Plasmon
ანტიდეპრესანტების როლი პოსტპანდემიურ ადაპტაციაში

თარიღი: 20 ივლისი, 2020

პანდემიამ და ხანგრძლივმა სოციალურმა იზოლაციამ მსოფლიო განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად შეცვალა. უჩვეულო გარემო, ჯანმრთელობასთან და სოციალურ საკითხებთან  დაკავშირებული პრობლემები ნეგატიურად აისახა მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. პოსტპანდემიურ შფოთვასთან განმკლავების და სტრესულ სიტუაციასთან ადაპტაციის გზებზე გვესაუბრა ფსიქიატრმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორმა, სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელმა  გუგა სიხარულიძემ.

„პანდემიამ და გავრცელებულმა ნეგატიურმა ინფორმაციამ შესაძლოა ადამიანში შიში დანერგოს, რაც ღამის კოშმარების, ძილის დარღვევების, ოფლიანობის მომატების და სხვა პრობლემებს გამოიწვევი გახდეს. მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალის The Lancet -ის ინფორმაციით, ადამიანისათვის სოციალური იზოლაცია წარმოადგენს ყველაზე დიდ სტრეს-ფაქტორს, რადგან:
1. იზოლაციის პირობებში იცვლება ცხოვრების რიტმი, იგი უფრო პასიური ხდება, შედეგად ირღვევა ძილის ფიზიოლოგიური რეჟიმი – რაც ნეგატიურად აისახება იმუნურ სისტემაზე;
2.  იზოლაციის პირობებში, პირადი სივრცის დარღვევა და ემოციური დისბალანსი ადამიანებს შორის ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი, რაც ამძაფრებს სტრესს და იწვევს ბრაზს.
3. იზოლაცია ზრდის აგრესიული ქმედებების რისკს. სტრესის ფონზე შესაძლოა გაიზარდოს კრიმინალის რაოდენობა და ფიზიკური დაპირისპირებები.

რა თქმა უნდა, სოციალური იზოლაციის დროს ასევე იზრდება შფოთვის განვითარების რისკი. შფოთვა ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც ჰგავს შიშს, თუმცა მას არ გააჩნია კონკრეტული ობიექტი და პრობლემას წარმოადგენს მაშინ:
– როდესაც ადამიანი მოულოდნელად, მიზეზის გარეშე იწყებს შფოთვას
– როდესაც შფოთვის გამოხატულება ბევრად აღემატება სტრესის მიზეზის სიძლიერეს
– თუ ორგანიზმის რეაგირება სტრეს-ფაქტორზე მძლავრია, რაც იწვევს მოტივაციის, კონცენტრაციის, ყურადღების, ნებისყოფისა და გუნება-განწყობის დაქვეითებას, ვითარდება გაღიზიანება, დეპრესიის ნიშნები. ყოველივე კი მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას.

შფოთვისათვის დამახასიათებელია ისეთი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად: უჰაერობა, მოხრჩობის შეგრძნება, გულის აჩქარება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კიდურების დაბუჟება, შეციება, წნევის მატება, მუცლის ტკივილი, დიარეა და სხვა. ამიტომ,  შფოთვის კონტროლი უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩართულობით, რათა არ განვითარდეს რთული ფორმა. ხშირად, ადამიანს ჰგონია რომ ძალიან ცუდადაა, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ შფოთვისაგან იყოს გამოწვეული. ამ დროს ემოციური ფონი წინ უსწრებს რაციონალურ გონებას და რთულია რეალური მდგომარეობის გააზრება.

სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის დაძლევის  კარგ საშუალებას წარმოადგენს ისეთი აქტივობები, როგორიცაა ვარჯიში, ცეკვა, ხატვა, ხელსაქმე, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, გართობა, კითხვა და ა.შ. ასეთ დროს, გონება აღარ არის ორიენტირებული ნეგატიურ მოვლენებზე, ადამიანს საშუალება ეძლევა ყურადღება გადაიტანოს პოზიტიურ გარემოზე და გამოუკეთდეს გუნება-განწყობა. თუ ფიზიკურმა აქტივობებმა შედეგი არ გამოიღო, მნიშვნელოვანია სპეციალისტთან ვიზიტი და სწორად შერჩეული მედიკამენტოზური თერაპია.

დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან თერაპიის დროს აუცილებელია მოხდეს პრობლემის სიმძიმის და მიზეზის გარკვევა. არის მდგომარეობები, როდესაც თვითმკურნალობის ან არასწორად შერჩეული მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ, კიდევ უფრო მწვავდება მდგომარეობა, რაც გამოწვეულია მედიკამენტებზე პაციენტის დამოკიდებულების განვითარებით. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე პრობლემური საკითხი: ფსიქოტროპული საშუალებები, რომელთა არასწორი ან თვითნებური მიღება იწვევს დოზა დამოკიდებულებას – თუ ადრე პაციენტი 5 აბს იღებდა, თანდათან 10, 20 დასჭირდება.  შესაბამისად, დეპრესიის და შფოთვის პრობლემას ფსიქოტროპულ-ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემა დაემატება.

რაც შეეხება, საძილე, დამამშვიდებელი და ერთი შეხედვით, სხვა ,,უსაფრთხო’’ საშუალებებს – მათ გააჩნიათ სიმპტომური და სამკურნალო მოქმედება.

შფოთვითი აშლილობისათვის  რეკომენდებული სამკურნალო საშუალებები ანტიდეპრესანტების ჯგუფში ერთიანდებიან. თავად ტერმინი დეპრესია და ანტიდეპრესანტები საზოგადოებაში შიშის მომგვრელია. რეალურად კი ისინი ბედნიერების ჰორმონზე – სეროტონინზე მოქმედებენ, რაც ჩვენი გუნება-განწყობის დაბალანსებას უწყობს ხელს.  თუ ორგანიზმში სეროტონინის დიდი რესურსი გვაქვს, შფოთვის მართვა შეგვიძლია. ანტიდეპრესანტები უზრუნველყოფენ არა დროებით ან სიმპტომურ მოქმედებას, არამედ ისინი მოქმედებენ პრობლემის გამომწვევ კერაზე, ავლენენ სამკურნალო ეფექტს და შედეგად ხელს უწყობენ გამოჯანმრთელების პროცესს.  ანტიდეპრესანტები არა მხოლოდ დეპრესიის სამკურნალოდ მიიღება, ისინი მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ნევროზისა და ფუნქციური აშლილობის მკურნალობის სქემაში.

რა თქმა უნდა, ანტიდეპრესანტებსაც, როგორც სხვა მრავალ მედიკამენტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, რაც შეიძლება გამოიხატოს მაგალითად მადის გაძლიერებით ან წონის მატებით. მკურნალობის მიმდინარეობისას, ექიმმა აუცილებლად უნდა დაადგინოს პაციენტის ორგანიზმის ენერგიის ხარჯვის ბალანსი  ან გადაამისამართოს სპეციალისტთან, რომელიც  წონის მატების სხვა მიზეზებს გამოიკვლევს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა დეპრესიისაგან სამუდამო განთავისუფლება არ მოხდეს, რადგან თუ არსებობს აშლილობის მიმართ გენეტიკური განწყობა, წარსულში დეპრესიის ხშირი რეციდივები – შესაძლოა პრობლემა კიდევ განმეორდეს. მედიცინაში არსებობს ქრონიკული დაავადებები, შესაბამისად, ის ფაქტი რომ შესაძლოა კონკრეტულ პაციენტს ესაჭიროებოდეს დეპრესიის მუდმივი მკურნალობა, არ უნდა აშინებდეს მას და არ უნდა აძლევდეს ფიქრის საბაბს, თითქოს ის დაავადებაზე დამოკიდებულია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აქტიური ცხოვრების რეჟიმი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის განვითარების რისკს და ხელს უწყობს პოზიტიურ აზროვნებას.“


წყარო: http://beautymagazine.ge/