Nuk
ღამით შემოპარული კრუპი

თარიღი: 18 სექტემბერი, 2018

ღამით შემოპარული კრუპი

 

კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველა ერთხელ თუ მოისმინეთ, ზუსტად ვიცი, არასოდეს დაგავიწყდებათ - ხველა ძაღლის ყეფას მოგაგონებთ.

კრუპის სინდრომს მეორენაირად მწვავე ობსტრქუციული ლარინგიტი ჰქვია და ნიშნავს ხორხის ანთებას, რასაც მისი ლორწოვანი გარსის შეშუპება მოსდევს. სწორედ შეშუპების გამო ვიწროვდება ხორხი და მასში ჰაერის ნაკადის გავლისას ისმის სპეციფიური ხველა და ხმაურიანი სუნთქვა

 

დამნაშავე ცნობილია!

პირველ რიგში, განვასხვავოთ ცრუ და ჭეშმარიტ კრუპი. 

ჭეშმარიტი კრუპის დიფტერიისათვის დამახასიათებელი ნიშანია, რასაც დიფტერიის გამომწვევი ჩხირი იწვევს და მდგომარეობის თანდთანობითი გაუარესებით მიმდინარეობს. სხვათაშორის, ამ მდგომარეობის ზუსტი აღწერა შეგიძლიათ მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილ მოთხრობაში, „თეთრ კუდღელში“ იხილოთ, ოღონდ გაცილებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ, ვიდრე სამედიცინო პროფესიულ ან თუნდაც პოპულარულ ლიტერატურაშია.

ცრუ კრუპი ხორხის ვირუსული დაზიანების დროს ვლინდება და ჭეშმარიტი კრუპისაგან განსხვავებით, მწვავედ, უსწრაფესად იწყება. მას ვირუსები იწვევს. 

უხშირესად დამნაშავე პარაგრიპის ვირუსებია, კრუპის გამოწვევა შეუძლია გრიპის, ადენოვირუსებს, წითელას ვირუსსაც.

დაავადება ძირითადად 2 თვიდან 5 წლამდე ასაკის პატარებში გვხვდება. 5 წლის შემდეგ ეს დაავადება იშვიათია. მიზეზი მარტივია - ადრეულ ასაკში დაავადების სიხშირეს საფუძვლად ბავშვის სასუნთქი და იმუნური სისტემის ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს.

 

როგორ გამოვიცნოთ კრუპი?

დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი:

ხმის ტემბრის შეცვლა

მყეფავი ხველა, 

სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა

 

დებიუტი უხშირესად ერთიდაიგივეა - პატარას ღამით მშვიდობიანად გაისტუმრებთ დასაძინებლად და უეცრად გამთენიისას მას მყეფავი ხველით, სუნთქვის გაძნელებით ეღვიძება. 

მდგომარეობა იმდენად შემაძრწუნებელი სანახავია, რომ უნებრურად შიში გიპყრობთ.

მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ის ნახველის წარმოქნით და მდგომარეობის გაუმჯობესებით სრულდება.

დაავადება შესაძლებელია მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს. მძიმე მიმდინარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან შესაძლებელია ხორხის სრული დახშობა მოჰყვეს ძლიერი შეშუპების ხარჯზე.

 

რა ვქნათ?

✅ პირველ რიგში, უმთავრესი - არ დაიბნეთ!

✅ დაამშვიდეთ პატარა. ჭირვეულობა, ტირილი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.

✅ მოახვიეთ საბანი და პატარა აივანზე გაიყვანეთ. ცივი ჰაერის ზეგავლენით სპაზმური კომპონენტი მოიხსნება და მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესდება.

✅ მიეცით თბილი სითხეები

✅ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა

✅ კრუპის მკურნალობა სტეროიდულ ჰორმონის მიღებას გულისხმობს. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ გადაყლაპული, კუნთში შეყვანილი და ინჰალაციით მიღებული ჰორმონის ეფექტურობა ექვივალენტურია. ამიტომ თუ ინჰალატორი გაქვთ, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ბუდესონიდის ინჰალაცია. ეს მედიკამენტი აფთიაქებში რამდენიმე სავაჭრო დასახელებით იყიდება და შერჩევაც იქვე შეგიძლიათ. ⚡️დარწმუნებული ვარ, იმ მშობლებს, ვის პატარასაც კრუპის სინდრომი ერთხელ მაინც დამართია, ინჰლატორიც და საჭირო მედიკამენტიც შინ აქვთ.

❗️ექიმის მეთვალყურეობით საშუალო და მძიმე კრუპის დროს ეპინეფრინის ინჰალაციაც ჩატარდება, რაც მდგომარეობას სწრაფად გააუმჯობესებს.

✅დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შემდგომი მართვის რეკომენდაციებს პედიატრები მოგცემენ.

 

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე