თარიღი: 22 აგვისტო, 2023
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ ენდოვასკულარული ქირურგიისა და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვახტანგ ყიფიანი - რომელმაც გულის პათოლოგიებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, ენდოვასკულარული მკურნალობის მეთოდზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაუზიარა.
ბატონო ვახტანგ, რას გულისხმობს ენდოვასკულარული მკურნალობის მეთოდი?
ენდოვასკულარული მკურნალობის მეთოდი უკვე 30 წელია, რაც დაინერგა. ის საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და დღეს იმდენად განვითარებული დარგია, რომ ფაქტობრივად, ყველა ორგანოს, მათ შორის, გულის და მკვებავი სისხლძარღვების მკურნალობაა შესაძლებელი თანამედროვე მეთოდებით და უახლესი ტექნოლოგიებით.
რას კვებავს კორონარული სისხლძარღვი, რა შეიძლება მოხდეს მისი დახშობის შემთხვევაში და რა კავშირი აქვს ამას იშემიურ პათოლოგიებთან?
მათ ქართულად გვირგვინოვან არტერიებს ეძახიან, რადგან გულს ადევს ზევიდან, როგორც გვირგვინი. ის კვებავს გულის კუნთს. ზუსტად ამ სისხლძარღვების დაზიანებით ვითარდება იშემიური დაავადება, ანუ დაავადება, რა დროსაც გულის კუნთს აკლია სისხლი იმისთვის, რომ მან ნორმალურად ფუნქციონირება მოახერხოს. სწორედ აღნიშნული მეთოდით არის შესაძლებელი სტენტირება, ბალონური ანგიოპლასტიკა, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა და ა.შ. ამიტომ ეს არის ძალიან ფართო სპექტრის, ახალი და მუდამ განვითარებადი დარგი.
სიტუაციიდან მთავარი გამოსავალი წერტილი კორონარულ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის აღდგენაა?
დიახ, ეს არის მთავარი, რადგან რაც უფრო მალე ხდება დახშული სისხლძარღვის სანათურის გახსნა, მით უფრო კარგია შედეგები და პაციენტი, ფაქტობრივად, შესაძლოა, რომ ინფარქტსაც გადარჩეს, ამიტომ ეს მეთოდი საკმაოდ განვითარებულია კორონარული სისხლძარღვების მკურნალობისას.
რამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს მიერ აღნიშნული დაზიანება, რამდენად არის ეს განპირობებული გენეტიკური ფაქტორით თუ ადამიანის ცხოვრების წესით და თქვენი პრაქტიკიდან, გაიდლაინებიდან გამომდინარე, რა ასაკის, კატეგორიის ადამიანებისთვის არის ყველაზე ხშირად დამახასიათებელი ეს პათოლოგია?
დავიწყოთ იმით, რომ ამ პათოლოგიისას მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ათეროსკლეროზია. ათეროსკლეროზი ეს არის დაავადება, რომელიც 21-ე საუკუნიდან ძალიან მზარდია და ჯანსაღი კვების არარსებობის გამო ვითარდება ათეროსკლეროზით გამოწვეული ფოლაქის განვითარება, სისხლძარღვის დახშობა, რომელიც განიცდის პროგრესირებას და საბოლოოდ სისხლძარღვის სანათურის დახშობას იწვევს. სწორედ ეს არის გულის იშემიური დაავადებისას მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მთავარი მიზეზი.
ამას როგორ გრძნობს პაციენტი, იძლევა თუ არა ის სიმპტომატიკას?
ამას აქვს განვითარება, ახასიათებს გარკვეული სტადიები და ბოლო სტადია მიოკარდიუმის ინფარქტია. ცუდი რაც არის, დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში ტკივილის სინდრომი, რაც სტაბილური სტენოკარდიისას არის დამახასიათებელი, ეს არ ხდება, ტკივილის არ განიცდის პაციენტი, თუმცა შეიძლება სახეზე იყოს სერიოზული დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ დიაბეტიც ათეროსკლეროზთან ერთად მზარდი დაავადებაა და ამ ორი დაავადების კომბინაციისას საკმაოდ მაღალია გულის დაავადებით სიკვდილიანობის რისკი.
დღესდღეობით ბოხუას და სხვა მოწინავე ცენტრში განვითარდა კატე კორონაროგრაფია, დიაგნოსტირების ახალი მეთოდი. აღნიშნული გამოკვლევა არაინვაზიურად ტარდება 1 საათის განმავლობაში და მას არ სჭირდება არანაირი კათეტერის იმპლანტაცია, ვენური კათეტერის გარდა. ამ დროს ხდება დაავადების ადრეული, დროული დიაგნოსტირება და პაციენტი იღებს ადეკვატურ მკურნალობას, ამიტომ კარდიოლოგიაში ამ მხრივ ძალიან დიდია პროგრესირება.
როგორ ტარდება სტენტირება, რამდენად მტკივნეულია ეს პროცესი და როდის ხდება აუცილებელი მისი ჩატარება?
სტენტირება და კორონაროგრაფია ეს არის მეთოდები, რომლებიც უკვე ათწლეულებია დანერგილია მსოფლიოში. ეს ტარდება კანგავლითი მეთოდით, უმეტეს შემთხვევაში ხელიდან ან ბარძაყის არტერიიდან. ამ დროს შედის სპეციალური მილაკები, კათეტერები, რომელთა საშუალებითაც ხდება დაზიანებული თუ დაუზიანებელი სისხლძარღვების ვიზუალიზაცია კონტრასტული ნივთიერებით. თუ იქ არის დაზიანება, ხდება ამ დაზიანების გახსნა და შიგნით სტენტის იმპლანტაცია, რაც დღეს კიდევ უფრო დაიხვეწა და მაღალტექნოლოგიური გახდა და განვითარდა. გულის ინფარქტი უახლოეს პერიოდში საჭიროებს პაციენტთან სისხლძარღვის გახსნას, რადგან ამის მიხედვით არის მისი გულის კუნთის დაზიანების ხარისხი, რადგან ეს რაც უფრო მალე ხდება, დაზიანება მით უფრო ნაკლებია.
შესაძლებელია თუ არა მწვავე ინფარქტის თავიდან აცილება და რა უახლესი მეთოდები გამოიყენება, ერთის მხრივ, მწვავე ინფარქტის პრევენციისთვის და მეორეს მხრივ, მის სამკურნალოდ?
მთავარი დაავადების დროული დიაგნოსტირებაა, ეს არის მამაკაცები 45 წლის ზევით, ქალბატონებში ეს ასაკი შეიძლება ოდნავ მეტი იყოს.
ეს არის მაღალი რისკი ოჯახური დატვირთვისა, გენეტიკურად გადადის მიდრეკილება. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კარდიოლოგი ფიქრობს, ნამდვილად არის თუ არა ეს დაზიანება გულის იშემიური დაავადებით. როდესაც ზედმეტი დიაგნოსტიკაა საჭირო, კატე კორონაროგრაფია ტარდება. მთავარი დროული დიაგნოსტირება და პრევენციაა. პრევენცია ნიშნავს ჯანსაღ ცხოვრების წესს, აქტიურ, სპორტულ ცხოვრებას, რაც ჩვენს რეალობაში ცოტა რთულია.
ფორუმებზე და სოციალურ ქსელში გულთან დაკავშირებით დასმულ ყველაზე ხშირ კითხვებს ვეძებდი და ყველაზე ხშირად წერდნენ აჩქარებულ გულზე, ასევე კითხულობდნენ, იძლევა თუ არა გული საერთოდ რაიმე სახის ტკივილს, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა გულზე ისე მოხდეს დაზიანება, რომ მან საერთოდ არანაირი ტკივილის შეგრძნება არ გამოიწვიოს. მესამე ყველაზე აქტუალური კითხვა ქალებს ეხებოდათ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოსაზრება, რომ ვიდრე ქალბატონებს მენსტრუალური ციკლი აქვთ, გულის პათოლოგიები ნაკლებად ვლინდება ხოლმე?
სწორედ ბრძანეთ, ქალებს ჰორმონალური სპექტრი იცავს გულის იშემიური დაავადებების განვითარებისგან, მაგრამ საინტერესოა, რომ შემდგომ ისინი რაოდენობით უსწრებენ მამაკაცებს, მით უმეტეს, თუ ამას თან ერთვის დიაბეტი. დიაბეტი, ასაკი, ქალბატონი ეს საკმაოდ დიდი რისკფაქტორია როგორც კარდიოქირურგიული ჩარევისთვის, ისე სტენტირებისთვის. მთავარია, რომ ჩვენ დაავადების დროული პრევენცია მოვახდინოთ.
აჩქარებული გულის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს გულის სისხლძარღვების, კორონარული არტერიების დაზიანებით გამოწვეული არითმია, მაგრამ გააჩნია ისევ ასაკს და გააჩნია სხვა ფაქტორებსაც. არითმოლოგი ეს არის სპეციალისტი, რომელიც აღნიშნულს მკურნალობს მედიკამენტური ან ენდოვასკულარული მეთოდით. შეიძლება ეს იყოს თავისი დაავადება და შეიძლება ეს იყოს გამოწვეული, იყოს შეჭიდული, გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული არითმია.
რაც შეეხება ტკივილს, გულის ტკივილი შეიძლება სულ სხვანაირად გამოვლინდებოდეს, მაგალითად, ყელის მიდამოში, მკერდის არა მარტო მარცხენა მხარეს, არამედ შესაძლოა სახის მიდამოში გადადიოდეს, ამიტომ სხვადასხვა გამოვლინება აქვს. კი, რა თქმა უნდა, არის კლასიკური ტკივილი, რომელიც მკერდზე მოჭერით ხასიათდება, მაგრამ არის სხვანაირი ინტერპრეტაციისაც, რა დროსაც თავად პაციენტმა შესაძლოა, რომ სხვა პრობლემაზე მიიტანოს ეჭვი.
სისხლში ქოლესტერინის მაღალ შემცველობას ადამიანები ძალიან ხშირად უკავშირებენ გულის დაავადებებს, ეს მითია თუ მართლა ასე მჭიდროდ არის შეჭიდული ერთმანეთთან ქოლესტერინი და შესაძლო გულის დაავადება?
რა თქმა უნდა, მაღალი ქოლესტერინი ეს ათეროსკლეროზის განვითარების მთავარი მიზეზია. არის ქოლესტერინის რამდენიმე გრადაცია და იზომება თუ რა თანაფარდობა აქვს მას ანალიზში. ალბათ, გაგიგიათ ლიპიდური ანალიზი და ზუსტად ამ ანალიზში ჩანს ეს პრობლემები და ზუსტად ეს არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
გულის გარდა სხვა ორგანოთა სისხლძარღვებზე თუ ხდება ენდოვასკულარული მკურნალობა და თუ მიმართავთ ხოლმე ამ ტიპის ჩარევებს?
რა თქმა უნდა, ჩვენს ცენტრში კორონარული ინტერვენციებიდან ნახევარი ეს არის პერიფერიული და აორტაზე ჩატარებული ჩარევები. ენდოვასკულარული ჩარევა ძალიან ხშირად ტარდება ჩვენს ცენტრში, ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ასევე, ხდება ფეხის მკვებავი სისხლძარღვების, ბარძაყის არტერიების სტენტირება, ანგიოპლასტიკა, ყველა მეთოდი. გარდა ამისა, ჩვენთან დანერგილია თანდაყოლილი დაავადების, არტერიო ვენური ხარიხის ემბოლიზაცია, პათოლოგიური სისხლძარღვის ჩაკეტვა, ანუ სპექტრი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით ბევრია დიაბეტური ტერფი, როდესაც განგრენა აქვს პაციენტს და ეს არის ზუსტად წვრილი სისხლძარღვების დახშობით გამოწვეული დაავადება, რა დროსაც ხდება განგრენა, რადგან თითებში, ტერფში სისხლის მიწოდება დარღვეული, შემცირებულია.
რა ქმნის გულთან დაკავშირებით ყველაზე ხშირ და სერიოზულ პრობლემებს, რასთან არის შეჭიდული მსგავსი დარღვევები, გენეტიკურ ფაქტორთან, ცხოვრების წესთან, ორგანულ დარღვევასთან, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც ამ ტიპის დარღვევა შეიძლება მოგვცეს და რა ტიპის პათოლოგიებზე მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
მთავარი მომართვიანობის მიზეზი ეს არის გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია.
მთავარი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც ჩვენთან პრობლემაა, რადგან არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმო. ასევე მინდა აღვნიშნო, ალკოჰოლის და ნიკოტინის მოხმარება. სამწუხაროდ, მწეველობა საქართველოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა თქმა უნდა, არის გენეტიკური ფაქტორიც, როცა ადამიანს აქვს მიდრეკილება და ამ დროს მთავარია პროფილაქტიკა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რადგან ზოგჯერ ისე შორს არის წასული პროცესი, რომ მკურნალობა საკმაოდ გართულებულია. მთავარია ხშირი შემოწმება და დაზიანების დროულად ნახვა.
ენდოვასკულარული მკურნალობის ჩატარების შემდეგ განსაკუთრებული ცხოვრების წესი სჭირდება პაციენტს თუ ის ისე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც მანამდე?
ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს რეჟიმი, ამის მერე მისი ცხოვრება უნდა შეიცვალოს, მან უნდა გადახედოს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მეტად ფრთხილი უნდა იყოს, უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და დალიოს ის წამლები, რაც მას დაუნიშნეს და ნაკლებად ჰქონდეს მავნე ჩვევები, ანუ ჭარბი ქოლესტერინის მოხმარება, ალკოჰოლი, ნიკოტინი და ა.შ. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასევე აუცილებელია ამბულატორიული მიმართვა, ასევე ყოველთვიური თუ არა ყოველწლიური შემოწმება მაინც.
წყარო: https://fortuna.ge