თარიღი: 12 ნოემბერი, 2014
ხშირად დასმული კითხვები ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ
1. რა არის ებოლას ვირუსი?
ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).
ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩნდა 1976 წელს წელს ორი ეპიდაფეთქების სახით კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში.
აღნიშნულ ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს.
2. როგორ ავადდება ადამიანი?
დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ეპიდაფეთების დროს შემთხვევების ძირითად ნაწილში დაავადება გავრცელდა ადამიანიდან ადამიანზე.
ადამინის დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად.
ჯანმო არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
გარდა ამისა, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს საზოგადოებაში, ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვისას. ამ დროს ვირუსის გადაცემა, ძირითადად, ხდება მგლოვიარე ადამიანის უშუალო შეხებით გარდაცვლილი პირის გვამთან
3. ვინ არიან ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
ეპიდაფეთქების დროს, მაღალი რისკის ქვეშ არიან:
სამედიცინო პერსონალი;
ოჯახის წევრები ან ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ადამიანთან;
ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაკრძალვის პროცესში გარდაცვლილის გვამთან
4. რა ნიშნები და სიმპტომებია დამახასიათებელი ინფექციისთვის?
დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: უეცარი ცხელება; ძლიერი სისუსტე; კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი; ამას მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და, ზოგ შემთხვევაში, შიდა და გარე სისხლდენა ერთდროულად.
ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.
თუ პირი იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ებოლას ვირუსის გავრცელების არედ ან ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან და მას შემდეგ დაეწყო დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას.
5. როგორ ხდება მკურნალობა?
მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.
ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.
6. რაც შეეხება აზრს, რომ ზოგიერთ საკვებს შეუძლია ინფექციის თავიდან აცილება ან მკურნალობა
ჯანმო დაჟინებით უწევს რეკომენდაციას, ადამიანებმა გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური წამალი ებოლას წინააღმდეგ, საუკეთესო გზა სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის მკაცრი კონტროლის პროცედურების დაცვით. ინფექციის კონტროლი შესაძლებელია რეკომენდირებული დამცავი ღონისძიებების მეშვეობით.
7. ეპიდემიის დროს, ოფიციალური მონაცემები დაავადებულებისა და გარდაცვლილების შესახებ შეიძლება იცვლებოდეს, რა არის ამის მიზეზი?
ებოლას ეპიდაფეთქების განმავლობაში დაზარალებული ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები აფასებენ დაინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვლილთა რაოდენობას. ციფრები შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად. ეს ციფრები მოიცავენ ებოლას საეჭვო და ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს.
შემთხვევების ტენდენციების ანალიზი და დამატებითი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განისაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები.
8. უსაფრთხოა თუ არა მოგზაურობა ეპიდემიის დროს? რჩევები მოგზაურთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურები ყოველთვის უნდა უფრთხილდებოდნენ ჯანმრთელობას, ინფექციის რისკი მათთვის ძალიან დაბალია, რადგან ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება დაავადებული ადამიანის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიური სითხეებით და გამონაყოფებით.
ჯანმოს რჩევები მგზავრობასთან დაკავშირებით
მგზავრებმა თავი უნდა აარიდონ დაავადებულ პირთან კონტაქტს;
სამედიცინო პერსონალი, რომელიც მგზავრობს ეპიდაფეთქების ტერიტორიებზე, ზუსტად უნდა მიჰყვნენ ჯანმოს მიერ გაცემულ ინფექციის კონტროლის რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს;
ადამიანები, ვინც იმ ადგილებში იმყოფება, სადაც დაფიქსირდა ებოლას ვირუსის გავრცელების შემთხვევები, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი დაავადების სიმპტომების და მათი გამოვლენისას სამედიცინო ყურადღების საჭიროების შესახებ;
თუ ეპიდაფეთქების ადგილიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადების იდენტური სიმპტომები, ექიმებმა დიაგნოზის დასმისას აუცილებლად უნდა განიხილონ ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადებაც.
დამატებიტი ინფორმაცია ებოლას ვირუსული დაავადების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჯანმოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე: