Plasmon
კვინკეს შეშუპება

თარიღი: 08 ნოემბერი, 2021

კვინკეს შეშუპება, იგივე ანგიოედემა, ორგანიზმიის რეაქციაა სხვადასხვა სახის ალერგენის, ან/და ორგანიზმში მიმდინარე სხვა დაავადების მიმართ.

 

კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:
• 
შეშუპება სხეულის სხვადასხვა ნაწილში (ძირითადად ქუთუთოები და ტუჩები)

• შეშუპებულ ადგილებზე ზეწოლის შედეგად კვალი არ რჩება და ფერი არ იცვლება

ზოგჯერ:

 

• სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება

• ხმის შეცვლა, ჩახლეჩვა

• ჰაერის უკმარისობა და გაგუდვის შეგრძნება

შეშუპება ძირითად შემთხვევებში ჩნდება ტუჩების, ხელის მტევნების,  ყურის ნიჟარის და თვალის მიმდებარე არეზე. შეშუპება შესაძლოა თავისით გაქრეს, თუმცა მოგვიანებით ისევ იჩინოს თავი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

 

განსაკუთრებით საყურადღებო და სიცოცხლისთვის საშიშია, როცა ვლინდება ხორხის შეშუპება. ამ დროს პაციენტს ეცვლება ხმა, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია  გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

 

კვინკეს შეშუპების ორი ძირითადი ფორმა არსებობს: მწვავე და ქრონიკული. 

 

ხშირად კვინკეს შეშუპება ჭინჭრის ციებასთან ერთად ვლინდება.  კვინკეს შეშუპება და ჭინჭრის ციება ძირითადად ერთი გენეზის დაავადებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სწორი დიაგნოსტიკა, ალერგიული ფონის გამორიცხვა ან სხვა ქრონიკულ დაავადებებზე დაკვირვება, რომელიც შესაძლოა იყოს ანგიოშეშუპების  გამომწვევი მიზეზი:

• შაქრიანი დიაბეტი

• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

• ნერვული აშლილობა და სტრესი

• მენსტრუალური ციკლის დარღვევები

• ორსულობა

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

კვინკეს შეშუპების განვითარების მაღალი რისკია იმ ადამიანებში, ვისაც მწერის ნაკბენზე აქვს ალერგია, ამიტომ მათ თან უნდა ატარონ ადრენალინი.

 

კვინკეს, იგივე ანგიოშეშუპებას გენეტიკური წინასწარგანწყობაც განაპირობებს.

 

რეკომენდაციები და მკურნალობა
„ავერსის კლინიკის“ ალერგოლოგი, შორენა კარბელაშვილი, გვირჩევს, თუ ადამიანს ჰქონდა ანგიოშეშუპება, ის  უნდა მოერიდოს იმ ალერგენებს (საკვები, მტვერი, ქიმიური საშუალებები, მცენარეები, კოსმეტიკა, მედიკამენტები და ა.შ.), რაზეც დადგენილი აქვს ალერგიული რეაქცია.

 

კვინკეს, იგივე ანგიოშეშუპების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობას, პრევენციასა და მართვას.

 

თუ ადამიანს ერთხელ მაინც გადაუტანია კვინკეს შეშუპება, მან თან უნდა იქონიოს შესაბამისი (სპეციალისტის მიერ დანიშნული) პრეპარატები. ასევე აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევები, დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც პაციენტი მოერიდება აღნიშნულ ალერგენს და თავიდან აიცილებს დაავადების გამწვავებას.

 

დიაგნოსტიკა ხორციელდება ლაბორატორიული, იმუნოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, რის შემდეგაც ალერგოლოგი ნიშნავს მკურნალობას.