Plasmon
ორსულობა, ალერგია და კოვიდ-19-ი

თარიღი: 16 ნოემბერი, 2020

სტატიის ავტორია ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე

ორსულობა, ალერგია და კოვიდ-19-ი

 

ორსულები ზოგადად, არაორსულ პოპულაციასთან შედარებით, კორონავირუსით უფრო ადვილად დაინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ არ იმყოფებიან. თუმცა, ორსული ქალები, განსაკუთრებით კი ორსულები 35 წლის ზემოთ, ჭარბი წონით და უკვე არსებული ისეთი ქრონიკული სამედიცინო მგომარეობებით, როგორებიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები - იმყოფებიან COVID-19-ის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ.

 

• ასთმა, ორსულობა და კოვიდ-19-ი

არსებობს მცირე მონაცემები, რომ ბრონქული ასთმა ასოცირდება COVID-19– ით ინფიცირების მომატებულ რისკთან ან დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან ზოგად პოპულაციაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საშუალო და მძიმე ასთმით დაავადებულებს შეიძლება ჰქონდეთ COVID-19– ის მძიმე დაავადების განვითრების რისკი. ამიტომ, ძირითადი რეკომენდაცია ასთმის მქონე პაციენტთათვის, არის ასთმის კონტროლის შენარჩუნება.

ასთმის მაკონტროლებელი თერაპიის შემცირებამ შეიძლება გამწვავების რისკის ქვეშ დააყენოს ასთმის მქონე ორსულები, რაც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, რის შედეგადაც ისინი შეიძლება მოექცნენ კორონავირუსის ზემოქმედების გაზრდილი რისკის ქვეშ.

ორსულებში ხშირია სუნთქვის გაძნელების ეპიზოდები ფიზიოლგიურადაც. ასთმის მქონე ორსულებში ეს ეპიზოდები შეიძლება იყოს დაკავშირებული, როგორც თავად ასთმის გამწვავებასთან, ასევე ნაყოფის ზრდასთნ ერთად ანატომიურ ზეწოლასთან ფილტვებზე. მნიშვნელოვანი საკითხია პანდემიის დროს ნიღბის ტარების აუცილებლობა ასეთ პაციენტებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღბის სწორი გამოყენების შემთხვევაში, იგი არ ამცირებს ჟანგბადის დონეს ან არ იწვევს ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის დიდი დოზით ჩასუნთქვას. ნიღბის ტარება შეიძლება იწვევდეს მხოლოდ მცირე დისკომფორტს, თუკი ორსულის თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადება არის კარგად ნამკურნალები. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, თქვენივე დაცვისათვის, თავი არ აარიდოთ ნიღბის ტარებას, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როგორც ვიცით ნიღბის ტარება 100%-ით ვერ გვიცავს დაინფიცირებისაგან, თუმცა ასეთის დროს, ორგანიზმში ხვდება ვირუსის გაცილებით ნაკლები რაოდენობა და რაც დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება.

 

• ალერგიული რინიტი, ორსულობა და კოვიდ-19-ი

ალერგიული რინიტი ხშირად ასოცირებულია ალერგიულ ასთმასთან.

ალერგია ზოგადად, მათ შორის ალერგიული რინიტი და მსუბუქი ალერგიული ასთმა, არ ითვლება SARS-CoV-2-ით დაინფიცირების გაზრდილ ან კოვიდ 19-ის მძიმე დაავადების განვითრების რისკად. თუმცა, არანამკურნალები ალერგიული რინიტი ხშირი ცემინების და სურდოს გამო იწვევს დისკომფორტს და ართულებს ჰიგიენის წესების დაცვას ან ნიღბის სწორად ტარებას, ასევე ახშირებს ხელებით სახის შეხების სიხშირეს. ამიტომ პანდემიიის დროს ასევე მნიშვნელოვანია ალერგიული რინიტი იყოს კონტროლირებული.

ორსული ქალების არანაკლებ 20% -ისა, აღენიშნებათ რინიტი და ის შეიძლება დაიწყოს გესტაციის ნებისმიერ დროს. ორსულობის დროს ანამნეზში არსებული რინიტი შეიძლება გაუარესდეს, გაუმჯობესდეს ან დარჩეს უცვლელი (ორსულების 1/3-ს, რომელთაც ანამნეზში აქვთ ასთმა და ალერგიული რინიტი,  ურთულედებათ ის, 1/3-ს უმცირდებათ სიმპტომები და 1/3-ი არ განიცდიან არანაირ ცვლილებას). ორსულებში ალერგიული რინიტის თერაპია ნაჩვენებია მაშინ, თუკი სიმპტომები პერსისტიულია (ხშირია) ალერგენის თავიდან აცილების მიუხედავად.

 

• ეგზემა, ორსულობა და კოვიდ-19-ი

ორსულობის დროს ჰორმონები იწვევენ კანის სხვადასხვა ცვლილებებს - სიმშრალეს, ორსულობით ინდუცირებულ ეგზემას და სხვას. პანდემიის დროს ხელის ჰიგიენის დაცვა ართულებს ამ მდგომარეობებს. ხელების დაბანა არასაპნის შემცველი საპნებით უმჯობესია, ვიდრე ხელის სანიტაიზერების (ალკოჰოლის მაღალი შემცველობით) გამოყენება. განსაკუთრებით, თუკი დაბანის შემდეგ დაუყოვნებვლივ იყენებთ დამატენიანებელ საშუალებებს. გარეთ ყოფნის შემთხვევაში, რეკომენდებულია ასევე თან ატაროთ ხელის დამატენიანებელი კრემები ეგზემის გამწვავების თავიდან ასარიდებლად.

 

- რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს კოვიდ-19-ი ორსულებში?

ორსული ქალების უმეტესობა, რომლებიც ინფიცირებულნი იყვნენ SARS-CoV-2- ით, განიცდიდნენ მხოლოდ მსუბუქ ან ზომიერი გაციების / გრიპის მსგავს სიმპტომებს.

ყველაზე გავრცელებული COVID-19-ის სიმპტომები ორსულ ქალებში ერთ-ერთი ანალიზის მიხედვით (11 000 ინფიცირებული ორსული) იყო: მაღალი ტემპერატურა (40%) და ხველა (39%). ნაკლებად ხშირი სიმპტომები იყო: დისპნოე, მიალგია, გემოს დაკარგვა და დიარეა (10% -ზე მეტ ორსულ ქალებში)*. 

*The PregCOV-19 Living Systematic Review 

 

- რაში მდგომარეობს ორსულებში კოვიდ-19-ის გართულების რისკი?

ორსულები, თუკი მათ უვითარდებათ კოვიდ-19-ის მძიმე დაავადება, უფრო ხშირად ხვდებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეპროდუქტიული ასაკის არაორსულ ქალებთან შედარებით. ასევე მათ უფრო ხშირად სჭირდებათ ფილტვების ინვაზიური ვენტილაცია და ECMO (ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია)*.

არაორსულ პოპულაციასთან შედარებით ორსულებში კოვიდ-19 ის სიმპტომებით უფრო მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც.

*Center for Disease Control and Prevention. USA (400,000 women with symptomatic COVID-19 analysis)

 

- ორსულობის რომელ პერიოდშია უფრო საშიში კოვიდ-19-ით დაავადება?

სხვადასხვა კვლევების მიხედვით ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მესამე ტრიმესტრში, უფრო ხშირად ვითარდება კოვიდ 19-ის მძიმე დაავადება, პირველ ნახევართან შედარებით.

 

- რომელი ორსულები იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ორსულები:

1. ჭარბი წონით (BMI 25–29) ან სიმსუქნით (BMI 30 და მეტი)

2. ორსულობამდე არსებული თანმხლები დაავადებებით (ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ქრონიკული ჰიპერტენზია)

3. ასაკით 35 წელი და ზემოთ

4. სოციალურ-ეკონომიკურად დაბალი ფენის წარმომადგენლები

5. სამედიცინო მუშაკები და სხვა საჯარო საქმიანობის სფეროებში მოღვაწე ორსულები*

*Coronavirus (COVID-19) Infection in Pregnancy (Royal College of Obstetricians and Gynaecologists)

 

აღსანიშნავია რასობრივი თავისებურებებიც. შეინიშნება, რომ შავკანიანები ან ესპანური რასის წარმომადგენელი ორსულები, უფრო ავადობენ მძიმე კოვიდ-19-ით კავკასიურ რასასთან შედარებით.

 

- გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლადყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე და რა გართულებებს შეიძლება ველოდეთ?

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინფექციის ვერტიკალური გადაცემა არ ხდება, თუმცა ჯერ მაინც კარგად ცნობილი არ არის, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსით ინფიცირებამ ორსულობის დროს ნაყოფზე და მომავალში ბავშვის ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა კვლევების თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ ორსულ ქალებს უფრო ხშირად დაუფიქსირდათ ნაადრევი მშობიარობა, უფრო ხშირად დასჭირდათ საკეისრო კვეთა, ხოლო ახალშობილები უფრო ხშირად მოხვდნენ ნეონატოლოგიურ განყოფილებაში. 

 

- დასაშვებია თუ არა ძუძუთი კვება ინფიცირებული დედის მიერ არაინფიცირებული ჩვილის შემთხვევაში?

ძუძუთი კვება და ბავშვის მოვლა, ჰიგიენის წესების დაცვით, შესაძლებელია კოვიდ ინფიცირებული დედის შემთხვევაშიც. საჭიროა კვების წინ ხელების დაბანა,მკერდის ჰიგიენა და ნიღბის გაკეთება ყოველთვის ბავშვთან მიახლოვებისას.

 

- როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა პანდემიის დროს და რა გაითვალისწინონ?

ორსულებზე, სხეულისა და იმუნური სისტემის ცვლილებების გამო, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად  მძიმედ მოქმედებს რესპირაციული ინფექციები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ორსულებმა კორონავირუსისაგან თავის დასაცავად, განსაკუთრებულად დაიცვან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაცია და ამ დაავადების შესაძლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მათ შორის ცხელება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება), დროულად დაუკავშირდნენ ექიმს.

როგორ უნდა დაიცვან თავი ორსულებმა ინფიცირების თავიდან ასარიდებლად:

- დაიცავით ზედმიწევნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საპროფილაქტიკო ღონისძიებები: ატარეთ ნიღაბი, დაიბანეთ ხშირად ხელები და დაიცავით 2 მეტრის დისტანცია.

- გარეთ ყოფნის შემთხვევაში ხშირად გამოიყენეთ 60% და მეტი ალკოჰოლის შემცველი ხელის სანიტაიზერები

- მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს

- შეამცირეთ კონტაქტები მაქსიმალურად, ასევე თქვენს ახლო კონტაქტებს სთხოვეთ ანალოგიურად შეამცირონ კონტაქტები შეძლებისდაგვარად

- მეგობრებთან და ახლობლებთან საურთიერთოდ ისარგებლეთ სოციალური ქსელებით

- აუცილებელია ორსულებმა არ გამოტოვონ რეგულარული ვიზიტი მეან-გინეკოლოგთან, იქნება ეს ონლაინ კონსულტაცია, თუ თანმხლები დაავადებების შემთხვევაში პირადი ვიზიტი თქვენს მკურნალ ექიმთან.

- ორსულები მიდრეკილნი არიან ტრომბოზების განვითრებისაკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩეთ აქტიურები, ივარჯიშოთ რეგულარულად, გაიზომოთ სახლში არტერიული წნევა, მიიღოთ საკმარისი სითხე (2 ლიტრამდე დღეში) და იკვებოთ სწორად

- პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თქვენ მეან-გინეკოლოგთნ შეთანხმებით.