თარიღი: 20 აგვისტო, 2018
მივცეთ თუ არა კეფირი 1 წლამდე ასაკის ბავშვს?
სიყვარულის სახელით გათქმული რეცეპტი...
კეფირი რძემჟავა სასმელია. განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, თუმცა ის რუსული წარმომავლობის პროდუქტი სულაც არ გახლავთ.
კეფირის რეცეპტის რუსეთში მოხვედრა კი ნამდვილად დეტექტიური ჟანრის ისტორიაა.
მას უძველესი დროიდან აწარმოებდნენ ჩრდილოკავკასიელი ხალხები -ყარაჩაელები და ბალყარები. ისინი თვლიდნენ, რომ ყვითელი ფერის მარცვლები, რომლითაც რძეს ამჟავებდნენ, ზეციდან წინასწარმეტყველ მუჰამედისაგან გამოეგზავნათ და მისი რეცეპტის გაცემა წინასწარმეტყველის რისხვას გამოიწვევდა.
კეფირის სასარგებლო თვისებები კარგად იყო ცნობილი რუსებისათვის, ბევრსაც ცდილობდნენ რეცეპტის მოსაპოვებლად, თუმცა მისი მომზადების წესს ჯიუტი მთიელები საგულდაგულოდ მალავდნენ.
ბევრი იფიქრეს რუსებმა, და ბოლოს, მოიფიქრეს - 1906 წელს 20 წლის აგენტს ვინმე ირინა სახაროვას მიანდეს ეს საქმე. გოგონას ის-ის იყო დაესრულებინა რძის მრეწველობის კურსები. მშვენიერი ირინა ჩრდილოკავკასიაში გაემგზავრა. გოგონა ადგილობრივ მთიელს შეუყვარდა და მთის კანონების მიხედვით, მოიტაცა კიდეც. გაბრაზებულმა ირინამ გამტაცებელს სასამართლოში უჩივლა, კომპენსაციად კი კეფირის რეცეპტი მოითხოვა. რუსულმა სასამართლომ აგენტის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა. სწორედ ასე, სიყვარულის გამო გათქვეს ჯადოსნული სასმელის რეცეპტი მთიელებმა.
რატომ არის კეფირის სასარგებლო პროდუქტი?
კეფირი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, თუთიას, სელენს, ქრომს და სხვა მინერალებს, A, C, D, E, PP, B ჯგუფის ვიტამინებს, და რაც მთვავარია, სასარგებლო ბაქტერიებს.
მეგობარი ბაქტერიები კუჭ-ნაწლავში ბაქტერიულ ბალანსს აღადგენენ და აწესრიგებენ, ხელს უწყობენ ნაწლავთა მოქმედებას, ამიტომ შეკრულობისკენ მიდრეკილების დროს კეფირი განსაკუთრებულად ეფექტური რძემჟავა პროდუქტია. თუმცა კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს კეფირის მიღება ნაჩვენები არ არის კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო.
რისგან მზადდება კეფირი?
კეფირის მოსამზადებლად საჭიროა რძე, რომლის ფერმენტირება ხდება სტრეპტოკოკებით, რძემჟავა და ძმარმჟავა ბაქტერიებითა და საფუარა სოკოებით. კეფირი რემჟავური და სპირტული დუღილის გზით მიიღება და შესაბამისად, ის მცირე რაოდენობის (0,07%) სპირტსაც შეიცავს. ამის გამო მისი მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვისათვის კატეგორიულად აკრძალულია. სწორედ ალკოჰოლური დუღილის პროცესებით განსხვავება ის მაწონისაგან, სადაც რძის ფერმენტაცია მხოლოდ ლაქტობაქტერიებისა და სტრეპტოკოკების ზეგავლენით ხდება.
კეფირის ნირვანა
შეიძლება გაგიკვირდეთ - კეფირს კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვს - ის შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც სეროტონინის დონზე ზემოქმედებს და მის მატებას იწვევს. გარდა თავის ტვინისა, სეროტონინს ნაწლავებში ჩასახლებული მიკროფლორაც გამოიმუშვებს, რომლის ბალანსზე თავის მხრივ კეფირში არსებული მეგობარი ბაქტერიები ზრუნავენ.
მაგიური ნივთიერება სეროტონინი იწვევს გუნება-განწყობის ამაღლებას, კუნთთა ტონუსის და დაძაბულობის შემცირებას, კეფირის მიღების შემდეგ მიღწეულ ამ ბედნიერების განცდას „კეფირის ნირვანა“ ეწოდება.
ასე, რომ გაითვალისწინეთ, თუ ბავშვს წინ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ელის, რასაც მისი ყურადღების და ძალების მაქსიმალური მობილიზება სჭირდება, დაგეგმილი ღონისძიების წინ კეფირის მიღება არ ღირს.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
წყარო: https://www.facebook.com/pediatrician.blog/posts/526404824463851