Plasmon
ორსულობა და გულის დაავადებები

თარიღი: 24 სექტემბერი, 2023

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი ნონა დოლიძე.


სამედიცინო განმარტებით ორსულობა ეწოდება ფიზიოლოგიურ პროცესს მომავალი დედის სხეულში განაყოფირებული კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ბავშვად ჩამოყალიბებამდე, რომელიც ბავშვის დაბადებით სრულდება. იგი ფასდაუდებელი საჩუქარი და ქალის ცხოვრებაში ყველაზე მშვენიერი, ბედნიერებთ სავსე პერიოდია, თუმცა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაცაა და  თან ახლავს გაორმაგებული პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ნაყოფის კეთილდღეობა. ნაყოფი მართალია დამოუკიდებელი ორგანიზმია, დამოუკიდებელი ორგანოთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა აქვს, თუმცა იგი ვერ იარსებებს დედის ორგანიზმის გარეშე და მასთან კავშირი სპეციალური სისხლძარღვის - ჭიპლარის მეშვეობით ხორციელდება.


ბუნებრივია, ორსულ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი კითხვა ებადება, რომლის პასუხებსაც სხვა დედებისგან, თუ ინტერნეტფორუმებიდან იღებს. ხშირად ამ კითხვებზე პასუხები არაკომპეტენტურია. ორსულობის დროს ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომი  კი შესაძლოა  სერიოზული დაავადების გამოვლინება იყოს, რაც ორსულობაზე მძიმედ აისახება ხოლმე. სწორედ ამიტომ ორსულებს დიდი ყურადღება მართებთ. ნებისმიერი პრობლემა მხოლოდ ექიმთან კომუნიკაციით უნდა მოგვარდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე გულს ეხება.
ხშირად ქალები, რომლებსაც გულის დაავადებები აწუხებთ, ფიქრობენ, რომ მათთვის ორსულობა დაუშვებელია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გულის პათოლოგიები არ წარმოადგენს დედად გახდომის ხელშემშლელ ფაქტორს, დაავადების სწორი მართვის პირობებში.მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი და საკმაოდ იშვიათი გულის პათოლოგიებია, რომელთა დროსაც არ შეიძლება ორსულობა.

ორსულობის მომენტიდან ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება. იცვლება ყველაფერი: ცხოვრებისეული მიზნები, გუნება-განწყობა, საკუთარ თავსა და ახლობლებთან დამოკიდებულება, თუმცა განსაკუთრებით იცვლება ორგანიზმი, რომელსაც მთელი 9 თვის განმავლობაში უწევს გადაეწყოს იმისთვის, რათა ახალ ადამიანს სიცოცხლე აჩუქოს. ცხადია ცვლილებები დედის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც ეხება. მეტიც, ეს სისტემა ყველაზე მეტად მოითხოვს ახალ - უჩვეულო მდგომარეობასთან ადაპტირებას.


ორსულობა საკმაოდ დიდი დატვირთვაა გულისა და სისხლძარღვებისთვის, შესაბამისად ისინი მეტი დატვირთვით ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ამ დროს სისხლის მოცულობა 30-50%-ით იზრდება, რომ ნაყოფის მომარაგება სრულყოფილად მოხდეს. ერთი წუთის განმავლობაში გულს მეტი ოდენობით სისხლის გადასროლა უწევს  და შესაბამისად კომპენსაციის მიზნით მკვეთრად იზრდება გულისცემაც. ორსულის პულსმა შესაძლოა წუთში 100-120 დარტყმა შეადგინოს. პულსის სიშირის გაზრდას ტაქიკარდია ეწოდება. 

ტაქიკარდიამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს ჩვეულ მდგომარეობაში, თუმცა ორსულობის პერიოდში გულის შეკუმშვათა ზრდამ  არ შეიძლება გამოიწვიოს გართულება ქალის, ან ნაყოფისთვის. ეს მოვლენა სრულიად ნორმალურია და ჩარევას არ საჭიროებს. ასე რომ, ორსულობის დროს არსებული ტაქიკარდია, ანუ გულისცემის/პულსის აჩქარება ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია, ხოლო მშობიარობის შემდგომ პულსის სიხშირის შემცირება თავისთავად ხდება.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კოფეინი, რასაც ჩაი, თუ ყავა შეიცავს, თავად იწვევს ტაქიკარდიას. ასე რომ, თუ ამ ფონზე გულისცემა მნიშვნელოვნად იმატებს, დაუყოვნებლივ უნდა შეიზღუდოს, ან აიკრძალოს მათი მიღება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გულისცემის მნიშვნელოვანმა გახშირებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიკომფორტი ძლიერი დაღლილობის, თავბრუხვევის, სუნთქვის გახშირების და  გაძლიერებული გულისცემის შეგრძნების სახით. ასეთ შემთხვევაში  ექიმის ინფორმირებაა აუცილებელი.


ორსულობის პერიოდში ხშირია არტერიული წნევის ცვლილება. უფრო ხშირად იგი მცირდება, თუმცა შესაძლოა პირიქით, მოიმატოს. თუ სისტოლური(ზედა)  წნევა ≥  140 მმ.ვწყ.სვ. და/ან დიასტოლური წნევა ≥ 90 მმ.ვწყ.სვ., ეს უკვე ორსულთა ჰიპერტენზიაა და თანამედროვე მონაცემებით ორსულთა  10%-ში ფიქსირდება. მაღალი წნევის მიზეზი შესაძლებელია ორსულობამდელი პათოლოგია იყოს, ან მისი განვითარების მიზეზი თავად ორსულობა გახდეს. ორსულთა ჰიპერტენზია ტრანზიტორულად, პრეეკლამფსიად და ეკლამფსიად იყოფა. ბოლო შემთხვევები მძიმე მდგომარეობაა,  შესაძლოა დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ამიტომ ხშირად სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს.

გამომწვევი მიზეზი სამწუხაროდ, უცნობია. პათოგენეზის მთავარი  რგოლი პლაცენტასა და საშვილოსნოს შორის სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. ეს კი იწვევს თრომბოზებს, სისხლჩაქცევებს და ფაქტობრივად ყველა ორგანოს აზიანებს. აღნიშნული მიზეზების პრევენციის მიზნით არტერიული წნევის გაზომვა ხდება ექიმის მიერ ყველა ანტენატალურ ვიზიტზე, ხოლო თუ დადასტურებულია არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა, აუცილებელია წნევის რეგულარული თვითკონტროლი.


უმნიშვნელოვანესი საკითხია ორსულთა მედიკამენტური მკურნალობა, ამ დროს ძირითადი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, რასაც ექიმი პაციენტს უნიშნავს, კატეგორიულ წინააღმდეგჩვენებას წარმოადგენს ორსულ ქალებში. თანამედროვე 2023 წლის ევროპული რეკომენდაციების მიხედვით ორსულთა ჰიპერტენზიის შემთხვევაში მხოლოდ 3 სახის პრეპარატებია ნაჩვენები: ლაბეტალოლი, დოპეგიტი და გახანგრძლივებული მოქმედების ნიფედიპინი, თუმცა ისინი ინიშნება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ, თვითმკურნალობა დაუშვებელია. ასევე აუცილებელია სისხლისა და შარდის ტესტების მკაცრი კონტროლი, არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორიული მონიტორინგი.


ორსულობის მიმდინარეობისას შესაძლებელია გულმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და სხვადასხვა დარღვევამ იჩინოს თავი, მით უმეტეს, თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა გულის რაიმე დაავადება. ზოგმა არც კი იცის დაავადების შესახებ, სანამ ორსულობა, როგორ სტრესი არ პროვოცირებს მას.  არსებული დაავადება შესაძლოა გამწვავდეს და გართულდეს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია გულის ფარული პათოლოგია პირველად სწორედ ორსულობის დროს გამოვლინდეს.

გულის დაავადება მაშინ არის საეჭვო, როცა მცირე ფიზიკური, თუ ემოციური დატვირთვაც კი ძლიერ დაღლას, სუნთქვის გაძნელებას იწვევს, როცა გულის აჩქარება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაზეც კი იწყება, ან მკვეთრი ქოშინი ვითარდება. ექიმი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნული სიმპტომების შესახებ. გამორიცხული არ არის, არსებულ ჩივილებს გულის დაავადებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს, შფოთვითა და განცდებით იყოს განპირობებული, რასაც ასევე შეუძლია ზიანი მიაყენოს ორსულის ჯანმრთელობას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულის პათოლოგია უნდა გამოირიცხოს.


ორსულობის დროს ყველაზე საშიში გულის დაავადება კარდიომიოპათიაა.  იგი გულის ზომის მნიშვნელოვანი გადიდებითა და მისი კუმშვადი უნარის ძლიერი დაქვეითებით ვლინდება, რაც გულის პრიგრესირებად უკმარისობას იწვევს. ეს ძირითადად ე.წ. პერიპარტული კარდიომიოპათიაა, რაც უფრო მეტად ორსულობის ბოლო პერიოდში ვითარდება და საბედნიეროდ იშვიათია. 

გაცილებით ხშირია გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, ანუ გულის მანკები. ამ დროს სარქვლები სისხლს კარგად ვერ ატარებს, სისხლი სწორი - წინ მიმართული დინების ნაცვლად რეტროგრადულად, ანუ უკუმიმართულებით ბრუნდება, ან კიდევ სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე ერთმანეთს ერევა და გულის მუშაობა ირღვევა. გულის მანკები  შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან შეძენილი. რეპროდუქციულ ასაკში უფრო მეტად თანდაყოლილი მანკები გვხვდება. ძალიან იშვიათია გულის კორონარული დაავადება, ვინაიდან  იგი უფრო მეტად ასაკოვანი ქალების ხვედრია. 

ზოგჯერ გულის პათოლოგია ორსულ ქალს არავითარ პრობლემას არ უქმნის, თუმცა ისეც ხდება, რომ იგი სერიოზულად არღვევს ქალის ჯანმრთელობას და ხშირად გულის უკმარისობითა, თუ  რითმის დარღვევის სახით გვევლინება. გულის არითმიები ორსულობის პერიოდში საყურადღებო ნიშანია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ნაკლებად საშიში და არააგრესიულია, მეტადრე მაშინ, როცა რითმის მოშლა გულის ორგანული პათოლოგიის გართულება არ არის.

კვლავ ორსულთა მედიკამენტური მკურნალობას დავუბრუნდეთ. კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია წამალი, რომელსაც გვერდითი მოვლენა არა აქვს. 

ზოგი მედიკამენტის მიღება უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფზე, თუმცა როცა სარგებელი რისკს აჭარბებს, მისი მიღება აუცილებელია. ფეხმძიმე ქალის მიერ მიღებული წამლები ნაყოფის ორგანიზმში ძირითადად პლაცენტის გავლით აღწევს, ანუ იმავე გზით, რითაც ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ორსულობისას მიღებულმა მედიკამენტებმა შეიძლება ნაყოფზე იქონიოს არასასურველი გავლენა. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვთა თანდაყოლილი პათოლოგიები, უარეს შემთხვევაში კი - ორსულობის შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტების მიღება დაუშვებელია. არ შეიძლება სხვათა გამოცდილების გაზიარება - "მე მიშველა და შენც გიშველის“, "მეზობელს ძალიან მოუხდა“ და ა.შ.  

ჩვენს ქვეყანაში შემუშავებულია ეროვნული პროტოკოლი, სადაც ორსულობის პერიოდში არსებული გულის ნებისმიერი  დაავადების დროს დეტალურად არის განხილული,  თუ რომელი პრეპარატის დანიშვნა არის შესაძლებელი და რომლის არა. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმთა მკაცრი პრეროგატივაა. არცთუ იშვიათია  გულის მექანიკური სარქვლის არსებობა ორსულ ქალებში, ვინაიდან ასეთი სახის სარქვლებით დაზიანებული სარქვლის ჩანაცვლება ძირითადად ახალგაზრდა ასაკში ხდება. იგი  მთელი ცხოვრების მანძილზე ვარფარინით მკურნალობას საჭიროებს, რომლის გარეშეც სარქველი შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს და ორსულ ქალს დიდი პრობლება შეუქმნას. თუმცა, ვარფარინი არ არის სრულყოფილად უსაფრთხო პრეპარატი და  მისი მიღების სქემა მკაცრად უნდა იყოს დაცული. თანამედროვე გაიდლაინების(სახელმძღვანელოების) მიხედვით მისი მიღება(თუ ის არ არის დიდი დოზა) დასაშვებია მე-2 და მე-3 ტრიმესტრიდან 36-ე კვირამდე, მკურნალობას  კი ცალსახად მხოლოდ ექიმი მართავს.


ორსულ ქალებში გულის ზოგიერთი დაავადების დროს მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა არც კი იყოს საჭირო და ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით აქტუალურია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. კარდიოლოგიური პრობლემის არსებობის დროს ნებისმიერი ფაქტორი, რაც ორგანიზმის დატვირთვას გაზრდის, თავიდან უნდა ავიცილოთ, რადგან ყოველგვარი ზედმეტი აქტივობა -  ფიზიკური, თუ  ემოციური, საბოლოოდ გულის მუშაობაზე აისახება. ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის მასის კონტროლი, ჯანსაღი კვება, რეკომენდებული აერობული ვარჯიშები. ვარჯიშის საუკეთესო - უნივერსალური სახე კი ფეხით სიარულია. გასათვალისწინებელია, რომ ვარჯიში რეგულარული და დოზირებული უნდა იყოს. ისეთი სახის ფიზიკური აქტივობა, რაც ორსულ ქალში იწვევ დისკომფორტს ძლიერი დაღლის, სუნთქვისა და გულისცემის გახშირების სახით მიზანშეწონილი არ არის

 

წყარო : ჩაფიძის გულის ცენტრი • Chapidze Emergency Cardiology Center