თარიღი: 06 ივლისი, 2018
„სეუ-კლინიკისა“და „მზიური მედის“ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტებს. ამჯერად ცნობილი პედიატრი ისეთ აქტუალურ თემაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა გაძლიერებული ოფლიანობა ბავშვებში. რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი, სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის და როდის უნდა მივმართოთ ექიმს.
ინგა მამუჩიშვილის პოსტს „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო ძვირფასო დედიკოებო, თქვენ ხშირად გაღელვებთ თქვენი პატარას ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკითხი… მინდა იცოდეთ, რომ საოფლე ჯირკვლების უმრავლესობა დაბადებიდანვე უკვე სრულყოფილია, მაგრამ მათი ფუნქცია 3-4 თვემდე არ ვლინდება, რაც ძირითადად საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინარების განუვითარებულობითაა განპირობებული. ამ სადინარების განვითარება 3-4 თვის ასაკიდან იწყება და 7 წლის ასაკისთვის უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, პირველად 3-5 თვის ასაკში ეს სადინარები თავის და შუბლის არეში ყალიბდება, ამიტომ ამ ასკში ეწყებათ ხოლმე თავის გაოფლიანება…
მე მინდა ის ძირითადი მიზეზები ჩამოგიყალიბოთ, რამაც ბავშვის ოფლიანობის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს:
არაადეკვატური, სეზონისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა( მას ისევე უნდა ეცვას სეზონზე 3 თვიდან, როგორც თქვენ იცვამთ, ანუ იგივენაირად აღიქვამს ტემპერატურას), არ ჭირდება შალის წინდები და ქუდი, საწოლის თეთრეული უნდა იყოს ბუნებრივი, ბამბა, ან სხვა ნატურალური მასალა, ტემპერატურული რეჟიმი ოთახში, არ აღემატებოდეს 20 გრადუსს, ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღების ოდენობას, აძლევთ თუ არა 2 წლამდე ასაკამდე ბავშვს D ვიტამინს, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, როგორია ამ მხრივ თქვენი გენეტიკური პასპორტი, ემოციური ან იქნებ ჰიპერაქტიურია თქვენი შვილი (ცელქი, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე,რთულად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, უჭირს დამახსოვრება, ძალიან ბევრ კითხვას სვამს დღის განმავლობაში, კაპრიზობს, უმიზეზოდ ტირის, ემოციური, მბორგავი ძილი აქვს) ჰიპერჰიდროზი ახასიათებს ტემპერატურის მატებასაც და ჰიპოთერმიასაც (დაბალ ტემპერატურას) ჭამის დროს განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავენ ბვშვები (განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას) და სულ სველდებიან, ასევე თამაშის, განსაკუთრებით კომპიუტერთან ურთიერთობის დროს… ეს ყველაფერი ბუნებრივია, განსაკუთრებით ზაფხულში, მაგრამ, თუ შეამჩნიეთ ზოგადი სისუსტე, აღენიშნა თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, ხშირი შარდვა ან პირიქით, დამახასიათებელი ოფლის სუნი(მჟავე ან სპეციფიური)ძილიანობა, გამონაყარი კანზე ან ოფლიანობასთან თანდართული სხვა საყურადღებო ნიშანი, გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, შეიძლება გამოკვლევები იყოს საჭირო, რასაც თქვენი ოჯახის ექიმი განგიმარტავთ“
წყარო: Fortuna.ge