თარიღი: 24 ივნისი, 2020
ნაღვლკენჭოვანი დაავადება - ქოლელითიაზი - აქტუალური დაავადებაა ჩვენს ქვეყანაში. როგორია მისი განვითარების მექანიზმი, რას მოიცავს ამ დაავადების მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიჩნეული ლაპარასკოპიული ოპერაციები და რა წარმატებული მეთოდებია დანერგილი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ნაღველკენჭოვანი პათოლოგიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ?
ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი და ლაპაროსკოპიული ქირურგი, ევროპის ენდოსკოპიურ ქირურგთა ასოციაციისა (EAES) და მსოფლიოს გადაუდებელ ქირურგთა კავშირის წევრი (WSES), გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი, ბატონი შალვა გიუაშვილი.
- როგორია ნაღველკენჭოვანი დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში?
საქართველოს პოპულაციის ყოველი მერვე-მეათე მოსახლე დაავადებულია ქოლელითიაზით. დაავადება, ძირითადად, ვითარდება შრომისუნარიან ასაკში 30-დან 60-წლამდე და მისი განვითარების რისკი ქალებში ოთხჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკა მიანიშნებს როგორც დაავადებების შემთხვევების აშკარა მატებას, ასევე, ასაკობრივი დიაპაზონის გაფართოებას, ეს კი დღევანდელი ცხოვრების რიტმითა და არასწორი კვებით არის განპირობებული.
- რა იწვევს ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას?
ნაღვლის ბუშტში კონკრემენტების წარმოქმნა გამოწვეულია ქოლესტერინის ცვლისა და თავად ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით, რასაც ხელს უწყობს:
- კალორიული საკვების ხშირი მიღება,
- არარეგულარული კვება,
- პასიური, უმოძრაო ცხოვრების წესი,
- სიმსუქნე,
- ღვიძლის ინფექციური დაავადებები,
- ორსულობა და ა.შ.
- რა სიმპტომებით გამოვლინდება ნაღველკენჭოვანი დაავადება?
ნაღვლკენჭოვანი დაავადების კლინიკური მანიფესტაცია დამოკიდებულია ამ დაავადების სიმძიმეზე და მის გართულებებზე. რიგ შემთხვევებში გაურთულებელი ქოლელითიაზის არსებობისას დაავადება შეიძლება, მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და გამოაშკარავდეს მხოლოდ გეგმიური გამოკვლევების დროს, ან ატიპური სიმპტომატიკით - გაურკვეველი გენეზის არტერიული ჰიპერტენზია, პიგმენტური ლაქები კანზე, ალერგიული რეაქციები და ა.შ.
ამ დაავადების სიმძიმის პარალერულად ვითარდება ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა:
- მწვავე ქოლეცისტიტი,
- მწვავე ბილიარული პანკრეატიტი,
- ნაღვლის ბუშტის განგრენა,
- ნაღვლის ბუშტის პერფორაცია,
- ქოლედოქოლითიაზი,
- ქოლანგიტი,
- ღვიძლის აბსცესი და სხვა.
ასეთ შემთხვევებში დაავადება გართულებების მიხედვით გამოვლინდება შემდეგნაირად: ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის და მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ირადიაციით ბეჭის არეში, გულისრევა, ღებინება, მწარე გემო, სკელერების და კანის საფარველის სიყვითლე, ცხელება, შემცივნება, კანკალი და ა. შ.
- რა მეთოდებით ხდება ამ დაავადების მკურნალობა ალადაშვილის კლინიკაში?
როგორც მთელი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, ასევე ჩვენთან, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, გაურთულებელი ნაღვლკენჭოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია, რომელიც ოპერაციის შემდგომ ადრეული რეაბილიტაციის საშუალებას გვაძლევს, აქვს შესანიშნავი კოსმეტიკური ეფექტი, ნაკლები საწოლდღე და მკვეთრად ამცირებს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს, როგორიცაა ნაწლავთა შეხორცებითი დაავადება, ინციზიური თიაქარი, პოსტოპერაციული ჭრილობების დაჩირქება და ა.შ.
ჩვენ ასევე ხშირად გვიწევს გართულებული ნაღვლკენჭოვანი დაავადების ქირურგიული მართვა, რაც, სამწუხაროდ, განპირობებულია პაციენტების დაგვიანებული მომართვით. ასეთ შემთხვევებში უმეტესად ვიყენებთ მცირე ინვაზიური მკურნალობის მეთოდებს - მწვავე ქოლეცისტიტის, მათ შორის განგრენული ქოლეცისიტიტის დროს - ლაპაროსკოპიულ ქოლეცისტექტომიას, რაც იძლევა ინტრაოპერაციულად პროცესის უკეთესი მართვის საშუალებას და გვაქვს საუკეთესო ოპერაციის შემდგომი შედეგები.
აგრეთვე ქოლედოქოლითიაზის და ქოლანგიტის შემთხვევაში ვამჯობინებთ ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიას თანდართულ ენდოსკოპიურ პაპილოსპინქტეროტომიას სადინრიდან კონკრემენტის ექსტრაქციით (კენჭის მოცილება). დღეს გართულებული ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს მცირე ინვაზიური ქირურგიის წარმოება აგეთვე ითვლება მკურნალობის ოქროს სტანდარტად და წარმატებული შედეგები დამოკიდებულია ქირურგის კვალიფიკაციასა და ტექნიკურ აღჭურვაზე. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ლაპაროსკოპიული ჩარევა ოპერაციის შემდგომ საუკეთესო ადრეულ და შორეულ შედეგებს გვაძლევს.
- რას ურჩევდით პაციენტებს?
ნაღვლკენჭოვანი დაავადების რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებს მინდა ვურჩიო ჩაიტარონ გეგმიური კვლევები, მინიმუმ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა და ამ დაავადების დადასტურების შემთხვევაში დროულად იმკურნალონ თანამედროვე ქირურგიული მეთოდებით, რაც იქნება ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულებების თავიდან აცილების გარანტია.