თარიღი: 07 მაისი, 2020
ცხიმიანი კანი – მოვლის რუტინა
ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც კანის პრობლემებს არასოდეს შეჯახებია. სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი – დაგვეთანხმებით, მეტად უსიამოვნოა. მათ ადვილად გაუმკლავდებით, თუ კანს ინდივიდუალური რეჟიმით მოუვლით და შესაბამის კოსმეტიკასაც გამოიყენებთ.
ცხიმიანი კანის მოვლის თავისებურებებზე საუბარს გია გვარამიას კლინიკის ექიმ დერმატოლოგთან, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრთან, მედიცინის აკადემიურ დოქტორ თამარ ბასილაძესთან ვაგრძელებთ.
– როგორ ვერბრძოლოთ აკნეს?
– აკნესგან თავის დასაცავად საუკეთესო სტრატეგია ცხიმიანი კანისთვის შექმნილი კოსმეტიკური ნაწარმის გამოყენებაა. ასეთი ნაწარმი ფორებს დახშობისგან იცავს და კანს მჟავატუტოვან ბალანსს უნარჩუნებს, ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები მხოლოდ ზედმეტ ცხიმს აშორებს კანს, თანაც ახდენს ანტიბაქტერიულ და დამამშვიდებელ ეფექტს. სასურველია, მათ შემადგენლობაში შედიოდეს სალიცილის მჟავა, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, გლიკოლის მჟავა, რომელიც დახშობისგან იცავს ფორებს, პანთენოლი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები და ცხიმის გამოყოფასაც არეგულირებს. ამავე ტიპის კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემები არ შეიცავს ცხიმებსა და ეთეროვან ზეთებს.
უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ნაწარმს, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის გამაღიზიანებელი კომპონენტები (პარფიუმი, პარაბენები, არომატიზატორები) – შესაძლოა, მათ უფრო მეტად გაამწვაონ აკნე.
აკნეს დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა. საკმარისია პირის დღეში ორჯერ – დილა-საღამოს – დაბანა. დასაბან საშუალებებს სასურველია ჰქონდეს საშუალო PH (PH 5,5). თუ პუდრს იყენებთ, ფუნჯი და ღრუბელი ხშირად გამოცვალეთ – იქ ბაქტერიები კარგად გრძნობენ თავს და დიდხანს ცოცხლობენ.
ეცადეთ, ხელი ხშირად არ შეახოთ სახეს – ჭუჭყი, ოფლი და უამრავი ბაქტერია, რომლებიც ხელზე გროვდება, სახეზე მოხვდება და აკნეს კიდევ უფრო გამწვავებს. აკნეს დროს განსაკუთრებით ხშირად დაიბანეთ ხელები.
ხელით არ აწვალოთ ფერიმჭამელები და მუწუკები – ეს გამოიწვევს ახალი ადგილების დაინფიცირებას და ჩირქოვანი ელემენტების გამრავლებას, სახეზე კი, უარეს შემთხვევაში, ნაწიბური ან პიგმენტური ლაქა დაგრჩებათ. აკნეს მკურნალობა მხოლოდ სპეციალისტს ანდეთ.
აკნეს წინააღმდეგ
აკნეს მსუბუქ ფორმას შეიძლება ვუმკურნალოთ როგორც მედიკამენტებით, ისე ბუნებრივი საშუალებებითაც. კანს ღრმად ასუფთავებს სამკურნალო ტალახის ან კოსმეტიკური თიხის ნიღაბი. ის შეიცავს სასარგებლო მინერალებს და მიკროელემენტებს. ნიღაბი სახეზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მწვანე ჩაის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შეწითლებული და ანთებადი ადგილები ამ ჩაის ნაყენით გაიწმინდეთ. ნაყენი ასე მოამზადეთ: მწვანე ჩაის დაასხით ადუღებული წყალი და 10-15 წუთი გააჩერეთ. გაიწმინდეთ მხოლოდ გაწითლებული ადგილები. 20 წუთის შემდეგ სახე გრილი წყლით დაიბანეთ.
ფორების გასაწმენდად ძალიან კარგია ორთქლის აბაზანა. ცხელ წყალში ჩაყარეთ გვირილის ხმელი ფურცლები, – ის ამშვიდებს კანს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს, – თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და სახე 5 წუთის განმავლობაში დაიორთქლეთ, მერე კი გამწმენდი ნიღაბი გაიკეთეთ, მაგალითად, კიტრისა. ის კანს წმენდს და ფორებს ავიწროებს.
გულყვითელას ფურცლების ნაყენი კარგია ანთების დროს. ნაყენის საფენი 15 წუთი გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ, მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, აკნეს ვერ გაუმკლავდით, გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ, რათა მდგომარეობა უფრო არ გაირთულოთ.
სწორი და რეგულარული მოვლის წყალობით ცხიმიან კანს სუფთა და მიმზიდველი შესახედაობა ექნება.
ზაფხული და ცხიმიანი კანი
– როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს ზაფხულში?
– გავრცელებული წარმოდგენა, რომ ცხიმიან კანს მზის სხივები უხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. გადაჭარბებული დასხივება აღიზიანებს ცხიმოვან ჯირკვლებს, რის შედეგადაც ცხიმის გამოყოფა იმატებს. მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს ოფლიც უხვად გამოიყოფა, ამიტომ მეტი საფრთხეა, სახეზე გამონაყარი გაჩნდეს.
ზაფხულში არა მარტო ტანსაცმელი, არამედ კანის მოვლაც უნდა შეესაბამებოდეს ცხელ ამინდებს. მოვლის საშუალებები მსუბუქი უნდა იყოს და გამაგრილებელი ეფექტი ჰქონდეს.
ზაფხულში აუცილებელია კანის საფუძვლიანი გასუფთავება. პირი დილა-საღამოს დაიბანეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ევკალიპტის ან მენთოლის ექსტრაქტის შემცველ გელს – ის ფორებს დახშობისგან იცავს. დაბანის შემდეგ (დილასაც და საღამოსაც) ტონიკით გაიწმინდეთ, შრატი კი მხოლოდ საღამოობით წაისვით.
ფორების კომპლექსური გასუფთავებისთვის კარგია გამწმენდი ნიღბები და მსუბუქი მექანიკური პილინგი (10 დღეში ერთხელ), ოღონდ არ გადააჭარბოთ.
მცხუნვარე მზის, მაღალი ტემპერატურისა და ჭარბი ოფლიანობის შედეგად სხეულიდან უხვად ორთქლდება წყალი, ამიტომ აუცილებელია კანის დილა-საღამოს დანოტივება. ზაფხულში დასანოტივებლად გირჩევთ სპეციალურ კრემ–გელს ან ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ სპრეის. ისინი სწრაფად შეიწოვება, ატენიანებს და აგრილებს, სიპრიალეს უკარგავს კანს.
არ დაგავიწყდეთ მარილიანი და ქლორიანი წყლის ჩამობანა აუზიდან ან ზღვიდან დაბრუნების შემდეგ.
თუ მაკიაჟის მოსაშორებლად სველ ხელსახოცს იყენებთ, უმჯობესია, უსპირტო იყოს.
დაბოლოს, თუ გინდათ, კანის ჯანმრთელი სტრუქტურა დიდხანს შეინარჩუნოთ, მზისგან დამცავი კრემის (სპფ 15-20) გარეშე სახლიდან არ გახვიდეთ.
ზამთარი
– ქარი და სიცივე ცხიმიან კანს ბევრს ვერაფერს ვნებს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, მისი ლიპიდური მანტია საკმაოდ სქელია. ზამთარში მსუბუქი (წყალზე დამზადებული) დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენეთ. თუ შეამჩნიეთ, რომ კანი მეტისმეტად გამოგიშრათ, შეგიძლიათ, წაისვათ ქოლდკრემი.
მაღალი ტემპერატურის დროს ცხიმოვანი ჯირკვლები, როგორც უკვე ვთქვით, უფრო აქტიურად მუშაობენ, ამიტომ ოთახი, სადაც მეტ დროს ატარებთ, ხშირად ანიავეთ და ეცადეთ, ტემპერატურა იქ 22-24 გრადუსს არ აღემატებოდეს.
ყოველდღიური მაკიაჟი
– როგორ შევარჩიოთ დეკორატიული კოსმეტიკა?
– ცხიმოვანი ბზინვარებისა და გამონაყარის დაფარვას ქალები დეკორატიული კოსმეტიკით ცდილობენ. ყოველდღიურმა მაკიაჟმა სიკეთის ნაცვლად ზიანი რომ არ მიაყენოს კანს, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:
* შეარჩიეთ გლუვი ეფექტის, უზეთო ფუძე. ის საუკეთესოდ ფარავს წვრილ ნაოჭებს და გამონაყარს და ტონალურს თანაბრად ანაწილებს კანზე, უზრუნველყოფს მაკიაჟის მდგრადობას მთელი დღის განმავლობაში.
გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი ტონალური კრემი, რომლის შეფუთვაზე მითითებულია: "ცხიმიანი კანისთვის". ასეთი ტონალური არაკომედოგენურია, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და, ამასთანავე, აქრობს ცხიმოვან ბზინვარებას.
სახის პრიალის დასამალავად საუკეთესო საშუალებაა ფხვიერი პუდრი.
ტუჩსაცხსაც, უმჯობესია, გლუვი ეფექტი ჰქონდეს.
რაც მთავარია, ძილის წინ არ დაიზაროთ მაკიაჟის მოშორება – უჯრედების განახლების პროცესი შეუფერხებლად რომ მიმდინარეობდეს, კანმა ღამით კარგად უნდა ისუნთქოს.
როდის მივმართოთ ექიმს
– ცხიმიანი კანი რეგულარულ მოვლას მოითხოვს. ვთანხმდებით იმაზეც, რომ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური ნაწარმი უნდა გამოვიყენოთ. არასაკმარისი და არასწორი მოვლის ყველაზე უარესი შედეგია უსუფთაო კანი (შავი და თეთრი კომედონები, ჩირქოვანი კვანძები სახეზე), რაც შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს. თუ აკნე მოვლას არ დაემოჩილა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ის შესაძლოა კუჭ–ნაწლავის რომელიმე დაავადებით, საკვერცხის პოლიკისტოზით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით იყოს გამოწვეული.
არასწორმა მოვლამ შესაძლოა სებორეული ეგზემაც გამოიწვიოს. ჭარბი ცხიმი კარგი ნიადაგია სოკოს გასამრავლებლად. თუ კანზე წითელი ლაქები გაგიჩნდათ და გექავებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ნიღბები
ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულიი კოსმეტიკური საშუალებები საუკეთესოა კანის მოსავლელად. დაკვირვებით გაეცანით მათ შემადგენლობას. ერიდეთ ისეთ კოსმეტიკას, რომლის შემადგენლობაშიც შედის პარაბენები ("პარაბენზე" დაბოლოებული ნივთიერებები), კონსერვანტები და ემულგატორები (მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლი PEG) – მათი შემცველობა მინიმალური უნდა იყოს, მინერალური ზეთები – პარაფინები (მაგალითად, ვაზელინი პეტროლატუმი), ფტალატები ("ფტალატზე" დაბოლოებული ნივთიერებები), ხელოვნური არომატიზატორები. ისინი უფრო მეტად ახშობენ ისედაც ცხიმით გაპოხილ ფორებს, აღიზიანებენ კანს, რაც, თავის მხრივ, ინფიცირების და აკნეს ჩამოყალიბების საფრთხეს წარმოშობს.
არ არის აუცილებელი, ყოველთვის ძვირიანი ნაწარმი შეიძინოთ. კანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში ზოგიერთი ბუნებრივი ინგრედიენტიც დაგეხმარებათ.
ვაშლის ძმარს აქვს ანტიბაქტერიული თვისება და ხელს უწყობს კანის მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას. ჭიქაში ჩაასხით მეოთხედი ძმარი და დანარჩენი გამოხდილი წყალი. დაასველეთ ბამბა და სახე ნაზად გაიწმინდეთ. ზუსტად 10 წუთის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
კიტრი შეიცავს ანტიოქსიდანტებს – A და E ვიტამინებს, ასევე – კალიუმს, მაგნიუმს. ის აგრილებს კანს და ავიწროებს ფორებს. გაჭერით კიტრი და წაისვით სახეზე. შეგიძლიათ, კიტრის წვენი მთელი ღამით დაიტოვოთ კანზე და დილით ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი შეგიძლიათ ყოველ საღამოს გაიკეთოთ.
მაწონი პილინგივით მოქმედებს. მასში შემავალი რძემჟავა ამცირებს სახის ბზინვარებას, ისრუტავს კანიდან ზედმეტ ცხიმს. ერთი ჩაის კოვზი ნატურალური მაწონი სახეზე წაისვით და 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ყოველდღე გაიმეოროთ.
ლიმონი საუკეთესო საშუალებაა ცხიმიანი კანისთვის. მას აქვს ანტიბაქტერიული თვისება, ავიწროებს ფორებს, აბალანსებს მჟავიანობას და ჯანსაღ იერს ანიჭებს კანს, ამცირებს ლაქებსა და სიწითლეებს.
ლიმონის ნიღაბი სხვადასხვანაირად შეგიძლიათ დაამზადოთ:
. ერთ ჩაის კოვზ ახალგაწურულ ლიმონის წვენს მეოთხედი ჩაის კოვზი წყალი შეურიეთ და ამ ნარევით სახე გაიწმინდეთ. 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
. ერთმანეთში აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი რძე. წაისვით სახეზე. 10-15 წუთის მერე ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ეს კანს არბილებს, ამშვიდებს და აჯანსაღებს.
თაფლი ამცირებს ცხიმს, ასუფთავებს ფორებს, ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას. ანტისეპტიკური თვისების გამო მსუბუქ გამონაყარსაც უხდება. თხლად გადაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თავისუფლად შეგიძლიათ, ეს ნიღაბი დღეში ორჯერ გაიკეთოთ, ოღონდ ჯერ დარწმუნდით, რომ ალერგიული არ ხართ.
კანის მოვლა შიგნიდანაც შეიძლება.
არსებობს ჩაის სახეობები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ცხიმიან კანზე, აუმჯობესებს მის სტრუქტურას. განსაკუთრებით კარგია ბაბუაწვერას, ჭინჭრისა და არყის ფოთლების ნარევი. ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი, დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი და 5-6 წუთი გააჩერეთ. სვით დღეში 2-3 ჭიქა 4-5 კვირის განმავლობაში.
კვება
არ დაგავიწყდეთ, რომ კანისთვის მხოლოდ გარეგანი მოვლა არ არის საკმარისი. კანის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემა. როგორც ვიცით, მისმა დარღვევებმა შესაძლოა სახეზე გამონაყარი გამოიწვიოს. კუჭ-ნაწლავმა გამართულად რომ იმუშაოს, უპირველეს ყოვლისა, კვების რეჟიმი უნდა მოიწესრიგოთ. უმჯობესია, საკვები მცირე ულუფებით დღეში 4-5-ჯერ მიირთვათ. კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ბოსტნეულით, მარცვლეულით, ხილით, რძის ნაწარმით, მოხარშული ხორცით და თევზით.
კუჭ-ნაწლავი რომ არ გაიღიზიანოთ და კანიც სუფთა გქონდეთ, ერიდეთ ცხარე, მწარე, მჟავე, შებოლილ და დაკონსერვებულ საკვებს. რაციონიდან ამოიღეთ ან იშვიათად მიირთვით კეტჩუპი, საწებელი, შოკოლადი, ჩიფსები, გაზიანი და ალკოჰოლიანი სასმელები.
საზოგადოდ ორგანიზმისთვის და კერძოდ კანისთვის ძალიან სასარგებლოა წყალი. ის შიგნიდან ანოტივებს მას. გარდა ამისა, წყალი შეიცავს კანისთვის სასარგებლო მინერალებს. ეცადეთ, დღეში 2–2,5 ლიტრი სვათ.
უხვად მიირთვით ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, ბურღული – ეს ის პროდუქტია, რომელიც კანისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით არის მდიდარი.
შევაჯამოთ
. კანი სუფთად რომ შეინარჩუნოთ და გამონაყარისგან დაიცვათ, საკმარისია, პირი დღეში ორჯერ დაიბანოთ. ნაზად შეიზილეთ გელი სახეზე და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე რბილი პირსახოცის დადებით ფრთხილად შეიშრეთ. ხშირი დაბანა გამოაშრობს და გააღიზიანებს კანს.
. სახის გასაწმენდად კვირაში ორჯერ მექანიკური პილინგი ან გამწმენდი ნიღაბი გაიკეთეთ. თუ აკნეს მძიმე ფორმა გაქვთ, შინ პილინგის გაკეთებას მოერიდეთ.
. არ დაგავიწყდეთ კანის დატენიანება. დაინოტივეთ წყალზე დამზადებული დამატენიანებელი საშუალებით, რომელიც არ შეიცავს ცხიმებსა და ეთეროვან ზეთებს.
. ძალიან მნიშვნელოვანია კანის რეგულარული მოვლა და მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალებებისა და დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება.
. არ გახვიდეთ შინიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე.
. გამოიჩინეთ ნებისყოფა და თითებით არ შეეხოთ სახეს. არ აწვალოთ ფერიმჭამელები. მათი გაწმენდა სპეციალისტს მიანდეთ.
. ეცადეთ, დღე-ღამეში 7-8 საათზე ნაკლები არ იძინოთ, რათა დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული და ელასტიკური კანი.
. კანის ჯანმრთელი სტრუქტურა რომ შეინარჩუნოთ და გამონაყარმა არასოდეს შეგაწუხოთ, ეცადეთ, არ დაგერღვეთ კანის ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსი, ეს კი სწორი მოვლით, ჯანსაღი კვებით, საკმარისი რაოდენობის წყლის სმით, გამოძინებით, რეგულარური ვარჯიშით და სუფთა ჰაერზე სეირნობით მიიღწევა.
წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/