თარიღი: 18 ივნისი, 2018
რა სახის პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული დღეს გინეკოლოგიაში და რა არის ამის მიზეზი, რა როლი აქვს ამაში გენეტიკურ ფაქტორებს, არის თუ არა ჭარბი წონა მიომებისა და პოლიპების განვითარების მთავარი მიზეზი, რას გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია, რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს პაპილომა ვირუსი და როდისაა ის საშიში და ბოლოს, არჩევითი საკესრო კვეთა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტმა, სამეფო კოლეჯის წევრმა, მეან გინეკოლოგმა აპოლონ მესხმა ისაუბრა. აპოლონ მესხი 24 წლის განმავლობაში ბრიტანეთში მოღვაწეობდა, ერთი წლის წინ კი მან მუშაობა ჟორდანიას ვაკის ფილიალში დაიწყო.
ბატონო აპოლონ, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია განსხვავებული გინეკოლოგიური ფაქტორები, რა სახის გინეკოლოგიურ პათოლოგიებს ვხვდებით ჩვენს ქვეყანაში და რა არის მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ?
როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ყველა ქვეყანას თავისი ეპიდემიოლოგია ახასიათებს, არა მხოლოდ გინეკოლოგიაში არამედ ყველა სფეროში. საქართველოსაც თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის ჯერ კიდევ კარგად ცნობილი არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახური ძალიან საინტერესო მუშაობას ეწევა და ბევრი დაავადების შესახებ დღეს ინფორმაცია უკვე მოიპოვება, მაგრამ ეპიდემიოლოგია ისეთი დარგია, რომ მისი ძირითადი მონაცემები მუდმივად იცვლება. დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადება ხდება აქტუალური.
გინეკოლოგიაში ხშირ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონებში სხვადასხვანაირად ვლინდება. მოდიან პაციენტები, რომლებმაც იციან თავიანთი დაავადების შესახებ და ამბობენ, რომ აქვთ მიომის ან ენდომეტრიოზის დიაგნოზი დასმული, მეორე შემთხვევაში კი ქალბატონები მოდიან ერთი კონკრეტული სიმპტომით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი სიმპტომის საფუძველზე ექიმისთვის მიმართვა, რადგან ეს დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
ახალგაზრდა, 20 წლამდე ასაკის ქალებში უფრო ხშირად ვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, მათ ჯერ არ აქვთ ორგანული დაავადებები. უფრო ზრდასრულ ასაკში 20 დან 35 წლამდე ქალბატონებში ნაყოფიერების საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. 35 წლიდან ზემოთ კი არის გინეკოლოგიური სფეროს დაავადებების მთელი გამა, ხშირია მიომა, ენდომეტრიოზი, ტკივილის სინდრომი, სხვადასხვა წარმოშობის კისტები.
წარსულთან შედარებით, დღეისათვის ჩვენთვის სრულიად სხვა კუთხით არის საინტერესო ეს დაავადებები, ჩვენ ამ დაავადებებს ვუყურებთ, როგორც პოტენციურად კიბოს წინარე დაავადებებს და მათ მენეჯმენტს ვანხორციელებთ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი გაავთვისებიანების პოტენციალი.
45-47 წლიდან მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები ხდება წამყვანი, აქედან გამომდინარე მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ დროს ქალებისთვის ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა არის ალები, ძილის დარღვევა და ა.შ, რომელიც ნორმალური მენოპაუზალური პერიოდის მახასიათებელია, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს და სამწუხაროდ არ უჭირავს მოულოდნელ გინეკოლოგიურ სისხლდენებს, რომლებიც ხშირად საკმაოდ საშიში დაავადებების ადრეული გამოვლინებაა.
რატომ ხდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გინეკოლოგიური პრობლემები უკვე 20 წლის ასაკიდან იჩენს თავს, რიგ ქალბატონებს კი ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებთ, არის თუ არა განმსაზღვრელი გენეტიკური ფაქტორი?
გინეკოლოგიური თვალსაზრისით საკითხს უნდა მივუდგეთ ასე, რა არის უფრო მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორები თუ გარემო ფაქტორები? რეალურ ცხოვრებაში ვიცით, რომ ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეს უფრო დამოკიდებულია ინდივიდუალურ პათოლოგიაზე ვიდრე სხვა რამეზე. არსებობს კიბოს გარკვეული ფორმები, რომლებიც შედარებით მაღალი სიხშირით ვლინდება გარკვეულ ოჯახებში, რომლებიც გარკვეული გენის მუტაციის მატარებლები არიან. ასევე არის დაავადებები, რომლებიც ხშირად ვლინდება გარკვეულ გარემო პირობებში მაცხოვრებელ ქალებში, ეს განსაზღვრავს იმას, თუ რანაირად შეიძლება ამ დაავადების დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი, მკურნალობა, საჭირო არის თუ არა სკრინინგი და ა.შ.
გინეკოლოგიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბოს წინარე დაავადების ადრე აღმოჩენას, იმიტომ რომ ადრეულ სტადიაში ჩვენ შეგვიძლია დაავადებები სრულად განვკურნოთ. ერთადერთი პრობლემაა მივაღწიოთ ადრეულ დიაგნოსტიკას, ამისათვის ადამიანი დროულად უნდა მოვიდეს ექიმთან. ამაში გვეხმარება ერთის მხრივ სკრინინგ პროგრამები, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე არსებობს, მომავალში რასაკვირველია მეტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია კოოპერაცია ექიმსა და პაციენტს შორის, რომელიც განათლებაზე და ხელსაყრელ პირობებზეა დამოკიდებული. საქართველოში ამ ყველაფრისთვის ნელ-ნელა პირობები უმჯობესდება, ასე რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.
არის თუ არა ჭარბი წონა გინეკოლოგიური პრობლემების მიზეზი და რამდენად არის კავშირში ენდოკრინოლოგიური დაავადებები გინეკოლოგიურთან?
გინეკოლოგიური სფერო, ქალის სასქესო ორგანოები იმართება ორგანიზმში ენდოკრინული სისტემის მიერ, აქედან გამომდინარე ენდოკრინული სისტემა თამაშობს წამყვან როლს გინეკოლოგიური პრობლემების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, შესაბამისად მკურნალობის პროცესშიც. თითქმის ყველა ენდოკრინულ ჯირკვალს აქვს რაღაც მონაწილეობა რეპროდუქციული ფუნქციის ჯანმრთელობაში. ფარისებრი ჯირკვალი ხშირად არღვევს მენსტრუალურ ციკლს და ხშირად ეს ხდება უნაყოფობის მიზეზი.
თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი, ეს ორგანოები უშუალოდ მართავენ საკვერცხეების ფუნქციას, აქედან გამომდინარე მათი დარღვევა იწვევს მეორად ცვლილებებს საკვერცხეებში, საკვერცხეები კი ახდენენ გავლენას მთელი დანარჩენი სასქესო სისტემის ფუნქციონირებასა და ნაყოფიერებაზე.
ჭარბი წონა საქართველოში ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით ჩვენ მაინც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ საკვერცხეში გამომუშავებული ჰორმონები მნიშვნელოვანწილად ცხიმოვან ქსოვილში გადამუშავდება, რაც უფრო მეტია ცხიმოვანი ქსოლი, მით უფრო აქტიურად ყალიბდება მათში აქტიური მეტაბოლიტები, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ ისევ სასქესო ორგანოებზე, მათ შორის საშვილოსნოს ლორწოვანზე. ეს იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის პოლიპი ან ენდომეტრიოზის ჭარბი ზრდა და ჭარბი სისხლდენები, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და ა.შ.
ნაყოფიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ორგანიზმში ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილის პროპორციის განმსაზღვრელია. ასე რომ, ჭარბ წონას დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ პრატიკაში.
გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები და ოპერაციული ჩარევა, საქართველოში არის შემთხვევები როდესაც განსხვავებულ მეთოდებსაც მიმართავავენ, როგორია ევროპული სტანდარტი?
დროთა განმავლობაში იცვლება მკურნალობის მეთოდები, საშუალებები, მენეჯმენტის ფორმები, დაავადების გამოსავლიანობა, ახალი მეთოდიკა იწვევს მთლიანად ჯანდაცვის ორგანიზაციების ფორმების გარდაქმნას, სწორედ ამან გამოიწვია ოფისის გინეკოლოგიის ჩამოყალიბება დასავლეთის ქვეყნებში.
როგორ უნდა განისაზღვროს ქირურგიულ და არაქირურგიულ მეთოდებს შორის?- მკურნალობა რაიმე სტანდარტის გამოხატვა ძალიან ძნელია. ერთი კი უდავოა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ძალიან ბევრ გინეკოლოგიურ სფეროში შემცირდა ოპერაციული ჩარევები და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მცირე მანიპულაციებმა და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ სტატისტიკას ძალიან ახლოს ჯერ-ჯერობით არ ვიცნობ.
რას მოიცავს და გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია? ეს არის მინიმალისტური ჩარევებისთვის განსაზღვრული მეთოდი თუ მომავალში შეიძლება გახდეს რთული ოპერაციების ალტერნატივა?
ოფისის გინეკოლოგია არის შექმნილი იმისათვის, რომ იყოს მოსახრხებელი, ეფექტური და სწრაფი. დღეს გინეკოლოგიაში ბევრი ინსტრუმენტი ისე დაიხვეწა, რომ მინიატურულ ზომას მიაღწია, რაც საშუალებას იძლევა მარტივად მივწვდეთ ადამიანის ორგანოებს და მოვახდინოთ დიაგნოსტიკა, ადრე მხოლოდ უხეში ჩარევით იყო შეაძლებელი იგივე.
40-50% ოპერაციებისა რომლების 20-25 წლის წინ კეთდებოდა, მაგალითად ინგლისში, დღეს გადანაცვლებულია ოფისის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის ოფისში და ერთ მისვლაზე გვარდება ისეთი პრობლემა, რასაც უწინ კვლევევი, ოპერაციული ჩარევა, შესაძლო შემდგომი გართულებები მოყვებოდა.
თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქალებმა ადრეულ სტადიაში დაიწყონ ყურადღების მიქცევა სიმტომებზე და მიმართონ ექიმს, მაშინ უფრო დიდი შანსი იქნება, დაავადებების საოფისე გინეკოლოგიის ფარგლებში განკურნების.
როდის არის პაპილომა ვირუსი საშიში და რამდენად არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა?
პაპილომა ვირუსი, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსი, ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში, მსოფლიო მასშტაბით მისი გავრცელებადობა 80%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობას პაპილომა ვირუსი აღენიშნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს საშიში არ არის რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ თუ პაპილომა ვირუსი დიდხანს რჩება ორგანიზმში, მას შეუძლია ჩაერთოს კანის მფარავი(ეპითელური) ქსოვილის უჯრედების ბირთვებში, ქრომოსომულ, გენეტიკურ აპარატში და გამოიწვიოს მათი გარდაქმნა. შედეგად უჯრედები ნელ ნელა ხდებიან პათოლოგიურები, პათოლოგიური ცვლილებები არის კიბოს წინარე დაავადება, რომელიც კლინიკური თვალსაზრისით პირველ, მეორე, მესამე სტადიად იყოფა, რომლის შედეგადაც ბოლოს ყალიბდება კიბო.
პაპილომა ვირუსს არანაირი სიმპტომი არ აქვს და სირთულე სწორედ ამაში მდგომარეობს. საჭიროა გარკვეული მეთოდებით თვალყურის დევნება და სწორედ ამისთვის არსებობს პაპ-ტესტები. პაპ–ტესტი ეს არის საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედების დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ, რათა გამოვლინდეს დაწყებულია თუ არა უჯრედების პათოლოგიური გარდაქმნა. მას შემდეგ, რაც დადგინდება პათოლოგიური ცვლილებები და დახარისხდება, იწყება დიაგნოსტიკური ჩარევები, კოლპოსკოპიის ჩატარება და ბიობსიის გაკეთება საბოლოო ჰისტოლოგიური დიაგნოზის დასადგენად. შემდეგ უკვე პასუხიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება საჭიროა უფრო ღრმა მკურნალობა თუ არა. მკურნალობა არის ქირურგიული, რადგან დღეისათვის მედიკამენტოზური მეთოდი პაპილომა ვირუსის მკურნალობისა არ არსებობს.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, კიბოს წინარე დაავადების მკურნალობის მომავალი, ვიცით რომ არსებობს მკურნალობის წინარე მეთოდები, ვაქცინაციები, ახალგაზრდა ქალებს 12-14 წლის ასაკში უტარდებათ და ძალიან ეფექტურია, სამწუხაროდ გვიან ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია აზრს კარგავს. მაგრამ ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, რადგან მომავალი თაობა თავისუფალი იქნება ქალების მკვლელი საშვილოსნოს კიბოსგან.
არჩევითი საკეისრო კვეთა, რომელსაც ძალით გართულებულ მდგომარეობასაც კი უწოდებენ, რატომ არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ასე მნიშვნელოვანი ევროპაში და რატომ განვსხვავდებით ჩვენ მათგან?
აქტუალური და საინტერესო კითხვაა, მე ვფიქრობ ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია განათლება, ალბათ მოსახლეობამ არ იცის რა უარყოფითი ფაქტორები ახლავს საკეისრო კვეთას და მათ წარმოდგენაში ეს არის მხოლოდ სამშობიარო ტკივილის თავიდან აცილების გზა. რეალურად მშობიარობის ტკივილის თავიდან აცილების ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები არსებობს, მაგ: სპინალური ანესთეზია და კიდევ ბევრი სხვა. ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ევოლუციურად საუკუნეების მანძილზე ადამიანებში ჩამოყალიბდა და კარგად მართვადი პროცესია. როგორც წესი თვითონ იწყება, შემდეგ პროგრესირებს, მინიმალური ჩარევებია ხოლმე საჭირო და როგორც წესი ეს მთავრდება გაცილებით უფრო ნაკლები ტრამვით დედისთვის და ბავშვისთვისაც ვიდრე საკეისრო კვეთა.
საკეისრო კვეთის დროს მიღებული ტრამვა, ქალის ორგანიზმისთვის არის გაცილებით დიდი, ბევრ გართულებებთან დაკავშირებული, სისხლდენა, ნერვების დაზიანება, საშარდე გზების, ნაწლავების დაზიანება, რომლის ფუნქციის აღდგენაც ნელა მიმდინარეობს და წლების მანძილშე შეიძლება მოყვებოდეს უარყოფითი შედეგები.
ფიზიოლოგიურად ნამშობიარევ ქალს აქვს „ბონდინგის”, უშუალო კონტაქტის, სიყვარულის დამყარების საშუალება პირველივე წამებიდან, რაც ღრმა და მჭიდრო კონტაქტს ქმნის დედა-შვილს შორის.
საკეისრო კვეთის შემდეგ საწოლში წოლაა აუცილებელი, ბუნებრივად ნამშობიარევი ქალები კი დგებიან და საკუთარი ფეხით მიდიან სახლში. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ მაშინ იქნას გამოყენებული როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.
რატომ ხდება, რომ საქართველოში რეაბილიტაციის პერიოდი, ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაშიც გაცილებით ხანგრძლივია ვიდრე ევროპაში, როგორია სტანდარტი?
ჩემთვის გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ახალ ნამშობიარევი ქალი რამდენიმე საათში დგება ფეხზე, ვიდრე ის, რომ რამდენიმე დღე წვანან ლოგინში. რეაბილიტაცია, ეს ბუნებრივი პროცესია იმ ცვლილებებიდან ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, რომელიც ცხრა თვე მიმდინარეობდა ქალისორგანიზმში. ნაწილი ცვლილებები საკმაოდ სწრაფად აღდგება, მაგრამ არის ნელი პროცესებიც. როგორც წესი ექვს კვირაში ქალის ყველა ორგანო და მათი ფუნქცია ნორმაშია ჩამდგარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მომზადება ორსულობის პერიოდიდანვე მოხდეს, მშობიარობის შემდეგ ქალი ისეთი დაღლილია, მას განათლებისთვის ნაკლები დრო რჩება, მან რომ იცოდეს როგორ ჩაატაროს მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები, როგორ გააინტენსიუროს მეტაბოლიზმი ვარჯიშით, როგორ დიეტაზე გადავიდეს, სითხეები რა რაოდენობით მიიღოს, მისთვის ბევრად უფრო ადვილი და ეფექტური იქნება რეაბილიტაციის პერიოდის გავლა. მე ამ ყველაფერს ყველა ქალს ვურჩევ თავიანთი მშობიარობის დაგეგმვის დროს.
მედიკამენტების და ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ორსულობაში, როგორია სტანდარტი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში?
ამ ერთი წლის მანძილზე რაც საქართველოში ვმუშაობ, მომიწია გარკვეული რაოდენობის ორსულების ნახვა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ პაციენტს ვთავაზობ, ჯობია არ მიიღონ დანიშნული მედიკამენტების 95%. ამ წამლებს არანაირი რეალური სიკეთის მოტანა არ შეუძლიათ. როგორც წესი ეს წამლები, ვიტამინები, კვებითი დანამატები გადიან პლაცენტაში და ეს ნივთიერებები დედაზე და ნაყოფზე სრულიად სხვადახვანაირად მოქმედებენ. მე ვაგრძელებ იმ პრაქტიკას, რომლითაც ვმუშაობდი დასავლეთში. დასავლეთში იღებენ ბევრად უფრო ნაკლებ წამალს ვიდრე ჩვენთან. სასურველია გავითვალისწინოთ გამოცდილება, იმისათვის რომ ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღი გახდეს.
წყარო: http://fortuna.ge