Nuk
გარდატეხის ასაკის თავისებურებები

თარიღი: 03 აპრილი, 2023

„გარდატეხის ასაკი  – ეს არის საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი იდენტობის გამოკვეთა.

ამ დროს მიაჩნიათ, რომ ბავშვები უკვე აღარ არიან…  გარდატეხის ასაკში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება _  ჰორმონალური, ბიოლოგიური, ვიზუალური მხარეც იცვლება. ახალ რეალობასთან, ახალ გარეგნობასთან შეგუების პროცესი კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, იწყება თვითგამორკვევა _ ვინ ვარ მე. მშობლებთან დაკავშირებით იზრდება კონფლიქტები, მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას. თუ აქამდე მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, თუ აქამდე ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორ აფასებდა მას მშობელი, ახლა ეს ყველაფერი ძალას კარგავს, მშობლის ადგილს კი მოზარდის თანატოლი იკავებს.

იდენტობა იკვეთება ყველაფერში – ვარცხნილობაში, მეტყველებაში, დამოკიდებულებეში… მოზარდი იწყებს მისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. სად გრძნობს ის თავს კომფორტულად? სადაც ის მოსწონთ, აღიარებენ, სადაც მისი ესმით. ამ დროს იწყება მშობლების მიერ „თავსმოხვეული“ ღრებულებების ნგრევა, ამით მოზარდი „სჯის“ მშობელს.

შესაძლოა ბავშვი აცნობიერებს კიდეც, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ის რისკზე მიდის. ყველაზე მეტად ეს პროცესი მოსწონს _ როგორ გამოუვა, როგორ შეძლებს, ყველაფერი დაანგრიოს, ყველას და ყველაფერს შეეწინააღმდეგოს. ცხადია, ეს სოციალიზაციის პროცესი, მარტო აქ, გარდატეხის პერიოდში არ მთავრდება, ის ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ოღონდ შედარებით უფრო სტაბილურად. “

,,მშობელს ხშირად ავიწყდება შვილობის პერიოდი. ავიწყდება, როგორი ბავშვობა ჰქონდა თავად, რა სირთულეები გამოიარა და  რა ღრებულებათა სისტემაა ახლა და რამდენად განსხვავდება ის შენი ბავშვობისდროინდელი ღირებულებებისაგან.  თეორიულად ამგვარი საკითხების განხილვა ძალიან მარტივია, მაგრამ როცა საქმე უკვე ემოციურ მიჯაჭვულობას ეხება (მშობელი _ შვილის მიმართ), იქ თავს იჩენს საფრთხის შიში, მუდმივი შფოთვა ბავშვის მდგომარეობაზე, მის გარემოზე, ქცევებზე. დედა ძალიან რთულად „უშვებს ხელს“ შვილს. ეს ჭიპლარის მეორედ გადაჭრას გავს.  ასეთი გადაჭარბებული ზრუნვა კი ხშირად მოზარდებში უკუკავშირს იწვევს _ ღიზიანდებიან, განიზიდავენ მშობელს. საქართველოში არის ეს ტენდენცია _ მშობლები (უფრო დედები) საკუთარ ცხოვრებას მთლიანად, თავგანწირვით უძღვნიან შვილებს, ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრება აღარც აქვთ, მათი ყველა ინტერესი და მოთხოვნილება მიმართულია შვილის ცხოვრებაზე. ეს კი ბავშვისთვის ხშირად მომაბეზრებელი ხდება.

მთავარია, როგორ აჩვევ დამოუკიდებლობას. ასწავლე ფიქრი _ ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მშობელმა შვილს მისცეს.  ვერ მართავ მას მთელი ცხოვრება, ვერ იქნები მისი შეცდომების, წარმატებების თუ წარუმატებლობების არბიტრი, უნდა აცალო, თვითონაც იცხოვროს, ცხვირიც წაიმტვრიოს და თვითონვე წამოდგეს.

ამასთანავე, მშობელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა რესურსის მატარებელია მისი შვილი. თუკი ამა თუ იმ პრობლემის მარტო მოგვარება ბავშვს არ შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობელი უნდა ჩაერთოს. ოღონდ, მაქსიმალურად კორექტულად და სწორად“.

წყარო: https://azrakibooks.ge