Plasmon
ანთება საშარდე სისტემაში

თარიღი: 01 ნოემბერი, 2020

ანთებითი პროცესი საშარდე სისტემასაც აზიანებს. ამ სისტემის ანთებით დაავადებებს შორის პირველი ადგილი საშარდე გზების ინფექციას (სგი) უკავია.

სგი უმთავრესად ბაქტერიული წარმოშობისაა. მიკრობი ჯერ შარდსადენში ხვდება, შემდეგ შარდის ბუშტისკენ იკაფავს გზას და უმეტესად იქ იდებს ბინას, თუმცა ზოგჯერ უფრო დიდ ტერიტორიასაც იპყრობს და თავის ძალაუფლებას თირკმელებზეც ავრცელებს.

საშარდე სისტემის ოკუპაციას ყველაზე ხშირად ნაწლავის ჩხირი ახდენს. ამ მიკრობს ნაწლავისა ტყუილად არ ჰქვია: მისი ძირითადი ადგილსამყოფელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტია, – მაგრამ დროდადრო მეზობელ ტერიტორიებსაც სტუმრობს, რომელთაგან უახლოესი სწორედ საშარდე სისტემაა. ასე რომ, თუ სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი, ყოველი ასეთი “გასეირნება” მასპინძელს საშარდე გზების ინფექციად უჯდება.

 

ვის ემუქრება?
ქალებთან ინფექცია ოთხჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან. მიზეზი “ქალური ფორმებია” – ქალის ურეთრა უფრო მოკლეა და ანუსთან უფრო ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, მიკრობებს ერთი სისტემიდან მეორეში გადასასვლელად მცირე მანძილის გავლა უწევთ. ინფიცირების ალბათობა იმატებს სქესობრივი კავშირის და დიაფრაგმის გამოყენების დროს. რისკს ზრდის მენოპაუზაც. თუმცა საშარდე გზების ინფექციები არც მამაკაცებისთვის არის უცხო. მათი განვითარება უფრო მეტადაა მოსალოდნელი:

- დიაბეტის ფონზე;
- ხანდაზმულ ასაკში;
- იმ სამედიცინო მდგომარეობების დროს, რომლებიც პიროვნების ქცევაზე ახდენს გავლენას (ალცჰაიმერის დაავადება, დელირიუმი).

სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია:
- შარდის ბუშტის დაცლის სირთულე;
- შარდის ბუშტის კათეტერი;
- შარდკენჭოვანი დაავადება;
- შარდსადენის შევიწროება;
- საშარდე გზებზე გადატანილი ოპერაცია;
- პროსტატის ჰიპერპლაზია;
- ორსულობა;
- განავლის შეუკავებლობა;
- ხანგრძლივი უძრაობა.

საშარდე გზების ინფექცია ძნელი ამოსაცნობი არ არის – მოშარდვის ძლიერი სურვილი, რომელიც შარდის ბუშტის დაცლის შემდეგაც არ ქრება, წვა და ტკივილი შარდვისას, მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმულობისა და დისკომფორტის შეგრძნება, მღვრიე, ზოგჯერ სისხლის შემცველი, მყრალი ან მძაფრსუნიანი შარდი. შესაძლოა, ანთებას თან ახლდეს სუბფებრილური ტემპერატურაც.

თუ ინფექცია თირკმელებსაც მისწვდა, დაიწყება ცხელება, შემცივნება, ღამის ოფლიანობა, წელის ტკივილი, საერთო სისუსტე, გულისრევა-ღებინება, ზოგჯერ – მუცლის ძლიერი ტკივილი.

დიაგნოზის დასმა ადვილია: დამახასიათებელ კლინიკურ სურათთან ერთად, დამნაშავის გამოვლენას ხელს უწყობს შარდის საერთო ანალიზი, შარდის კულტუროლოგიური კვლევა. განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა უფრო ნატიფი კვლევებიც დაგჭირდეთ.

საშარდე გზების ინფექციები ადვილად ემორჩილება მკურნალობას, მაგრამ თუ ნებაზე მიუშვით ან თავად ეცადეთ პრობლემის მოგვარებას, გართულებებს უნდა ელოდოთ. მათი ჩამონათვალი კი არცთუ სახარბიელოა, თირკმელების დაზიანებითა თუ დანაწიბურებით დაწყებული, სეფსისით დამთავრებული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ უკანასკნელის განვითარების ალბათობა იმატებს ხანდაზმულებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებთან (მაგალითად, მათთან ვინც აივინფიცირებულია ან ჩატარებული აქვს ქიმიოთერაპია).

 

მკურნალობის შესახებ
მკურნალობის პრინციპი მარტივია: ალაგდეს ანთება და განეიტრალდეს მიკრობი, რომ ინფექცია თირკმელებამდე არ მივიდეს. ამისთვის ინიშნება ანტიბიოტიკები. მთავარია, კურსი ბოლომდე მიიყვანოთ. უკეთესობას მალევე იგრძნობთ, მაგრამ მიკრობი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალია, მხოლოდ დათრგუნული და დასუსტებული. თუ ანტიბიოტიკის მიღება ამ ეტაპზე შეწყვიტეთ, დასუსტებული ბაქტერია ძალას მოიკრიბს და უფრო თამამად დაგესხმით თავს.

თირკმელების ანთებას უფრო სერიოზული მკურნალობა სჭირდება. არ არის გამორიცხული, საავადმყოფოში დაწოლა გახდეს საჭირო. ამან არ შეგაშინოთ. მთავარია, პრობლემა დროულად გამოავლინონ და სწორად მართონ.

თუ საშარდე გზების ინფექცია ხშირად მეორდება, ეს იმის ნიშანია, რომ პროცესმა ქრონიკული სახე მიიღო. ამ დროს ინფექციის გასამწავვებლად სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისია. ქრონიკული ინფექცია პაციენტს ძლიერ დისკომფორტს უქმნის და ზოგჯერ მის ფსიქიკაზეც კი აისახება. დაავადების ასეთ ფორმას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ამიტომ არ ენდოთ ნაცნობ-მეგობრების რჩევებს და “უებარ წამლებს”, საშარდე გზების ინფექციის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს და მისი ყველა რეკომენდაცია შეასრულეთ.