Plasmon
რომელია ორსულთა ყველაზე გავრცელებული შეცდომა

თარიღი: 27 აპრილი, 2018

თქვენი პატარა ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ უკვე აურჩიეთ ტანსაცმელი, თეთრეული, სათამაშოები, ოთახიც მორთეთ, ეტლიც შეიძინეთ... და მაინც, დამეთანხმებით, საუკეთესო საჩუქარი ჯანმრთელობაა.

ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მანამდე უნდა დაიწყოთ, სანამ ის ქვეყნიერებას მოევლინება. მისი ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა კი თქვენს ჯანმრთელობაზე გადის.

დარწმუნებული ვარ, ყოველი დედა ცდილობს, შვილს ჯანსაღი გარემო შეუქმნას. საქმე ის არის, რა მიგვაჩნია ჯანსაღად და რა – მავნედ, რა – აუცილებლად და რა – უსარგებლოდ. აქ ჩვენი წარმოდგენები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ორსულობის დროს გავრცელებულ შეცდომებზე სპეციალისტთან საუბარი. მოდი, გავიგოთ, სად ვცდებით და სასარგებლო რჩევებიც მივიღოთ.

გვესაუბრება მე-5 კლინიკური საავადმყოფოს სამეანო სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ნემსაძე.

– ბატონო მამუკა, გამოცდილი ექიმი ბრძანდებით, ყოველდღე გიწევთ ურთიერთობა ორსულებსა თუ მათ ოჯახის წევრებთან... ხშირად მოსდით მათ შეცდომები?

– სამწუხაროდ, ხშირად. ორსულობა ორგანიზმისთვის სერიოზული გამოწვევაა. მას ცვლილებები ახლავს თან. ამ ცვლილებებთან გასამკლავებლად ყველას თავისი მეთოდი აქვს. საზოგადოებაში მრავალი ცრუ წარმოდგენაა გავრცელებული და ხშირად მათ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ექიმის რეკომენდაციებს. არც ის არის გამორიცხული, თავად ექიმის რეკომენდაცია იყოს მცდარი, ვინაიდან მედიცინა განუწყვეტლივ ვითარდება, მიდგომები იცვლება. საბოლოოდ ასეთი შეცდომები ორსულობის მიმდინარეობაზე, ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, ზოგჯერ – მეტად მნიშვნელოვანსაც. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საუბრის მიზანი სწორედ ამ მითების დამსხვრევა და ქალებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა.

 

– რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომა?

– ყველა შეცდომას ერთი სათავე აქვს – ორსულობის როგორც მოვლენის არასწორი შეფასება, ნორმისა და პათოლოგიის აღრევა. ორსულობა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ მისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ ცვლილებებს ბევრი პათოლოგიად აღიქვამს და მათ აღმოფხვრას ცდილობს. სინამდვილეში ქალს ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში ერთადერთი რამ მოეთხოვება – მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დადასტურებულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე). შეცდომების უმეტესობა სწორედ ამ წესის დაუცველობის შედეგია. როდესაც ქალი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, პრობლემების ალბათობა მინიმუმამდე დაიწევს, ორსულობა უმეტესად ფიზიოლოგიურად წარიმართება და ნაყოფიც ჯანმრთელი იბადება.

 

პირველი შეცდომა: ორის ულუფა

– ზემოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი ახსენეთ. საინტერესოა, როგორი ცხოვრების წესი მიიჩნევა ჯანსაღად და სად უშვებენ შეცდომას ორსულები.

– ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ორის ულუფის ჭამა. დაორსულდება თუ არა ქალი, ყველა არიგებს – ახლა უკვე ორნი ხართ და ორმაგი უნდა ჭამოო. ორსულსაც რაღა დარჩენია – აორმაგებს ულუფას და იმატებს და იმატებს წონას. შედეგად ირღვევა დედის ნივთიერებათა ცვლა, პრობლემები ექმნება ნაყოფს...

 

ორსულის რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს ულუფის გაორმაგებას. თავად განსაჯეთ – თქვენი დღიური კალორაჟი 1800-2000 კალორიაა; როგორ გგონიათ, პაწაწინა ნაყოფსაც ამდენივე სჭირდება? არა, მისთვის 300 კალორიაც საკმარისია. ასე რომ, ორის ულუფა არ არის საჭირო. პირიქით, ზედმეტი კალორიების მიღებას, ჭარბი წონის დაგროვებას ისეთ გართულებებთან მივყავართ, როგორიც არის გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, პრეეკლამფსია და ნაყოფის ჭარბი წონა, რაც, თავის მხრივ, საკეისრო კვეთის განმაპირობებელი ფაქტორია; გარდა ამისა, ზრდის მშობიარობის შემდეგ ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს.

 

 მეორე შეცდომა: ბევრი ღვიძლი

– მოარული აზრის თანახმად, ორსულისთვის სასარგებლოა ღვიძლი, განსაკუთრებით – ანემიის დროს. სინამდვილეში ღვიძლი შეიცავს ა ვიტამინს, რომელსაც ტერატოგენული ზემოქმედება ახასიათებს და შესაძლოა ნაყოფის სიმახინჯის მიზეზადაც კი იქცეს.

 

 როგორ მოვიქცეთ

– როგორ უნდა შეიცვალოს რაციონი დაორსულების შემდეგ?

– მთავარია კვების ჯერადობა. დღიური რაციონი, სულ მცირე, 4 ულუფად უნდა გაიყოს – მცირე ულუფებით ხშირი კვება ხელს უშლის კუჭისა და ნაწლავების გადავსებას, ორგანიზმის გადატვირთვას, სიმძიმის შეგრძნების გაჩენას. საკვები გაჯერებული უნდა იყოს ყველა საჭირო ვიტამინითა თუ ელემენტით. რეგულარულად უნდა მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, თხილეული, ფრინველისა და საქონლის ხორცი, კვერცხი. ბოსტნეულის უდიდესი წილი სასურველია უმი, თერმულად დაუმუშავებელი იყოს.

 

– რას გვეტყვით ტკბილეულზე?

– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ ტკბილეული წონის მატებას, გესტაციური დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომ მისი შეზღუდვა აუცილებელია, განსაკუთრებით – მეორე ტრიმესტიდან. გავიმეორებ: შეზღუდვა და არა აკრძალვა, ვინაიდან ნაყოფისთვის მავნეა სასურველის აკრძალვით გამოწვეული სტრესიც. მიირთვით ტკბილეული, მაგრამ ცოტა. ეცადეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეამციროთ მისი ოდენობა. სთხოვეთ მეუღლეს, დედას, ოჯახის სხვა წევრს, გაკონტროლოთ და როდესაც ზღვარს გადახვალთ, მცირე მინიშნება მოგცეთ. ცხადია, ეს ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვისზეც არ გაბრაზდებით.

 

მესამე შეცდომა: წყალი შეშუპებას იწვევს

– პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ორსულებს ვაძლევ, წყლის სმაა. ზამთარში სასურველია დღე-ღამეში 2.5 ლიტრი, ზაფხულში კი – 3.5.

– თუმცა ისიც გამიგონია, რომ შეშუპების შიშით ორსულებს ურჩევენ, ნაკლები წყალი დალიონ...

– აქაც არასწორ მიდგომასთან გვაქვს საქმე. უნდა შეიზღუდოს არა წყალი, არამედ მჟავე, ცხარე, მარილით გაჯერებული კერძები. სწორედ მარილი იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას და შეშუპებას. თუ მან ხელი არ შეუშალა, წყალი თავისუფლად დატოვებს ორგანიზმს.

 

როგორ მოვიქცეთ

– უნდა გამოიმუშაოთ ასეთი ჩვევა: ყველგან, სადაც ბევრ დროს ატარებთ – სამზარეულოში, სამუშაო მაგიდასთან, საწოლთან – ჭიქით გედგათ წყალი. როგორც კი დაინახავთ, რომ ჭიქა სავსეა, დალიეთ; დაიცლება – ხელახლა შეავსეთ. იმის გასარკვევად, სწორად იღებთ თუ არა სითხეს, აკონტროლეთ წონა. ხშირად წონის მეტისმეტად სწრაფი მატება არა ცხიმის დაგროვების, არამედ სითხის შეკავების შედეგია. ყოველკვირა 240-400 გრამის მომატება ნორმალურია. თუ ნამატმა 400 გრამს გადააჭარბა, ეს საგანგაშო ნიშანია – შესაძლოა, ორსულობით გამოწვეულ ჰიპერტენზიაზე, პრეეკლამფსიაზე მიუთითებდეს. ასე რომ, წყლის სმა აუცილებელია, ოღონდ ყოველკვირა უნდა ავიწონოთ და ვაკონტროლოთ, რამდენ სითხეს ვიღებთ და რამდენისგან ვთავისუფლდებით.

 

მეოთხე შეცდომა: უმარილო დიეტა

– ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, რომ მარილი საერთოდ უნდა ამოვიღოთ ორსულის რაციონიდან – განსაზღვრული რაოდენობით ის აუცილებელიც კია. საქმე ის არის, რომ ორსულობის დროს ორგანიზმში ბუნებრივად იმატებს სითხის რაოდენობა, რადგან სისხლის მიმოქცევის ახალი – საშვილოსნოს – სისტემა სისხლის დამატებით მოცულობას ითხოვს. ამ მოცულობის შესანარჩუნებლად საჭიროა ნატრიუმი, რომელიც სუფრის მარილის შემადგენლობაში შედის. ასე რომ, საყოველთაო წესი: არა აკრძალვა, არამედ ზომიერება, – ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

 

მეხუთე შეცდომა: თვითმკურნალობა

– სერიოზული პრობლემაა თვითმკურნალობა. წამალთან ხუმრობა არ შეძლება, რა უსაფრთხოც არ უნდა გეგონოთ ის.

– რომელი მედიკამენტების მიღება შეუძლია ქალს ექიმთან კონსულტაციის გარეშე?

– ორსულობის დროს მიღებული წამალი, უპირველეს ყოვლისა, ცხადია, ნაყოფისთვის უნდა იყოს უსაფრთხო. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების  ასოციაციამ შემოგვთავაზა კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც მედიკამენტები უსაფრთხოების კუთხით ხუთ კლასად იყოფა: A B C D X. A ჯგუფში, ე.ი. ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტების კატეგორიაში, შედის მხოლოდ ფოლიუმის მჟავა. ეს ის პრეპარატია, რომელიც ყველა ორსულს რუტინულად ენიშნება. ყველა სხვა მედიკამენტის მიღება კი აუცილებლად უნდა შევუთანხმოთ ექიმს. იგივე ითქმის აკნეს სამკურნალო კრემებზე, მძაფრი სუნის მქონე კოსმეტიკურ საშუალებებზე და სხვა.

 

მეექვსე შეცდომა: პარაცეტამოლი ტკივილის დროს

– ექიმის კონსულტაციის გარეშე არც ტკივილგამაყუჩებლის მიღება შეიძლება?

– თავის, კბილისა თუ სხვა ორგანოების ტკივილისთვის არსებობს პარაცეტამოლი. თუ ცოტა ხანს გამოიყენებთ, არ გავნებთ, ხანგრძლივი მიღება კი არარეკომენდებულია. მით უმეტეს, შეცდომაა პარაცეტამოლის რუტინული მიღება. ექიმთან საკონსულტაციოდ მისვლა საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ მან ამა თუ იმ წამლის მიღების უფლება მოგცეთ, არამედ უპირველესად იმისთვის, რომ გაიგოს, რისი ბრალია ტკივილი და შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის უწამლოდ მოგვარება. ხშირად თავის ტკივილს მარტივი მიზეზი აქვს: ქალი არ იღებს საკმარისი რაოდენობის სითხეს, ან გადაღლილია, ან ძილი აკლია. ასეთ დროს, ბუნებრივია, არამედიკამენტური საშუალებებიც მოხსნის ტკივილს და წამლებს გადავურჩებით.

 

მეშვიდე შეცდომა: ანტაციდები გულძმარვის დროს

– ორსულებს ხშირად აწუხებთ გულძმარვა და ამ დროს ანტაციდებს იღებენ. მართებულია ეს მიდგომა?

– გულძმარვა ორსულობისას მართლაც ხშირია. ამის მიზეზია ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ნაწლავის პერისტალტიკას ანელებს. გულძმარვასთან ერთად ეს კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებსაც განაპირობებს – ყაბზობას, შებერილობას... ორსულობის მიწურულს გულძმარვა მწვავდება, ვინაიდან უკვე საკმაოდ მოზრდილი ნაყოფი კუჭს აწვება და საკვების რეფლუქსს იწვევს. ანტაციდებს იყენებენ, მაგრამ იშვიათად, უმთავრესად მაშინ, როცა ქალი დაორსულებამდეც უჩიოდა კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ პრობლემას. გულძმარვის ყველა ეპიზოდის დროს ანტაციდების მიღება კი გაუმართლებელია.

 

როგორ მოვიქცეთ

– აქაც სწორი კვების აუცილებლობაზე გვიწევს საუბარი. მცირე ულუფებით მრავალჯერადი კვება სიმპტომებს ასუსტებს. საკვების გადამუშავებას ხელს უწყობს ჭამის შემდეგ სეირნობა. არ არის რეკომენდებული დაძინებამდე ორი საათის განმავლობაში ჭამა, რა მსუბუქიც უნდა იყოს ვახშამი, თუნდაც მხოლოდ მაწვნისგან შედგებოდეს. მიირთვით მეტი უჯრედულას შემცველი საკვები – ხილი, ბოსტნეული. ნუ შეჭამთ ისეთ რამეს, რაც კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და მჟავიანობის მომატებას უწყობს ხელს: მჟავეს, ცხარეს, ზედმეტად ცხიმიანს. ძილის დროს თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.

 

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა ჰემოროიდული ვენების ვარიკოზია. ის, ფაქტობრივად, გარდაუვალია, ვინაიდან ვენური შეგუბება ორსულობას თითქმის ყოველთვის ახლავს თან, მაგრამ არასწორი კვება, ამის შედეგად გართულებული დეფეკაცია, ვარიკოზის დამძიმებას, ვენების ტკივილსა და ანთებას იწვევს. ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების დაცვა ამ პრობლემისგანაც გიხსნით.

 

მერვე შეცდომა: უმოძრაობა

– დაორსულდება თუ არა ქალი, რატომღაც ცხოვრების ადინამიურ რიტმზე გადაერთვება. ეს დიდი შეცდომაა. ფიზიკური აქტიურობა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია. დაორსულების შემდეგ ცხოვრების ჯანსაღ წესზე უარი კი არ უნდა თქვათ, პირიქით, უფრო მეტი მონდომებით უნდა მისდიოთ მას. ქალები ხშირად მეუბნებიან: სახლში იმდენს ვმოძრაობ, ვარჯიში აღარ მჭირდებაო. ასე არ არის, ძვირფასებო! ვარჯიში აუცილებელია. ის ხელს შეუწყობს ორსულობის ფიზიოლოგიურ წარმართვას, დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში, დაგაძლევინებთ სტრესს და, რაც მთავარია, მოგამზადებთ იმ დიდი გამოცდისთვის, რომელსაც მშობიარობა ჰქვია.

 

ზემოთ ვენების ვარიკოზი ვახსენეთ. ეს პრობლემა ქვედა კიდურების ვენებსაც ეხება. მუცლის ღრუში მომატებული წნევა ვენურ უკუდენას ამცირებს, რაც ქვედა კიდურების ვენათა გაგანიერებას იწვევს. ორსულს აქვს შეშუპება, სიმძიმის, დაჭიმულობის შეგრძნება. ამ სიმპტომების აღსაკვეთად საჭიროა, კარგად მუშაობდეს ქვედა კიდურების კუნთები, რომლებიც ამ ვენებიდან სისხლის გადაჭირხვნას უზრუნველყოფს. ასე რომ, ფიზიკური აქტიურობა ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

 

ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზის დროს საუკეთესოა ცურვა ან სეირნობა დღეში 40 წუთი მაინც. თუ ოფისში დიდხანს გიწევთ ყოფნა, სააათში ერთხელ ათი წუთით ადექით, გაისეირნეთ, შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები. კარგია ელასტიკური კომპრესიული თეთრეულის ტარებაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღე ჯდომა ან დიდხანს დგომა გიწევთ. ის მთელი დღის განმავლობაში უნდა გეცვათ, საღამოს კი გაიხადოთ.

 

ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზი რომც არ გაწუხებდეთ, ვარჯიში და სეირნობა მაინც აუცილებელია. ყველა სიკეთესთან ერთად, ვარჯიშის დახმარებით სტრესის ჰორმონებსაც გაუმკლავდებით.

 

თუ სპორტული დარბაზის ხშირი სტუმარი ბრძანდებით, დაორსულების შემდგომაც შეგიძლიათ ვარჯიშის გაგრძელება, ოღონდ დატვირთვის სახეობა და ხანგრძლივობა ექიმსა და ინსტრუქტორთან უნდა შეათანხმოთ. ერიდეთ მკვეთრ, უხეშ მოძრაობებს, ნუ გაზრდით დატვირთვას. არ შეიძლება ისეთი ვარჯიშების შესრულება, რომლებიც მუცლის წინა კედლის დატვირთვას იწვევს.

 

მეცხრე შეცდომა: ცოტა ძილი

– თანამედროვე ცხოვრება ქალს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს – აქეთ სამსახური, იქით ოჯახი... ხშირად ყველაფერ ამასთან გასამკლავებლად ქალებს სუპერვუმენის როლის მორგება უწევთ. არცთუ იშვიათად ამას ეწირება ძილი – სწორედ მის ხარჯზე ცდილობენ ათასგვარი საზრუნავის მოგვარებას, გვიან იძინებენ, ადრე იღვიძებენ... მინდა, ვუთხრა ასეთ ქალებს: ორსულობა არ არის ის დრო, როდესაც სუპერშესაძლებლობები უნდა გამოამჟღავნოთ. ორსულობისას ორგანიზმი მეტ დასვენებას მოითხოვს, ძილის უკმარისობა კი ჯანმრთელობას ვნებს. თუ დღეში 7-8 საათზე ნაკლები გძინავთ, დროა, გამოასწოროთ.

 

როგორ მოვიქცეთ

– დაიწყეთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ეფექტური ღონისძიებით – დაიძინეთ ერთი საათით ადრე და გაიღვიძეთ ერთი საათით გვიან. სთხოვეთ ოჯახის წევრებს, დაგეხმარონ. ეს არ არის სირცხვილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქალები ხშირად ცდილობენ, თავად გაუმკლავდნენ ყველა პრობლემას და ეთაკილებათ დახმარების თხოვნა.

 

ერიდეთ კოფეინს. ორსულობისას ის ნებადართულია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით – არა უმეტეს ორი ფინჯანი ყავისა. მინდა, შევახსენო ჩაის მოყვარულებს: ისიც ისეთივე მატონიზებელი სასმელია, როგორიც ყავა, ამიტომ დიდი რაოდენობით არც მისი მიღებაა მიზანშეწონილი. სხვათა შორის, ჩაი შეიცავს ტანინს, რომელიც რკინის კონკურენტია და მის შეწოვას ამცირებს. ესეც – კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩაი შეზღუდოთ.

კოფეინიანი სასმელი არ მიიღოთ დაძინებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში.

მოძებნეთ ძილისთვის საუკეთესო პოზა. კარგად მოირგეთ ბალიში. ხშირად მეუბნებიან, არ ვიცი, საწოლში მუცელი სად წავიღოო. მოხერხებული პოზის მიღებაში ორთოპედიული ბალიშები დაგეხმარებათ. სწორი პოზის შერჩევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორსულობის გვიან პერიოდში. არ არის რეკომენდებული გულაღმა წოლა – საშვილოსნო აწვება ქვედა ღრუ ვენას და მცირდება გულისკენ სისხლის დენა, რაც საბოლოოდ ნაყოფის კვებაზე აისახება. ნაყოფის სისხლის მიმოქცევისთვის საუკეთესოა მარცხენა გვერდზე წოლა.

დღეში რამდენჯერმე მოატყუეთ თვალი, განსაკუთრებით – სადილის შემდეგ, თუნდაც 15 წუთით, თუნდაც სამუშაო ადგილას. ეს ენერგიის დღის ბოლომდე შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ეცადეთ, შეინარჩუნოთ ორგანიზმის ნორმალური ჰიდრატაცია. ზოგჯერ ძილის დარღვევას წყლის უკმარისობა იწვევს.

ივახშმეთ დაძინებამდე არანაკლებ ორი საათით ადრე.

ერიდეთ ძილის წინ აქტიურ ვარჯიშს.

ერიდეთ სტრესს. თუ მაინც აღმოჩნდით სტრესულ სიტუაციაში, ძილის წინ მიიღეთ მომადუნებელი შხაპი ან გაიკეთეთ ნაზი მასაჟი.

მეათე შეცდომა: ნაყოფის მოძრაობაზე არასწორი რეაგირება

– არ შეიძლება, ორსულთა შეცდომებზე ვისაუბროთ და არ შევეხოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. მას იშვიათად აქცევენ ყურადღებას და შეცდომად ფაქტობრივად არ მიაჩნიათ, მაგრამ, მერწმუნეთ, შეცდომაა. საქმე ეხება ნაყოფის მოძრაობას და ამაზე ქალის რეაქციას.

 

ძალიან საინტერესო და უცნაურია შეგრძნება, რომელიც ქალს ნაყოფის მოძრაობისას ეუფლება. პირველი განძრევა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. გაგონილი გექნებათ, ამ დროს ვისაც შეხედავ, ბავშვიც იმას დაემსგავსებაო. ცხადია, ეს არ არის სწორი, მაგრამ ამ მითის არსებობა მოწმობს, რომ ნაყოფის მოძრაობას ხალხი ოდითგანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

 

სამწუხაროდ, მომდევნო თვეებში ნაყოფის მოძრაობას დედები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არადა, მთელი დღის დაღლილობა და უგუნებობა იფანტება, როდესაც პატარა მოძრაობით შეგახსენებთ თავს. ეს თქვენი შვილის პირველი რეაქციებია და ყველაზე უკეთ მათი შეგრძნება თქვენ შეგიძლიათ. გაიზიარეთ მისი ემოციები. დაიდეთ მუცელზე ხელი, მოეფერეთ პატარას, მოუწონეთ საქციელი, უთხარით რომ გიყვართ და ელოდებით. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ დროს ბავშვს არ ესმის – სმენის ანალიზატორი ხომ ყველაზე ადრე ჩნდება! დედის თითოეული სიტყვა, მისი ხმა, ემოცია ნაყოფისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ჩართეთ მეუღლეც. ეს გააძლიერებს ბავშვისა და თქვენს ურთიერთკავშირს. ამის გაკეთება არასდროს არის გვიანი, მესამე ტრიმესტრშიც კი. გახსოვდეთ, თქვენი პატარა მშობლებისგან დაბადებამდეც ელის სითბოს.

წყარო: aversi.ge