Plasmon
ალკოჰოლური თრობა

თარიღი: 10 ნოემბერი, 2017

ალკოჰოლური თრობა 

სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე.

განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს.

ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნება-განწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი.

თრობის ამ სტადიის გავლის შემდეგ კეთილგანწყობა შეიძლება შეიცვალოს გაღიზიანებით, აგრესიულობით. ირღვევა კოორდინაცია და სიარულის მანერა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს არამოტივირებული იმპულსური საქციელი. მეტყველება არასწორი ხდება, ქვეითდება ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნება.

თრობის შემდეგ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: თავის სიმძიმე და ტკივილი, წყურვილი, სისუსტე, სხეულში ტეხის შეგრძნება, აპათია ან გაღიზიანებადობა. მახსოვრობა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.

არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნება-განწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული. ზოგიერთს ეუფლება ამაღლებული განწყობა, რასაც თან სდევს მოძრაობის გააქტიურება და გიჟმაჟური ქცევა. სიმთვრალის ატიპური ფორმები აღენიშნებათ პირებს, რომელთაც ადრე ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდათ გადატანილი ან დაავადებულნი არიან ოლიგოფრენიით, ასევე – ფსიქოპათებს.

სიმთვრალის მძიმე ხარისხის დროს შეიმჩნევა გონების გათიშვის ნიშნები (კომაც კი). ზოგჯერ აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრა. გამორიცხული არ არის უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რომელიც ადამიანს მეორე დღეს აღარ ახსოვს.

 

დიაგნოსტიკა
ალკოჰოლური თრობის დიაგნოსტირება კლინიკური ნიშნებისა და სპეციალური სინჯების საფუძველზე ხდება.

 

მკურნალობა

საშუალო ხარისხის სიმთვრალის დროს აუცილებელია კუჭის ამორეცხვა კალიუმის პერმანგანატის 1,5-2 ლ სუსტი ხსნარით. მძიმე სიმთვრალის შემთხვევაში ადამიანს დახმარება სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაეწიოს. ღებინების გამოწვევა რეკომენდებული არ არის – შესაძლოა პირნაღები მასის ასპირაცია (უნებლიე ჩასუნთქვა).

 

პათოლოგიური თრობა
პათოლოგიური სიმთვრალე ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკის მწვავე დარღვევაა. ის, ჩვეულებრივ, არასრულფასოვანი ნერვული სისტემის მქონე პირებს – ეპილეფსიით, ენცეფალოპათიით, ფსიქოპათიით დაავადებულებს – უვითარდებათ. პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება განუვითარდეთ მათაც, ვისაც ალკოჰოლის აუტანლობა აღენიშნება. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დათრობამდე არასასურველი ფაქტორების (სტრესის, იძულებითი უძილობის, შიმშილის, გადახურების) გავლენას, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების შესუსტებას.

პათოლოგიური სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო რაოდენობით (50-100 გ) სპირტიანი სასმლის მიღებამაც და გამოვლინდეს გონების თავისებური დაბინდვით. ამ დროს ავადმყოფის ქცევა ვითარების არაადეკვატურია. ყურადღებას იქცევს შიშის, სიბრაზის ან მრისხანების აფექტები. ავადმყოფი აღგზნებულია, ჩხუბობს, ირგვლივ მყოფებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ან თავს იცავს, გაქცევას ცდილობს. შესაძლოა, თავის მოკვლაც სცადოს. პათოლოგიური თრობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. აგზნება საერთო სისუსტესა და ღრმა ძილში გადადის. ადამიანს მომხდარი აღარ ახსოვს.