Nuk
კორონაროგრაფია

თარიღი: 23 ნოემბერი, 2025

რა არის კორონაროგრაფია?
კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების კვლევის ინვაზიური  მეთოდია,  რომლის დროსაც საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით, ხდება გულის მკვებავი  არტერიების ანატომიის შეფასება და  მათი დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. კორონაროგრაფია  გულის ათეროსკლეროზული დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და ტარდება ინტერვენციული კარდიოლოგის მიერ, კათეტერიზაციის ლაბორატორიაში.

კორონარული არტერიები სისხლით ამარაგებს გულის კუნთს და  მათმა დახშობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთოვანი ქსოვილის   დაზიანება და   მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება.

კორონაროგრაფია  გულის სისხლძარების გამოკვლევის ყველაზე ზუსტი მეთოდია, რომელიც ადგენს  დაზიანების ზუსტ მდებარეობას  და მის ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მკურნალ ექიმს  მიიღოს  სწორი გადაწყვეტილება შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით.

 

როდის არის საჭირო კორონაროგრაფია?
კორონაროგრაფია ინიშნება პაციენტის  სათანადო გასინჯვის შემდეგ მკურნალი კარდიოლოგის გადაწყვეტილებით, თუ პაციენტს აღენიშნება:
დისკომფორტი ან  ტკივილი გულის არეში, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს გულის იშემიური დაავადების არსებობით ანუ  გულის კუნთის ჟანგბადის მოთხოვნას და მიწოდებას შორის დისბალანსით;
დადებითი დატვირთვის ტესტის შედეგები.
კორონაროგრაფია ასევე შეიძლება დაინიშნოს თუ პაციენტს აღენიშნება:
გულის რითმის დარღვევები;
გულის თანდაყოლილი დაავადებები;
გულის სარქველოვანი დაავადებები,  რომელიც საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას.

 

როგორ ტარდება პროცედურა?
კორონაროგრაფია ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში ტარდება  და არ საჭიროებს ზოგად ანესთეზია.  პროცედურის დროს ექიმს სხივის ან ბარძაყის არტერიიდან შეყავს უწვრილესი კათეტერი, საიდანაც ხორციელდება კორონარულ სისხლძარღვებში სპეციალური კონტრასტული ნივთიერების შეყვანა და რენტგენოგრაფიით კორონარული არტერიების ანატომიის და გამავლობის საფუძვლიანი დათვალიერება.

ჩვეულებრივ  პროცედურა 15-20 წუთი გრძელდება. შევიწროვებულ სისხლძარღვში სისხლის ნაკადის აღდგენის მიზნით შესაძლოა ჩატარდეს ბალონური  ანგიოპლასტიკა ან კორონარული არტერიების  სტენტირება.

 

რა ხდება პროცედურის შემდეგ?
პროცედურის შემდეგ ხორციელდება პაციენტის  არტერიული წნევის, გულისცემის და ჟანგბადის სატურაციის მონიტორინგი.  კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და დაავადების სიმძიმეზე.

კორონაროგრაფიის  პროცედურის ჩატარების შემდეგ ექიმის მიერ ხორციელდება კორონარების (გულის სისხლძარღვების) რენტგენოგრაფიული კვლევის ჩანაწერის ანალიზი და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა.

 

შესაძლო გართულებები
კორონაროგრაფია გულსისხლძაღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის უსაფრთხო მეთოდია, თუმცა როგორც ყველა სხვა ჩარევის და მანიპულაციის დროს, არსებობს იშვიათი გართულებები, მათ შორის უიშვიათესია  - ლეტალური გამოსავლის დადგომა.

პაციენტმა პროცედურის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აქვს შემდეგი ჩივილები:
სისხლდენა ნაჩხვლეტი მიდამოდან;
ტკივილი მკერდის არეში;
გაძნელებული სუნთქვა;
ძლიერი სიწითლე ან ინფექციის ნიშნები კათეტერის შეყვანის ადგილას;
ტემპერატურა.
რეკომენდაციები

 

კილინიკდან გაწერის შემდეგ, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია:
დაისვენოს და მიიღოს   წყალის სათანადო რეკომენდირებული ოდენობა;
მოერიდოს თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას;
მოერიდოს  ფიზიკურ ვარჯიშს და სიმძიმის აწევას;
განმეორებით ჩანიშნოს კარდიოლოგთან ვიზიტი პროცედურიდან გარკვეულ პერიოდის შემდეგ კონტროლის მიზნით.