თარიღი: 05 ივლისი, 2020
გადიდებული ადენოიდების ამოკვეთა დიდი შვებაა ბავშვისთვის, რომელიც ცხვირით ვეღარ სუნთქავს და პირი მუდამ ღია აქვს, რის გამოც ხშირად ემართება შუა ყურის ანთება და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. ამ დროს მშობელიც ფიქრობს და კეთილისმსურველებიც არწმუნებენ, რომ ოპერაცია საუკეთესო გამოსავალია. სინამდვილეში ყოველთვის ასე არ არის. ხშირად პრობლემის გადაჭრა სხვაგვარად ჯობია, თუნდაც ალერგიასთან ბრძოლით, ოპერაციის საკითხი კი საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის მკურნალმა ექიმმა, რომელიც კარგად იცნობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ავადმყოფობის ისტორიას და მკურნალობის სხვა გზებიც მოსინჯული აქვს.
სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრა პედიატრი, თსსუ ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი ეკა უბერი.
– ადენოიდები ცხვირის ძგიდესა და ხახის კედელს შორის არსებული ლიმფური ქსოვილია. სტრუქტურით ნუშურა ჯირკვლებს ჰგავს, თუმცა მათი დაავადებები განსხვავებულ პრობლემებს იწვევს. ადენოიდების ძირითადი დანიშნულება, ისევე როგორც ნუშურა ჯირკვლებისა, იმუნოგლობულინების წარმოქმნა და ადგილობრივი იმუნიტეტის ფორმირებაა. ისინი უცხო ანტიგენებისგან ორგანიზმის დაცვის პირველად რგოლს წარმოადგენენ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფექციას ზედა სასუნთქ გზებში აკავებენ და ქვედაში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
როგორ იცვლება ასაკთან ერთად ადენოიდების ზომა?
– ადენოიდები, წესისამებრ, 3-დან 5 წლამდე იზრდება. 4-10 წლის ასაკში მათი დამცავი ფუნქცია ყველაზე აქტიურია, სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის კი ისევ სუსტდება. ადენოიდების დაპატარავება, წესისამებრ, 7 წლიდან იწყება. მოზრდილი ადამიანის ადენოიდები უკვე საკმაოდ პატარაა.
შეშუპებული ადენოიდები
– ადენოიდების დაავადებათა შორის გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ინფექციებს და ჰიპერტროფიას – გადიდებას. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ანატომიურად აქვთ დიდი ადენოიდები, ინფექციური თუ ალერგიული ფონის გარეშე.
გადიდებული ადენოიდები უმეტესად ახშობს ჰაერგამტარ გზებს, რასაც მივყავართ სუნთქვის ძილისმიერ დარღვევამდე: ძილის ობსტრუქციულ აპნოემდე, ძილის ობსტრუქციულ ჰიპოპნოემდე და ზედა სასუნთქი გზების რეზისტენტობის სინდრომამდე. ამ მდგომარეობებს ძილის დროს სუნთქვის გაძნელება და/ან რამდენიმე წამით სუნთქვის შეწყვეტა ახასიათებს.
– რა იწვევს ადენოიდების შეშუპებას?–
წესისამებრ, ინფექცია ან ალერგია. ინფექციის დროს ადენოიდები საკმაოდ დიდდება, ინფექციური პროცესის ჩამთავრების შემდეგ კი საწყის ზომას უბრუნდება, თუმცა ხდება ისეც, რომ ინფექციისგან განკურნების შემდეგაც გადიდებული რჩება.
– როგორ განვასხვაოთ ადენოიდების ალერგიული შეშუპება ინფექციისგან?
– ადენოიდების შეშუპება, ინფექციურია ის თუ ალერგიული, უპირატესად ვლინდება ნაზალური ობსტრუქციით (ცხვირის გაჭედვით). ინფექციის დროს ადენოიდების შეშუპებას ერთვის სხვა კლინიკური ნიშნებიც: ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი რინორეა, პოსტნაზალური ჩანადენი, ყელის ტკივილი. ალერგიული შეშუპების დროს ინფექციის ნიშნები ნაკლებად არის გამოხატული; წამყვანია ცხვირის ქავილი, ცემინება, უხვი გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან.
რას იწვევს
– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადენოიდების გადიდებამ?
– ადენოიდების ჰიპერტროფია, გარდა უკვე ნახსენები პრობლემებისა (ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ძილის დარღვევა, ღამის ობსტრუქციული აპნოე, ხვრინვა), იწვევს შუა ყურის მორეციდივე ინფექციას, დამსკდარი ტუჩებისა და მშრალი პირის სინდრომს. შუა ყურის მორეციდივე ინფექცია, თავის მხრივ, სმენის დაქვეითებისა და დაკარგვის წინაპირობაა. მუდმივად პირით სუნთქვის გამო ფორმას იცვლის პირის ღრუ და სასა, წინ წამოიწევს და მიმართულებას იცვლის ზედა წინა კბილები. მედიცინაში ეს ადენოიდური სახის სახელით არის ცნობილი.
მინდა, ყურადღება შევაჩერო ძილის ობსტრუქციულ აპნოეზე, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია – ბავშვთა 2-5%-ს აწუხებს, თუმცა მისი მიზეზი ყოველთვის ადენოიდების ჰიპერტროფია არ არის. თუ ნებაზე მივუშვებთ, ამ მდგომარეობამ შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიწვიოს და ბავშვის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.
როგორ ფასდება
– რა არის საჭირო ადენოიდების მდგომარეობის შესაფასებლად?
– უპირველესად – პაციენტის ანამნეზის შეკრება. აუცილებელია იმ კლინიკური მახასიათებლების გამოვლენა, რომლებიც თან სდევს ადენოიდების შეშუპებას. უფრო ღრმა კვლევა მოიცავს წინა და უკანა რინოსკოპიას, რენტგენოგრაფიას, ენდოსკოპიას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ყველა ამ მეთოდს აქვს თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები, ამიტომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
ადენოიდების გადიდების ხარისხს სპეციალისტი ადგენს. კლასიფიკაცია ეფუძნება იმას, რამდენად ავსებს გადიდებული ადენოიდები ქოანებს (ცხვირის ღრუს გასავლებს).
თუ ვეჭვობთ, რომ ადენოიდების შეშუპება ალერგიული წარმოშობისაა, პაციენტის ალერგიულობა უნდა შეფასდეს.
კონსერვატიული მკურნალობა
– როდის არის შედეგიანი კონსერვატიული მკურნალობა, როგორ ტარდება და რამდენ ხანს შეიძლება ველოდოთ შედეგს?
– თავდაპირველად უნდა გაირკვეს, ინფექციაა ადენოიდების შეშუპების მიზეზი თუ ალერგია. მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.
ინფექციის დროს, თუ ის ბაქტერიული ბუნებისაა, ინიშნება ანტიბაქტერიული მკურნალობა. შეიძლება ცხვირის ჰორმონული სპრეის დანიშვნაც. ალერგიის დროს გამოიყენება ჰორმონული სპრეი, ორალური სტეროიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები ან მათი კომბინაცია.
ზედა სასუნთქი გზების ბანალური ინფექციის დროს ადენოიდიტი რამდენიმე დღე გრძელდება. ინფექციის ჩამთავრების შემდეგ ადენოიდები თავდაპირველ ზომას უბრუნდება და პრობლემას აღარ ქმნის.
როდესაც მედიკამენტური მკურნალობა განსაზღვრული ხნის განმავლობაში არ იწვევს უკეთესობას, დაისმის ოპერაციის საკითხი.
ოპერაციის ჩვენება
– როდესაც ბავშვს დიდი ხანია უჭირს სუნთქვა, ოპერაციას ზოგჯერ გამოკვლევის გარეშეც ნიშნავენ...
– ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია. მაგალითად, თუ ადენოიდების შეშუპება ალერგიის ბრალია, ადენოიდექტომია ბავშვს მხოლოდ დროებით მოჰგვრის შვებას. რამდენიმე თვის შემდეგ, ალერგენის მუდმივი ზემოქმედების ფონზე, ქსოვილი ხელახლა გაიზრდება და ჩამოყალიბდება ისეთივე კლინიკური სურათი, ისეთივე ჩივილები, როგორიც ოპერაციამდე.
– მაშ, რა ითვლება ოპერაციის ჩვენებად?
– თუ ბავშვს აღენიშნება ღამის აპნოე, ადენოიდექტომია ფაქტობრივად გარდაუვალია. ადენოიდექტომიის ჩვენებაა ხშირი მორეციდივე ოტიტიც. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ოპერაციის სარგებლის შეფარდება პოტენციურ ზიანთან. მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკიც. 3 წლამდე ოპერაციის ჩვენების შეფასება ძალიან რთულია. 3-4 წლიდან უკვე შეიძლება მივაკვლიოთ ადენოიდების ჰიპერტროფიის მიზეზს და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. სამ წლამდე ოპერაციული ჩარევა მხოლოდ გადაუდებელ ვითარებაშია დასაშვები.
ხშირად ერთდროულად კვეთენ ადენოიდებსა და ნუშურა ჯირკვლებს. ამ უკანასკნელთა ამოკვეთის ჩვენებაა ხშირი ჩირქოვანი ანგინა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ხშირდება, სუნთქვის გაძნელება ტონზილების გადიდების გამო, ხშირი ავადობით გამოწვეული სოციალური პრობლემები: ბაღისა თუ სკოლის ხშირი გაცდენა, მშობლის უარყოფითი განწყობა ხშირი ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ.
ოპერაციის შემდეგ
– რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ოპერაციის შემდეგ?
– ადენოიდექტომიასაც, ისევე როგორც ყოველგვარ ოპერაციულ ჩარევას, ახლავს გართულების რისკი. გართულებები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ოპერაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში განვითარებულს ადრეული ეწოდება, რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულს – მოგვიანებითი.
მშობელს განსაკუთრებული ყურადღება მართებს ბავშვის ბინაზე გაწერის შემდეგ. სისხლდენა, ცხელება, ძლიერი სიფითრე, საერთო სისუსტე და მივარდნილობა, გულისცემის აჩქარება, ქოშინი – საშიში ნიშნებია და იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ.
– რა იწვევს ადენოიდების ხელახალ გადიდებას და შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება?
– ადენოიდექტომიის შემდგომ ადენოიდების ხელახალი ჰიპერტროფია ასიდან ერთ-ორ პაციენტთან აღირიცხება. რეციდივი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ოპერაციის ტექნიკასა და ბავშვის ასაკზე. მაგალითად, მცირე ასაკის ბავშვებს უტარდებათ დამზოგველი ოპერაცია – ქსოვილი მთლიანად არ იკვეთება, რათა ირგვლივ მდებარე სტრუქტურები არ დაზიანდეს. დარჩენილი ქსოვილი კი ზოგჯერ ხელახლა იზრდება. თუმცა ადენოიდების განმეორებითი ჰიპერტროფიის მიზეზი ყველაზე ხშირად მაინც ალერგიული ფონია.
დაბოლოს, ავადობის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ადენოიდექტომიისა და ტონზილექტომიის საკითხის განსახილველად აუცილებელია სხვა სპეციალისტების შეფასებაც, მაგრამ მშობლებს ვთხოვ, გადაწყვეტილება მიიღონ პედიატრთან ერთად, რომელიც მეთვალყურეობს ბავშვს, იცის მისი ავადობის სიხშირე და ასოცირებული მდგომარეობები, ვინაიდან ოპერაციული ჩარევისთვის გადამწყვეტი მაინც ანამნეზია და არა ადენოიდების ან ტონზილების ზომა.
წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/