Plasmon
იქ, სადაც დედა ბედნიერია, ბავშვიც ბედნიერი და ჯანმრთელია

თარიღი: 05 მაისი, 2020

როგორ უნდა შეფასდეს ბავშვის განვითარება ადრეული ასაკიდან, რას უნდა აკეთებდეს ჩვილი 6 თვემდე, რა ტიპის სიმპტომებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება წლამდე ასაკის ბავშვებში, რა დროს უნდა მივმართოთ ნევროლოგს. როდის უნდა წარმოთქვას ბავშვმა პირველი ბგერები და როდის უნდა წარმოთქვას პირველი სიტყვა. რამდენად მიუთითებს საირულის გვიან დაწყება ბავშვის ნევროლოგიურ პრობლემებზე და როდის უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს. ამ თემებზე პედიატრიული ,,პრივატ კლინიკის” ექიმმა-ნევროლოგმა, ნატალია მუჩაიძემ იუსაბრა.

-ვისაუბროთ ექვს თვემდე ასაკის ბავშვის განვითარების ეტაპებზე. როგორ უნდა შეფასდეს ბავშვის განვითარება ადრეული ასაკიდან, რა „მოეთხოვება“ 6 თვემდე ასაკის ბავშვს იმისათვის, რომ ექიმმა მისი განვითარება ნორმალურად ჩათვალოს, რისი გაკეთება უნდა შეეზლოს ამ პერიოდში ბავშვს?

ნატალია მუჩაიძე: მადლობა საინტერესო კითხვისათვის. მომართვიანობსი თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. პირველი, რასაც უნდა მიექცეს ყურდღება 0-6 თვის ასაკში, ეს არის რამდენად კარგად ახერხებს ბავშვი ძუძუს წოვას და საჭმლის ყლაპვას. წოვასთან დაკავშირებული პრობლემა შესაძლოა მომავალში ბევრი სხვა პრობლემის მიზეზი გახდეს, ასე რომ ბავშვს დაბადებიდანვე უნდა დავაკვირდეთ და თუ 5-6 დღის ასაკის ბავშვი ვერ ახერხებს კარგად ძუძუს წოვას, უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც ბავშვს გასინჯავს და დაადგენს, არის თუ არა საჭირო რაიმე სახის ჩარევა.

ერთ თვემდე ასაკში მნიშვნელოვანია ასევე დავაკვირდეთ ბავშვის ძილის რეჟიმს, განსაკუთრებით გაღვიძებას და მის მიზეზებს. ერთ თვემდე ასაკის ბავშვი ძირითადად იღვიძებს მხოლოდ იმიტომ, რომ შია, ან რაიმე აწუხებს. ეს შეძილება იყოს უბრალოდ სველი საფენი, ან ბავშვებში გავრცელებული მეტეორიზმი ანუ მუცლის კოლიკა, რომელიც დაახლოებით 4 თვის ასაკამდე გრძელდება.

უნდა დავაკვირდეთ გაღვიძების შემდგომ ბავშვის მზერა ფოკუსირდება თუ არა დედის სახეზე, აკვირდება თუ არა, არჩევს თუ არა ის დედის შემოსვლას ოთახში და განასხვავებს თუ არა მას ოჯახის სხვა წევრებისგან, იმიტომ, რომ დედის მიმართ ბავშვს ყოველთვის სხვა ემოცია და მიჯაჭვულობა აქვს. დაბადების პირველივე დღეებიდან ბავშვები გრძნობენ დედის ყოფნას ოთახში და მის გასვლას ოთახიდან. ბავშვი არ უნდა იყოს ინდიფერენტული, ის უნდა ავლენდეს ემოციას. მნიშვნელოვანია ისიც, ხელში წამოწევისას ცდილობს თუ არა ბავშვი თავის ფიქსაციას. ნორმის ფარგლებში ბავშვს ეს უკვე შეუძლია ერთ თვემდე ასაკში. შეუძლაი თუ არა მას „თავის დაჭერა“.

ერთ თვემდე ასაკის ბავშვი უნდა იყოს სიმეტრიული. ის თანაბრად უნდა ამოძრავებდეს ხელ-ფეხს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს. მთავარია ეს ყველაფერი იყოს სიმეტრიული. არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე მხარეს ნაკლებად განვითარებული მოტორული ელემენტები ახასიათებს. ბავშვის მოძრაობა უნდა იყოს თანაბარი და ყველა კიდური თანაბრად უნდა იყოს ამაში ჩართული. იქნება ეს ქაოტური მოძრაობები სიფხიზლის პერიოდში, ბანაობის დროს თუ ტირილი, ყველა კიდური თანაბრად უნდა იხრებოდეს, იშლებოდეს და მოძრაობდეს.

ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, ამოძრავებს თუ არა ბავშვი ქვედა კიდურებს, იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემების შემთხვევასი ქვედა კიდურების უმოძრაობა თავიდანვეა სახეზე.

როდესაც ბავშვს მუცელზე ვაწვენთ, ეს მისთვის მეტ-ნაკლებად დისკომფორტია, ამიტომ ის თავს, ცხვირს და პირს უნდა აბრუნებდეს მარცხნივ ან მარჯვნივ და უნდა აძლევდეს საკუთარ თავს სუნთქვის საშუალებას. თუ ბავშვი არ ასრულებს ამ მოძრაობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აუცილებლად დააკვირდით ბავშვს ტანსაცმლის გარეშე, თუნდაც ბანაობის მერე მუცელზე წოლისას, დააკვირდით ხომ სწორია ხერხემალი, ხომ სწორი განლაგება და სიმეტრია აქვთ ბეჭის ძვლებს, დუნდულებს, ბარძაყებზე ნაოჭებს. სომ სიმეტრიულია ტერფები და ქუსლები, დავაკვირდეთ, ხომ არ არის სახეზე მკვეთრი ასიმეტრია.

დააკვირდით ბავშვის კისერს, ხომ არ არის რომელიმე მხარეს მოხრილი.

თუ შეამჩნევთ მკვეთრს ასიმეტრიას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება შემდგომი თვეების მიხედვით განვითარებას, გეტყვით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: თუ იმ ქმედებებს, რაზეც მე ვისაუბრებ, თქვენი პატარა ასრულებს, შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ, თუკი არ ასრულებს, აუცილებად მიმართეთ ექიმს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ სახეზე იქნება პრობლემა, არც ეს იქნება დაუძლეველი, მთავარია დროული დიაგნოსტირება. 

სხვა მნიშვნელოვანი აპექტებიდან აღსანიშნავია ბავშვის რეაქციები. მაგალითად, თუ ერთ თვემდე ასაკის ბავშვი წევს ზურგზე და ამ დროს მას ესმის რაიმე სახის ხმაური, იგი ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად უნდა შეკრთეს. ეს იმას ნიშნავს, რო მას ესმის ხმა, აქვს რეაქცია და ხელების ჯერ მომუშტვით, შემდეგ გაშლით „თავს იცავს“. ეს სავსებით ნორმალურია.

დააკვირდით ბავშვს, როდესაც იღლიებით აიყვანთ ხელში. რამდენად შეუძლია თავის ფიქსაცია და რამდენ ხანს. მას შემდეგ რაც მის თავს და სხეულს დავხრით, ბავშვს მაინც უნდა შეეზლოს რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა. თუკი შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი რომელიმე ჩამოთვლილ ქმედებას ვერ ასრულებს, მიმართეთ ექიმს.

2 თვის ასაკიდან, როდესაც ვაწვენთ მუცელზე, ბავშვმა თამამად უნდა აწიოს თავი. თავის აწევას ბეჭების აწევა უნდა მოყვეს და შეიძლება ზოგ ბავშვთან უკვე ამ ასაკში გაჩნდეს წინამხარზე დაყრდნობის ელემენტები. ძირითადად ეს ელემენტი 3 თვის ასაკში ვითარდება.

ბავშვს ამ ასაკში დედის ან ოჯახის სხვა წევრების დანახვაზე უნდა ჰქონდეს საპასუხო რეაქცია, იგი საპასუხოდ უნდა უღიმოდეს მათ, უნდა გაჩნდეს სოციალური ღიმილის ელემენტი. 4-6 კვირის ასაკში ჩნდება მეტყველების პირველი ელემენტები, ძირითადად ეს იწყება ხმოვნების წარმოთქმით, ბევრ ეროვნებაში ეს არის ა, რომელსაც ემატება რომელიმე თანხმოვანი, გალალითად გ ან ღ.

თუ ამ ასაკში ბავშვი აღნიშნულ ქმედებებს ასრულებს, ეს მიუთითებს მის ნორმალურ განვითარებაზე. 

3-4 თვის ასაკში ბავშვი უფრო იზრდება, იზრდება სოციალიზაციის ელემენტებიც და მისი ემოციებიც. ბავშვი უკეთესად აღიქვამს  გარემოს, თავის ოთახს, სახლს. ბავშვი უკვე უკეთესად არჩევს ოჯახის წევრებს, ცდილობს უპასუხოს მათ თავისი გრიმასით და ემოციების გამოხატვით, უფრო გამოხატულია დედასთან მიჯაჭვულობა.

4 თვის ასაკისთვის ბავშვი იწყებს გადაბრუნებას მუცლიდან ზურგზე, რადგან მას უკვე შეუძლია თავის დაჭერა და ხელების ხმარება. მისი კიდურების მოძრაობა ხდება უფრო აქტიური და ზოგადად, ბავშვი მეტად სოციალიზებულია, გამოხატავს ემოციებს.

ამ ასაკიდან შეგვიძლია ჩავრთოთ მეცადინეობის ელემენტებიც, ბავშვს ამ ასაკში უკვე შეუძლია ჭრელი საგნების დანახვა, უკვე შეუძლია მზერის ფიქსაცია დიდ, ჭრელ წიგნებზე, თუ ეს დაინტერესებს.უკვე შესაძლებელია ამ ასაკის ბავშვთან ნივთების სახელებით მოხსენიებაც,  მნიშვნელოვანია მასთან საუბარი.

6 თვის ასაკი ძალიან საინტერესო ასაკია, ამ ასაკის  ბავშვს უკვე ძალიან ბევრი რამ შეუძლია. ამ დროს მეტყველებაში უკვე შემოდის ტიტინის ელემენტები, ბავშვი იყენებს ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების გადაბმას და ამას ბევრჯერ იმეორებს.

ბავშვი ამ დროს უფრო ხშირად მიბაძვით იმეორებს მისთვის ნათქვამ სიტყვებს.

როდესაც დედა ხელებს გაუწვდის, ბავშვს უკვე თამამად შეუძლია წამოწიოს თავი, კისერი და სხეული და სცადოს დაჯდომა. თუ ჩაჭიდებული ხელებით წამოვწევთ, ბავშვს უკვე შეუძლია მყარად დგომა. მას უკვე შეუძლია კოვზის დანახვაზე მიხვდეს, რომ აჭმევენ, გააღოს პირი და გამოხატოს დადებითი ემოცია.

ამ ასაკში ბავშვი უკვე საკმარისად სოციალური და ოჯახის ცხოვრებაში ჩართულია, ემოციის დონეზე ყველაფერს იგებს და ითვისებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე დღეებიდანვე ვეკონტაქტოთ ბავშვს, რომელსაც ყველაფერი თავიდანვე ესმის.

-მინდა გკითხოთ სათამაშოების შესახებ. ვიცით, რომ სათამაშოები ასაკის მიხედვით იყოფა, არის სათამაშოები 0-3 თვემდე, 6 თვემდე, წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ა.შ. როდის უნდა ჩავრთოთ სათამაშოები ბავშვის განვითარებაში, რა ასაკიდან შეძლებს ბავშვი მათ ფუნქციურდ გამოყენებას?

ნატალია მუჩაიძე: სათამაშოების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით დაყოფა ძალიან კარგია, რადგან თითოეული სათამაშოს ზომა, ფორმა, ფერები და სხვა მახასიათებლები მორგებულია ბავშვის ასაკს. გათვალისწინებულია, რომ ბავშვმა უნდა შეძლოს მისი ხელში დაჭერა, დაკვირვება მის ფერებზე და სხვა დეტალებზე, რომელიც დააინტერესებს.

ძირითადად, სათამაშოებით დაინტერესება, სათამაშოების ხელში ჭერა იწყება უკვე 4 თვის ასაკიდან. ამ ასაკში ბავშვი მცირე ხნით იჭერს ხელში სათამაშოდ, 6 თვის ასაკამდე სათამაშოს ხელში ჭერის და თამაშის დრო მუდმივად იზრდება. ამ ასაკიდან ბავშვს უმძაფრდება ინტერესი არა მხოლოდ სათამაშოების, არამედ საკუთარი სხეულის მიმართაც. განსაკუთრებით ხშირად 6 თვის ბავშვები საკუთარ ფეხებს ეთამაშებიან. ამ პერიოდში შემოდის საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან საუბრის მცდელობის ელემენტებიც და ეს ყველაფერი ნორმალურ განვითარებაზე მიუთითებს.

7 თვის ასაკიდან ბავშვი უკვე კარგად ახერხებს ჯდომას, 8 თვის ასაკიდან ის იწყებს ხოხვას, დაახლოებით ერთი წლის ასაკამდე ბავშვი მუდმივად ხოხავს, ის ამ გზით აღწევს მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან, შეიძლება მიხოხდეს სათამაშოსთან ან მისთვის საინტერესო რაიმე ნივთთან, რაც იატაკზე დევს.

რაც შეეხება თამაშს, არსებობს გარკვეული სკრინინგ-ტესტები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვაფასებთ ბავშვის განვითარებას, სადაც ასევე ჩამოთვლილია ის, თუ რა ასაკში რა უნდა გააკეთოს ბავშვმა.

მაგალითად, 1,5 წლის ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად დაიჭიროს ჩანგალი, კოვზი, იკვებოს, ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება თვითონ ჭამოს. 

2 წლის ასაკიდან გოგონები აკეთებენ ბავშვის კვების იმიტაციას და ცდილობენ თოჯინას აჭამონ. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების კონტაქტი ბავშვებთან, მნიშვნელოვანია მათთან თამაში. საჭიროა მეტი დროის დათმობა ბავშვებთან კონტაქტისათვის, რადგან ისინი მშობლებისგან ბევრ რამეს სწავლობენ. იქ, სადა დედა ბედნიერია, ბავშვიც ბედნიერი და ჯანმრთელია.

-მინდა გკითხოთ ძალიან გავრცელებული სიმპტომის შესახებ, ეს არის ე.წ.“თვალების დაქაჩვა“, როდესაც ბავშვი თავს უკან სწევს და თვალებს აფართოებს. ძირითადად ეს 1-3 თვის ბავშვებშია გავრცელებული და არსებობს მოსაზრება, რომ თვალების დაქაჩვა მომატებული ქალასშიდა წნევის ნიშანია. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

ნატალია მუჩაიძე: რასაკვირველია თუ თვალების დაქაჩვა, თავის უკან გადაწევა, ძლიერი ჭირვეულობა, საკვების მიუღებლობა, თავის გარშემოწერილობის გაზრდა, ბავშვის ჰაბიტუსის, კანის ფერის ცვლილება კომპლექსურად არის სახეზე, უნდა მივმართოთ ექიმს. შესაძლოა ამ სიმპტომების უკან იმალებოდეს ისეთი დიაგნოზი, როგორიცაა ჰიდროცეფალია.

ქალასშიდა წნევის მომატება მარტივი დიაგნოზი არ არის, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული დიაგნოზია ნეიროქირურგიასა და ნევროლოგიაში და საბედნიეროდ, მისი დიაგნოსტირება თანამედროვე მედიცინის და ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია უკვე მუცლადყოფნის პერიოდში.

ასევე შესაძლებელია თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დასმაც და ნეონატალური სამსახურიც მზადყოფნაში ხვდება ასეთი ახალშობილის დაბადებას. რასაკვირველია ჰიდროცეფალია შეიძლება არ იყოს თანდაყოლილი და მძიმე პერინატალური ანამნეზიდან გამომდინარე, რომელიც გარკვეული პათოლოგიებს მოიცავს, განვითარდეს ჰიდროცეფალია. რასაც შემდეგ მოჰყვება უკვე სპეციალისტების ჩართვა და პრობლემის მოგვარება სხვადასხვა გზებით, რომელთა შესახებაც ცალკე გადაცემის გაკეთებაც კი შეიძლება.

მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებაში გარცელებულ აზრს, რომ თუ დაახლოებით 2 თვიდან ბავშვი „ქაჩავს“ თვალებს, თავს ზნექს უკან და სადღაც 4-6 თვემდე გრძელდება ეს ყველაფერი, აუცილებლად რაიმე პათოლოგიასთან გავქვს საქმე, ეს აზრი არასწორია.

სინამდვილეში ეს არის დაკავშირებული მდგომარეობასთან, როცა ხდება ბავშვის მხედველობის განვითარება.

ამ პერიოდში ბავშვიი ნელ-ნელა იწყებს ნივთების ფორმების და ფერების აღქმას, გარემოს შესწავლას და ამიტომ თვალების გაფართოებით გამოიხატება მისი ინტერესი გარემოს მიმართ და მისი სურვილი, უკეთ დაინახოს ეს გარემო.

გაფართოებული თვალებით ყურება ამ დროს ფიზიოლოგიური ნორმაა და რამოდენიმე თვეში გაივლის მას შემდეგ, რაც  მხედველობის ნერვი ჩამოყალიბდება და ბავშვს უკვე თვალების დაქაჩვის გარეშე შეეძლება საგნებზე ფოკუსირება. 

ასე რომ, თუ ბავშვი კარგად განვითარებული და კონტაქტურია, თუ  2-3 თვის ასაკამდე ის არაფერმა შეაწუხა, თუ სიმეტრიულად ამოძრავებს კიდურებს, თუ წევს სხეულს, თუ შეუძლის დგომა და დაყრდნობა კიდურებზე და დგამს ავტომატურ ნაბიჯებს, თვალების დაქაჩვის მომენტი უნდა მივიღოთ როგორ ნორმალური მოვლენა.

-კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ხშირად უჩივიან მშობლები, ეს არის უძილობის პრობლემა. შეიძლება ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში ვერ დაიძინოს, რაც მას აღიზიანებს, ბავშვი იწყებს ტირილს და ეს მის ნერვებზე აისახება, ამას შეიძლება მოჰყვეს მცირე დოზით მცენარეული დამამშვიდებლების გამოყენება მშობლის მიერ .მიუთითებს თუ არა უძილობა ნევროლოგიურ დარღვევებზე და როდის შეიძელბა ეს ნორმიდან აცდენად ჩაითვალოს?

ნატალია მუჩაიძე: ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომელთა სამეტყველო ელემენტები მოიცავს მხოლოდ ღუღუნს და ტიტინს, შესაბამისად გარდა ტირილისა, ბავშვს არა აქვს სხვა საშუალება რომ გაგვაგებინოს, როცა რამე აწუხებს.

რა დროს შეიძლება იტიროს ბავშვმა ძილთან დაკავშირებით? ჩვეულებრივ, ბავშვი შეიძლება შეაწუხოს ზედმეტად მაგარმა ან რბილმა ლეიბმა, შეიძლება შეაწუხოს სველმა საფენმა, დასცხეს, მოშივდეს ან მოსწყურდეს.  შეიძლება ბავშვს ასტკივდეს მუცელი ან ყური, შეიძლება რეაგირება მოახდინოს ოთახის ზედმეტად მშრალ ჰაერზე. ამ ყველაფერზე მისანიშნებლად ბავშვს მხოლოდ ტირილი შეუძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს დედამ ჩართოს ინტუიცია, რადგან ის საკუთარ შვილს ყველაზე კარგად იცნობს. ჩვენ, ექიმები ამ დროს რეკომენდაციებს გავცემთ, მაგრამ მთავარია დედის ჩართულობა. დედა უნდა ეცადოს გაიგოს, რა უნდა პატარას. ეცადეთ მიხვდეთ, რომელი ტირილის დროს შია ბავშვს, როდის ტირის იმიტომ, რომ რამე სტკივა ან როდის რა აწუხებს.

შესაბამისად, ბავშვის ტირილი ნორმალურია. თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გრძელდება ტირილი ან რამდენ ხანს სძინავს ბავშვს.

ჩვენ გვაქვს გარკვეული სტატისტიკა და ვიცით, რომელ ასაკში საშუალოდ რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს. მიუხედავად იმისა, თუ როგორი წყვეტა იქნება ძილის პროცესებს შორის, მთავარია ჯამურად შესრულდეს ძილის ციკლების რაოდენობა ასაკის მიხედვით.

რასაკვირველია, უნდა გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შიმშილი და წყურვილი. ბავშვი, რომელსაც შია ან სწყურია, ვერ დაიძინებს. თუ ბავშვს სცხელა, ტანსაცმელი უჭერს, სველი საფენი აწუხებს,ის ვერ დაიძინებს. რეალურად, როგორც ხედავთ ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება ბავშვმა ვერ დაიძინოს, შეიძლება ბავშვმა დაიძინოს კიდეც, მაგრამ მალე გაიღვიძებს და იტირებს.

-ვისაუბროთ იმ ასაკზე, როდესაც ბავშვი იდგამს ფეხს და იწყებს სიარულს. მშობლები ძალიან ხშირად პანიკაში ვარდებიან, თუ ბავშვმა ვერ გაიარა ერთი წლის ასაკში, რაც ზოგადად, მიღებული ნორმაა საზოგადოებაში. მიუთითებს თუ არა ის ფაქტი, რომ ბავშვს რაღაც ასაკში სიარული არ აქვს დაწყებული, შესაძლო ნევროლოგიურ პრობლემაზე?

ნატალია მუჩაიძე: როგორც წესი, თუ ბავშვი 12 თვის ასაკამდე ნორმალურად ვითარდებოდა, იგი აუცილებლად გაივლის თუ 12 არა, 14 ან 16 თვის ასაკში. მნიშვნელოვანია, რომ მას განვითარების ფაზები, განსაკუთრებით სხეულის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლის ფაზები სწორად ჰქონდეს გავლილი. ეს ფაზებია: ჯდომა 6 თვის ასაკიდან, ხოხვა 8 თვის საკიდან, დგომა 9-11 თვის ასაკიდან. თუ ბავშვმა ეს ეტაპები გაიარა და ჩვენ ვხედავთ, რომ 12 თვის ასაკში ბავშვი ხოხავს, შემდეგ მიდის ავეჯთან და ფეხზე დგება, ის აუცილებლად გაივლის. უბრალოდ ბავშვს უნდა ვაცადოთ და მივცეთ დრო, რადგან ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

-ანუ თუ ბავშვმა 1,5 წლის ასაკამდე ვერ გაიარა, საგანგაშო არაფერია?

ნატალია მუჩაიძე: როგორც აღვნიშნე, თუ ბავშვმა განვითარების წინა ფაზები სწორად გაიარა, ის როგორც წესი სიარულს იწყებს ამ ასაკამდე. ბუნებრივია, თუ სახეზე არ არის რაიმე სხვა ფაქტორი, მაგალითად რაიმე ნევროლოგიური პრობლემა. თუმცა ამ ყველაფერზე დროის სიმცირის გამო, ახლა დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ.

-მინდა გკითხოთ აცრების შესახებაც. რა არის აცრების უკუჩვენება ნევროლოგიური კუთხით? როდის გასცემს ნევროლოგი რეკომენდაციას, რომ ბავშვი არ ავცრათ?

ნატალია მუჩაიძე: ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გავცემთ მსგავს რეკომენდაციას და ვამბობთ, რომ ბავშვი არ უნდა ავცრათ, ეს არის ნევროლოგიურ სისტემასთან დაკავშირებული რაიმე აუტოიმუნური მიმდინარე დაავადება, რომელიც ბავშვს აქვს ამ პერიოდში. მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე კონკრეტული პროგრესირებადი ნევრიოლოგიური დაავადებაც, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ინფექციური ხასიათის ან ქრონიკულად მიმდინარე იმუნური პათოლოგია, თუმცა ამ დროს ბავშვი უდიდესი ალბათობით იქნება ჰოსპიტალიზებული და აცრებზე საუბარი ვერც იქნება.

შეიძლება იმ პერიოდში, როცა ბავშვი ბინაზეა გამოწერილი და ახლოვდება აცრის დრო, მისი ნევროლოგიური მდგომარეობა დადებითად არ შეფასდეს და ეს კონკრეტულ დროს აცრაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

ძირითადად რეკომენდაციის მიზეზი აცრის გადადებასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს უფრო სხვა ტიპის პედიატრიული პრობლემები, ალერგიული რეაქციები, თანდაყოლილი შიდსი, კვერცხის ცილის აუტანლობა და ა.შ. 

ნებვროლოგიური კუთხით შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ აცრის პერიოდში ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე მწვავე ნევროლოგიური პრობლემა და ან აუტოიმუნური პრობლემა.

-შეიძლება თუ არა აცრა გახდეს რომელიმე ამ პრობლემის მაპროვოცირებელი?

ნატალია მუჩაიძე: ერთმნიშვნელოვნად არა. შეიძლება 3-5 დღის მანძილზე აცრის ადგილას განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია, ჰიპერემია, შეშუპება, ტემპერატურის მატება, რასაც ხასიათის ცვლილება მოჰყვება, თუმცა ვაქცინები თავის ტვინის განსაკუთრებულ პათოლოგიებს არ იწვევს.

-ვისაუბროთ საფენების შესახებ და იმაზეც, თუ როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ღამის ქოთანს. როგორც წესი, მშობლებს ამის გაკეთება დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებათ. როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი უარს ამბობს ღამის ქოთანზე და არ იხდის საფენს? სად არის ნორმა და სად პათოლოგია?

ნატალია მუჩაიძე: როგორც წესი, 1,5 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე შეუძლია იგრძნოს, რომ მას შარდვის ან დეფეკაციის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ ის ამას ვერ აცნობიერებს. მას ამ ასაკში არ შეუძლია უთხრას ან ანიშნოს უფროსს, რომ ამისი გაკეთება სურს. ეს დრო უფრო მოგვიანებით, 22-30 თვის ასაკში დგება, თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია მოცდა. ზოგჯერ ბავშვებს 4 წლის ასაკამდეც კი აცდიან, რომ მათ შეძლონ გააცნობიერონ საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და ისწავლონ ქოთანზე ჯდომა.

დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი შვილია ბავშვი ოჯახში, რადგან მეორე ან მესამე შვილისთვის ქოთნის გამოყენების სწავლება ბევრად მარტივია. იგი ხედავს თავის უფროს და-ძმას, რომლებიც ქოთანს იყენებენ, პირველი შვილისთვის ამის სწავლებას კი უფრო დიდი დრო და მოთმინება სჭირდება. დიდ როლს ასრულებს ამ დროს თანატოლებთან ურთიერთობა, მაგალითად საბავშო ბაღში, რადგან თანატოლებისათვის მიბაძვით ბავშვს უფრო გაუადვილდება ქოთანზე ჯდომის ჩვევის გამომუშავება და უფრო მალე შეიძენს ამ ჩვევას.

ამ თემასთანდაკავშირებით ძალადობა ნამდვილად არ უნდა იყოს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგს ერთი წლის ასაკში აჩვევენ  ქოთანზე ჯდომას, ზოგს ოთხი წლის ასაკში. ეს ნევროლოგიური კუთხით განვითარების არავითარ შეფერხებაზე არ მიუთითებს. 

თუ ბავშვი ფსიქოემოციურად და მოტორულად განვითარებულია და მხოლოდ ქოთანზე არ ჯდება, ნუ ინერვიულებთ, მას უბრალოდ დრო სჭირდება იმისთვის, რომ მიხვდეს რაში სჭირდება ქოთანი.

წყარო: https://fortuna.ge