Plasmon
ზეტორი პლუსი / ZETOR PLUS


1. რა არის ზეტორი პლუსი და რისთვის გამოიყენება
ზეტორი პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

ზეტორი პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების შესამცირებლად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

უმეტეს შემთხვევაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: შესაბამისად, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი. 

ზეტორი პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ზეტორი პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

ზეტორი პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

 

2. რისი ცოდნაა საჭირო ზეტორი პლუსის მიღებამდე
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ:

• გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან პრეპარატის შემადგენელ ნებისმიერ სხვა კომპონენტზე;

• გაქვთ ღვიძლის დაავადება;

• გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია);

• თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);

• ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას ზეტორი პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები;

 

გარდა ამისა, არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტების 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:

• გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას; 

• რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით;

• ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);

• ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის იღებთ ფიბრატებს (იხ. პ. “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”).

 

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პრეპარატის მიღებადე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

 

ზეტორი პლუსის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

• გაქვთ თირკმლის დაავადება;

• გაქვთ ღვიძლის დაავადება;

• გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ეიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა კუნთების მუდმივი ტკივილი;

• ხართ აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი ზეტორი პლუსის დოზა;

• იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგალითად, ლოპინავირს, რიტონავირს, ატაზანავირს, სიმეპრევირს, ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს, ველპატასვირს, გრაზოპრევირს, ელბასვირს, გლეკაპრევირს, პიბრენტასვირს (იხ. პ. “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”);

• გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

• იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება);

• გიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია. შესაძლოა დაგჭირდეთ პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა;

• რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

• დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

• ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა);

• იღებთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში მიგიღიათ ანტიბიოტიკები ფუზიდის მჟავას შემცველობით, პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავის და ზეტორი პლუსის კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სერიოზული დაზიანება (რაბდომიოლიზი);

• იღებთ რეგორაფენიბს (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ). 

 

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული) არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას, ამიტომ ზეტორი პლუსით თერაპიის დროს ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

 

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

 

ბავშვები და მოზარდები:

ზეტორი პლუსის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული. 

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება 

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

 

საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს:

• ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

• სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ზეტორი პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი.

• სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.

• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

• რეგორაფენიბი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ).

• ანტივირუსული საშუალებები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები), რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად - ლოპინავირი, რიტონავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი) - იხ. პ. 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

• ანტაციდური საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭის მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ აღნიშნული პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირებას.

• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი) – იხ. პ. 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

• პერორალური კონტრაცეპტივები (ხდება კონტრაცეპტივიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება).

• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

 

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ პრეპარატს ზეტორი პლუსი. 

 

ზეტორი პლუსი და ალკოჰოლი
არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

 

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ზეტორი პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ ორსულობა დადგა ზეტორი პლუსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. 

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
მოსალოდნელი არ არის, რომ ზეტორი პლუსის მიღებამ უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადამიანში ზეტორი პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. 

თავბრუსხვევის განვითარების შემთახვევაში, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზეტორი პლუსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ზეტორი პლუსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

3. ზეტორი პლუსის მიღების წესი
გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ზეტორი პლუსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორად იღებთ პრეპარატს, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოზრდილებისათვის ზეტორი პლუსის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 1 ტაბლეტს.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად, დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ზეტორი პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობის საკვებით და განახოციელოთ საკმარისი ფიზიკური დატვირთვა. 

ზეტორი პლუსი არ არის განკუთვნილი ქოლესტერინის მომატებული დონის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული თერაპია ზეტორი პლუსით უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირებები. 

როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არ არის საკმარისი. 

 

თუ ექიმი ზეტორი პლუსთან ერთად დაგინიშნავთ სხვა სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს, მაგალითად ქოლესტირამინს ან ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტების შემცველ პრეპარატს, ზეტორი პლუსი უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ.

 

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის საკონტროლოდ და იმის დადასტურება, რომ მიღწეულია და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

 

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი რაოდენობის ზეტორი პლუსი

საჭირო დოზაზე მეტი ზეტორი პლუსის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ ზეტორი პლუსის მიღება

არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა შესაბამის დაგეგმილ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. 

თუ შეწყვიტეთ ზეტორი პლუსის მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ ზეტორი პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზეტორი პლუსის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერ¬დითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ზეტორი პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

იშვიათი გვერდითი ეფექტი - შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად:

• უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

• ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება. 

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები და გამონაყარი – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანის და ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანებებით). 

 

სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტები

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

• თავის ტკივილი

• ყაბზობა

• შეუძლოდ ყოფნა

• კუნთების ტკივილი

• სისუსტის შეგრძნება

• თავბრუსხვევა

• შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

• მუცლის ტკივილი

• ფაღარათი

• მეტეორიზმი (ნაწლავებში აირების მომატებული რაოდენობა)

• დაღლილობის შეგრძნება

• ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)

 

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

• გამონაყარი, კანის ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე

• კუნთოვანი ქსოვილის მახასიათებელი ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება

• ხველა

• კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა

• გულძმარვა

• ტკივილი სახსრებში

• კისრის ტკივილი

• კუნთოვანი სპაზმები

• მადის დაქვეითება

• ტკივილი

• ტკივილი მკერდის არეში

• სისხლის მოწოლის შეგრძნება

• მომატებული არტერიული წნევა

• ჩხვლეტის შეგრძნება

• პირის სიმშრალე

• კუჭის არეში წვის შეგრძნება

• ზურგის ტკივილი

• კუნთების სისუსტე

• ტკივილი კიდურებში

• შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

• შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში

• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც სეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, სისხლდენა

• გლურასმაგვარი დაავადების სინდრომი (გამონაყარი, ტკივილი სახსრებში, სისხლის უჯრედების მხრივ ცვლილებები)

• კუნთების გახლეჩვა

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

• სიყვითლე (კანის და თვალების ყვითალად შეფერვა)

• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

• შარდში სისხლის კვალი

• ხელებსა და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები

• მეხსიერების დაკარგვა

• მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია)

 

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)

• ქოშინი

• შეშუპება

• ძილის დარღვევა, მათ შორის, უძილობა და ღამის კოშმარები

• სასქესო ფუნქციის დარღვევა

• დეპრესია

• სუნთქვის დარღვევა, მათ შორის, მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება

• მყესების დაზიანება

• მუდმივი კუნთების სისუსტე

• წითელი ფერის ამობურცული გამონაყარი კანზე, დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა)

• კუნთების დაჭიმულობა

• სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

 

5. ზეტორი პლუსის შენახვის პირობები
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გაცემის წესი: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

ვარგისობის ვადა:
3 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:
ნუ გამოიყენებთ ზეტორ პლუსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

არ გამოიყენოთ ზეტორი პლუსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სად შევიძინოთ?