Plasmon
ორსულთა ტოქსიკოზი

თარიღი: 19 მარტი, 2024

ტოქსიკოზი ყველა ორსულისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. ხშირად ორსულობას პირველად სწორედ გულისრევა და ღებინება გვაეჭვებინებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტოქსიკოზი მხოლოდ ღებინებასა და გულისრევას არ გულისხმობს – ის შეიძლება მრავალი სხვა სიმპტომითაც გამოვლინდეს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ტოქსიკოზი, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე შემაწუხებელია, საშიში არ არის – ის უმეტესად ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების გამოვლინებაა და თავის დროზე გაივლის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს რომ საქმე ყოველთვის ასე უბრალოდ არ მთავრდება – ზოგჯერ ტოქსიკოზი მძიმე და საშიშ გართულებებს იწვევს და დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქადის.
ტოქსიკოზის მიზეზებზე, გამოვლინებებზე, მის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება დ. გაგუას კლინიკის ექიმი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო ქანთარია.

რა არის ტოქსიკოზი და რამდენად ხშირია ის ორსულებში?
ორსულთა ტოქსიკოზი პოლისიმპტომური დაავადება, უფრო სწორად, მდგომარეობაა. სტატისტიკური მონაცემებით, ის ორსულთა 50-60%-ს აღენიშნება, თუმცა მათ მხოლოდ 10%-ს თუ სჭირდება ექიმის ჩარევა. ორსულთა ტოქსიკოზისთვის დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, თავბრუხვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია). განასხვავებენ ორსულობის ადრეული და გვიანი ხანის ტოქსიკოზებს. ადრეული ხანის ტოქსიკოზი ჩასახვიდან მე-12 კვირამდე, ანუ ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში გრძელდება, გვიანი კი მესამე ტრიმესტრში (24-36-ე კვირას) იჩენს თავს და მას პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას ვუწოდებთ.
არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის იშვიათი ფორმებიც, მაგალითად, ორსულთა დერმატოზები, რომელთა დროსაც კანზე გამონაყარი ჩნდება, ორსულთა ტეტანია და კრუნჩხვები. ძალიან იშვიათი ფორმებია ორსულთა ოსტეომალაცია (ძვლის დარბილება), ორსულთა სიყვითლე და ბრონქული ასთმა. თუმცა ტოქსიკოზზე საუბრისას ძირითადად მაინც გულისრევასა და ღებინებას ვგულისხმობთ.
ორსულთა ტოქსიკოზის ყველა შემთხვევა პათოლოგიად არ მიიჩნევა, შესაბამისად, ყოველთვის არც მკურნალობაა საჭირო, თუმცა მისი ნებისმიერი გამოვლინებისას აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს ორგანიზმის მდგომარეობას, დაადგენს ტოქსიკოზის სიმძიმის ხარისხს და სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ტაქტიკასაც შეარჩევს.

რა იწვევს ორსულთა ტოქსიკოზს?
ტოქსიკოზის უშუალო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მრავალი მკვლევარი უკვე წლებია ცდილობს შეისწავლოს ეს ფენომენი, თუმცა საერთო აზრამდე მეცნიერები ჯერ არ მისულან. ზოგიერთი მათგანი ვარაუდობს, რომ მიზეზი ორგანიზმის “ინტოქსიკაციაა”. მოგეხსენებათ, ორსულობა ჩასახვის ადრეულ პერიოდში დედის ორგანიზმისთვის რამდენადმე უცხო მდგომარეობაა. მას დრო სჭირდება, რათა ახალ ყოფას შეეჩვიოს, ამიტომ ჩასახვიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში ორგანიზმში მიმდინარე გრანდიოზულ ცვლილებებს მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პასუხობს. აღნიშნულ მექანიზმებში შესაძლოა ალერგიული და იმუნოლოგიური ფაქტორებიც მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ჰორმონული ცვლილებებიც, ორსულობისას ქალის ორგანიზმში რომ ხდება. ასეთი ჰორმონული ბუმი არც ერთ სხვა მდგომარეობას არ ახასიათებს. უნდა ვახსენოთ ნეიროჰუმორული ფაქტორები და ორსულობის მიმართ დედის ფსიქოლოგიური განწყობაც. ლაბილური ფსიქიკის მქონე პაციენტები ორსულობისას ზოგჯერ ისტერიამდეც კი მიდიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ შვილი არ უნდათ ან დედობისათვის მზად არ არიან; უბრალოდ, ყველას ფსიქიკა ერთნაირად არ რეაგირებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ქალის ფსიქოლოგიურ განწყობას ტოქსიკოზის განვითარებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის.

რით განისაზღვრება ტოქსიკოზის სიმძიმე?
ადრეული ხანის ტოქსიკოზებში, სიმძიმის მიხედვით, რამდენიმე ხარისხს გამოყოფენ.
მსუბუქი ტოქსიკოზის დროს ორსულს დღეში 2-3-ჯერ აღებინებს, უმეტესად – დილით, გაღვიძებისთანავე, ზოგჯერ კი საუზმის შემდეგ. შესაძლოა, ღებინება საკვების სუნმაც კი გამოიწვიოს. ეს მდგომარეობა, თუ პაციენტი სათანადოდ მოიქცევა, საშიში არ არის, ორსულობის მე-12 კვირის შემდეგ თავისთავად გაივლის და ექიმის ჩარევას არ მოითხოვს.
უფრო მეტჯერ, დაახლოებით 8-10-ჯერ ღებინება უკვე საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზზე მიანიშნებს. ორსულს ეცვლება გუნება-განწყობა, უქვეითდება შრომის უნარი, შესაძლოა, თავი იჩინოს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნებმა, ვითარდება კანის სიმშრალე, შარდში ჩნდება ცილა. ამ შემთხვევაში ორსულის სტაციონარში მოთავსებაა საჭირო. ჩვენს კლინიკაში ასეთ პაციენტებს დღის სტაციონარში ვათავსებთ და დაკარგული სითხის აღდგენაში ვეხმარებით, თუმცა ამ დროს წყალმარილოვანი დანაკარგი არც ისე დიდია და დროული ჩარევის შედეგად მდგომარეობა ადვილად უბრუნდება ნორმას.
მძიმე ტოქსიკოზის დროს ორსული დღეში 16-20-ჯერ აღებინებს. შეუჩერებელი ღებინება ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას იწვევს. ორსული კარგავს მარილებს, ვიტამინებს, ცილებს, ანუ ორგანიზმის “საშენ მასალას”. ვითარდება ცილოვანი შიმშილი, კანის სიმშრალე, იცვლება ნივთიერებათა ცვლა, სისხლში ქვეითდება გლუკოზის დონე, შარდში ჩნდება ცილა, ორსულს პირიდან აცეტონის სუნი ამოსდის, რაც მის ორგანიზმში მიმდინარე მძიმე პროცესების გამოვლინებაა. აღსანიშნავია ძლიერი ნერწყვდენაც. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი პაციენტისთვის მეტად შემაწუხებელია, ზოგჯერ კი ისეთ მძიმე ფორმას იღებს, რომ ორსული ნერწყვის სახით დღეში ლიტრამდე სითხეს კარგავს. ეს ორგანიზმის გაუწყლოებას კიდევ უფრო ზრდის და პაციენტს ფსიქოლოგიურად ძლიერ თრგუნავს. მძიმე ტოქსიკოზის დროს საქმე ზოგჯერ ტეტანურ კრუნჩხვებამდეც კი მიდის. ამ დროს ქალის ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ასეთი მდგომარეობა ხშირი არ არის, მით უმეტეს – თუ ორსული დროულად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარებს ადეკვატურ მკურნალობას.

ახდენს თუ არა ტოქსიკოზი ნაყოფზე გავლენას?
ეს მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი ტოქსიკოზი არც დედის და არც ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის, მაშინ როცა მძიმე ტოქსიკოზის დროს დედის გაუწყლოება ნაყოფზეც აისახება. ვითარდება ცილოვანი შიმშილი – ნაყოფის აღარ მიეწოდება ორგანიზმისთვის საჭირო საშენი მასალა, განვითარებით ჩამორჩება თავის ასაკს, მცირე წონისაა, უვითარდება ჟანგბადის ნაკლოვანება (ჰიპოქსია) და მძიმე შემთხვევებში – სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა. სწორედ ამ სავალალო შედეგების აღსაკვეთადაა აუცილებელი ექიმთან დროულად მისვლა.
– მაინც რომელი სიმპტომებია ტოქსიკოზის დროს საგანგაშო?
– აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით:
• ღებინებას დღეში 5-10-ჯერ და მეტჯერ;
• შეუჩერებელ ღებინებას;
• წონის კლებას;
• კანის აქერცვლას, ძლიერ სიმშრალეს;
• პირიდან აცეტონის სუნს;
• შარდვის გაძნელებას;
• წნევის ცვლილებას;
• აპათიას (უგუნებობას);
• ადინამიას (უმოძრაობას, მოდუნებას);
• ძლიერ სისუსტესა და თავბრუხვევას;
• ძლიერ ნერწყვდენას;
• სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს;
• უმადობას.

თუ პირველი ტრიმესტრის შემდეგ ტოქსიკოზის მოვლენებმა არ გაიარა, ეს რაზე მიუთითებს?ამ შემთხვევაში აუცილებელია დიფერენცირება – მართლა ორსულთა ტოქსიკოზთან გვაქვს საქმე თუ ორსულობამ რომელიმე დაავადებას გაუწია პროვოცირება და ღებინებაც მისი სიმპტომია. ეს შესაძლოა იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც ღებინებით ვლინდება – გასტრიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პანკრეატიტი, თირკმელების პათოლოგია ან სხვა დაავადებები, რომლებიც მანამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და პირველად ახლა იჩინა თავი.

არსებობს წარმოდგენა, რომ დედას, რომელსაც ორსულობისას ტოქსიკოზი ჰქონდა, განმეორებითი ორსულობისას, თუ ნაყოფის სქესი განსხვავებულია, ის აღარ განუვითარდება. მართლა ასეა?
ჩვენი წარმოდგენები პაციენტის ან ექიმის პირად გამოცდილებას ემყარება ხოლმე. რაკი ასეთი წარმოდგენა არსებობს, ალბათ იყო საამისო საფუძველიც, თუმცა მე, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, რომელმაც იცის, როგორ ხდება სქესის ფორმირება, ტოქსიკოზის არსებობა-არარსებობას ნაყოფის სქესს ვერაფრით დავუკავშირებ. ამას არ აქვს სამედიცინო ახსნა.

იმასაც გაიგონებთ, რომ ტოქსიკოზი მხოლოდ პირველი ორსულობისას ვითარდება...
ეს მოსაზრება მედიცინასთან უფრო ახლოა. ამის ასახსნელად შეიძლება მოვიშველიოთ ტოქსიკოზის განვითარების ნეიროჰუმორული თეორია. პირველი ორსულობა მეტ-ნაკლებად უფრო დიდი სტრესი და გაურკვევლობაა, ვიდრე მომდევნო. მომდევნო ორსულობებს ქალის ორგანიზმი, როგორც წესი, უფრო მომზადებული ხვდება. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ განმეორებითი ორსულობისას ტოქსიკოზი იშვიათია. თუმცა ეს არ არის დოგმა, განმეორებით ორსულობას ზოგჯერ უფრო დიდი სტრესი ახლავს თან. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ტოქსიკოზი ყოველი ორსულობისას ერთნაირი სიძლიერით ვლინდება.
– რას ურჩევდით მათ, ვისაც ტოქსიკოზი აწუხებს, როგორ შეიძლება მისი სიმპტომების შემსუბუქება?
– ტოქსიკოზის აღკვეთაში უდიდესი როლი ეკისრება კვების რეჟიმს. ვისაც ტოქსიკოზი გაწუხებს, ვურჩევ:
• მიირთვან ხშირად, მცირე ულუფებით, მინიმუმ 4-5-ჯერ დღეში.
• მიიღონ რაც შეიძლება მეტი ცილა – ბოსტნეული, თევზი, საქონლისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი.
• თუ ტოქსიკურ მოვლენებს საკვების სუნი უწევს პროვოცირებას, მიირთვით ცივი საკვები, რომელსაც გაცილებით სუსტი სუნი აქვს.
• თუ ღებინებას უზმოზე უჩივით, საწოლთან მოიმზადეთ მსუბუქი საუზმე და ღამით გაღვიძებისას ან დილით ადგომამდე საწოლში წაიხემსეთ (ასეთი შემთხვევებისთვის ძალიან კარგია ბანანი).
• მიირთვით კომში – უმი ან შემწვარი. ის დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს და ორგანიზმს რგებს.
• აუცილებელად ჭამეთ ვაშლი. ციტრუსებიდან – კივი, ფორთოხალი და ლიმონი.
• ტოქსიკოზის როს ძალიან კარგია კოჭა და პიტნა. მათ აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი და ღებინების ცენტრსაც რამდენადმე თრგუნავენ.
• მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე – ცხადია, ნატურალური წვენების სახით. არამც და არამც არ შეიძლება გაზიანი ტკბილი სასმელების ან კონსერვანტების შემცველი წვენების დალევა.
• მიირთვით მარცვლეული, ბურღულეული.
• ნუ მიირთმევთ დაკონსერვებულ, ცხიმიანი, ძნელად მოსანელებელ საკვებს.
• ღამის საათებში, ასევე – დაწოლის წინ მიირთვით მსუბუქად.

როგორ მკურნალობენ ტოქსიკოზს?
ტოქსიკოზის მკურნალობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი ფორმის დროს სითხის დეფიციტი ფაქტობრივად არ ვითარდება და თუ მსუბუქი დეჰიდრატაცია მაინც მიხდა, ორგანიზმი წყლის მარაგს თავისთავადაც აღიდგენს. საშუალო სიმძიმისას ტოქსიკოზის დროს სტაციონარში ვატარებთ ე.წ. გადასხმებს (ინფუზიური თერაპია) დაკარგული სითხისა და მარილების აღსადგენად, ანუ ვაწვდით ორგანიზმს იმ ელემენტებს რომლებიც მან ღებინებისას დაკარგავს. მძიმე ფორმის ტოქსიკოზის დროს მკურნალობა უფრო მრავალფეროვანი და ღრმაა. ვავსებთ ორგანიზმს სითხეებით და იმის მიხედვით, რომელი სიმპტომია უფრო მეტად გამოხატული, ვატარებთ შესაბამის მკურნალობას. ვიყენებთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ პრეპარატებს, რომლებიც დამამშვიდებელ გავლენას ახდებს და, ამასთანავე, აქვთ გამოხატული ღებინების ცენტრის დამთრგუნველი ეფექტი. პაციენტისთვის საჭიროა სიმშვიდე, წყნარი, თბილი გარემო და ექიმისა და ოჯახის წევრების მზრუნველობა.
დაბოლოს, მინდა მივმართო ახალბედა ორსულებს: გილოცავთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანის დადგომას. შეიგრძენით ეს ბედნიერება და იცხოვრეთ თქვენს სიცოცხლეში ყველაზე დიდი სიხარულის მოლოდინით.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"