თარიღი: 22 მარტი, 2020
პასუხები 5 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე კორონავირუსისა და ორსულობის შესახებ
1. როგორია ორსულებში კორონავირუსით დაინფიცირების რისკი?
ზოგადად, ორსულებს შედარებით მაღალი რისკი აქვთ დაავადდნენ ნებისმიერი ვირუსული ინფექციით, მათ შორის იმ ჯგუფის ვირუსებითაც, რომელშიც კოვიდ-19 შედის და აქედან გამომდინარე, ორსულის კოვიდ-19 ით დაავადების ალბათობა ისეთივეა, როგორიც სხვა რესპირატორული ინფექციების დროს.
2. რა გავლენას ახდენს კოვიდ-19 ორსულის და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იწვევს თუ არა რაიმე პათოლოგიებს ნაყოფში?
აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულმა ქალებმა იმშობიარეს და ყველა შემთხვევაში ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის აღნიშნული შტამი ახალია და ჯერჯერობით შესწავლილი არ არის, უცნობია, რა გავლენას ახდენს ის ნაყოფზე ორსულობის საწყის ეტაპზე.
3. გადაეცემა თუ არა კოვიდ-19 ორსულიდან ნაყოფს მუცლადყოფნის პერიოდში?
ცნობილია კორონავირუსით ინფიცირებული 9 ორსულის ისტორია, რომლებმაც იმშობიარეს როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე საკეისრო კვეთით და არცერთ შემთხვევაში ახალშობილი არ იყო ინფიცირებული. ასევე ცნობილია, რომ 4 ახალშობილი, რომლებიც კოვიდ19-ით დაავადდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ ინფიცირებული დედისგან.
4. გადადის თუ არა კორონავირუსის ინფექცია ბუნებრივი კვებისას დედის რძით?
დედის რძე ახალშობილს იცავს უამრავი ინფექციისგან და აძლიერებს მის იმუნიტეტს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც დედის რძე უკუნაჩვენებია ახალშობილისთვის. სხვადასხვა სახის ვირუსული გრიპით დაინფიცირებისას დედის რძეში ვირუსი არ გადადის. რაც შეეხება კოვიდ-19 ის შემთხვევას, ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით კოვიდ-19 არ გადადის დედის რძით.21
5. როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა კორონავირუსისგან?
ისევე, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა:
• დახველების და ან დაცემინების დროს პირზე აიფაროს ერთჯერადი ხელსახოცი ან უმჯობესია იდაყვი
• მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებს
• ხელი ხშირად დაიბანოს საპნით და ასევე დაიმუშავოს ანტისეპტიკური სპირტისშემცველი ხსნარებით
• გამოიყენოს სამედიცინო ნიღაბი