თარიღი: 10 იანვარი, 2017
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს კვლევის ყველაზე ინფორმატიულ მეთოდს და მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს Toshiba-ს ფირმის უახლესი თაობის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan 2015 წლის მოდელი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და უსწრაფესი ვიზუალიზაციით. საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევა მეტად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დინამიკაში დაკვირვებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.
რომელი ორგანოების კვლევისთვის იყენებენ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან მაგნიტურ–რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რამდენად მნიშვნელოვანია მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი დაავადებათა დროული დიაგნოსტირების და პრევენციის თვალსაზრისით, ორსულობის დროს თუ შეიძლება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის ჩატარება?
ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–რადიოლოგი, ანა სამხარაძე.
– რა არის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია?
– ეს გახლავთ დიაგნოსტიკის რთული, მაგრამ პაციენტისთვის სრულიად უსაფრთხო და ეფექტური კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის. სისტემა გამოსახულების მისაღებად იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის პრინციპი დამყარებულია ორგანიზმში არსებული წყალბადის ატომბირთვების განლაგებისგან ინფორმაციის მიღებაზე.
გამოკვლევის არსი კი ასეთია: პაციენტი თავსდება ძლიერ მაგნიტურ ველში, რის შედეგადაც ორგანიზმში არსებული ყველა წყალბადის ატომი განლაგდება მაგნიტური ველის მიმართულების პარალელურად, ამ მომენტში აპარატი აგზავნის ელექტრო-მაგნიტურ სიგნალს, რომლის ზემოქმედებით წყალბადის ატომები აღიგზნება და ახდენს ამ სიგნალის გენერირებას. შემდეგ ხდება მიღებული სიგნალის კომპიუტერული (მათემატიკური) დამუშავება და გამოსახულების მიღება.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია მრტ-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი-2015 წლის Vantage Elan - ახალი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც ჩვენი კლინიკისთვის შეარჩიეს შემდეგი უპირატესობებისა და ინოვაციების გამო:
1. Vantage Elan-ის გენტრის (სადაც თავსდება პაციენტი გამოკვლევის დროს) შიდა დიამეტრი თავის კლასში ყველაზე დიდია.
Vantage Elan-ის ღია გენტრის შიდა დიამეტრი 63 სმ-ია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მის კლასში მყოფ სხვა სისტემებთან შედარებით, როგორიცაა: GE Signa HDx, Brivo MR355, Hitachi Echelon, Philips Multiva, Siemens Avanto Q, Essenza. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან ხშირად პაციენტი უარს ამბობს მრტ კვლევაზე მხოლოდ ამ მიზეზის გამო.
* განათება – გენტრის სპეციალური შიდა განათება ხსნის დახურული სივრცის შეგრძნებას, რაც ასევე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს.
* ვენტილაცია – გენტრის შიგნით მოწყობილი სავენტილაციო სისტემა გამოკვლევის დროს პაციენტს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.
* საწოლი/მაგიდა, რომელზეც თავსდება პაციენტი – იმეორებს ადამიანის ანატომიურ ფორმას, რაც უზრუნველყოფს პაციენტის დამატებით კომფორტს.
* მსუბუქი კოილები (მოწყობილობა, რომელიც თავსდება პაციენტის სხეულზე) – მორგებულია პაციენტისა და მომსახურე პერსონალის კომფორტზე.
2. უნიკალური ტექნოლოგია - PIANISSIMO Σ, ამცირებს ხმაურის დონეს სკანირებისას და გვაძლევს საშუალებას, კვლევის ჩატარება მოხდეს პრაქტიკულად უხმაუროდ, რაც ბევრად კომფორტულია პაციენტისთვის.
– რით განსხვავდება ერთმანეთისგან მაგნიტურ–რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია?
– კომპიუტერული ტომოგრაფია მაგნიტურ–რეზონანსულთან შედარებით უფრო სწრაფი და ხანმოკლე მეთოდია. ძირითადად გამოიყენება ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადიაში, ასევე გადაუდებელი გამოკვლევების მიზნით – პოლიტრავმების შემთხვევაში, სხვადასხვა ორგანოების ტრავმული დაზიანების დროს, განსაკუთრებით ქალა–ტვინის ტრავმისას ძვლოვანი სტრუქტურის შესაფასებლად.
კომპიუტერულ ტომოგრაფიას ფილტვებისა და გულმკერდის ორგანოების პათოლოგიების დროს, უპირატესი და განსაკუთრებული როლი ენიჭება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია, ორივე გამოკვლევა ერთდროულად ჩატარდეს. ეს საჭიროება ჩნდება პოლიტრავმების, სისხლძარღვოვანი და ონკოლოგიური დაავადებების დროს.
– რომელი ორგანოების კვლევისთვის იყენებენ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას?
– ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს ამ კვლევას არ გააჩნია ანალოგი მაგალითად, თავის ტვინის იშემიური ინსულტის მწვავე სტადიაში, თავის ტვინის სიმსივნეების, თავი ტვინის ქერქის დისპლაზიისა და ზურგის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების შემთხევევაში. მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს.
– საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია იწვევს დასხივებას. ვიცით, რომ ეს ასე არაა – გთხოვთ, განგვიმარტოთ.
– როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, რომელიც დამყარებულია რენტგენის სხივებზე, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის ძირითად პრინციპს წარმოადგენს მაგნიტური ველი და რადიოსიხშირის ტალღები, რომელიც სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის.
– ორსულობის დროს თუ შეიძლება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის ჩატარება?
– ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მრტ-ს ჩატარება თამამად შეიძლება, პირველ ტრიმესტრში კი მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს არის მიზანშეწონილი.
– რამდენად მნიშვნელოვანია მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი დაავადებათა დროული დიაგნოსტირების და პრევენციის თვალსაზრისით?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პაციენტს დროულად აღმოვუჩინოთ ფარულად მიმდინარე ონკოლოგიური დაავადებები. ამგვარი დაავადებების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი წარმატებული მკურნალობა. მაგალითად, თუ კიბოს დიაგნოსტირება მოხდება საწყის სტადიაზე, მისი მკურნალობა მეტად ეფექტურია, რადგან უმეტეს შემთხევევაში, ამ ეტაპზე არ ვლინდება მეტასტაზური დაზიანება. იგივე შეიძლება ითქვას, თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიებზე, კერძოდ, ანევრიზმებზე, რომელიც წარმოადგენს ე.წ. "სიურპრიზს" და საკმაოდ ხშირია პროფილაქტიკური გამოკვლევების დროს.
– რამდენად ხელმისაწვდომია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა საზოგადოების ფართო მასისთვის და რას გვეტყვით ჩვენს კლინიკაში აქციების შესახებ?
– მოგეხსენებათ, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საკმოდ ძვირადღირებულია, სამწუხაროდ, ამ აზრის გამო ბევრი ადამიანი კვლევას იტარებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კლინიკური სიმპტომები მკვეთრად არის გამოვლენილი.
ჩემი რეკომენდაციით, ნებისმიერმა პაციენტმა უმჯობესია მოგვმართოს არა მარტო ჩივილების დროს, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც.
სწორედ ამ კუთხით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს აძლევს საშუალებას, ჩაიტარონ თავის ტვინის, სისხლძარღვების, ხერხემლისა და ზურგის ტვინის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.
უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკის აქციებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა და შესაბამისად, დიდი მომართვიანობის გამო აქცია კვლავ ძალაშია!
მობრძანდით და ჩაიტარეთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევისას ტექნიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ თემაზე გვესაუბრა ტექნიკური ასისტენტი, გიგა ბრეგაძე.
– რა უზრუნველყოფს ხარისხიან გამოსახულებას?
– მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა ხარისხიანი რომ გამოვიდეს, უპირველესად, პაციენტმა ტექნიკური ასისტენტის მითითებებები ზუსტად უნდა შეასრულოს. მოძრაობა კვლევისთვის არტეფაქტია და თუ პაციენტმა ინსტრუქციები არ დაიცვა, შესაძლოა, გამოსახულება უხარისხო აღმოჩნდეს.
ამასთან, გამოსახულების მიღება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეასრულებს ტექნიკური ასისტენტი ექიმი-რადიოლოგის მიერ ამა თუ იმ პათოლოგიების დროს მითითებულ კვლევის რეჟიმებს. სხვადასხვა ორგანოსთვის, სისტემისთვის, ანატომიური სტრუქტურისთვის სხვადასხვა რეჟიმია საჭირო.
– როგორ იქცევით მაშინ, როცა პაციენტს კვლევის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წუთია, უჭირს ჰორიზონტალურ პოზაში წოლა?
– ჩვენთვის პრიორიტეტულია, პაციენტმა კვლევის დროს თავი კომფორტულად იგრძნოს და სწორედ ამიტომ ვთავაზობთ სპეციალურ ბალიშებს, დასაფენებს და სხვადასხვა სახის ატრიბუტს.
ძლიერი ტკივილების შესამსუბუქებლად შეგვიძლია კვლევა შევაჩეროთ და მაშინ განვაგრძოთ, როცა პაციენტი მზად იქნება. სურვილის შემთხევევაში ასევე ვთავაზობთ ტკივილგამაყუჩებელს.
– როგორ იქცევით, როდესაც პაციენტს აქვს დახურული სივრცის შიში ე.წ კლაუსტროფობია?
– უნდა აღინიშნოს, რომ კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კვლევის დროს პაციენტმა თავი მარტო არ იგრძნოს და მაქსიმალურად ვამხნევებთ – სურვილის შემთხვევაში, ტომოგრაფიის კაბინეტში, სადაც ვიზუალური მხარე საკმაოდ სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის, შესაძლებელია, პაციენტის გვერდით თანმხლები პირი იდგეს.
ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომრებზე ქალაქის: 202 25 25 | მობილური: 577 119 119
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ავტორი ეკატერინე ციცხვაია