თარიღი: 28 ივნისი, 2020
ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის სახეობა Nairovirus, ოჯახი Bunyaviridae. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, აღრიცხულია საქართველოშიც. ვირუსი გადაეცემა ტკიპის მეშვეობით და იწვევს მძიმე ჰემორაგიულ ცხელებას, როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე აფეთქებების სახით. ადამიანი უფრო ხშირად ინფიცირდება ტრანსმისიულად, ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს. საავადმყოფოსშიგა რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ჰოსპიტალურად და გამოიწვიოს ნოზოკომიური ეპიდაფეთქება. ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდემია, რომელიც აუცილებლად გამოწვეულია დაავადებული ადამიანის და ცხოველის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით, წარმოადგენს ჯანდაცვის პრობლემას, მისი ეპიდემიური პოტენციალის, მაღალი ლეტალობის (10–40%), ასევე დაავადების მკურნალობასთან და პრევენციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
რეზერვუარი ბუნებაში ტკიპების მრავალი სახეობაა. ძირითად გადამტანად ითვლება სახეობა ჰიალომა (Hyalomma,), რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული. ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია. ცხოველი ინფიცირდება დაავადებული ტკიპის კბენისას. მის სისხლში ვირუსი დაინფიცირებიდან ერთი კვირის განმავლობაში ცირკულირებს და ტკიპის შემდგომი კბენისას, ინფექციის გადაცემის ციკლი, ტკიპი–ცხოველი–ტკიპი, გრძელდება. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება ინფიცირებული ტკიპის კბენის შედეგად და მრავლდება რეტიკულურ–ენდოთელურ სისტემაში. რისკის ჯგუფში შედიან
- სოფლის მეურნეობის მაუშაკები
- მესაქონლეები
- ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები
- ვეტერინარები
- მედიცინის სფეროს მუშაკები
- მოგზაურები (ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში)
სიმპტომები
დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 13–14 დღე.
ყირიმი–კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას ახასიათებს მწვავე დაწყება, ორტალღიანი ცხელება, ძლიერი ინტოქსიკაცია და ჰემორაგიული სინდრომი. დაავადება იწყება შემცივნებით, მაღალი ცხელებით (39–40 გრადუსი), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, რასაც მოსდევს ვირუსემია და ინტოქსიკაცია. ავადმყოფს აწუხებს პირის სიმშრალე, თავბრუ, ღებინება. სახე, კისერი, ლორწოვანი გარსები შეწითლებული აქვს, ზოგჯერ გამოხატულია სიყვითლე. კანზე ჩნდება პეტექიური გამონაყარი (წითელი ლაქები). სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, ნეიტროფილების მარცხნივ გადახრა, მომატებული ედს–ი და თრომბოციტოპენია. დაავადება მიმდინარეობს ტიპიურად და წაშლილი ფორმით. წაშლილი ფორმების შემთხვევაში ჰემორაგიული სინდრომი გამოხატული არ არის. მძიმე ფორმების შემთხვევაში ვითარდება პათოლოგიური სისხლის დენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, ნაწლავებიდან, საშვილოსნოდან და ფილტვებიდან, თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ასევე მენინგეალური და ტვინის შეშუპების სინდრომი (კრუნჩხვები, კომა). რეკონვალესცენციის პერიოდი 1–დან 2 თვემდე ხანგრძლივდება. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მე–2 კვირას. არაიმუნურ პირთა ლეტალობა 10–40%–ს აღწევს.
დიაგნოსტიკა
სწორი დიაგნოზის დასმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, რომელიც ემყარება მოლეკულურ (PCR) და სეროლოგიურ (ELISA) გამოკვლევებს. დიფერენციალური დიაგნოსტიკით უნდა გამოირიცხოს მენინგოკოკური ინფექცია, გრიპი, ლეპტოსპიროზი, თრომბოციტოპენიური პურპურა და სხვა ჰემორაგიული ცხელებები.
მკურნალობა
აუცილებელია დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია და წოლითი რეჟიმი. ინიშნება ანტივირუსული მკურნალობა (რიბავირინი). დიდ როლს ასრულებს ბრძოლა ინტოქსიკაციასთან და ჰემორაგიულ სინდრომთან. გამოიყენება ანტიშოკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები. ბაქტერიული ფლორით გართულების შემთხვევაში – ანტიბიოტიკები.
პრევენცია
- სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას და დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტისას, პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები)
- მედიცინის სფეროს მუშაკების მიერ საავადმყოფოსშიგა რეჟიმის დაცვა
- ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ (იზრუნეთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე)
- ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლა
- ვაქცინაცია ტარდება ეპიდჩვენების მიხედვით, თუმცა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ადამინთა ფართო ვაქცინაციისათვის, ჯერ–ჯერობით შექმნილი არ არის.
წყარო: http://ncdc.ge