თარიღი: 22 ნოემბერი, 2020
პანიკური შეტევა შიშის ან დისკომფორტის ეპიზოდია, რომელიც იწყება უცბად, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით:
- გულისცემის უეცარი გაძლიერება და გახშირება
- ტკივილი გულ-მკერდის არეში
- უეცრად წარმოშობილი, უმიზეზო საფრთხის შეგრძნება
- განგაშის განცდა, შფოთვა
- მარტო დარჩენის შიში
- სიკვდილის გადაულახავი შიში
- მოჭერითი და მოვლითი ტკივილი ეპიგასტრიუმში
- კიდურების დაბუჟება
- ტრემორი
- გაძლიერებული ოფლდენა
- თავბრუსხვევა
პანიკური შეტევის შესახებ გვესაუბრება „ავერსის კლინიკის“ფსიქოთერაპევტი, ნინო მაღედანი
თანამედროვე ფსიქოთერაპია პანიკას, როგორც პრობლემას განიხილავს კლინიკური და სოციალური კონტექსტების ერთიანობაში. პანიკას შესაძლოა ჰქონდეს თავისი დანიშნულება, საზრისი - სხვაგვარად შევხედოთ ცხოვრებას, დავინახოთ, გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა. შევინარჩუნოთ ძირითადი ემოციურ-ქცევითი საყრდენი, რასაც ხშირად ვკარგავთ მიუღწეველი მიზნებისკენ სწრაფვით.
პანიკურ შეტევას საფუძვლად უდევს ქრონიკული, გაუცნობიერებელი შფოთვითი აშლილობა, რომელიც განპირობებულია შინაგანი, ემოციური დაძაბულობით. პანიკური შეტევა ძირითადად 10 წუთის მანძილზე გრძელდება, თუმცა ეს დამოკიდებულია ინდივიდის ფსიქო-ემოციურ განწყობასთან და შესაძლოა უფრო დიდხანსაც გასტანოს.
დღეისათვის ფსიქოთერაპიული მეთოდები, როგორებიცაა გეშტალტთერაპია, არტთერაპია და EMDR-თერაპია გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ და ვმართოთ პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ მეთოდებს საბოლოოდ მივყავართ პანიკის მტანჯველი მდგომარეობიდან გათავისუფლებისკენ.
ემოციების და ქცევის რეგულირების საჭიროება კიდევ უფრო მეტად იკვეთება დღევანდელი გლობალური გამოწვევების - პანდემიისა და პოლიტიკურ/სოციალური არამდგრადობის პირობებში. გაითვალისწინეთ, სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს.