თარიღი: 03 დეკემბერი, 2019
ძილი დღის მანძილზე დახარჯული ენერგიის აღდგენისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა.
ბავშვთა ასაკში ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ძილის დროს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება ხდება.
ჩაძინების პირველ საათებში ჰიპოფიზის მიერ აქტიურად გამომუშავდება ზრდის ჰორმონი- სომატოტროპინი, რაც პატარას ზრდას უზრუნველყოფს. ამდენად, ღამის ძილი ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია!
ძილ-ღვიძილს მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემა როდი განაგებს. მასზე ბევრი აქტიური ნივთიერება და ძილის მთავარი შემოქმედი- ჰორმონი მელატონინი მოქმედებს.
- მელატონინი დაბინდების შემდეგ ენდოკრინული ჯირკვლიდან -ეპიფიზიდან გამომუშავდება და მისი გამოყოფის პიკი საღამოს 9-12 საათზე მოდის. ამიტომაც ეს ჩაძინებისათვის საუკეთესო დროა.
- მელატონინი ხელს უწყობს არამარტო ჩაძინებას, არამედ ძილის უწყვეტობას და ძილის ფაზების სწორ მონაცვლეობას.
ძილი 2 ფაზისაგან შესდგება. ეს ფაზები ღამის მანძილზე რამდენჯერმე მონაცვლეობენ.
სწრაფი ძილის ფაზაში ბავშვი მოძრაობს, შენიშნავთ თვალის კაკლების აქტიურ მოძრაობას. ამ დროს ტვინის ზოგიერთი უბანი აქტიურად მუშაობს.
ნელი ძილის ფაზაში მოძრაობები წყდება და ტვინის აქტივობა ითრგუნება. ორგანიზმი სრულყოფილად ისვენებს.
გახსოვდეთ, ადრეულ ასაკში ძილის ფაზები დიფერენცირებული არ არის, სწრაფი ძილის ფაზა მთელი ძილის 50%-ია, მაშინ, როცა მოზრდილებში მთელი ძილის 25%-ს მოიცავს.
ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვი ძილში აქტიურია, იღვიძებს, მოძრაობს და ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, მკურნალობას არ საჭიროებს!
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე