Plasmon
COVID 19, ხელის ჰიგიენა და ალერგია სადეზინფექციო საშუალებებზე

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2020

COVID 19, ხელის ჰიგიენა და ალერგია სადეზინფექციო საშუალებებზე

 

კორონავირუსის  პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიღბის ტარებასთან ერთად ხელის ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა, რადგან ხელების სათანადო ჰიგიენას აქვს 24% -დან 31% -მდე  დაავადებათა გავრცელების გადაცემის შემცირების ალბათობა.

 

ვირუსის გადაცემის თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს ხელების ხშირ დაბანას საპნით 20 წამის განმავლობაში, თუმცა თუ საპონი და წყალი მიუწვდომელია, შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელის სენიტაიზერი, რომელიც შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს.

 

ხელის ჰიგიენის საშუალებები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით: თხევადი ან მყარი საპნები, ანტისეპტიკური ხელსაბანი და ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ეფექტურია COVID-19- ის წინააღმდეგ, მათ შესაძლოა შეცვალონ კანის ბარიერის მთლიანობა და გამოიწვიონ ხელებისა და მტევნების სიწითლე, სიმშრალე, გაღიზიანება, ქავილი, რასაც სამედიცინო ტერმინოლოგიით ირიტაციულ ან ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს უწოდებენ. 

ამერიკის კონტაქტური დერმატიტის საზოგადოების ექსპერტები ექიმთან მისვლამდე გვაძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს COVID-19- თან დაკავშირებული კონტაქტური დერმატიტის  შესამსუბუქებლად.

 

 

• დაიბანეთ ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. მნიშვნელოვანია,  რომ დაბანის დროს  ხელის ყველა უბანი თანაბრად დავიბანოთ. ჩატარებული კვლევის მიხედვით ხელის ზურგი და თითების ბალიშები ხშირ შემთხვევაში რჩება საპნისგან თავისუფალი.

 

• მოერიდეთ ცხელ და ძალიან ცივ წყალს.  წყლის ტემპერატურა არ ახდენს ზეგავლენას მიკრობების მოშორებაზე. ამიტომ დაიბანეთ თბილი წყლით, რადგან ძალიან ცივი ან პირიქით ძალიან ცხელი წყალი გავლენას ახდენს კანის ზედაპირულ შრეზე, აზიანებს კანის ბარიერს და იწვევს გაღიზიანებას.

 

• ანტიბაქტერიული ინგრედიენტების მქონე საპნები არ არის აუცილებელი ხელის სწორი ჰიგიენისთვის, ისინი ხშირ შემთხვევაში აღიზიანებენ კანს და იწვევენ ირიტაციული კონტაქტური დერმატიტის განვითარებას.

 

• გამოიყენეთ ჰიპოალერგიული საპნები, რომლებიც არ შეიცავენ კონსერვანტებს, არომატიზატორებს და საღებავებს.  ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხელთათმანების ჩაცმის შემთხვევაში, ხელი არ უნდა იყოს სველი და ნამიანი.

 

• ხელის დაბანა საპნით ალკოჰოლის შემცველი სენიტაიზერის გამოყენების წინ ან შემდეგ ზრდის ხელის კონტაქტური დერმატიტის განვითარების რისკს. ამიტომ გამოიყენეთ ჰიპოალერგიული საპნები, რომელიც არ აშრობს კანს და აქვს დამატენიანებელი ეფექტიც. 

 

 

• ხელის დაბანის შემდეგ რეკომენდებულია ჰიპოალერგიული დამატენიანებელი კრემი დავიტანოთ კანზე დაუყოვნებლივ და განვაახლოთ მისი წასმა ყოველ 3-4 საათში ერთხელ. ასევე რეკომენდებულია ჰიპოალერგიული დამატენიანებელი კრემის გამოყენება ხელთათმანების მოხსნისთანავე.

 

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია  ალერგოლოგის კონსულტაცია

 

 

სტატიაში გამოყენებული წყარო:

 

Chandler W. Rundle et al, Hand hygiene during COVID-19: Recommendations from the American Contact Dermatitis Society, J Am Acad Dermatol. 2020 Jul 22