Plasmon
ბავშვის განვითარება

თარიღი: 12 ივნისი, 2015

ბავშვის განვითარება
ბავშვის ყოველ ასაკს ახასიათებს ნერვული სისტემის, ემოციური სფეროსა და მოტორული განვითარების სპეციფიკური თავისებურებები.

1-დან 6 კვირამდე ახალშობილისათვის დამახასიათებელია „საშვილოსნოსშიგა პოზის“ შენარჩუნება; პატარას კუნთების მაღალი ტონუსის გამო კიდურები მოხრილი აქვს. მოძრაობა არაკოორდინირებულია. თავს ვერ იჭერს. შესაძლებელია, აღინიშნებოდეს სიელმე. მე-2-3 კვირას, მუცელზე წოლისას, ბავშვი უკვე ცდილობს თავის აწევას, რეაგირებს დაბალ ხმაზე. 1 თვის ასაკში მოძრაობა კოორდინირებული ხდება, სიელმე ქრება. მე-5 კვირიდან ხანგრძლივად აფიქსირებს ყურადღებას ბრჭყვიალა საგანზე და თვალს აყოლებს მას. კუნთოვანი ჰიპერტონია (მაღალი ტონუსი) ამ პერიოდისთვის ქრება კისრისა და ნაწილობრივ ზედა კიდურების არეში. ამავე ასაკში ბავშვი იწყებს გაღიმებას.

2-3 თვე. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ე.წ. „გაცოცხლების კომპლექსი“. ბავშვი იწყებს სიცილს, ღუღუნსა და ბურტყუნს, მოძრაობა აქტიურდება. 2 თვიდან ბავშვი კარგად იჭერს თავს, აბრუნებს სინათლისაკენ და მოძრავი საგნების მიმართულებისთ. მუცელზე წოლისას სწევს ტანის ზედა ნაწილსაც, ეყრდნობა ჯერ იდაყვებს, მერე - ხელისგულებს. პატარა ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ „მოსწონს“ მუსიკა, ეტანება სათამაშოებს, პირში იდებს საგნებს.

3-6 თვე. მთლიანად იხსნება კუნთოვანი ჰიპერტონია, ბავშვს უკვე შეუძლია მიიღოს ნებისმიერი პოზა და თავისუფლად ამოძრაოს ზედა კიდურები. მე-4 თვეზე, მუცელზე წოლისას, ტანსა და მუცელს მთლიანად ზემოთ სწევს. მე-5 თვიდან შეუძლია ჯდომა მიყრდნობილს, ცდილობს გარემოში გადაადგილებას, იწყებს ცოცვას. იღლიის ქვეშ ხელმოკიდებულს შეუძლია დგომა, მე-6 თვიდან დამოუკიდებლად ჯდება, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით. 
თუ ამ პერიოდში პატარას გულმკერდს დაუჭერენ, ის შეეცდება ნაბიჯების გადადგმას. ბავშვის ემოციური რეაქციები სულ უფრო სრულყოფილი ხდება. მე-4-5 თვიდან არ ეკარება სხვა ქალის ძუძუს; პატარა იწყებს მარტივი მარცვლების წარმოთქმას (მა, ბა). იძენს ახალ ჩვევებს: კვების დროს ხელს აშველებს ძუძუს, ბოთლს ან საწოვარას, 6 თვისთვის საჭმელს ტუჩებით იღებს.

6-12 თვე. ამ პერიოდის ძირითადი ნიშანია მოძრაობის დახვეწა. თავდაპირველად ბავშვი ურტყამს სათამაშოებს, შემდეგ იწყებს მათ ფიქსირებას, ერთი ხელიდან მეორეში გადატანას. ის თავისუფლად ზის. 8 თვის ბავშვი თავისუფლად ჯდება და წვება, საწოლის მოაჯირს ხელჩაკიდებული თავისით დგება და ცდილობს სიარულს. მე-9 თვიდან ხელჩაჭიდებული კარგად დადის, კარს აღებს და ხურავს. 12 თვისა დგას დაუხმარებლად, დამოუკიდებლად დადის. ბავშვის ემოციური რეაქციები კიდევ უფრო იხვეწება. 
7 თვიდან ბავშვი ეპოტინება სარკეში თავის გამოსახულებას, 8 თვიდან ტაშს უკრავს, ყუთიდან საამაშოებს იღებს, აგროვებს მათ, განუწყვეტლივ იმეორებს მარცვლებს: ბა-ბა, დე-და, მა-მა და სხვა. 10 თვიდან შეუძლია გამოაჯავროს ძაღლს, კატასა და სხვა ცხოველებს. მე-11 თვიდან შეკითხვისას მიუთითებს სახის ნაწილებზე, სახეს იწმენდს, თმას ივარცხნის, წიგნებს ფურცლავს და ა.შ. ახალი ჩვევებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ფინჯნიდან დამოუკიდებლად დალევა, ორცხობილასა და პურის ნაჭრის ჩაისთვის მიყოლება და სხვა.

1-დან 2 წლამდე. ბავშვი დიდხანს დადის, შეუძლია წინაღობაზე გადასვლა, ჯოხზე გადაბიჯება, იმეორებს ადრე ნასწავლ მოქმედებებს, თოჯინას აჭმევს, აცმევს, ბანს და ვარცხნის, აშენებს სათამაშო სახლს. 2 წლის ასაკში წარმოთქვამს 2-3 სიტყვიან წინადადებას, იგებს ზღაპრებს, შეუძლია დამოუკიდებლად ჭამოს კოვზით ჯერ მყარი, შემდეგ კი - თხიერი საკვები. მოგვიანებით უფროსის დახმარებით ახერხებს ტანსაცმლის ჩაცმა-გახდას.

2-3 წელი. 2 წლისა და 6 თვის ასაკში ბავშვი არჩევს ოთხ სხვადასხვა ფერს: წითელს, ლურჯს, ყვითელსა და მწვანეს, ხოლო 3 წლის ასაკში ასახელებს მათ. შეუძლია 10-15 სმ სიმაღლის წინაღობის გადალახვა, შინაარსიანად თამაშობს. პატარა იწყებს სხვადასხვა როლის (დედის, ექიმის) თამაშს, აგებს წინადადებებს, სვამს კითხვებს: „სად?“ „როდის?“ „რით?“ „რატომ?“ თვითონ იცვამს, მოგვანებით კი მოზრდილის დახმარებით შეუძლია ღილებისა და ზონრის შეკვრაც.

3-4 წელი. ამ ასაკში ფსიქიკური განვითარება უფრო მაღალ დონეს აღწევს, ბავშვი ადვილად იმახსოვრებს ლექსებს, უვითარდება შიშის გრძნობა, სილამაზის აღქმა, უყალიბდება ბავშვის „მე“, ძნელად ემორჩილება დარიგებას. ეს ე.წ. „პირველი სიჯიუტის“ პერიოდია. „მეორე სიჯიუტის“ პერიოდი კი თავს იჩენს 6-7 წლის შემდეგ, როდესაც ხშირდება კონფლიქტები მშობლებთან და მასწავლებლებთან.

12-18 წელი - მოზარდობის პერიოდია. ამ პერიოდს სხვანაირად პუბერტატული, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი ეწოდება. ამ დროს ინტენსიურად მიმდინარეობს ორგანიზმის ზრდა-განვითარება. 
ბავშვის ძირითადი უნარ-ჩვევებისა და ხასიათის ჩამოყალიბება პირველი სამი წლის განმავლობაში იწყება და მიმდინარეობს. ამიტომაც არის, რომ ამ ასაკში ბავშვის აღზრდაში შეცდომების შედეგს მშობელი ხშირად  მთელი სიცოცხლე იმკის. 

ტვინის განვითარება. დაბადებიდან 3 წლამდე ბავშვის ტვინი ძალზე სწრაფად ვითარდება, აქტიურად მყარდება ტვინის უჯრედებს შორის ე.წ. კავშირი; 3 წლისათვის უჯრედთა რიცხვი დაახლოებით 1000 ტრილიონს აღწევს. 11 წლიდან კი კავშირები, რომლებიც არ გააქტიურებულა, ქრება. ასე რომ, მომავალში ბავშვის მიღწევები, ათვისების უნარი, აზროვნებისა და შემეცნების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვევათა განვითარება მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული. 

ბავშვის წონა და სიმაღლე. 1-დან 3 წლამდე ბავშვი კვლავ სწრაფად იზრდება.  2 წლამდე წონის მატება თვეში საშუალოდ 200-250 გრამია, წლის განმავლობაში - დაახლოებით 2-3 კგ. 2-დან 3 წლამდე კი წლიურად იმატებს 2-კგ-ს.

გაითვალისწინეთ! თუ ბავშვი წონაში არ მატულობს, ეს შეიძლება ბავშვის ავადმყოფობის ან არასრულფასოვანი, ერთფეროვანი კვების შედეგი იყოს. 
2 წლამდე ბავშვი სიმაღლეში დაახლოებით 10-12 სმ-ს იმატებს, 2-დან 3 წლამდე - 8 სმ-მდე.

კვება. 1 წლის შემდეგ უნდა შემცირდეს კვების სიხშირე და ხანგრძლივობა. ბავშვი დღეში 4-ჯერ უნდა ჭამდეს, შუალედებში კი ხილი და ორცხობილა მიირთვას.
- 1 წლის ბავშვის საკვები უნდა დაიჭყლიტოს, დაიკეპოს, რათა პატარამ ადვილად გადაყლაპოს; დაუშვებელია ბავშვის კვება თამაშისა და სირბილის დროს.
- 1 წლის შემდეგ პატარა ცხდილობს თვითონ დაიჭიროს კოვზი და ჭამოს. დედამ ხელი უნდა შეუწყოს მას ამ საქმიანობაში; 
- თუ პატარა უარს ამბობს ამა თუ იმ საკვებზე, საჭირო არ არის დაძალება; 
- ამა ასაკში ბავშვის გამძაფრებული მადა თუ უმადობა, ასევე მის კვებასთან დაკავშირებული მრავალი სხვა პრობლემა სრულიად ნორმალური მოვლენაა.

მოძრაობის განვითარება. 1-3 წლის ასაკის ბავშვი სწრაფად, სასაცილოდ დაბაჯბაჯებს; წონასწორობასაც უკეთ ინარჩუნებს.

მოძრაობის უნარ-ჩვევების განვითარების ვადებია:
- ძირს დავარდნილი საგნის ისე აღება, რომ პატარა არ დაეცეს - 12-24 თვემდე პერიოდში; 
- სავარძელზე აცოცება - 12-24 თვემდე პერიოდში; 
- გამართული სიარული - 24-30 თვემდე პერიოდში; 
- საბავშვო სქელფურცლიანი წიგნის გადაფურცვლა - 18-24 თვემდე პერიოდში; 
- ხელში კოვზია აღება, ღილების შეკვრა - 24-36 ტვემდე პერიოდში; 
- ხელში ფანქრის დაჭერა და ხაზების მრუდედ გავლება - 12-36 თვემდე პერიოდში; 
- სირბილი, პატარა წინაღობების დაძლევა, ველოსიპედის საჭის მართვა - 36 თვიდან.

მეტყველების განვითარება. დაახლოებით 1 წლის პატარას ესმის, რას უებნებით და პირველ სიტყვებსაც ამბობს. 3 წლის ასაკში უკვე ოჯახის ერთ-ერთი აქტიურად მოუბარი წევრია.

გაითვალისწინეთ! რაც უფრო ხშირად ესაუბრება მშობელი ბავშვს, ის მით მალე ალაპარაკდება.
- ბავშვთან საუბარი რეკომენდებულია ბანაობის, ჭამის, ჩაცმის დროს; 
- მშობელმა არ უნდა დაასრულოს ბავშვის მიერ დაწყებული ფრაზა, მან ეს თავად უნდა გააკეთოს; 
- ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს, ამიტომ მას უნდა ესაუბრონ სწორად და გამართულად, ისევე, როგორც მოზრდილს; 
- აუცილებელია პატარამ ნახატებიანი წიგნები ხშირად დაათვალიეროს. ზრაპრები, მოთხრობები და ლექსები უნდა წაუკითხონ; 
- ბავშვი სიმღერით უკეთ იმახსოვრებს სიტყვებს, ამიტომაც დედამ ხშირად უნდა უმღეროს.