Plasmon
ანევრიზმა – სახიფათო სიჩუმე თავის ტვინში

თარიღი: 30 ივნისი, 2020

ყველაზე სახიფათო ორგანიზმში მიმდინარე ის ფარული პროცესებია, რომელთა შესახებაც სხეული დუმს. შესაძლოა, ეს სიჩუმე მთელი სიცოცხლეც არ დაირღვეს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, დღეთა მშვიდ მდინარებაში უეცრად განგაშის ზარებმა ჩამორეკოს.

გვინდა, ამჯერად ერთ ასეთ დაავადებას მივაპყროთ თქვენი ყურადღება.
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რას მივაქციოთ ყურადღება რისკის შესამცირებლად, დროული დიაგნოსტიკისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

რა არის ანევრიზმა
თუ არც ბერძნული ენა იცით და ვერც მედიცინაში ერკვევით, სიტყვა “ანევრიზმა” შესაძლოა არაფერს გეუბნებოდეთ. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად “გაფართოებას” ნიშნავს. ასეთი გაფართოება შეიძლება შეგვხვდეს როგორც არტერიებში, ისე გულის კუნთშიც. ამჯერად საქმე თავის ტვინის მკვებავ არტერიებს ეხება – ვისაუბრებთ პროცესზე, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მიმდინარეობს.

რა ემართება სისხლძარღვს
ანევრიზმა უმთავრესად სწორედ სისხლძარღვებს, კერძოდ, აორტასა და თავის ტვინის მკვებავ არტერიებს ემუქრება. თავის ტვინს სისხლით ოთხი ძირითადი არტერია ამარაგებს, რომლებიც იტოტება და ტვინის ყველა უბნისკენ მიემართება. ანევრიზმა უმთავრესად სწორედ იმ უბნებში წარმოიქმნება, სადაც ოთხი ძირითადი არტერია ერთმანეთს უერთდება. ადგილობრივად დაავადება გამოიხატება სისხლძარღვის კედლის გათხელებით და ამ უბნის პათოლოგიური გაფართოებით ე.წ. ტომრისებური გამობერილობით, რომელიც რუპტურისკენ (გასკდომისკენ) არის მიდრეკილი.

რისკის ფაქტორები
ანევრიზმის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც მისი განვითარების რისკის ზრდის:

  • მოწევა – კვლევებმა აჩვენა, რომ ანევრიზმის მქონე ადამიანთა უმეტესობა მწეველია ან წინათ ეწეოდა. რისკს ზრდის თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი მავნე ნივთიერებები, რომლებიც აზიანებს სისხლძარღვის კედელს;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მემკვიდრეობა – ამ შემთხვევაში რისკი მცირეა, მაგრამ თუ დაავადებულია პირველი რიგის ნათესავი, მაგალითად, დედა, მამა, და, ძმა, შემდგომში დაავადების განვითარება უფრო მეტადაა მოსალოდნელი;
  • ასაკი – ანევრიზმა უმთავრესად 40 წელს გადაცილებულებთან გვხვდება, რაც შესაძლოა სისხლძარღვის ასაკობრივ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული;
  • სქესი – ქალებში უფროა გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში, რაც მენოპაუზას უკავშირდება. ჰორმონი ესტროგენი, რომლსი გამოყოფაც მენოპაუზის შემდეგ მკვეთრად იკლებს, სისხლძარღვთა ელასტიკურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს;
  • ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაბადებისთანავე იჩენს თავს და აზიანებს სისხლძარღვის კედელს: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმლის პოლიკისტოზი, აორტის კოარქტაცია (შევიწროება), თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაცია;
  • სისხლძარღვის ტრავმული დაზიანება;
  • ნარკოტიკის, განსაკუთრებით კოკაინის, მოხმარება, რადგან ეს უკანასკნელი იწვევს ანთებით პროცესს სისხლძარღვის კედელში და წნევის მომატებას.

რისკფაქტორებს წარმოადგენს ასევე სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, ინფექციები, სიმსივნური პროცესები თავის ტვინსა და კისრის მიდამოში, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.


როგორ ვლინდება
დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან გამობერილობა მცირე ზომისაა და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს ანევრიზმის ზრდის დროს, ტვინის ქსოვილსა და ნერვებზე ზეწოლის გამო.
ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი თვალის არეში;
  • გუგის გაფართოება;
  • ნახევარი სახის დაბუჟება;
  • მეტყველების გაძნელება;
  • თავის ტკივილი;
  • კოორდინაციის დარღვევა;
  • კონცენტრაციის მოშლა.

 

ანევრიზმის გახეთქვას ავლენს:
უეცარი, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც პაციენტი აღწერს როგორც ყველაზე ძლიერს, რაც კი ოდესმე უგრძნია;

  • გულისრევა, ღებინება;
  • კისრის დაჭიმულობა;
  • მხედველობის დაბინდვა ან გაორება;
  • სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება;
  • გულყრა;
  • თვალის ქუთუთოს პტოზი (დაწევა)
  • გონების დაკარგვა;
  • გონების დაბინდვა;

ანევრიზმა შესაძლოა იყოს მჟონავიც – სისხლძარღვიდან ჟონავდეს ცოტაოდენი სისხლი, რაც ხშირად გასკდომას უძღვის წინ. ამ დროს პაციენტი მხოლოდ უეცარ ძლიერ თავის ტკივილს გრძნობს.

როდის მივმართოთ ექიმს
უეცარი ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
არ დატოვოთ უყურადღებოდ გონების დაკარგვის`გულყრის ეპიზოდი და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები – დროული რეაგირება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას თავიდან აგაცილებთ.

დიაგნოსტიკა
თუ უეცრად ძლიერი თავის ტკივილი აგივარდათ ან შეგაწუხათ სხვა სიმპტომებმა, რომლებიც შესაძლოა ანევრიზმასთან იყოს დაკავშირებული, თავდაპირველად უნდა გაირკვეს, ხომ არ იღვრება გახეთქილი სისხლძარღვიდან ტვინის ქსოვილში სისხლი. ამ დროს ყველაზე ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით. დამატებითი დიგიტალური ანგიოგრაფია გვაწვდის ინფორმაციას ანევრიზმის ლოკალიზაციის შესახებ.
ანევრიზმის სადიაგნოსტიკოდ ასევე გამოიყენება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით.

მკურნალობა
მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტურიც. ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ როგორც ანევრიზმის გახეთქვის დროს, ისე რუპტურის პროფილაქტიკისთვისაც.
ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ანევრიზმის ყელზე მომჭერის დადებას, რათა შეწყდეს მისკენ სისხლის მიდენა, ხოლო მეორე, უფრო ნაკლებინვაზიური მეთოდი – ანევრიზმის ემბოლიზაციას სისხლძარღვის კათეტერიზაციით.
ორივე პროცედურა სარისკოა – გამორიცხული არ არის სისხლდენის ან ტვინის ქსოვილების იშემიის განვითარება. კათეტერიზაცია, ვინაიდან ნაკლებინვაზიურია, უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურა.
რუპტურის დროს სიმპტომების შესამცირებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად ასევე საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც მოიცავს:

  • ტკივილგამაყუჩებელს (პარაცეტამოლს);
  • კალციუმის არხის ბლოკერებს (ნიმოდიპინს), რათა შემცირდეს რუპტურის შემდეგ მოსალოდნელი ვაზოსპაზმი (სისხლძარღვთა შევიწროება) და, შესაბამისად, არ დაირღვეს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება;
  • ვაზოპრესორების (დოპამინის, ადრენალინის, ნორადრენალინის) ინექციას, რათა აიწიოს სისხლის წნევამ, სხეული ადეკვატურად მომარაგდეს სისხლით და ქსოვილებს არ შემოაკლდეთ ჟანგბადი;
  • შესაძლოა, საჭირო გახდეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებიც.

ანევრიზმას, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ არის, შესაძლოა არ დასჭირდეს მკურნალობა, თუმცა ეს მის ზომასა და ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

შესაძლო გართულებები
ანევრიზმა ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა გართულდეს:

  • სუბარაქნოიდული სისხლდენით;
  • ქალასშიდა სისხლჩაქცევით;
  • ქალასშიდა წნევის მომატებით;
  • ჰიდროცეფალიით (თავის ტვინის პარკუჭებში თავზურგტვინის სითხის დაგროვების გამო);
  • სხეულის მოძრაობის შეზღუდვით;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილში მგრძნობელობის დაკარგვით;
  • გულყრით;
  • სხვადასხვა სიმძიმის ინვალიდობით;
  • სიკვდილით.

 

ცხოვრება ანევრიზმით
თუ გაქვთ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა, მაგრამ მისი მთლიანობა დარღვეული არ არის, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა და ყველა რისკფაქტორის თავიდან აცილება, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს რუპტურის, შესაბამისად, სისხლდენის და შემდგომი გართულებების რისკს. ამისთვის:

  • თუ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, რათა შეწყვიტოთ მათი მიღება, განსაკუთრებით კი კოკაინის.
  • არ მოწიოთ!
  • იკვებეთ ჯანსაღად და ივარჯიშეთ, რაც დაგეხმარებათ სისხლის წნევის რეგულაციაში, რადგან მაღალი წნევა გართულების სერიოზული რისკფაქტორია.
  • შეამცირეთ კოფეინის მიღება, რადგან ის მაღლა სწევს სისხლის წნევას;
  • ერიდეთ სიმძიმის აწევას.

 

პროგნოზი
პროგნოზი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ვინაიდან დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობამდე შეიძლება სრულიად მოულოდნელად მიგვიყვანოს. ანევრიზმის გასკდომის დროს შედეგი ხშირად ლეტალურია, გადარჩენის შემთხვევაში კი შესაძლოა შეზღუდული დარჩეს მოძრაობა, დაიკარგოს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მგრძნობელობა... ეს მდგომარეობები მსუბუქიდან მძიმე დაზიანებამდე კლასიფიცირდება და შემდგომ რეაბილიტაციას მოითხოვს.

წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)

 

https://www.aversi.ge/