Plasmon
მშობიარობის შემდგომი პერიოდი - რჩევები გინეკოლოგისგან

თარიღი: 24 მაისი, 2022

როგორია მშობიარობის შემდგომი პერიოდი?

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მელოგინე ქალს?

როგორია ექიმის რეკომედაციები?

ამ თემაზე ჩაჩავას მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, ლელა შენგელია გვესაუბრება:
ორსულობის შემდეგ ქალებში ხშირად აღინიშნება განწყობის შეცვლა, დეპრესიის განცდა და დაღლილობა. ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებების გამო, სქესობრიბი ცხოვრების სურვილი კლებულობს. სწორედ ამისთვის, ჯერ კიდევ ორსული უნდა მოემზადოს და მომზადებული შეხვდეს შესაძლო დეპრესიას. მშობელთა სკოლაში ხდება ორსულების ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისთვის. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ორსულებს, რომელთაც გავლილი ჰქონდათ ფსიქოლოგიური მომზადება, გაუადვილდათ მშობიარობა და შემდგომი პერიოდი. 

 

როგორ უნდა შეამციროს მელოგინე ქალმა მშობიარობის შედეგად განვითარებული სტრესი?
უპირველესად, საჭიროა ორსულობის დროს დაწყებული ჯანსაღი კვების შენარჩუნება - რაც ფიგურის კორექციის თვალსაზრისითაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - რაც ლაქტაციის პროცესზეც დადებითად აისახება. ფიზიკური აქტივობა - ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეიძლემა მეტი დასვენება და სეირნობა სუფთა ჰაერზე. დღის მანძილზე 6-8 ჭიქა წყლის მიღება, ძუძუთი კვების შემთხვევაში. მშობიარობის შედეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ რკინის პრეპარატების და ვიტამინების მიღება. შეკრულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ბევრი ბოჭკოვანი, ცოცხალი საკვები, ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვნები.

 

რა ხდება ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ?
მშობიარობის შემდეგ ქალების 25-50%-ს აღენიშნება შემცივნება - კანკალი. საშვილოსნო მცირდება ზომაში, რაც იწვევს ტკივილს მუცლის არეში. საშოდან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ყელი და საშო უბრუნდება ორსულობამდე მდგომარეობას. შორისის არე შეშუპებული და მტკივნეულია. ვითარდება ყაბზობა და შარდის გაძლენელბა. არ არსებობს სექსუალური ლტოლვის სურვილი. მკერდში დგება რძე და იწყება ლაქტაციის პროცესი. მენსტრუალური ციკლის აღდგენა იწყება 4-12 თვის ვადაში, მეძუძური დედების შემთხვევაში; არამეძუძური დედების შემთხვევაში კი 3-4 კვირაში. მშობიარობის შემდეგ ქრება ორსულობის ლაქები. ქალი მშობიარობის შემდეგ უცებ კარგავს 6-8 კილოგრამს. იწყება თმის ცვენა და თმის სტრუქტურის აღდგენა იწყება 12 თვეში.

 

რა რჩევებს მისცემთ ქალებს, როგორ შეიმსუბუქონ მუცლის ტკივილი მშობიარობის შემდეგ?
უპირველესად, კონტაქტი იქონიეთ თქვენს ექიმთან და კონკრეტული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ მას. ტკივილის დროს შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. ერიდეთ მუცელზე სათბურის დადებას. ზოგადად, ტკივილი გამოხატულია განმეორებით მშობიარეებში. ტკივილი გადის პირველი კვირის ბოლოს.

 

თქვენ გამონადენი ახსენეთ. როგორი შეიძლება იყოს ის?
1-5 დღემდე გამონადენი არის წითელი ფერის, 5-12 დღეებში ის მოვარდისფრო შეფერილობას იღებს, 12-20 დღის განმავლობაში ის თეთრი ფერისაა და ის შეიძლება გაგრძელდეს 6-8 კვირის მანძილზეც. ქალების უმეტესობაში გამონადენი წყდება 1 თვეში. ქალებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ ახალშობილს, უფრო დიდი რაოდენობით აღენიშნებათ გამონადენი. რაოდენობა მატულობს ლოგინიდან წამოდგომისას, სიმძიმეების აწევის დროს, კიბეებზე სიარულის ან ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის შედეგად. გამონადენი არ უნდა შეიცავდეს კოლტებს, არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი - ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ზოგადად, გამონადენი პირველი სამი კვირის მანძილზე არ უნდა შეწყდეს. საკეისრო კვეთის შემდეგ გამონადენი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.

 

როგორც ახსენეთ, ხშირია შორისის ტკივილი. ამ დროს რა საშუალებით შეიძლება ტკივილის გაყუჩება?
შორისის ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ საანესთეზიო გელი ან სპრეი ექიმის დანიშნულებით. შვებას მოგგვრით ფეხების ბალიშზე დადება და კეგელის ვარჯიშები. პირველი 24 საათის განმავლობაში კარგია ყინულის დადება.

 

მკერდში სისავსის შეგრძნება ასევე ხშირი პრობლემაა. ამ დროს რას ურჩევთ მელოგინეებს?
მოაწოვეთ ბავშვს ძუძუ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოითხოვს. დაიდეთ თბილი კომპრესები და მიიღეთ თბილი შხაპი. ატარეთ კარგად მორგებული ფართობრეტელებიანი მელოგინის ბიუსტჰალტერი. ძუძუს სისავსის განვითარება ხდება 3-5 დღის განმავლობაში. შეიძლება ამან გამოიწვიოს ტემპერატურა. ამიტომ ჩაიტარეთ სპეციალისტის კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოთ ძუძუს ანთება - მასტიტი. დაიბანეთ მკერდი თბილი წყლით ყოველდღე. გაიმშრალეთ რბილი პირსახორცით. ძუძუდან გამონადენის შემთხვევაში, ბიუსტჰალტერში ჩაიფინეთ სპეციალური საფენები, რათა ძუძუს თავები მუდმივად მშრალ მდგომარეობაში იყოს.

 

რას გვეტყვით მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვარჯიშზე?
კომფორტულია, მაგრამ არ არის სასურველი მუცლის დამჭერების ტარება, რადგან ხელს უშლის მუცლის კუნთების ტონუსის აღდგენას, ზღუდავს ნაწლავთა პერისტალტიკას. თუ იყენებთ მუცლის დამჭერს, შეიკარით აუცილებლად ზემოდან ქვემოთ. მსუბუქი ვარჯიშის დაწყება შესაძლებელია მშობიარობის მეორე დღიდანვე. მსუბუქი ვარჯიშია სიარული, მუცლით სუნთქვა, ხელების აწევა, ნიკაპის მიტანა მკერდთან. მუცლის პრესის ვარჯიშების დაწყება რეკომენდირებულია მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ. მელოგინეს დასვენება, ბევრი დადებითი ემოცია და ახლობლების მხარდაჭერა სჭირდება. მელოგინეს განწყობაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ, დაეხმარონ ბავშვის მოვლაში და ეცადონ მარტივად გადაატანინონ მშობიარობის შემდგომი პერიოდი, რომელიც ძალიან მალე გაივლის და ნებისმერი ტკივილი უკვალოდ გაქრება.