შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: მოქმედ ნივთირებას: ალფა-ტოკოფეროლის აცეტატს - 200 მგ-ს და 400 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყაი, ნატრიუმის ბენზოატი E-211.
აღწერილობა. რბილი ჟელატინის, ოვალური ფორმის კაფსულები, ღია-ყვითელი ფერის ნაკერით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები. სხვა ვიტამინები.
ათქ კოდი: A11HA03.
გამოყენების ჩვენებები
E ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა.
E ვიტამინი კაფსულებში არ გამოდგება მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული E ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში საჭიროა პარენტერალური პრეპარატების შეყვანა.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მისაღებად მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მიერ.
რეკომენდირებული დოზა:
E ვიტამინის 200 მგ-ანი კაფსულები - 1-2 კაფსულა დღეში;
E ვიტამინის 400 მგ-ანი კაფსულები - 1 კაფსულა დღეში.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 800 მგ E ვიტამინს.
კაფსულა მთლიანად უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის რომელიმე სითხის (სასურველია 200 მლ წყლის) დაყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ძირითადი დაავადების მიმდინარეობაზე. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
არ არის რეკომენდირებული სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ E ვიტამინს, ჭარბი დოზირების საშიშროების გამო.
ბავშვებისთვის არსებობს პრეპარატები აქტიური ნივთიერების ნაკლები შემცველობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დოზის კირექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმელებს ფუნქციის დარღვევით
საჭიროა სიფრთხილის დაცვა თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.
თუ გამოტოვებული იქნა სამკურნალო საშუალების მიღება, ის მიღებული უნდა იქნას რაც შეიძლება მალე, მომდევნო დოზა კი - ჩვეულ დროს.
მაგრამ, თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, არ არის რეკომენდირებული გამოტოვებული დოზის მიღება. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის კომპენსირება დოზის გაზრდით მომდევნო მიღებისას.
სიფრთხილის ზომები:
აუცილებელია დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვა.
დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით ამცირებს E ვიტამინზე მოთხოვნილებას.
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს, ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების და/ან თერაპიის განმეორებითი კურსის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების, ასევე სისხლში ქოლესტერინის დონის პერიოდული კონტროლირება.
სიფრთხილით გამოიყენება მძიმე კარდიოსკლეროზის დროს, გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს, ასევე ჰიპოპროტრომბინემიის დროს (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე - შეიძლება გაძლიერდეს E ვიტამინის 400 მგ-ზე მეტი დოზის შემთხვევაში).
E ვიტამინის პირველადი იზოლირებული დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში იშვიათად გვხვდება. მოზრდილებში ნორმალური მნიშვნელობა სისხლში შეადგენს დაახლოებით 9,5 მგ/ლ, რაც შეესაბამება 22 მკმოლს/ლ.
დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს დეფექტებმა აბსორბციაში, მეტაბოლიზმში ან ვიტამინის გაზრდილმა მოხმარებამ ოქსიდაციური სტრესის დროს. უკმარისობა აღინიშნება ძირითადად საკვებით ვიტამინის არასაკმარისი მიწოდების შედეგად, ამიტომ დაბალანსებული დიეტა არ იწვევს E ვიტამინის დეფიციტს.
E ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყაროები: გაღვივებული მარცვლეული და უმეტესი მცენარეული ზეთი. სხვა წყაროები - ფოთლოვანი ბოსტნეული, ცხოველების ორგანოები, რძე და კარაქი.
ორგანიზმში E ვიტამინის მიწოდების შეფასება ძნელია, ნაწილობრივ კვების პროდუქტებში E ვიტამინის შემცველობის ძლიერი ცვლილების გამო სეზონური რყევების, ასევე შენახვისას და მომზადების პროცესში დანაკარგის შედეგად.
ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად E ვიტამინის დღიური მოთხოვნილება ჯანმრთელი მოზრდილებისათვის შეადგენს ტოკოფეროლის ექვივალენტის 15 მგ-ს (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 1 მგ = 0,67 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტს). ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დამატებით საჭიროა ტოკოფეროლის ექვივალენტის 2-დან 4 მგ-მდე დღეში.
გარდა ამისა, მოთხოვნილება ტოკოფეროლზე იზრდება უჯერი ცხიმოვანი მჟავების არასაკმარისი მიღებისას. დამატებითი მოთხოვნილება აღინიშნება ასევე ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, ქიმიოთერაპიული) ხანგრძლივი გამოყენებისას და ცალკეული დაავადებების (მაგალითად, A-ბეტალიპოპროტეინემია) დროს.
E ვიტამინის მეორადი დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი მიზეზების შედეგად: კუჭის რეზექციის შემდეგ, ცელიაკიის, ენტეროკოლიტის, ქრონიკული პანკრეატიტის, მუკოვისციდოზის, ქოლესტაზის, მოკლე ნაწლავის სინდრომის, A-ბეტალიპოპროტეინემიის დროს, ხანგრძლივი პარენტერალური კვების შემდეგ.
E ვიტამინის დეფიციტი ვლინდება გამოხატული დარღვევებით, რომლებიც ინდუცირებულია თავისუფალი რადიკალებით, უჯრედების და ქსოვილების მხრივ, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, როგორიცაა რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რეტროლენტალური ფიბრიპლაზია და ჰემოლიზური ანემია, E ვიტამინის აშკარა დეფიციტის დროს აღინიშნება ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, კერძოდ, სპინოცერებრალური დეგენერაცია.
E ვიტამინის პერორალური ფორმები გამოუსადეგარია E ვიტამინის დეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავურ აბსორბციასთან. ნაწლავური აბსორბციის დარღვევები შეიძლება აღინიშნოს, მაგალითად, ქოლესტაზის, A-ბეტალიპოპროტეინემიის დროს და დღენაკლულ ბავშვებში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ვიტამინის პარენტელარული შეყვანა.
ორსულობა და ლაქტაცია:
კარგად ცნობილია, რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი ნაყოფისა და დედის სისხლში E ვიტამინის კონცენტრაციებს შორის. მშობიარობის წინ ორსული ქალების მიერ E ვიტამინის ხანმოკლე მიღება მნიშვნელოვნად ზრდის E ვიტამინის სტატუსს მხოლოდ დედებში. ითვლება, რომ E ვიტამინი არასაკმარისად ეფექტურად გადის პლაცენტაში ბავშვის სისხლის მიმოქცევაში. პლაცენტარული გადაცემის რეგულირების მექანიზმები არ არის ბოლომდე შესწავლილი, სავარაუდოა α-თთP მარეგულირებელი როლი პლაცენტარულ ბარიერში α-ტოკოფეროლის გადატანაში.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა E ვიტამინით არ აჩვენეს ტერატოგენური ეფექტების არანაირი ნიშნები.
ტოკოფეროლი აღწევს დედის რძეში.
E ვიტამინის მიღება შეიძლება იმ რაოდენობით, რომელიც შეესაბამება დღიურ მოთხოვნილებას. E ვიტამინის (ტოკოფეროლის ექვივალენტის) რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 15 მგ-ს; ორსული ქალებისათვის 17 მგ-ს (ორსულობის მეორე ნახევრიდან), მეძუძური დედებისათვის - 19 მგ-ს.
ორსულ ქალებში E ვიტამინის კაფსულებში 200 მგ (400 მგ) დოზით გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა დღეისათვის არ არის ცნობილი არანაირი სერიოზული გვერდითი ეფექტები, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება რისკს ბავშვისთვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ეპილეფსიით დაავადებულ პირებში E ვიტამინი ზრდის კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას, რომლებსაც სისხლში მომატებული აქვთ ლიპიდების წყალბადოვანი დაჟანგვის შემცველობა. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შეუძლიათ პლაზმაში E ვიტამინის კონცენტრაციის შემცირება.
აძლიერებს სტეროიდული და არასტეროიდული ანთებს საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიოქსიდანტები ეფექტს, ზრდი გულის გლიკოზიდების, ასევე A და D ვიტამინების ეფექტურობას და ამცირებს ტოქსიკურობას. E ვიტამინის მაღალი დოზებით დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი.
400 მგ-ზე/დღეში მეტი დოზით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთნ (კუმარინის და ინდანდიონის წარმოებულებთან), ანტიაგრეგანტებთან (კლოპიდოგრელი და დიპირიდამოლი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ასპირინი, იბუპროფენი და სხვ.) ზრდის ჰიპოპროთრომბინემიის და სისხლდენის განვითარების რისკს.
კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები, იზონიაზიდი, ორლისტატი, სუკრალფატი და ცხიმის შემცვლელი ოლესტრა ამცირებენ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის შეწოვას.
რკინის მაღალი დოზები აძლიერებენ ორგანიზმში ჟანგვით პროცესებს, რაც ზრდის E ვიტამინზე მოთხოვნილებას.
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის ციკლოსპორინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდება უკანასკნელის აბსორბცია.
ცხოველებზე ექსპერიმენტებში E ვიტამინის ძალიან მაღალმა დოზებმა აჩვენეს A და K ვიტამინების შთანთქმის შეზღუდვა.
რკინის პერორალურ პრეპარატებს შეუძლიათ ნაწლავში E ვიტამინის შთანთქმის შემცირება, ორივე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ ორივე პრეპარატი მიღებული იქნას დაახლოებით 4 საათის ინტერვალით.
მალაბსორბციის, E ვიტამინის და K ვიტამინის კომბინირებული დეფიციტის პირობებში, ასევე K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგალითად, პერორალური ანტიკოაგულანტების) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა კოაგულაციის სათანადო კონტროლირება, ასევე შესაძლებელია ორგანიზმში K ვიტამინის მკვეთრი შემცირება.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, ან პაცინეტებში K ვიტამინის დეფიციტით, არ არის რეკომენდირებული E ვიტამინის გამოყენება სათანადო სამედიცინო დაკვირვების გარეშე, სისხლდენის მომატებულ რისკთან დაკავშირებით.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები. ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 1200 მგ-დან (800 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტი) მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კრეატინურია, კუჭ-ნაწლავური დარღვევები - დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიაში, გულისრევა, მეტეორიზმი; სისხლის შრატში კრეატინკინაზას აქტივობის ზრდა.
ალფა-ტოკოკოფეროლის ხანგრძლივმა გამოყენებამ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის 600 მგ-ზე მაღალი დოზით (400 მგ ტოკოფეროლის ექვივალენტი) დღეში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დაქვეითება.
აღწერილი გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, ასევე რეაქციებისა, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, რეკომენდირებულია ექიმრან მიმართვა.
ჭარბი დოზირება:
სომპტომები: 400-800 მგ/დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას - არამკაფიო მხედველობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, უჩვეულო დაღლა, დიარეა, გასტრალგია, ასტენია; 800 მგ-ზე/დღეში მეტი დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას - სისხლდენის განვითარების რისკის ზრდა ავადმყოფებში K ჰიპოვიტამინოზით, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპათომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმელის უკმარისობა, სისხლჩქაცევა თვალის ბადურაში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი,, ჰემოლიზი.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა; ნიშნავენ გლუკოკოტრიკოსტეროიდებს, რომლებიც აჩქარებენ ღვიძლში E ვიტამინის მეტაბოლიზმს; სიმპტომატური საშუალებები.
უკუჩვენებები:
გამოყენების უკუჩვენებები შემდეგია:
• მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
• საბავშვო ასაკი (გამოშვების ამ ფორმისათვის, ბავშვებში კაფსულის გადაყლაპვის გაძნელებასთან დაკავშირებით).
ზემოქმედება ავტომობილის ტარების, ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
არ მოქმედებს.
შეფუთვა:
რბილი ჟელატინის კაფსულები, 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 ან 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ჩანართ-ფურცელთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისა და სინოტივისაგან დაცულ ადგილას, 15°C-დან 25°ჩ-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.