და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, რომელიც მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს.
ვილდაგლიპტინი, რომელიც მიეკუთვნება კუნძლოვანი უჯრედების გამაძლიერებლების ჯგუფს, არის ძლიერი და სელექციური დიპეპტიდილ-პეპტიდაზა-4-ის (DPP-4) ინჰიბიტორი. მეტფორმინი ძირითადად მოქმედებს ღვიძლში ენდოგენური გლუკოზის გამომუშავების შემცირებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინი ძირითადად აინჰიბირებს DPP-4-ს, ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ინკრეტინის ჰორმონების GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) დეგრადაციაზე.
ვილდაგლიპტინის გამოყენება იწვევს DPP-4-ის აქტივობის სწრაფ და სრულ დათრგუნვას, რაც იწვევს ინკრეტინის ჰორმონების GLP-1-ის და GIP-ის ენდოგენური დონეების უზმოზე და ჭამის შემდეგ ზრდას.
ინკრეტინის ჰორმონების ენდოგენური დონეების გაზრდით ვილდაგლიპტინი ზრდის ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც ხდება გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის სეკრეციის გაუმჯობესება.
სადღეღამისო დოზით 50-100 მგ ვილდაგლიპტინის მკურნალობისას ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბეტა-უჯრედების ფუნქციური მარკერები, მათ შორის HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება - β), პროინსულინი ინსულინის თანაფარდობა და ბეტა-უჯრედების რეაქციის მაჩვენებელი ხშირად არჩეული საკვების ტოლერანტობის ტესტზე. დიაბეტის არასებობისას (ნორმალური გლიკემიური ინდექსის მქონე პირებში) ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას და არ აქვეითებს გლუკოზის დონეს.
ენდოგენური GLP-1-ის დონის გაზრდით, ვილდაგლიპტინი ასევე ზრდის ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რის შედეგადაც ხდება გლუკოზის შესაბამისი გლუკაგონის მეტი გამოყოფა.
ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინი/გლუკაგონის თანაფარდობის გაძლიერებული ზრდა ინკრეტინის ჰორმონის დონის გაზრდის გამო იწვევს ღვიძლში გლუკოზის პროდუქციის შემცირებას უზმოზე და ჭამის შემდეგ, რაც იწვევს გლიკემიის შემცირებას.
GLP-1-ის დონის გაზრდით გამოწვეული კუჭის დაცლის ცნობილი ეფექტი არ აღინიშნება ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს.
მეტფორმინი
მეტფორმინი არის ბიგუანიდების კლასის ანტიჰიპერგლიკემიური საშუალება, რომელიც პლაზმაში ამცირებს გლუკოზის როგორც ბაზალურ დონეს, ასევე გლუკოზის დონეს საკვების მიღების შემდეგ. იგი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და, შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას ან წონის მატებას.
მეტფორმინი ამცირებს გლუკოზის დონეს სამი მექანიზმის საშუალებით:
ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნის შემცირებით გლუკონეოგენეზის და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით;
კუნთებში ინსულინის მიმართ მგრძნობელობის ზომიერი გაზრდით, პერიფერიული შთანთქმის და გლუკოზის უტილიზაციის გაუმჯობესებით;
ნაწლავებში გლუკოზის შეწოვის შეფერხებით.
პედიატრიული პოპულაცია
სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ მოიხსნა ვალდებულება წარმოადგინოს ვილდაგლიპტინის მეტფორმინთან კომბინაციაში კვლევის შედეგები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (ინფორმაცია პედიატრიაში გამოყენების შესახებ იხ. პარაგრაფში “დოზირება და მიღების წესი“).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ვილნობ მეტი
შეწოვა
ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის სამი დოზის (50 მგ / 500 მგ, 50 მგ / 850 მგ და 50 მგ / 1000 მგ) ბიოეკვივალენტობა შეფასდა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის თავისუფალი ტაბლეტების შესაბამისი დოზების გამოყენებასთან შედარებით.
საკვები არ ახდენს გავლენას ვილნობ მეტიდან ვილდაგლიპტინის შეწოვის მოცულობასა და სიჩქარეზე. ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციიდან 50 მგ/1000 მგ მეტფორმინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი შემცირდა საკვებთან ერთად მიღების დროს, შესაბამისად Cmax შემცირდა 26%-ით, AUC შემცირდა 7%-ით და Tmax გახანგრძლივდა (2.0-დან 4.0 საათამდე).
ქვემოთ მოყვანილია ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის ცალკეული მოქმედი ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკური თვისებები.
ვილდაგლიპტინი
შეწოვა
უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, პლაზმური პიკური კონცენტრაციები აღინიშნება 1,7 საათში. საკვები ოდნავ ზრდის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს 2.5 სთ-მდე, მაგრამ გავლენას არ ახდენს მთლიან ექსპოზიციაზე (AUC). ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღებამ გამოიწვია Cmax შემცირება (19%), უზმოზე მიღებულ დოზასთან შედარებით. ამავე დროს ცვლილების ხარისხი კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, ასე რომ ვილდაგლიპტინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 85%-ს.
განაწილება
ვილდაგლიპტინის კავშირი პლაზმის ცილებთან დაბალია (9.3%). ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში (Vss) არის 71 ლ, რაც ექსტრავასკულურ განაწილებაზე მიუთითებს.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანებში მეტაბოლიზმი არის ვილდაგლიპტინის ელიმინაციის ძირითადი გზა, რაც დოზის 69%-ს შეადგენს. ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და წარმოადგენს ციანო-ფრაგმენტის ჰიდროლიზის პროდუქტს, რაც დოზის 57%-ს შეადგენს, შემდეგ მოდის ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%). DPP-4-ის დეფიციტის მქონე ვირთაგვებზე ჩატარებული in vivo კვლევები ადასტურებს, რომ DPP-4 ნაწილობრივ მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება CYP-450 ფერმენტებით. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, რომ ვილდაგლიპტინის კლირენსზე გავლენა მოახდინონ ერთდროულად გამოყენებულმა მედიკამენტებმა, რომლებიც არიან CYP 450 ინჰიბიტორები ან/და ინდუქტორები. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს / არ აინდუცირებს CYP-450 ფერმენტებს. ამიტომ, ვილდაგლიპტინი, სავარაუდოდ, გავლენას არ ახდენს ერთდროულად გამოყენებული იმ მედიკამენტების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4 / 5-ით.
ელიმინაცია
[14C] ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდით და დოზის 15% განავლით. პერორალური მიღების შემდეგ ვილდაგლიპტინის დოზის 23% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვილდაგლიპტინის საერთო პლაზმური და თირკმლის კლირენსია, შესაბამისად, 41 და 13 ლ/სთ. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 სთ-ს.
ხაზოვნება / არახაზოვნება
ვილდაგლიპტინის Cmax და მრუდქვეშა ფართობი „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) იზრდებოდა დაახლოებით დოზის პროპორციულად თერაპიული დოზების დიაპაზონში.
მახასიათებლები პაციენტებში
სქესი: ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელ სუბიექტებს შორის ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის ფართო დიაპაზონში. სქესი გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე.
ასაკი: ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში (≥70 წელი) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ დღეში ერთხელ) გაზრდილია 32%-ით, ამავე დროს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის პიკი იზრდება 18%-ით ჯანმრთელ ახალგაზრდა (18-40 წლის) პირებთან შედარებით. ამასთან, ეს ცვლილებები არ მიიჩნევა კლინიკურად მნიშვნელოვნად. ასაკი გავლენას არ ახდენს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4 ინჰიბირებაზე.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (A-C ჩაილდ-პიუს სკალით) ვილდაგლიპტინის გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა (მაქსიმუმ ~30%)
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა (Cmax 8-66%; AUC 32-134%), ხოლო საერთო კლირენსი შემცირდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით.
ეთნიკური ჯგუფი: შეზღუდული მონაცემები მიანიშნებს, რომ რასას მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
მეტფორმინი
შეწოვა
მეტფორმინის პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ პირებში დაახლოებით 50-60%-ს შეადგენს. პერორალური მიღების შემდეგ ფეკალიებში არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%.
პერორალური მიღების შემდეგ მეტფორმინის შეწოვა არასრული და გაჯერებულია. სავარაუდოდ, მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არხაზოვანია. მეტფორმინის ჩვეულებრივი დოზების და დოზირების სქემების გამოყენებისას მუდმივი კონცენტრაცია პლაზმაში 24-48 საათში მიიღწევა და, ჩვეულებრივ, 1 მკგ/ მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს პლაზმაში მეტფორმინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) არ აღემატებოდა 4 მკგ/მლ-ს მაქსიმალური დოზების გამოყენებისაც კი.
საკვების მიღება მცირე ხარისხით აფერხებს და ამცირებს მეტფორმინის შეწოვას. 850 მგ დოზის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 40%-ით დაბალი იყო, AUC შემცირდა 25%-ით, ხოლო პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო 35 წუთით გაიზარდა. აღნიშნული ფაქტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) არის 63-276 ლიტრი.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ადამიანებში მეტაბოლიტები იდენტიფიცირებული არ არის.
გამოყოფა
მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით. მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი არის >400 მლ/წთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური მიღების შემდეგ აშკარა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6,5 საათს. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას თირკმლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულად მცირდება და, შესაბამისად, იზრდება ნახევარგამოყოფის პერიოდი, რის შედეგადაც იზრდება პლაზმაში მეტფორმინის დონე.
ჩვენება:
ვილნობ მეტი გამოიყენება დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილებში:
პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ადეკვატური კონტროლი მხოლოდ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის საშუალებით.
პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომბინაციით, ცალკეული ტაბლეტების სახით.
დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ინსულინთან კომბინაციაში, როდესაც ეს არ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს (სხვადასხვა კომბინაციებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ინფორმაცია იხილეთ პარაგრაფებში “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგ., ლაქტატაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი)
დიაბეტური პრეკომა
თირკმლის მწვავე უკმარისობა (გფს <30 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“)
მწვავე მდგომარეობები, როდესაც იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი, მათ შორის:
დეჰიდრატაცია,
მძიმე ინფექცია,
შოკი,
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების ინტრავასკულური შეყვანა (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“)
მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ჰიპოქსია, მაგალითად:
გულის ან სუნთქვის უკმარისობა,
ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი,
შოკი.
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“)
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი
ძუძუთი კვება (იხ. პარაგრაფი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“)
გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები
ზოგადი
ვილნობ მეტი არ არის ინსულინის შემცვლელი ინსულინის მოთხოვნილების მქონე პაციენტებში და არ უნდა იქნას გამოყენებული ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ლაქტატაციდოზი
ლაქტატაციდოზი არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულება, რომელიც ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების ან გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების ან სეფსისის დროს. მეტფორმინი აკუმულირდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების დროს და ზრდის ლაქტატაციდოზის რისკს.
დეჰიდრატაციის შემთხვევაში (მწვავე დიარეა ან ღებინება, სიცხე ან სითხის შემცირება) მეტფორმინის გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის ინფორმირება.
მეტფორმინის გამოყენების ფონზე პაციენტებში სიფრთხილით ინიშნება სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა გამოიწვიოს (როგორიცაა, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები). ლაქტატაციდოზის სხვა რისკ-ფაქტორებია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, არაადეკვატურად კონტროლირებადი დიაბეტი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილობა და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი მდგომარეობა, ასევე იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება ლაქტატაციდოზი გამოიწვიოს (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
პაციენტები ან/და მომვლელები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტატაციდოზის რისკის შესახებ. ლაქტატაციდოზს ახასიათებს აციდოზული დისპნოე, მუცლის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვა, ასთენია და ჰიპოთერმია, რასაც მოჰყვება კომა. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას. დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შედეგებია სისხლის pH-ის შემცირება (<7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მომატება (>5 მმოლ/ლ) და ანიონური გახლეჩის და ლაქტატი / პირავატის თანაფარდობის გაზრდა.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მიღება
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების ინტრავასკულურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტული ნეფროპათია, რაც მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტატაციდოზის მომატებულ რისკს იწვევს. მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურამდე ან მის დროს, ხოლო გამოყენება უნდა განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელახლა მოხდება თირკმელების ფუნქციის შეფასება და მისი დასტაბილურებიდან გასული იქნება სულ მცირე 48 საათი (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
თირკმელების ფუნქცია
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დაწყების შემდეგ (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“). მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გფს <30 მლ/წთ, და მისი გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს თირკმელების ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
თანმხლები სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თირკმელების ფუნქციაზე, გამოიწვიოს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვნად შეცვლა, ან დათრგუნოს მეტფორმინის თირკმლისმიერი ტრანსპორტი და გაზარდოს მისი სისტემური ექსპოზიცია, გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა, მათ შორის, პაციენტებმა, რომლებშიც ალტ ან ასტ დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), არ უნდა მიიღონ ვილნობ მეტი (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “უკუჩვენება“ და “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).
ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი
ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები (ჰეპატიტის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში, პაციენტებს ზოგადად კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ხოლო ღვიძლის ფუნქციური ტესტები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა. ღვიძლის ფუნქციური ტესტები (LFT) უნდა ჩატარდეს ვილნობ მეტით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის საწყისი მდგომარეობის დასადგენად. ვილნობ მეტით მკურნალობის დროს საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი სამთვიანი ინტერვალებით პირველი წლის განმავლობაში და შემდეგ გარკვეული პერიოდულობით. პაციენტებში ტრანსამინაზების დონის მომატებისას განმეორებით უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები, სათანადო დასკვნების გამოსატანად, შემდეგ კი LFT ტარდება მანამ, სანამ მათი მაჩვენებლები ნორმალურ დონეს არ დაუბრუნდება. თუ ასტ ან ალტ 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, რეკომენდებულია ვილნობ მეტით თერაპიის შეწყვეტა. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები, უნდა შეწყვიტონ ვილნობ მეტის გამოყენება.
ვილნობ მეტის გამოყენების შეწყვეტის და LFT-ს ნორმალიზაციის შემდეგ ვილნობ მეტით მკურნალობა არ უნდა განახლდეს.
კანის დაავადებები
ვილდაგლიპტინის არაკლინიკური ტოქსიკოლოგიური კვლევების დროს მაიმუნების კიდურებზე აღინიშნებოდა კანის დაზიანებები, ბუშტუკები და წყლულები. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა კანის დაზიანებების სიხშირის გაზრდა, დიაბეტის კანის მხრივ გართულებების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები პოსტმარკეტინგული ბულოზური და ექსფოლიაციური კანის დაზიანებების შესახებ. ამიტომ, დიაბეტის მქონე პაციენტებში რუტინული მოვლის შესაბამისად რეკომენდებულია კანის დარღვევების კონტროლი, როგორიცაა ბუშტუკების ან წყლულების წამოქმნა.
მწვავე პანკრეატიტი
ვილდაგლიპტინის გამოყენება ასოცირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომის შესახებ.
პანკრეატიტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის გამოყენება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინი არ უნდა დაინიშნოს. სიფრთხილით ინიშნება მწვავე პანკრეატიტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
ჰიპოგლიკემია
ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანა იწვევს ჰიპოგლიკემიას. ჰიპოგლიკემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვილდაგლიპტინს სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში. ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია სულფონილშარდოვანას დაბალი დოზების გამოყენება.
ქირურგია
ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს. თერაპიის განახლება შესაძლებელია ოპერაციიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ ან პერორალური კვების აღდგენისას და იმ პირობით, რომ თირკმელების ფუნქცია შეფასდა და დასტაბილურდა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ვილნობ მეტის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ვილდაგლიპტინის მაღალი დოზებით გამოყენებისას ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მეტფორმინმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის გამოყენებით არ გამოავლინა ტერატოგენულობის მტკიცებულებები, მაგრამ აჩვენა ფეტოტოქსიკური მოქმედება დედის დოზების გამოყენებისას. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. ვილნობ მეტი ორსულობის დროს არ გამოიყენება.
ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტფორმინი და ვილდაგლიპტინი გადადის რძეში. არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში, მაგრამ მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით. ახალშობილებში ჰიპოგლიკემიის პოტენციური რისკის გამო, რომელიც ასოცირდება მეტფორმინთან, და იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ვილდაგლიპტინის გამოყენების შესახებ, ვილნობ მეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
ფერტილობა
ადამიანის ფერტილობაზე ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც არასასურველი რეაქციის სახით შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა, თავი უნდა აარიდონ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
უსაფრთხოების მონაცემები მიღებულია რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ვილდაგლიპტინის/მეტფორმინის საერთო ჯამში 6197 პაციენტის მონაწილეობით, რომელიც იღებდა ვილდაგლიპტინს/მეტფორმინს. ამ პაციენტებიდან 3698 პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს/მეტფორმინს და 2499 პაციენტი იღებდა პლაცებოს/მეტფორმინს.
ვილდაგლიპტინის/მეტფორმინის კომბინაციის თერაპიული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. თუმცა, ვილდაგლიპტინის/მეტფორმინის კომბინაციის ბიოეკვივალენტურობა ნაჩვენებია ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ერთდროულად გამოყენებით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი და დროებითი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. გვერდითი რეაქციების განვითარება არ უკავშირდებოდა ასაკს, ეთნიკურ წარმოშობას, ექსპოზიციის ხანგრძლივობას ან სადღეღამისო დოზას. ვილდაგლიპტინის გამოყენება დაკავშირებულია პანკრეატიტის განვითარების რისკთან. ლაქტატაციდოზი დაფიქსირდა მეტფორმინის გამოყენების ფონზე, განსაკუთრებით თირკმელების თანმხლები უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფთხილის ზომები“).
გვერდითი რეაქციების ცხრილი
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ვილდაგლიპტინით მკურნალობისას ორმაგად ბრმა კვლევებში, როდესაც იგი გამოიყენებოდა მონოთერაპიის და დამატებითი თერაპიის სახით, მოცემულია ორგანოთა სისტემების კლასებისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირეები მოცემულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია). სიხშირეთა თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის შემცირების მიხედვით.
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის (მონო-კომპონენტების ან ფიქსირებული დოზების კომბინაციის) ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას, კლინიკურ კვლევებსა და პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში
|
ორგანოების სისტემების კლასი - არასასურველი რეაქცია |
სიხშირე |
|
ინფექციები და ინვაზიები |
|
|
ზედა სასუნთქი ტრაქტის ინფექცია |
ხშირი |
|
ნაზოფარინგიტი |
ხშირი |
|
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ |
|
|
ჰიპოგლიკემია |
არც ისე ხშირი |
|
მადის დაკარგვა |
არც ისე ხშირი |
|
ვიტამინ B12-ის შეწოვის დარღვევა და ლაქტატაციდოზი |
ძალიან იშვიათი* |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
|
|
თავბრუსხვევა |
ხშირი |
|
თავის ტკივილი |
ხშირი |
|
ტრემორი |
ხშირი |
|
რკინის გემო პირში |
არც ისე ხშირი |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
|
|
ღებინება |
ხშირი |
|
დიარეა |
ხშირი |
|
გულისრევა |
ხშირი |
|
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება |
ხშირი |
|
მეტეორიზმი |
ხშირი |
|
შეკრულობა |
ხშირი |
|
მუცლის ტკივილი, მათ შორის მუცლის ზედა ორგანოების არეში |
ხშირი |
|
პანკრეატიტი |
არც ისე ხშირი |
|
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
|
|
ჰეპატიტი |
არც ისე ხშირი |
|
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
|
|
ძლიერი ოფლიანობა |
ხშირი |
|
კანის ქავილი |
ხშირი |
|
გამონაყარი |
ხშირი |
|
დერმატიტი |
ხშირი |
|
ერითემა |
არც ისე ხშირი |
|
ჭინჭრის ციება |
არც ისე ხშირი |
|
კანის ექსფოლიაციური და ბულოზური დაზიანებები, მათ შორის ბულოზური გამონაყარი |
უცნობი† |
|
კანის ვასკულიტი |
უცნობი† |
|
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
|
|
ართრალგია |
ხშირი |
|
მიალგია |
არც ისე ხშირი |
|
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები |
|
|
ასთენია |
ხშირი |
|
დაღლილობა |
არც ისე ხშირი |
|
შემცივნება |
არც ისე ხშირი |
|
პერიფერიული შეშუპება |
არც ისე ხშირი |
|
ლაბორატორიული ანალიზები |
|
|
ღვიძის ფუნქციის ანალიზის პათოლოგიური შედეგები |
არც ისე ხშირი |
|
* არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა მეტფორმინის მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში და არ აღინიშნა ვილდაგლიპტინი+მეტფორმინის ფიქსირებული დოზების კომბინაციაზე მყოფ პაციენტებში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მეტფორმინის პროდუქტის ზოგად დახასიათებაში. † პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე. |
|
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ვილდაგლიპტინი
ღვიძლის უკმარისობა
ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები (ჰეპატიტის ჩათვლით). ასეთ შემთხვევებში, პაციენტებს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ხოლო ღვიძლის ფუნქციური ტესტები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა. 24 კვირამდე ხანგრძლივობის მონოთერაპიის და დამატებითი თერაპიის კონტროლირებული კვლევების მონაცემებით, ალტ ან ასტ დონის ნორმის ზედა ზღვარზე >3-ჯერ გაზრდის სიხშირე (რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც არსებული 2 თანმიმდევრული გაზომვის ან მკურნალობის დასრულებისას ბოლო ვიზიტის დროს) შეადგენს 0,2%, 0,3% და 0,2%-ს შესაბამისად დღე-ღამეში ერთხელ 50 მგ ვილდაგლიპტინის , დღე-ღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის და შედარების ყველა პრეპარატის მიღებისას. ტრანსამინაზების დონის ასეთი მომატება, როგორც წესი, იყო უსიმპტომო, არაპროგრესირებადი და არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან.
ანგიონევროზული შეშუპება
ვილდაგლიპტინის მიღებისას აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები იგივე სიხშირით, რაც საკონტროლო ჯგუფებში. შემთხვევების დიდი წილი დაფიქსირდა ვილდაგლიპტინის მიღებისას აგფ ინჰიბიტორთან კომბინაციაში. შემთხვევების უმრავლესობა იყო მსუბუქი სიმძიმის და ალაგდა ვილდაგლიპტინის მკურნალობის გაგრძელებისას.
ჰიპოგლიკემია
ვილდაგლიპტინის (0.4%) მონოთერაპიის სახით გამოყენებისას შედარებით კონტროლირებულ მონოთერაპიის კვლევებში აქტიური შესადარებელი პრეპარატით ან პლაცებოს (0.2%) მიღებით, იშვიათად აღინიშნა ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის მძიმე ან სერიოზული შემთხვევები არ არის რეგისტრირებულია. მეტფორმინზე დამატებისას ჰიპოგლიკემია აღინიშნა ვილდაგლიპტინზე მყოფი პაციენტების 1%-ში, და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 0.4%-ში. პიოგლიტაზონის დამატებისას ჰიპოგლიკემია განვითარდა ვილდაგლიპტინის ჯგუფის პაციენტების 0.6%-ში და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 1.9%-ში. სულფონილშარდოვანას დამატებისას ჰიპოგლიკემია აღენიშნა ვილდაგლიპტინის ჯგუფის პაციენტების 1.2%-ს და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 0.6%-ს. სულფონილშარდოვანისა და მეტფორმინის დამატებისას ჰიპოგლიკემია განვითარდა ვილდაგლიპტინის ჯგუფის პაციენტების 5.1%-ში და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 1.9%-ში. პაციენტებში, რომლებიც ვილდაგლიპტინს იღებდნენ ინსულინთან კომბინაციაში, ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 14%-ს ვილდაგლიპტინის და 16%-ს პლაცებოს შემთხვევაში.
მეტფორმინი
ვიტამინ B12-ის შეწოვის შემცირება
ვიტამინ B12-ის შეწოვის შემცირება შრატში დონეების შემცირებით ძალიან იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდნენ მეტფორმინით. თუ პაციენტს აღენიშნება მეგალობლასტური ანემია, რეკომენდებულია განხილული იქნას ასეთი ეტიოლოგიის შესაძლებლობა.
ღვიძლის ფუნქცია
რეგისტრირებულია ღვიძლის ფუნქციის ანალიზების პათოლოგიური შედეგები ან ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები, რომლებიც ალაგდა მეტფორმინის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უფრო ხშირად აღინიშნა მკურნალობის დასაწყისში და უმრავლეს შემთხვევაში სპონტანურად ალაგდა. მათი პრევენციის მიზნით მეტფორმინის მიღება რეკომენდებულია ორჯერ დღეში საკვების მიღებისას ან მიღების შემდეგ. დოზის ნელა გაზრდის შემთხვევაში ასევე, შეიძლება გაუმჯობესდეს პრეპარატის ასატანობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
თუ შენიშნავთ არასასურველ მოვლენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:
ვილნობ მეტის ოფიციალური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ცალკეული აქტიური ინგრედიენტების შესახებ.
ვილდაგლიპტინი
ვილდაგლიპტინს აქვს ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ არის ციტოქრომ P (CYP) 450 ფერმენტების სუბსტრატი და არ აინჰიბირებს ან არ აინდუცირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად სავარაუდოა ურთიერთქმედება იმ მოქმედ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენს ამ ფერმენტების სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.
კლინიკური კვლევების შედეგებით, რომლებიც ჩატარდა ვილდაგლიპტინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების პიოგლიტაზონის, მეტფორმინის და გლიბურიდის ერთდროული გამოყენებისას, სამიზნე პოპულაციაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
ჯანმრთელ პირებში დიგოქსინთან (P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი) და ვარფარინთან (CYP2C9 სუბსტრატი) კომბინაციაში ვილდაგლიპტინის ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
ჯანმრთელ პირებში ჩატარდა ურთიერთქმედების კვლევები ამლოდიპინის, რამიპრილის, ვალსარტანის და სიმვასტატინის გამოყენებით. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. თუმცა, ეს არ არის დადგენილი სამიზნე პოპულაციაში.
კომბინაცია აგფ-ის ინჰიბიტორებთან
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებენ აგფ-ის ინჰიბიტორებს, შეიძლება მომატებული იყოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).
სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მსგავსად, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს რამდენიმე მოქმედი ნივთიერებით, მათ შორის თიაზიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით და სიმპათომიმეტური საშუალებებით.
მეტფორმინი
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული
ალკოჰოლი
ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ასოცირდება ლაქტატაციდოზის მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასაკმარისი კვების ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
იოდირებული კონტრასტული საშუალებები
მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურამდე ან პროცედურის დროს, თერაპიის განახლება შესაძლებელია პროცედურიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ თირკმლის ფუნქციის შეფასების და დასტაბილურების პირობებში (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“ და “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილის ზომებს
ზოგიერთი პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა (COX) II-ის სელექციური ინჰიბიტორები, აგფ-ის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები. ამ პრეპარატების მეტფორმინთან კომბინაციაში გამოყენების წინ ან გამოყენებისას აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მკაცრი კონტროლი.
გლუკოკორტიკოიდებს, ბეტა-2 აგონისტებს და შარდმდენებს აქვს შინაგანი ჰიპერგლიკემიური აქტივობა. საჭიროა პაციენტების ინფორმირება და სისხლში გლუკოზის დონის ხშირი კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. შეიძლება საჭირო გახდეს ვილნობ მეტის დოზის კორექცია ერთდროულად გამოყენების დროს და მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ სისხლში გლუკოზის დონე. საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰიპერგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა იქნას კორექტირებული სხვა სამკურნალო საშუალებთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ.
მეტფორმინის სისტემური ექსპოზიცია შეიძლება გაზარდოს ისეთი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც აფერხებენ თირკმელების მილაკების საერთო სატრანსპორტო სისტემებს, რომლებიც მონაწილეობენ მეტფორმინის ელიმინაციაში (მაგალითად, ორგანული კათიონური ტრანსპორტერი-2 [OCT2] /მულტიპრეპარატი და ტოქსინის ექსტრუზიის [MATE] ინჰიბიტორები, როგორიცაა რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი).
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება:
მოზრდილები თირკმელების ნორმალური ფუნქციით (გფს ≥90 მლ/წთ)
ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის დროს ვილნობ მეტის დოზა ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტის მიმდინარე რეჟიმის, ეფექტიანობის და ტოლერანტობის შესაბამისად, და არ უნდა აღემატებოდეს ვილდაგლიპტინის მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას - 100 მგ-ს. ვილნობ მეტით მკურნალობის დაწყება შეიძლება 50 მგ/500 მგ, 50 მგ / 850 მგ ან 50 მგ / 1000 მგ ტაბლეტით 2-ჯერ დღეში, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს.
პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ადეკვატური კონტროლი მონოთერაპიის სახით მეტფორმინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის გამოყენებისას:
ვილნობ მეტის საწყისი დოზა ვილდაგლიპტინზე გაანგარიშებით შეადგენს 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზაა 100 მგ), რასაც ემატება მეტფორმინის დოზა, რომელსაც პაციენტი უკვე იღებს.
პაციენტები, რომლებიც ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთდროული მიღებიდან გადადიან ცალკე ტაბლეტებზე:
ვილნობ მეტის მიღება იწყება ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის დოზებით, რომლებსაც პაციენტი უკვე იღებს.
მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას ორმაგი კომბინაციის მიღებისას არაადეკვატური კონტროლის დროს:
ვილნობ მეტის დოზა ვილდაგლიპტინზე გაანგარიშებით შეადგენს 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზაა 100 მგ) და მეტფორმინის დოზა, რომელსაც პაციენტი უკვე იღებს. სულფონილშარდოვანასთან ერთად ვილნობ მეტის გამოყენებისას ინიშნება სულფონილშარდოვანას ყველაზე დაბალი დოზა ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.
ინსულინისა და მეტფორმინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის ორმაგი კომბინაციის მიღებისას არაადეკვატური კონტროლის დროს:
ვილნობ მეტის დოზა ვილდაგლიპტინზე გაანგარიშებით არის 50 მგ 2-ჯერ დღეში (საერთო სადღეღამისო დოზას 100 მგ) და მეტფორმინის დოზა, რომელსაც პაციენტი უკვე იღებს.
ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა თიაზოლიდინდიონთან ერთად სამმაგი პერორალური თერაპიის დროს დადგენილი არ არის.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები (≥ 65 წელი)
ვინაიდან მეტფორმინი გამოიყოფა თირკმელებით, ხანდაზმულ პაციენტებში კი მოსალოდნელია თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ვილნობ მეტის გამოყენებისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი (იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
თირკმელების უკმარისობა
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე უნდა შეფასდეს მეტფორმინის შემცველი მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ სულ მცირე ყოველწლიურად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების უკმარისობის პროგრესირების რისკი, და ხანდაზმულებში, თირკმელების ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს, მაგალითად, ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.
სასურველია მეტფორმინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა გაყოთ 2-3 მიღემაზე. პაციენტებში, რომლებშიც გფს <60 მლ/წთ, გასათვალისწინებელია ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).
თუ ვილნობ მეტის დოზირებით ვერ ხერხდება ადეკვატური კონტროლი, უნდა იქნას გამოყენებული ერთჯერადი მონოკომპონენტები ფიქსირებული დოზების კომბინაციის ნაცვლად.
|
გფს, მლ/წთ |
მეტფორმინი |
ვილდაგლიპტინი |
|
60-89 |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3000 მგ. თირკმელების ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება. |
დოზის კორექცია საჭირო არ არის. |
|
45-59 |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2000 მგ. საწყისი დოზა არ უნდა იყოს მაქსიმალური დოზის ნახევარზე მეტი. |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 50 მგ. |
|
30-44 |
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1000 მგ. საწყისი დოზა არ უნდა იყოს მაქსიმალური დოზის ნახევარზე მეტი. |
|
|
<30 |
მეტფორმინი უკუნაჩვენებია |
ღვიძლის უკმარისობა
ვილნობ მეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის, როდესაც ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN) (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“) .
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) ვილნობ მეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) ვილნობ მეტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ მოიპოვება.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
ვილნობ მეტის მიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ შეიძლება შეამციროს მეტფორმინთან ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (ასევე, იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
დოზის გადაჭარბება:
ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ვილდაგლიპტინი
შეზღუდულია მონაცემები ვილდაგლიპტინის ჭარბი დოზირების შესახებ.
სიმპტომები
ინფორმაცია ვილდაგლიპტინის ჭარბი დოზირების სავარაუდო სიმპტომების შესახებ მიღებული იქნა ტოლერანტობის კვლევაში ჯანმრთელ პირებში ვილდაგლიპტინის ზრდადი დოზებით 10 დღის განმავლობაში გამოყენებისას. 400 მგ-ის გამოყენებისას აღინიშნა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა, მსუბუქი და გარდამავალი პარესთეზიების ერთეული შემთხვევები, ცხელება, შეშუპება და ლიპაზის დონის დროებითი მომატება. 600 მგ-ის გამოყენებისას ერთ სუბიექტს აღენიშნებოდა ფეხებისა და ხელების შეშუპება და კრეატინფოსფოკინაზას (CPK), ასტ-ის, C რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონის გაზრდა. 3 სხვა სუბიექტს აღენიშნებოდა ფეხის შეშუპება და 2 სუბიექტს - პარესთეზია. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული გადახრა აღმოიფხვრა.
მეტფორმინი
მეტფორმინის ჭარბი დოზირებისას (ან ლაქტატაციდოზის თანმხლები რისკის დროს) შეიძლება განვითარდეს ლაქტატაციდოზი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საავადმყოფოში მკურნალობას.
მკურნალობა
მეტფორმინი ეფექტიანად გამოიყოფა ჰემოდიალიზით. ამავე დროს, ვილდაგლიპტინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, მისი ძირითადი ჰიდროლიზებული მეტაბოლიტისაგან (LAY 151) განსხვავებით. რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვილნობ მეტი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები; ბლისტერულ შეფუთვებში 60 ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.