თარიღი: 23 აგვისტო, 2020
ტრადიცია დიდი, დიდი ხნის წინ გაჩნდა - პაწაწინა ადამიანს პირველი კბილის ამოჭრას ბებიები ან სულაც სხვა ახლობლები ვერცხლის კოვზით ულოცავდნენ. კბილის ამოჭრასთან ერთად ხომ დამატებითი კვებაც იწყებოდა!
ჰოდა, რა უნდა ყოფილიყო უფრო ძვირფასი და თბილი მოსაგონარი ბებიასგან? ვერცხლის კოვზი სამუდამო სახსოვრად რჩებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როგორც საოჯახო რელიქვია თუ თილისმა!
და მაინც, რატომ ვერცხლის კოვზი?
საყოველთაოდ ცნობილია, ვერცხლი ანტიბაქტერიული და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება, სწორედ ამიტომ უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრები ხშირად ინახავდნენ სასმელს თუ საკვებს ვერცხლის ჭურჭელში. მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით პროდუქტები უფრო ხანგრძლივად ინახებოდა და ბაქტერიებისაგანაც დაცული იყო. ამიტომ, რომ ვერცხლის კოვზით საკვების მიცემა მიკრობებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა ბავშვისათვის.
ამავდროულად, ძველთაგანვე შენიშნეს, რომ ვერცხლი არ შედის რეაქციებში მჟავა საკვებთან და ამ მხრივ პატარებისათვის ვერცხლის ჭურჭლით საკვების მიღება უსაფრთხო იყო, თუმცა გოგირდის შემცველ პროდუქტებთან შეხებისას ვერცხლი შესაძლებელია რეაქციაში შევიდეს გოგირდთან.
თანამედროვე დედები ვერცხლის კოვზს უპირატესობას ანიჭებენ იმიტომ, რომ ის არ შეიცავს ბისფენოლს, მელამინს და ფტალატებს, რასაც ხშირად შეიცავს უხარისხო პლასტმასისაგან დამზადებული საბავშვო ჭურჭელი. შეგასხენებთ, ამ ნივთიერებებს კანცეროგენულ ბუნებასთან ერთად გოგონების სასქესო ჰორმონებზე ზემოქმედების უნარიც აქვთ.
რა ანტიბაქტერიული თვისება შეიძლება გამოავლინოს რამდენიმე წამით ვერცხლის კოვზში დაყოვნებულმა საკვებმა, უცნობია.
გასათვალისწინებელია, რომ ვერცხლი მძიმე მეტალია და მას აქვს უნარი საკვებში გადასვლის შემდეგ ხანგრძლივად დარჩეს ორგანიზმში.
რა რაოდენობით შეიძლება მოხვდეს ამ გზით ვერცხლი ორგანიზმში და რა შეიძლება მომავალში გამოიწვიოს მან, შესწავლილი არ არის.
ამავე დროს მისი გამოყენებისას, ეცადეთ, ფრთხილად მისცეთ საკვები, რათა მეტალის კიდით ნაზი ღრძილები არ დააზიანოთ, ბავშვისათვის
გათვალისწინებულ აქსესუარებს ხომ კიდეები მომრგვალებული და არაბასრი უნდა ჰქონდეს.
ასე, რომ თანამედროვე მედიცინას ამ ეტაპზე არ აქვს განსაკუთრებული აკრძალვა ვერცხლის კოვზის გამოყენებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, რეკომენდაციები მისი გამოყენების სარგებლიანობასთან მიმართებაში.
თავად გადაწყვიტეთ, პატარასთვის ნაჩუქარ ვერცხლის კოვზს პრაქტიკულად მოიხმართ თუ მას საოჯახო რელიქვიად შეინახავთ.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე