Plasmon
მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი

თარიღი: 22 მარტი, 2024

სტატიის ავტორი - ოფთალმოლოგი ნანა ცერცვაძე

მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი არის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადება, რომელსაც ახასიათებს უეცარი დასაწყისი, კონიუნქტივალური ჰემორაგია, ქუთუთოს შეშუპება, ტკივილი და ცრემლდენა. ინფექცია გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე დაფიქსირებულია ეპიდემიის და პანდემიის რამდენიმე შემთხვევა. მიუხედავად ფართოდ გავრცელებისა, დაავადება კეთილსაიმედოა, მხედველობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის ნარჩენი მოვლენების გარეშე. მკურნალობის პრინციპი დამოკიდებულია დაავადების სიმპტომურ გამოვლინებაზე.

დაავადება პირველად ეპიდემიის სახით დაფიქსირდა აფრიკაში(განას დედაქალაქ აკრაში) 1969 წელს. მას ეწოდა „ეპიდემიური ჰემორაგიული კონიუნქტივიტი“, თუმცა ადგილობრივებმა „დაავადება აპოლო 11“ შეარქვეს, ვინაიდან დაავადების აფეთქება დაემთხვა აპოლო 11–ის მთვარეზე დაჯდომას. 3 წლის შემდეგ იგივე დაავადება დაფიქსირდა იაპონიაში, სადაც ოფთალმოლოგებმა მას უწოდეს „ მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი“. 1971 წელს კონიუნქტივადან მოხდა დაავადების გამომწვევი პიკონავირუსის იდენტიფიცირება, რომელიც დღესდღეობით კლასიფიცირდება როგორც ენტეროვირუსი 70.

ენტეროვირუსი ხასიათდება მაღალი გადამდებლობით, ამიტომ დაავადება ადვილად ვრცელდება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც ჰიგიენური პირობების ნაკლებობაა. უფრო გავრცელებულია ტროპიკულ ქვეყნებში. აფეთქებას ახასიათებს სეზონურობა, ემთხვევა წვიმიან პერიოდს. სხვადასხვა დროს ეპიდემიები დაფიქსირდა ეგვიპტეში, ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში, ტაილანდში, იაპონიაში, ინგლისში, ევროპასა და ამერიკაში. 2006 წელს 200,000 ადამიანი დაავადდა ბრაზილიაში. ინფიცირება ხდება პირდაპირი კონტაქტით თვალის ან რესპირატორულ სეკრეტთან, ასევე არაპირდაპირი გზით, ვირუსით დაბინძურებული ნივთების, საკვების ან წყლის მოხმარებით.

გამომწვევი მიზეზები
მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი უმეტესად  გამომწვეულია შემდეგი ვირუსებით:

- ენტეროვირუსი D70
- კოკსაკვირუსი A24
- ადენოვირუსი 11

გარდა ენტეროვირუსებისა, ჰემორაგიული კონიუნქტივიტის გამომწვევი შეიძლება იყოს პნევმოკოკი, ქლამიდია, ნეისერია, ჰემოფილუსი და პერპესვირუსები.

დაავდების სიმპტომები
სიმპტომები გამოვლინდება მოულოდნელად.  შემთხვევათა 90%–ში აღინიშნება მკვეთრად წითელი თვალი ბულბარულ კონიუნქტივაზე ჰემორაგიის გამო. სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს პეტექიური ან მოიცავდეს მთელ ლორწოვანს.

- წითელი თვალი, კონიუნქტივალური ჰემორაგია
- თვალის ტკივილი, უცხო სხეულის ან ჩხვლეტისმაგვარი შეგრძნება
- ცრემლდენა
- ქუთუთოს შეშუპება
- კონიუნქტივის შეშუპება(ქემოზი)
- ფოტოფობია
- ზომიერი ფოლიკულური რეაქცია(ხშირია)
- ზომიერი წერტილოვანი ეპითელიალური კერატიტი (ხშირია)
- ზომიერი ირიტი

ზოგადი სიმპტომებიდან შეიძლება აღინიშნოს:
- სისუსტე
- ცხელება (20 % შემთხვევაში)
- ხშირია ყურისწინა ლიმფადენოპათია
- ზომიერად გამოხატული თავის ტკივილი (20 % შემთხვევაში)
- რინიტი, ფარინგიტი
ძალიან იშვიათია ნევროლოგიური სიმპტომები.
კონიუნქტივიტიდან  2–60 დღეში გამოვლინდება მსუბუქი სისუსტე, ასიმეტრიული პარალიზი, არეფლექსია. კრანიალური ნერვების დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ექსტრაოკულარული კუნთების დამბლა. 10,000 ინფიცირებულიდან ერთში  დაფიქსირებულია რადიკულომიელიტის მსგავსი სურათი, რომლის კუპირებასაც ჭირდება რამდენიმე თვე.

ვინ არიან რისკის ჯგუფში?
მწვავე ვირუსული კონიუნქტივიტი ხშირია მჭიდროდ დასახლებულ, დაბალჰიგიენურ  ადგილებში. მარტივად ვრცელდება საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სადაც ხდება საზიარო ნივთების ზედაპირებთან შეხება: სკოლა, სპორტული დარბაზი, საუნა, აბანო. ვირუსს ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა, გადაეცემა ხელიდან–ხელში გზით, თვალის ან რესპირატორულ სეკრეტთან უშუალო შეხებით ან ფომიტიდან(პათოგენური ნაწილაკებით დაბინძურებული ნებისმიერი ზედაპირი)–ხელში. ინკუბაციური პერიოდი აქვს 1–2 დღე. სიმპტომების ალაგება იწყება 2–4 დღეში და გრძელდება 1–2 კვირა.

დიაგნოსტიკა
დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ოფთალმოლოგთან დროული ვიზიტი უზრუნველყოფს სწორ მკურნალობას და ინფექციის გავრცელების პრევენციას. ვირუსული კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია: სიწითლე, შეშუპება და ცრემლიანი გამონადენი. თანდართული ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი შედარებით სქელია. გამომწვევი ვირუსის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის ხდება კონიუნქტივალური ნაცხის ანალიზი უჯრედში კულტივირებით. თუმცა ეს მეთოდი დღესდღეობით ითვლება არასენსიტიურად, ამიტომ დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ სეროლოგიურ გამოკვლეევას ან PCR მეთოდს. IgM ანტისხეულების ტიტრი შემცირებას იწყებს დაავადების გამოვლენიდან მე–5 კვირაში, IgG –ს გაზომვა შეიძლება სისხლის შრატში, ცრემლში და ცერებროსპინალურ სითხეში. IgG ნარჩუნდება წლების მანძილზე. 1984 წელს იაპონიაში მომხდარი ეპიდემიის დროს შეისწავლეს ენტეროვირუსის ანტისხეულების ტიტრის ცვლილება. გამოვლინდა რომ პირველი 2 წლის მანძილზე IgG მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მე–7 წელს პოპულაციის 92 %–ში ანტისხეულების დონე იმდენად დაბალია რომ შესაძლებელია რეინფიცირება.

მკურნალობა
მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტის უმეტეს შემთხვევებს მკურნალობა არ ჭირდება. დაავადება თავისით გაივლის ერთ კვირაში. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად გამოიყენება ცივი კომპრესები, თვალის დამატენიანებელი წვეთები, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები(იბუპროფენი), თანდართული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკის შემცველი წვეთები.

პრევენცია
ვირუსი შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების ალაგების შემდეგაც, ამიტომ საჭიროა პაციენტის ინფორმირებულობა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

- ხელების რეგულარული დაბანვა საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში
- არ შეიძლება დაუბანელი ხელით თვალის ქავილი ან თვალთან შეხება.
- არ უნდა მოხდეს საზიარო ნივთების გამოყენება თუ ვინმეს აქვს ინფექცია: სათვალე, პირსახოცი, მაკიაჟის ნივთები,  ტელეფონი, კომპიუტერის კლავიატურა, სპორტული დარბაზის ინვენტარი და სხვა.
- გადააგდეთ ტუში ან ლაინერი, რომელიც არის დაბინძურებული.
- თავი აარიდეთ საცურაო აუზებს, ცხელ აბაზანებს და საუნებს, სადაც ინფექციის ნაწილეკები ადვილად ვრცელდება.
- ხშირად გაწმინდეთ სათვალე.
- არ ატაროთ კონტაქტური ლინზები ინფექციის დროს.
- არ გამოიყენოთ დაბინძურებული ლინზა.
- მას შემდეგ რაც ინფექცია გაქრება უნდა გაირეცხოს საწოლის თეთრეული, რომელთანაც შეხება გქონდათ დაავადების დროს.

მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი უმეტესად თვითგანკურნებადი დაავადებაა, თუმცა აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია თუ აღინიშნება ცხელება და ტკივილი, რომელიც ხელისშემშლელია ყოველდღიურ საქმიანობაში.