თარიღი: 22 ნოემბერი, 2017
როგორ მოვიქცეთ ბრტყელტერფიანობის დროს
ადამიანის ყველა სახსარი ტერფის მოძრაობას ესადაგება, ამიტომ ტერფის დეფორმაცია ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვა პრობლემებსაც იწვევს. მათ შორის სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს... გარდა ამისა, ტერფი ტუმბოს როლს ასრულებს და მონაწილეობს კიდურებიდან სისხლისა და ლიმფის უკუდენაში, ამიტომ მისი პათოლოგია ლიმფო-ვენურ უკმარისობასაც განაპირობებს. ყოველივე ამის გამო ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება.
ტერფის ყველაზე გავრცელებული პრობლემის – ბრტყელტერფიანობის შესახებ “ავერსისკლინიკის” ორთოპედი მარინა მაჭავარიანი გვესაუბრება:
– ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩონჩხის თანდაყოლილი ანომალია ახალშობილების 13-18 პროცენტს აღენიშნება. საქართველოში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი დაავადებები საკმაოდ არის გავრცელებული – ბავშვთა 5-10%-ს აღენიშნება. ასაკთან ერთად ისინი პროგრესირებს და ხერხემლის სვეტისა და კიდურების სხვადასხვა დეფორმაციას იწვევს.
– რამდენად აქტუალური პრობლემაა ბრტყელტერფიანობა?
– ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკის თანახმად, ამ დაავადებას სასკოლო ასაკის ბავშვების 65%-ზე მეტი იძენს. ბავშვის ძვლოვანი ქსოვილი რბილი და ელასტიურია. ნაკლებად არის განვითარებული კუნთოვანი სისტემაც. ტერფის ძვლის ფორმირება კი 5-6 წლამდე გრძელდება.
ტერფის ძვლები ერთმანეთთან შეკავშირებით წარმოქმნის თაღს. მისი დანიშნულებაა სხეულის ამორტიზება სიარულის, სირბილის დროს. გამოყოფენ ორ განივ და ერთ გასწვრივ თაღს. იმის მიხედვით, რომელი მათგანია გასადავებული, განასხვავებენ ორი სახის ბრტყელტერფიანობას: სიგრძივსა და განივს.
ბრტყელტერფიანობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა შედარებით იშვიათია და ხშირად არის შერწყმული თანდაყოლილ ვალგუსურ დეფორმაციასთან, რომლის დროსაც ტერფის შიგნითა კიდე ძლიერ დაშვებულია. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის დიაგნოზს სამშობიარო სახლშივე სვამენ და მკურნალობასაც მაშინვე იწყებენ, შეძენილმა ბრტყელტერფიანობამ კი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი.
– რა იწვევს შეძენილ ბრტყელტერფიანობას?
– ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა წარმოშობისაა: ტრავმული – გამოწვეული ძვლების არასწორი შეხორცებით ან ამა თუ იმ (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ხერხემლის) სახსრის დაზიანებით; პარალიზური, რომელიც ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად (ხშირად – პოლიომიელიტის გადატანის შემდეგ) ვითარდება; რაქიტული – აღენიშნებათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ რაქიტი (მათ ხშირად სხვა რაქიტული დეფორმაციებიც აქვთ). ამ დროს ბრტყელტერფიანობა გამოწვეულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევით, ძვლების სირბილით, კუნთოვანი და მყესიოგოვანი აპარატის საერთო სისუსტით. ამ ტიპის ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა და მკურნალობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რაქიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობასთან. ყველაზე გავრცელებული ფორმაა სტატიკური ბრტყელტერფიანობა. მისი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური განწყობა, შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია, კუნთების ტონუსის დაქვეითება და მყესების სისუსტე, რომელსაც იწვევს ფიზიკური დატვირთვის უკმარისობა და მჯდომარე პროფესიები, ასევე – პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს. სტატიკურ ბრტყელტერფიანობას ხშირად იწვევს წონის მატება, ასევე – პროფესიული სპორტი, როცა ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა ადგება. ბრტყელტერფიანობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ორსულობა და სხვა.
– რა ნიშნებით ამოვიცნოთ ბრტყელტერფიანობა?
– ბრტყელტერფიანობის პირველი ნიშნებია ადვილად დაღლა, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი სიარულის და დიდხანს დგომისას, კოჭ-წვივის მიდამოს შესივება. ტერფი წაგრძელებულია, მისი წინა ნაწილი შიგნით არის შებრუნებული, ქუსლი კი გარეთ არის მიქცეული.
– რა ფორმას იღებს ტერფი შეძენილი ბრტყელტერფიანობის დროს?
– შეძენილი სტატიკური ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს გასწვრივიც, როდესაც გასადავებულია გასწვრივი თაღი, და განივიც, როდესაც განივი თაღია გასადავებული და წინა ტერფი გაბრტყელებულია. გასწვრივი და განივი თაღების ერთდროული გასადავების შემთხვევაში კომბინირებულ ბრტყელტერფიანობაზე ლაპარაკობენ. გასწვრივი ბრტყელტერფიანობის პროგრესირებისას გასწვრივი თაღის დაშვების გამო ტერფი გრძელდება, განივი ბრტყელტერფიანობის პროგრესირებისას კი მოკლდება, ხოლო წინა ტერფი მარაოსავით იშლება.
– რა გართულებებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?
– ბრტყელტერფიანობის გართულებებია: ფეხების ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით, სიარულის მანერის შეცვლა, გასწვრივი ბრტელტერფიანობის დროს შესაძლოა მუხლის სახსრების ფორმა შეიცვალოს და ფეხები X-ისებრი გახდეს. ამორტიზაციისა და რესორული (დრეკადობის) ფუნქციის დაქვეითებას ტანდეგობის დარღვევამდე მივყავართ. ამ დროს ფეხსაცმელი გაცვეთილია შიგნითა კიდესთან, კოჭ-წვივის არე სივდება. განივი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი ფართოვდება, პირველი თითი დეფორმაციას განიცდის, მე-2 და მე-3 თითები ჩაქუჩისებური ხდება. დროთა განმავლობაში ვითარდება ტერფის წვრილი სახსრების ართროზი.
– როგორ ხდება ბრტყელტერფიანობის დადგენა?
– ბრტყელტერფიანობის დასადგენი ტესტი, პლანტოგრამა, სახლის პირობებშიც შეიძლება ჩატარდეს: ბავშვს ტერფზე წაუსვამთ რომელიმე ცხიმიან კრემს და სუფთა ქაღალდზე დააყენებთ. უნდა იდგეს გამართული, ფეხებშეტყუპებული, მყარად. თუ ანაბეჭდმა მთელი ტერფის 1/3 დაიკავა, ტერფი ნორმალურია, თუ ნახევარი – ტერფი ბრტყელია და ორთოპედს უნდა მიმართოთ.
გასწვრივი ბრტყელტერფიანობის ხარისხის დასადგენად რენტგენოდიაგნოსტიკას მიმართავენ. ამ დროს ტერფს იღებენ გვერდით პროექციაში, ზომავენ თაღის კუთხეს (ნორმა - 125-130 გრადუსი) და სიმაღლეს (ნორმა - 39 მმ). მიღებული მონაცემების საფუძველზე ადგენენ ბრტყელტერფიანობის ხარისხს.
რენტგენოდიაგნოსტიკას უმთავრესად მოზრდილებს უტარებენ. მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქად გამოხატული ბრტყელტერფიანობის დროს პლანტოგრამაც საკმაო ინფორმაციას იძლევა, შედარებით მძიმე შემთხვევებში კი კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტარდება. ტერფის სრულყოფილი გამოკვლევისთვის (მაგალითად, ჯარში წარსადგენად) საჭიროა რენტგენოდიაგნოსტიკაც და კომპიუტერული დაიგნოსტიკაც. ეს უკანასკნელი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდია. პედოგრამა – ტერფის კომპიუტერული გამოსახულება – სიარულის დროს იწერება. ის გვაწვდის ინფორმაციას ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა პარამეტრების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ირჩევა ინდივიდუალური ღაბაში. სასურველია, ბავშვმა ღაბაში ტერფის ძვლების სტრუქტურის სრულ ჩამოყალიბებამდე – 13-14 წლამდე ატაროს, განსაკუთრებით – თუ სპორტს მისდევს და მისი ტერფი მუდმივად განიცდის ძლიერ დატვირთვას.
– რა მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის სწორ შერჩევას ბრტყელტერფიანობის საპროფილაქტიკოდ და როგორი უნდა იყოს ის?
– სწორად შერჩეული ფეხსაცმელი უზრუნველყოფს ტერფის ნორმალურ ყრდნობას როგორც დგომის, ასევე სიარულის დროს. როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს, უნდა ეცვას მაღალყელიანი, რბილი ტყავისგან შეკერილი, ფართოცხვირიანი და დრეკადლანჩიანი ფეხსაცმელი. პატარა ბავშვის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 1-1.5 სმ უნდა იყოს, მოზრდილის – 2-4 სმ. ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა ორთოპედიული ღაბაში, ხოლო პათოლოგიის მძიმე ფორმის დროს ინიშნება ორთოპედიული ფეხსაცმელი.
– როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროს ბრტყელტერფიანობის დროს ზრდასრულმა ადამიანმა, რომ მდგომარეობა შეიმსუბუქოს?
– ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ფეხსაცმელი ტერფზე ზუსტად ჰქონდეს მორგებული, რადგან ზომაზე დიდი ფეხსაცმლის ტარება იწვევს გამოყელვას, აჩენს კოჟიჟებს, ხოლო ვიწრო ფეხის თითების (განსაკუთრებით – პირველი თითის) დეფორმაციას, სისხლის მიმოქცევის მოშლას და ფრჩხილის ჩაზრდას განაპირობებს.
– ზოგჯერ ორთოპედი მშობლებს ურჩევს, ბავშვს ფეხის ადგომისთანავე უღაბაშო (უსუპინატორო) ფეხსაცმელი ჩააცვან. რატომ?
– უსუპინატორო ფეხსაცმელს ბავშვს მაშინ აცმევენ, როცა ტერფი თაღოვანია, ანუ ტერფის თაღი ნორმაზე მაღალია. საზოგადოდ, თუ სამ წლამდე ასაკის ბავშვს ბრტყელტერფიანობა არ აქვს გამოხატული, მას უნდა ეცვას ჩვეულებრივი ფეხსაცმელი, რომელშიც სტანდარტული ღაბაშია ჩაკერებული. გამოხატული ბრტყელტერფიანობის დროს კი სუპინატორს ინდივიდუალურად შეარჩევენ.
– როგორ მკურნალობენ ბრტყელტერფიანობას?
– ბრტყელტერფიანობის მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ორთოპედიული პათოლოგიების მკურნალობის ზოგად პრინციპებს ეფუძნება. ის უმთავრესად კონსერვატიულია. მისი მიზანია ტკივილის მოხსნა, კუნთებისა და მყეს-იოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა, ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ძირითადი მეთოდებია სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი, რომელსაც ექიმი ორთოპედი ბრტყელტერფიანობის ფორმისა და ხარისხის, ასევე – პაციენტის ასაკის გათვალისწინებით შეარჩევს. ვარჯიშებსა და მასაჟთან ერთად ტარდება ფიზიოპროცედურები, ფეხის თბილი აბაზანები ზღვის მარილით. ინდივიდუალურად შერჩეული ორთოპედიული ღაბაში განტვირთავს ტერფის მტკივან ადგილებს, აუმჯობესებს სიარულის მანერას და ხელს უშლის დეფორმაციის პროგრესირებას.
5-6 წლის ასაკში ბრტყელტერფიანობის განკურნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდგომ კი მხოლოდ მისი პროგრესირების შეჩერება თუ მოხერხდება. სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში 2-3-ჯერ. მოიცავს 10-15 პროცედურას.
ექიმი გირჩევთ:
რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვავლენთ ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და დროულად დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ადვილად მოხერხდება პროგრესირების შეჩერება და დეფორმაციის კორეგირება.
რეკომენდებულია, საბავშვო ბაღებისა და სკოლების სპორტულ მეცადინეობებში ჩართული იყოს სპეციალური ვარჯიშები ბრტყელი ტერფის ნერვ-კუნთოვანი და მყესოვანი აპარატის გასამაგრებლად.
სასურველია ზაფხულობით ფეხშიშველი სიარული არათანაბარ ზედაპირზე (ქვიშაზე, ბალახზე), სიარული თითის წვერებზე.
ბავშვმა უნდა ატაროს კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომელიც დააფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარსა და ქუსლის ძვალს.
ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარჯიშს, რომელთა შესრულება კარგია ბრტყელტერფიანობის დროს:
იარეთ თითის წვერებზე, ხელები მაღლა ასწიეთ;
იარეთ ქუსლებზე, ხელები წელზე შემოიწყვეთ:
იარეთ ტერფის გარეთა კიდეებზე, ფეხის თითები მოხარეთ ფეხისგულისკენ, ხელები წელზე შემოიწყვეთ;
ჯდომისას შესასრულებელი ვარჯიშები:
მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები;
ფეხის თითებით აიღეთ ფანქარი;
ფეხის თითებით აიღეთ პატარა ბურთი;
ტერფები წრიულად ამოძრავეთ ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით.
წყლის ტესტი ტერფის მდგომარეობის შესაფასებლად
დაისველეთ ფეხი წყლით და ქაღალდზე (უმჯობესია, მუქი ფერისაზე) გაიარეთ. დააკვირდით სველ კვალს:
თუ ის წაგრძელებულ ბლინს მოგაგონებთ და მშრალი ნაწილი ერთ სანტიმეტრითაც არ არის შეწეული, ბრტყელი ტერფი გაქვთ და სათანადო ზომები უნდა მიიღოთ.
თუ მშრალი ნაწილი ერთ სანტიმეტრზე მეტადაა შესული სველში, ხოლო ქუსლისა და თითის წვერების შემაერთებელი ხაზის სიგრძე ერთ სანტიმეტრზე მეტია, ნორმალური ტერფი გქონიათ.
თუ ქუსლისა და თითის წვერების შემაერთებელი ხაზის სიგრძე ერთ სანტიმეტრზე ნაკლებია ან ეს ხაზი საერთოდ არ შეინიშნება, თაღოვანი ტერფი გქონიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეულის წონა უმთავრესად ტერფის გარეთა კიდეს აწვება, ამიტომ ორთოპედის კონსულტაცია და სპეციალური ფეხსაცმელი დაგჭირდებათ.
წყარო: aversiclinic.ge