Plasmon
12 რჩევა, რაც ყველა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს ორსულობამდე

თარიღი: 07 აგვისტო, 2017

12 რჩევა, რაც ყველა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს ორსულობამდე

ის დროა, როცა თქვენ ფიქრობთ დაორსულებაზე? 

გილოცავთ! 

აი რა უნდა გააკეთოთ ახლავე, რომ გახდეთ უფრო ჯანმრთელი, იყოთ მხიარული, გაერთოთ მეტად და იგრძნოთ, რომ უკვე მზად ხართ ორსულობისთვის მოსამაზადებლად.

1) ისაუბრეთ თქვენს პარტნიორთან

ექსპერტების და დედების უმეტესობა შეთანხმდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორთან საუბარი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, როგორ გაინაწილებთ ბავშვის მოვლას, იმუშავებთ თუ იქნებით სახლში. მნიშვნელოვანია წყვილმა ისაუბროს მათი პრიორიტეტების, მოლოდინების თუ შიშების შესახებ მთელი ამ პროცესის ირგვლივ, მითუმეტეს მანამ, სანამ დადგება ორსულობა. მაგრამ, ვიდრე იფიქრებთ იმ დეტალებზე, რაც მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება , უმჯობესია, უპირველესად შეცვალოთ თქვენი სურვილები და შინაგანად იგრძნოთ მზადყოფნა ამ რთულ, მაგრამ გასაოცარ გზაზე გასასვლელად.

2) შეწყვიტეთ აბების მიღება

შეწყვიტეთ კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება რამდენიმე თვით ადრე მანამ, სანამ გადაწყვეტთ დაორსულებას. ეს მოგცემთ ცოტაოდენ დროს იმისთვის, რომ დაინახოთ, როგორია თქვენი მენსტრუალური ციკლი რეალურად. არის ის 27 დღიანი? 32? თუ სხვა.. ამის მეშვეობით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გამოითვალოთ ოვულაციის დადგომის სავარაუდო თარიღი. ჰორმონალური აბების გამოყენების დროს, განსაკუთრებით თუ მათ დიდი ხანია იყენებთ, თქვენი მენსტრუალური ციკლი შესაძლოა იყოს განსხვავებული იმისგან,როგორიც ის კონტრაცეპციის ამ მეთოდის გამოყენებემდე იყო. ამიტომ, ჰორმონებს უნდა მივცეთ გარკვეული დრო იმისთვის, რომ დაუბრუნდნენ მათ ჩვეულ ნიშნულებს. თუმცა, თუ თქვენ შეწყვეტთ თავდაცვის ჰორმონალური საშუალებების გამოყენებას და ამ დროის შემდეგ დაახლოებით 3 თვის მანძილზე ციკლი არ გახდება რეგულარული, რეკომენდაცია იქნება, რომ მიმართოთ გინეკოლოგს, რათა მან დროულად შეაფასოს მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი კორექტირება.

3) დაემშვიდობეთ წვეულებებს

ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს??... 

ჩვენ არც უნდა დაგვჭირდეს თქვენთვის იმის თქმა , რომ ალკოჰოლი და თამბაქო - ეს ორი ყველაზე მთავარი აკრძალვააა ორსულობის დროს!! და თუ თქვენ ხართ მათი მომხმარებელი, ის დროა, დაიწყოთ მათი გამოყენების ეტაპობრივი შემცირება. კვლევებით დადასტურებულია, რომ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება უარყოფითად მოქმედებს როგორც ქალის ფერტილობაზე, ასევე მამაკაცებში იწვევს სპერმის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას. თამბაქოს მოწევა, ასევე აქვეითებს კვერცხუჯრედის ხარისხს ქალებში და სპერმის ხარისხს პარტნიორში., რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზრდის თანდაყოლილი ანომალიების, თვითნებითი აბორტების, ნაადრევი მშობიარობის და სხვა მძიმე გართულებების რისკს ორსულობის დროს. დადასტურებულია, რომ უნაყოფობის პრობლემის 13 % -ზე მეტი სწორედ თამბაქოს მოხმარებითაა გამოწვეული და თამბაქოს მოხმარების რაოდენობა არ არის დაკავშირებული გართულების განვითრების სიმძიმესთან. ამ მონაცემებს ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაცია გვაწვდის. კვლევები აჩვენებს იმასაც, რომ პასიური მწეველობა ასევე უარყოფითად მოქმედებს ფერტილობის მაჩვენებლებზე.

ასე, რომ, სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც უარი უნდა თქვათ მავნე ჩვევებზე და დაკავდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, როგორც თქვენი და თქვენი პარტნიორის, ასევე თქვენი მომავალი პატარას ჯანმრთელი მომავლისთვის!

4) შეამცირეთ კოფეინის რაოდენობა

ექიმების აზრი განსხვავებულია იმის შესახებ, თუ რა არის კოფეინის ის უსაფრთხო რაოდენობა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ორსულობის მოლოდინში ხართ. კოფეინის საშუალო უსაფრთხო რაოდენობად შესაძლოა ჩაითვალოს ერთი ჭიქა ყავა ყოველდღიურად -კოფეინის დაახლოებით 100 მგ. ოდენობა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი კოფეინს იღებს სხვა წყაროებიდანაც, როგორიცაა ჩაი- როგორც მწვანე, ასევე შავი, სოდა, ენერგეტიკული და გაზიანი სასმელები და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ამიტომ,როდესაც ცდილობთ შეამციროთ კოფეინის ყოველდღიურად მისაღები რაოდენობა,მიზანშეწონილია წაიკითხოთ ეტიკეტები და გაეცნოთ ამა თუ იმ პროდუქციაში კოფეინის შემცველობას, რომლის განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით მოხმარებაც, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ზრდის თვითნებითი აბორტის განვითარების რისკს.

5) დადექით სასწორზე

თუ თქვენი სხეული საჭიროებს გარკვეული კილოგრამების დაკლებას, დროა დაიწყოთ ეს ახლა! 

ჭარბი წონა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია დაორსულებისთვის. ამასთან, წონის კორექცია დაგეხმარებათ გქონდეთ უფრო ჯანმრთელი ორსულობა და მშობიარობა შემცირებული რისკებითა და გართულებებით. აქციეთ ვარჯიში თქვენი ყოვედღიურობის განუყოფელ ნაწილად! კვირაში რამდენჯერმე ფეხით სიარული ან პროფესიონალის მეთვალყურეობით სპეციალური ვარჯიშების შესრულება დაგეხმარებათ, რომ თქვენი სხეული იყოს უფრო მყარი, განსაკუთრებით გამკვირვდეს თქვენი ზურგის კუნთები, რაც გაგიადვილებთ როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის პროცესს და დაგეხმარებათ მშობიარობი შემდგომ პერიოდშიც კი. ინფორმაციისთვის უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულის მასის იდეალური ინდექსი (BMI) უნდა მერყეობდეს 19-დან 24-მდე შუალედში.

6) დაიწყეთ ფოლიუმის მჟავას მიღება

დაორსულებამდე 3-6 თვით ადრე წყვილმა - როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა- უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჯავას მიღება ყოველდღიურად. ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის ვიტამინებს მიეკუთვნება და როგორც ორსულობამდე, ასევე ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში მისი რეკომედებული დღიური დოზა 400 მკგ. შეადგენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ფოლიუმის მჯავას საკმარისი რაოდენობით მიღება ორსულობამდე და ორსულობის ადრეულ ვადებზე 70%-მდე ამცირებს ნაყოფის თავის ტვინის და ზურგის ტვინის მძიმე დეფექტების განვითარების ალბათობას. 

ორსულობამდე შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის მიერ ადექვატურად შერჩეული მულტივიტამინების მიღებაც. მაგალითისთვის, რკინის შემცველი პრეპარატები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ანემიის განვითარება, კალციუმის მიღება კი თქვენი კბილების და ძვლების სიძლიერესა და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. შედეგად თქვენ მიიღებთ უფრო ჯანმრთელ ორსულობას. 

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამეტები უნდა მიიღოთ დანიშნულების მიხედვით, დროის და ინტერვალების ზუსტი დაცვით და გამოტოვების გარეშე. და თუ თქვენ გავიწყდებათ აბების მიღება ყოველდღიურად, შესაძლებელია თანამედროვე ტექნიკის გამოყენებაც შესახსენებლად, როგორიცაა მობილური თუ იმეილ რემაინდერები.

იმ შემთხვევაში, თუ გიჭირთ აბების გადაყლაპვა, არსებობს და შესაძლებელია მათი საღეჭი ფორმების გამოყენებაც.

7) მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი

მშვიდი ძილი საკმარისი დროს განმავლობაში აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, ასევე ორსულობისთვის მოსამზადებელ პერიოდში. ორსულობის დროს სხვადასხვა დისკომფორტი იჩენს თავს, როგორიცაა გულძმარვა, გულისრევა, თავისუფლად წოლის პრობლემა, რაც ბუნებრივია იმოქმედებს თქვენს მშვიდ ძილზე, ამიტომ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ემზადებით ორსულობისთვის, ეცადეთ მოიწესრიგოთ ძილის რეჯიმი და იყოთ მაქსიმალურად მშვიდად. საინტერესოა კვლევებით დადასტურებული მონაცემებიც იმის შესახებ, რომ ქალებს, რომლებსაც სძინავთ ცოტა ხნით აქვთ ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემები მეტად, იმ ქალებთან შედარებით, რომელთაც ძილის რეჟიმი მოწესრიგებული აქვთ.

8) ეცადეთ იპოვოთ გზა სტრესის მაქსიმალურად შესამცირებლად

ორსულობა მნიშვნელოვანი ეტაპია წყვილის ცხოვრებაში, ამიტომ აუცილებელია მომზადებული შეხვდეთ ამ მოვლენას. ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ტოპიკი სიმშვიდე და სტრესისგან შეძლებისდაგვარად თავისუფალ გარემოში ყოფნაა, რაც დაგეხნარებათ იმაში, რომ დაისვენოთ, ამავდროულად კი მოემზადოთ თქვენი ცხოვრების მომდევნო, ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ამას გარდა, ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ სტრესის მაღალი ხარსიხი გარკვეულწილად აქვეითებს ფერტილობის მაჩვენებლებს, კერძოდ, მოქმედებს ოვულაციაზე, ასევე ხელს უშლის ემბრიონის ადექვატურ ჩამყნობას ენდომეტრიუმში.

9) ჰკითხეთ დედას მისი ორსულობის შესახებ

ჰკითხეთ არა მხოლოდ დედას, არამედ დას, დეიდას, ბებიას-თქვენს პირველი რიგის ნათესავებს იმის შესახებ თუ როგორი ორსულობები ჰქონდათ მათ. ჰქონდათ თუ არა დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები? ჰქონდათ თუ არა გართულებები ორსულობის დროს? ხომ არ ჰქონიათ ნაადრევი ან გართულებული მშობიარობა? ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ოჯახის წევრებში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვისაც, ამიტომ იყავით მეტად ინფორმირებულნი ამის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია თქვენს მკურნალ ექიმს. თუმცა, ისიც აუცილებელია იცოდეთ, რომ რაიმე სახის პრობლემის არსებობა ახლო ნათესავში არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც გართულებული ორსულობა ან მშობიარობა გექნებათ. ფერტილობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა, როგორიცაა მაგ:კვერცხუჯრედის ცუდი ხარისხი , გაუმტარი ან დაზიანებული ფალოპის მილები- არ არის მემკვიდრეობითი, განსხვავებით მაგ: საშვილოსნოს ფიბრიოდების (მიომის) და საკვერცხის კისტებისგან, რომელთა განვითარებაშიც მემკვიდრეობითი ფაქტორი დადასტურებულად თამაშობს გარკვეულ როლს. ექიმი დაგეხმარებათ გაარკვიოთ რომელმა ოჯახურმა პრობლემამ შეიძლება იქონიოს გავლენა თქვენს ფერტილობასა და ორსულობაზე, რომ თუ შესაძლებელია თავიდან აიცილოთ მათი განვითარება, თუ არაა შესაძლებელი, იყოთ უკეთესად მომზადებული ამ პრობლემებთან გასამკლავებლად მომავალში.

10) ჩაეწერეთ მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციაზე

ექსპერტთა უმეტესობა რეკომენდაციას უწევს ორსულობამდელი შემოწმების გავლას მეან-გინეკოლოგთან მინიმუმ სამი თვით ადრე მანამ, სანამ გადაწყვეტთ დაორსულებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რეგულარულად არ იტარებთ გამოკვლევებს და არ ხართ გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულობამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ჩატარებული გაქვთ ყველა საჭირო ვაქცინაცია, აუცილებელია გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსავლენად, საჭიროა შეფასდეს თქვენი ჰორმონალური სტატუსი, უნდა განხორციელდეს არტერიული წნევის და ქოლესტეროლის დონის კონტროლი და გამოირიცხოს ქრონიკული დაავადებების არსებობა, როგორიცა დიაბეტი, ასთმა, თირეოიდული პათოლოგიები. კარგი იქნება, თუ გამოკვლევებს თქვენი პარტნიორიც ჩაიტარებს. კვლევებით ცნობილია, რომ მამაკაცები, უფრო იშვიათად დადიან ექიმთან რეგულარულ ვიზიტებზე, ვიდრე ქალები. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ მამაკაცისთვის ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ისევე აუცილებელია, როგორც ქალისთვის. ამ შეთხვევაში აუცილებელია დადგინდეს პარტნიორში ქრონიკული დაავადებების არსებობა, ასევე ინფორმაცია მისი სპერმის ხარისხისა და რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია იმ ფაქტორების მოქმედებაზე, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ფერტილობის უნარზე. ეთნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს გარკვეული გენეტიკური ტესტირების ჩატარებაც. იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებთ რაიმე მედიკამენტს, აუცილებლად უნდა ჰკოთხოთ ექიმს ორსულობამდე ან ორსულობის დროს მათი უსაფრთხოების შესახებ. მეან-გინეკოლოგი ასევე მოგაწვდით ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას ორსულობამდელი პერიოდის და ორსულობის შესახებ.

 

11) არ დაგავიწყდეთ ვიზიტი სტომატოლოგთან

პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ორსულობისთვის. ამიტომ მანამ, სანამ გადაწყვეტთ დაორსულებას, გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან და დარწმუნდით თქვენი კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღეში და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ ყველა საჭირო გამოკვლევა (მათ შორის X-სხივების გამოყენებითაც, რომელიც წინააღმდეგ ნაჩვენებია ოსულობის დროს) და შესაბამისი მკურნალობა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ღრძილების არანამკურნალევი დაავადებების დროს გაზრდილია თვითნებითი აბორტის, ნაადრევი მშობიარობისა და პრეეკლამპსიის განვითარების რისკი. დადასტურებულია, რომ კბილების რეგულარული და სწორი გახეხვის და სტომატოლოგის რეგულარული მეთვალყურეობის შემთხვევაში მკვეთრად მცირდება აღნიშნული გართულებების განვითარების ალბათობა.

12) დაიბრუნეთ თმის ბუნებრივი ფერი

თუ თქვენ იღებავთ თმას, დროა დაიბრუნოთ თმის ბუნებრივი ფერი. ვიცით, რომ თმა შეღებვას ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ საჭიროებს, კვლევები კი გვიჩვენებს, რომ თმის საღებავები არ არის უსაფრთხო ორსულობის დროს. ექსპერტები გვირჩევენ მაქსიმალურად მოვერიდოთ მავნე ქიმიკატების,მათ შორის თმის საღებავების ზემოქმედებას, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც ნაყოფის ძირითადი ორგანოების განვითარება ხდება. იმ შემთხვევაში კი თუ არ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევას, რეკომენდებული იქნება მკვეთრად გაზარდოთ საღებავის გამოყენებებს შორის ინტერვალები და სპეციალისთან ერთად შეარჩიოთ მეტად ბუნებრივი საღებავი,ნაკლები ქიმიკატების შემცველობით.

იყავით ინფორმირებული! მოემზადეთ ორსულობისთვის სწორად!

P.S. ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ.

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე