Plasmon
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია

თარიღი: 30 აგვისტო, 2022

ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს წნევა მომატებულია ფილტვის არტერიებში – სისხლძარღვებში, რომლებსაც სისხლი გულიდან ფილტვებისკენ მიაქვს. ის პირველადიც შეიძლება იყოს და სხვა დარღვევით გამოწვეულიც.

რა იწვევს
ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, ცნობილ მიზეზთა ჩამონათვალი კი მოიცავს სამედიცინო მდგომარეობებს, როდესაც ფილტვის არტერიები ზიანდება ან იბლოკება. ესენია:

• მარცხენა გულის დაავადებები – მარცხენა გულის უკმარისობა, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მაღალი არტერიული წნევით მთელ სხეულში ან გულის კორონარული დაავადებით;

• გულისა და სისხლძარღვების სხვა დაავადებები, მაგალითად, გულის თანდაყოლილი მანკები, აორტის სტენოზი, ფილტვის არტერიების თანდაყოლილი შევიწროება;

• ფილტვის დაავადებები – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი), ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ემფიზემა, ძილის აპნოე, ფილტვის სიმსივნე;

• სხვა სამედიცინო მდგომარეობები – ღვიძლის დაავადებები (ციროზი), ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ფილტვებში თრომბები, შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები (მაგალითად, სკლეროდერმია), თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, დიდი სიმაღლის ქრონიკული ზემოქმედება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, სარკოიდოზი.

ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დიაგნოზი, როგორც წესი, ისმება 30-დან 60 წლამდე, უფრო ხშირად – ქალებთან. მისი განვითარების ალბათობას ზრდის ნარკოტიკების მოხმარება, თამბაქოს წევა, ფილტვების აზბესტით დაბინძურება, ზოგიერთი პარაზიტული დაავადება (შისტოსომოზი, ექინოკოკოზი), კიბოს სამკურნალო, დეპრესიისა და შფოთვის საწინააღმდეგო, წონის დასაკლები ზოგიერთი მედიკამენტი.

ნიშნები
ფილტვის ჰიპერტენზიის ნიშნებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მშრალი ან სისხლიანი ხველა;
- დაღლილობა;
- ხმის ჩახლეჩა;
- თავის სიმსუბუქე, გულის წასვლა ან თავბრუხვევა;
- გულისრევა და ღებინება;
- ქოშინი, ჯერ – ფიზიკური დატვირთვისას, მერე კი, დაავადების გამწვავებისდა კვალად – მის გარეშეც;
- მუცლის და ფეხების შეშუპება სითხის დაგროვების გამო;
- სისუსტე;
- ხიხინი.

გართულებები
გულსა და ფილტვებში სისხლი ასე მოძრაობს: გულის მარჯვენა ნაწილში ჩაედინება მთელი სხეულიდან წამოსული ჟანგბადით ღარიბი სისხლი; აქედან ის ფილტვის არტერიებს ფილტვებში მიაქვს, რათა იქ ჟანგბადით გამდიდრდეს და შემდეგ დანარჩენი ორგანიზმი მოამარაგოს. როდესაც ფილტვების არტერიაში წნევა მომატებულია, ფილტვის არტერიები შევიწროებული ან დაბლოკილია, გულსაც მეტი ძალა ადგება ფილტვებში სისხლის გადასატუმბავად. შედეგად შესაძლოა გული და ფილტვები დაზიანდეს.

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია შესაძლოა გართულდეს გულის (განსაკუთრებით – მარჯვენა პარკუჭის) უკმარისობით, არითმიით, ფილტვის არტერიებში თრომბების წარმოქმნით, ანემიით, ფილტვებში სისხლდენით, ღვიძლის დაზიანებით, პერიკარდიული გამონაჟონით. მასვე უკავშირდება ორსულობის გართულებები.

როგორ აფასებენ
მდგომარეობის შესაფასებლად ექიმი ჩივილებს გამოჰკითხავს და გასინჯავს პაციენტს, შეუმოწმებს ღვიძლის ზომებს, მოუსმენს მის გულს, ფილტვებს, დააკვირდება, გადიდებული ხომ არ აქვს კისრის ვენები), შეშუპებული ხომ არ აქვს მუცელი და ფეხები, გაუზომავს არტერიულ წნევას, სისხლში ჟანგბადის შემცველობას.

შესაძლოა, საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი, გულის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენი, ექოკარდიოგრაფია, გულის მარჯვენა ნაწილის კათეტერიზაცია.

ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაისმება, თუ ფილტვის არტერიებში წნევა ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. გულის კათეტერიზაცით გაზომვისას ფილტვის არტერიებში ნორმალური წნევაა 11-20 მმ ვწყ. სვ. თუ მოსვენებისას მაჩვენებელი 25 მმ-ს ასცდა, ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზს სვამენ, ექოკარდიოგრაფიულად კი ამავე დიაგნოზის დასასმელად ფილტვის არტერიაში წნევა, სულ მცირე, 35-40 მმ უნდა იყოს.

ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ექოკარდიოგრამაზე ნანახი სხვა შესაბამისი ცვლილებების საფუძველზეც.

ფილტვის ფუნქციის შესაფასებლად ფილტვის ფუნქციური ტესტებიც ტარდება.

მკურნალობა
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია არ იკურნება, მკურნალობენ სიმპტომებს. მკურნალობის გეგმას ექიმი მისი გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით ადგენს (თუ ის ცნობილია). შესაძლოა, ურჩიოს პაციენტს ცხოვრების წესის შეცვლა, გამოუწეროს წამლები ან სხვაგვარი მკურნალობა, რომლის მიზანია სიმპტომების დამძიმების თავიდან აცილება, დატვირთვის უნარის მომატება, გულის ფუნქციის გაუმჯობესება და ცხოვრების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა.

ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს ჯანსაღ კვებას, განსაკუთრებით – მარილის შეზღუდვას, რამაც სხეულის სითხის კონტროლით შესაძლოა გააუმჯობესოს გულის მუშაობა, ასევე – ფიზიკურ დატვირთვას ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით.

წამლებიდან იყენებენ: ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლებს) თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, დიგოქსინს გულის რიტმის დასარეგულირებლად, ვაზოდილატატორებს სისხლძარღვების მოსადუნებლად და არტერიული წნევის შესამცირებლად.

შესაძლოა, საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება. ზოგჯერ ტარდება სეპტოსტომია: წინაგულთაშორის ძგიდეზე ედება პატარა ხვრელი, რაც მარჯვენა წინაგულში წნევას ამცირებს, – ფილტვის არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა, ფილტვის არტერიების ენდარტერექტომია, ოპერაცია არტერიებიდან თრომბების მოსაშორებლად და სხვა.

საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიშნება არტერიული წნევის დასარეგულირებელი წამლები, აღადგენენ გულის სარქველებს, მკურნალობენ ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას და სხვა.

თუ ფილტვის ჰიპერტენზია მკაფიოდაა გამოხატული ან მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა, ექიმმა ფილტვის ან გულ-ფილტვის გადანერგვის რეკომენდაცია გასცეს.

პრევენცია
გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმი გირჩევთ, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის ფიზიკურ დატვირთვას. შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოთ სიმაღლეს და ექიმთან ერთად განიხილოთ ფრენისა თუ მთიან რეგიონში მოგზაურობის ყველა გეგმა. კონსულტაცია უნდა გაიაროთ, თუ ორსულობას გეგმავთ. უნდა უმკურნალოთ ფქოდს, გულის დაავადებებს, ძილის აპნოეს, გაიკეთოთ რეკომენდებული ვაქცინები – პნევმოკოკის, გრიპის და სხვა.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"