Plasmon
ორალური ალერგიის სინდრომი ან იგივე მცენარე-საკვების სინდრომი

თარიღი: 22 აპრილი, 2021

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, მადონა დევიძის ძალიან საინტერესო სტატია ორალური ალერგიის, იგივე მცენარე-საკვების სინდრომზე.

ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულში ნაპოვნი ცილები ძალიან ჰგავს მცენარეული ალერგენების ცილებს. ამ ცილებმა ჯვარედინი რეაგირების გამო, შეიძლება იმუნური სისტემა შეცდომაში შეიყვანონ და გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები ან არსებული სიმპტომების გაუარესება. მცენარე და საკვების მიერ გამოწვეულ ასეთი ტიპის ჯვარედინ რეაქციას ორალური ალერგიის სინდრომი ან მცენარე - საკვების სინდრომი ეწოდება. მცენარეების მიმართ ალერგიული ადამიანის ორგანიზმი, რომელსაც როგორც წესი აქვს პოლინოზი ალერგიული რინიტის გამოვლინებით (თივის ცხელება), ზოგიერთი ხილის, ბოსტენულის ან თხილეულის მიღების დროს ცნობს მსგავს ცილებს და იწყებს ალერგიის სიმპტომების განვითარებას.  
ორალური ალერგიის სინდრომი კონტაქტური ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ვლინდება დაუყოვნებლივ უმი ხილის ან ბოსტნეულის შეხების შემდეგ პირის ღრუს ან ყელის ლორწოვანთან.
მცენარე- საკვების სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
- პირის ღრუს, ტუჩების, ენის ან/და ყელის (ხორხის) ქავილი ან შეშუპება;
- „ჩხვლეტის“  ანწვისშეგრძნებ პირის ღრუში;
- ხანდახან, მუცლის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება;
- ცემინება, გამონადენი ცხვირიდან ან თვალის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ცხვირში ან თვალებში დამნაშავე საკვების მცირე რაოდენობით მოხვედრის გამო;
- იშვიათად, ხორხის შეშუპება, რაც ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას იწვევს;
- ძალიან იშვიათად, სისტემური რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება;

სიმპტომები
სიმპტომები, ჩვეულებრივ, უმი ხილის ან ბოსტნეულის ჭამისთანავე ჩნდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, რეაქცია შეიძლება განვითარდეს საკვების მიღებიდან ერთ საათზე მეტი დროის შემდეგ. ზოგადად ორალური ალერგიის სინდრომი ითვლება კვებითი ალერგიის მსუბუქ ფორმად. ის შეიძლება განვითარდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა უფრო ხშირად ვლინდება იმ მცენარის ყვავილობის სეზონზე, რომელიც პაციენტისათვის ძირითადი ალერგენია. მაგალითად, მოზრდილთა 50 – დან 75% –მდე, რომელიც ალერგიულია არყის ხის მიმართ, განიცდიან ორალური ალერგიის სინდრომს ვაშლის ან ნიახურის ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით თუკი ისინი ამ საკვებს მიიღებენ არყის ხის ყვავილობის დროს.

მცენარე-საკვების სინდრომის დროს კანის სინჯები დადებითია მცენარეზე და არა მასთან ჯვარედინად მორეაგირე საკვებზე, თუმცა კლინიკურად ასეთი პაციენტები თვლიან, რომ ისინი ასევე ალერგიულები არიან საკვების მიმართ. მოლეკულური დიაგნოსტიკა, ინოვაციური მეთოდი, იძლევა საშუალებას, გაიგო რომელია პაციენტისათვის ძირითადი ალერგენი და რომელი ძირითადთან ჯვარედინად მორეაგირე.


ჯვარედინადმორეაგირე მცენარეები და საკვები პროდუქტები არიან:
არყის ხე: მარწყვი, ვაშლი, გარგარი, ალუბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, კივი, ნუში, სტაფილო, ნიახური, ქინძი, თხილი;
ბალახები: ნესვი, საზამთრო, პომიდორი, ატამი, ფორთოხალი, ნიახური;
სარეველები: ნესვი, საზამთრო, ბანანი, მზესუმზირა, კიტრი, ყაბაყი და სხვ.

ზოგ ადამიანს სიმპტომები მხოლოდ ერთი საკვებზე აღენიშნება, ზოგს კი სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულზე. არსებობენ ადამიანები, რომელთაც რეაქცია ხილის მხოლოდ კონკრეტულ ჯიშზე აქვთ, მაგალითად, ვაშლის სპეციფიკური ჯიშები.

 

მცენარე - საკვების სინდრომის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია:
- მოერიდოთ თქვენთის საზიანო საკვების მიღებას მასთან ჯვარედინად მორეაგირე მცენარის ყვავილობის დროს;
- არ მიირთვათ უმი ხილი და ბოსტნეული და მიირთვით თერმულად დამუშავებული, რადგან ასეთ დროს ხდება იმ ცილების დაშლა, რომლებიც ორალური ალერგიის სინდრომის განვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი;
- ასევე კონსრერვირებული ხილისა და ბოსტნეულის მიღება შეამცირებს მცენარე-საკვების სინდრომის გამოვლინების შანსს;
- მიირთვით გათლილი ხილი და ბოსტნეული, რადგან ცილების უმეტესობა განლაგებულია სწორედ მათ კანში;
კვლევების მიხედვით, ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის ჩატარება მცენარეზე (ალერგიული ვაქცინაცია) დადებითდ მოქმედებს მცენარე-საკვების სინდრომის შემსუბუქებაზეც.