თარიღი: 06 მარტი, 2018
ფარიებრი ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეებზე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკო-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი თამარ მაკარიძე საუბრობს.
– ქალბატონო თამარ, სამწუხაროდ საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მხრივ. საინტერესოა, როგორია სტატისტიკური მონაცემები ზოგადად მსოფლიოში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში?
– მართალია, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაზიანების შესახებ ზუსტი მონაცემები არ გავქვს, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. მეტიც, კიბოს ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, თავ-კისრის არეში განვითრებულმა ავთვისებიანი სიმსივნის რაოდენობამ კი, 5-8%-ს მიაღწია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენს კლინიკაში წელიწადში დაახლოებით 1 500 ოპერაცია ტარდება სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებზე, რომელთაგან თითქმის 700 შემთხვევა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეა და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დიაგნოსტირებული ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობის 75% ისევ მარდალეიშვილის კლინიკაში ხორციელდება მართლაც შთამბეჭდავ სტატისტიკას მივიღებთ.
– თქვენი აზრით, რით აიხსნება ამგვარი მზარდი დინამიკა სწორედ ჩვენს ქვეყანაში?
– რადიაციული ფონის, გენეტიკური წინასწარგანწყობისა და მძიმე ეკოლოგიური პირობების გარდა, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ფარისებრი ჯირკვლის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების – კვანძოვანი ჩიყვის, ავტოიმუნური თირეოიდიტის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ადენომას, რომელიც ხშირად კიბოსწინარე დაავადებად განიხილება, ფუჭად გახანგრძლივებული, დაკონსერვებული თერაპიის ან დაგვიანებული ქირურგიული ჩარევის შედეგია. დიდი ხანია ონკოლოგიის დარგში ვარ და როგორც ქირურგიულ დაწესებულებაში მომუშავე ექიმი, ბოლო რგოლს წარმოვადგენ საოპერაციოდ მოსული პაციენტისთვის, ამიტომ რეტროსპექტული ანალიზის საშუალება მაქვს და შემიძლია მივადევნო თვალი დაავადებას საწყის ეტაპზე, მის განვითარებას ოპერაციის წინ და ოპერაციის შემდეგ მორფოლოგიური ვერიფიცირებით. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, არ შეიძლება კლინიცისტი ექიმი მხოლოდ გაიდლაინით, მზა სქემებით ხელმძღვანელობდეს და საკუთარი თავი ჩარჩოებით შეზღუდოს, რადგან ნებისმიერი პაციენტი ცალკეული ინდივიდია, ინდივიდუალურად მიმდინარეობს დაავადება და მიდგომაც განსაკუთრებული სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ სავალალო შედეგს მივიღებთ.
– თქვენი შეფასებით, რამდენად მოწესრიგებულია ქართველი პაციენტი, აკითხავს თუ არა ექიმს დროულად და რამდენად მნიშვნელოვანია თადარიგის წინასწარ დაჭერა სისტემატიური შემოწმების გავლით?
– რა თქმა უნდა, პაციენტების მომართვიანობის თვალსაზრისით ცოტას მოვიკოჭლებთ. ხშირად, პაციენტი მიმართვს ექიმს და პროფილაქტიკურ შემოწმებასაც გადის, მაგრამ თუ არ მოხდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური და სტრუქტურული მაჩვენებლების ზუსტი შეფასება, პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა, ამგვარ შემოწმებას აზრი არ აქვს. ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არაა დარღვეული, დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ამ შეთხვევაში პაციენტმა წელიწადში ორჯერ უნდა მიმართოს ექიმს საკონტროლო შემოწმებისთვის, რადგან მცირე ზომის კვანძებშიც კი ძალიან გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნური დაზიანება. მართალია, იგეგმება ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინგის პროგრამის განხორციელება, მაგრამ მის ამოქმედებამდე პაციენტმა დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს მონიტორინგი და 6 თვეში ერთხელ მაინც გაიაროს პროფილაქტიკური შემოწმება, ექიმი კი, ვალდებულია სწორი ინტერპრეტაცია მისცეს მიღებულ შედეგებს.
– თქვენი მონაცემებით, რამდენად ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ქალბატონებში და რა არის ამის მიზეზი?
– ავთვისებიანი პათოლოგიები განსაკუთრებით 25-50 წლის ქალბატონებშია გახშირებული, რაც უჯრედული და ჰორმონალური რეგულაციის რეაქციის დაქვეითებითაა განპირობებული.
– რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა ექიმი აუცილებლობის შემთხვევაშიც არ ნიშნავს ოპერაციას, ან პირიქით, მკურნალობას განსხვავებულ მეთოდს მიმართავს მაშინ, როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო?
– სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები. გამოსავალი კი, მხოლოდ ერთია – პაციენტის მდგომარეობა კომპეტენტურმა ექიმმა ანუ თავის-კისრის ონკოლოგმა უნდა შეაფასოს, რომელსაც გამოცდილებაც საკმარისი აქვს, პრაქტიკაც და ყოველთვის უშეცდომოდ დაადგენს რამდენად აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. რა თქმა უნდა კვლევაში ენდოკრინოლოგიც უნდა მონაწილეობდეს, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც ქირურგს ეკუთვნის. ჩვენს კლინიკაში წელიწადში 150 რეოპერაცია კეთდება, რაც ნათლად მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ასე რომ, პაციენტმა აუცილებლად კომპეტენტურ ექიმს უნდა მიმართოს, რათა სწორად იქნას გადაწყვეტილი მისი მკურნალობის საკითხი.
– რით დააიმედოთ იმ პაციენტებს სიმსივნური დაავადების დიაგნოზით?
– პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტური შეიძლება იყოს, მთავარია დროულად და სწორად ჩატარდეს მკურნალობა, ზუსტად განისაზღროს ოპერაციის მასშტაბი და მოხდეს მისი სწორი მართვა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ყოველ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მისი ასაკის, ზოგადი მდგომარეობის და რისკჯგუფის გათვალისწინებით.
წყარო: fortuna.ge