Plasmon
ცხვირიდან სისხლდენა

თარიღი: 05 ნოემბერი, 2020

რა უნდა ვიცოდეთ ცხვირიდან სისხლდენის შესახებ

- ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირის ნაზი სისხლძარღვების მცირე დაზიანების დროსაც კი.

- ჩვილებში ცხვირიდან სისხლდენა ძალზე იშვიათია.

- ცხვირიდან სისხლდენა შედარებით ხშირია 1-3 წლის და სასკოლო ასაკის ბავშვებში.

- ხშირ შემთხვევაში სისხლდენა უეცრად, ერთი ნესტოდან ვითარდება.

- ღამის განმავლობაში განვითარებული სისხლდენისას ბავშვმა შეიძლება გადაყლაპოს სისხლი და მოგვიანებით აღებინოს ან გამოყოს განავალთან ერთად. ამ უკანასკნელის დროს სისხლს მოშავო შეფერილობა ექნება.

- სისხლდენების უმრავლესობა ჩერდება თავისთავად რამდენიმე წუთის განმავლობაში.

- სისხლდენა იშვიათად წარმოადგენს სერიოზული დაავადების ნიშანს.

ცხვირიდან სისხლდენის ხშირი მიზეზები

- უცხო სხეული ცხვირის ღრუში

- თითით ცხვირის გაღიზიანება

- ცხვირის ტრავმა

- ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე

- ალერგიული რინიტი

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
- თუ ბავშვი არის ფერმკრთალი, ოფლიანი

- არ გეკონტაქტებათ

- ფიქრობთ, რომ დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი

- აღინიშნება სისხლდენა პირიდან ან ღებინება ყავის ნალექის მაგვარი მასებით

- ცხვირიდან სისხლდენა დაიწყო თავის ნებისმიერი ტიპის ტრავმის შემდეგ

სისხლდენის შეჩერება

- ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ გაანერვიულოთ ბავშვი. როგორც წესი  პრობლემა არ არის სერიოზული.

- დასვით ბავშვი და ოდნავ გადახარეთ წინ. არ დააწვინოთ ან გადააწევინოთ თავი უკან, რადგან შესაძლებელია ბავშვმა სისხლი გადაყლაპოს და მოგვიანებით აღებინოს, ხოლო გონების უეცარი დაკარგვის შემთხვევაში სისხლი გადასცდეს სასუნთქ გზებში.

- არ მოათავსოთ ცხვირის ღრუში ბამბა ან სხვა სახის მასალა სისხლდენის შესაჩერებლად.

- მოუჭირეთ თითები ცხვირის რბილ ქსოვილებზე სრული 10 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში არ მოადუნოთ ზეწოლა სისხლდენის შეწყვეტის შესამოწმებლად. სისხლდენა შეიძლება განახლდეს.

- თუ სისხლდენა არ გაჩერდება 10 წუთის შემდეგ გაიმეორეთ ზეწოლა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.