Plasmon
პედიატრ ქეთი ნემსაძის სასარგებლო რჩევები მშობლებს

თარიღი: 28 მარტი, 2018

ქეთი ნემსაძის წიგნი სახელწოდებით ,,დედის სახელმძღვანელო“ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მასში თავმოყრილია ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც ნაყოფი ჩასახვის დღიდან ეტაპობრივად გადის. ნაყოფის ზრდა-განვითარების შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთი ნემსაძე.

 

წიგნი არის დაყოფილი მთავარ თავებად, როგორ არის განაწილებული ზრდა-განვითარების ეტაპები?

ქეთი ნემსაძე: დედებს ვურჩევ როდესაც შეიძენენ ამ წიგნს, წაიკითხონ სამი თავი. ესენია: ბავშვის ასაკი, ბავშვის ნუტრიციული საჭიროებები და მორალის მოდიფიკაცია. სწორედ ასე უნდა დაყოს დედამ ეს წიგნი და ამა თუ იმ საკითხს მიჰყვეს ბავშვის ასაკის მიხედვით. მაგალითად, მორალის მოდიფიკაციის ნაწილში წარმოდგენილია განვითარების ეტაპები, რომლებსაც უნდა მიაღწიოს ბავშვმა ამა თუ იმ ასაკში, სოციალური პიროვნების განვითარება, ინსტინქტები, დასჯის ფორმა პრივილეგიების შეზღუდვის თვალსაზრისით, შექება, წახალისება, წარმატება და ა.შ

გარდა ამისა, წიგნში მარტივ ენაზეა მოცემული გადაუდებელი პირველადი დახმარება, რაც ბავშვს ესაჭიროება.

 

ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელობაში, როდესაც ინტერნეტში ბევრი ქაოტური მასალაა. თქვენი გამოცდილებიდან რამდენად გქონიათ შემთხვევები, როდესაც არასწორმა ინფორმაციამ აბსურდულ შედეგებამდე მიიყვანა მშობელი?

ქეთი ნემსაძე: ეს წიგნი საჭიროა იმისათვის, რომ დედასა და ექიმს შორის დამყარდეს თერაპიული ალიანსი, იმ თვალსაზრისით რომ დედამ ზუსტად იცოდეს როდის რა მოითხოვს კორექციას. ეს წიგნი ეყრდნობა მხოლოდ მაღალი ლეგიტიმურობის კვლევის შედეგებს, რადგან ინტერნეტი ძალიან დაბინძურებულია ცუდი ინფორმაციით. წიგნი დაგეხმარებათ იმაში, რომ იცოდეთ ზუსტად რა ასაკობრივი მიღწევები უნდა ჰქონდეს თქვენს შვილს ამა თუ იმ ასაკში. ასევე ასაკობრივი ცვლილებები, კრიზისული პერიოდი, ყველაზე რთული პერიოდი და ა.შ. მოგეხსენებათ, ბავშვებისთვის ეს არის 0-2 წლამდე ასაკი. შემდეგი მეორე კრიზისული ფანჯარა არის მოზარდობის პერიოდი. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მის პრობლემებს და უნდა დავეხმაროთ მას.

 

რა არის ის ძირითადი რჩევები, რომლებსაც მშობლებს მისცემდით.

ქეთი ნემსაძე: აუცილებელი მათი ყურადღება. მე მქონდა ბედნიერება რომ ვყოფილიყავი ევროპაში 4 წლის განმავლობაში შესანიშნავ ორგანიზაციაში, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდში, ჩვენ მაშინ ჩავატარეთ კამპანია რომლის სახელწოდებაც იყო ,,მოუსმინეთ ბავშვებს“. თქვენ არ უნდა დაინანოთ დრო ბავშვებისთვის, რადგან მათგან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოისმენთ.

 

თქვენ დასჯის მეთოდები ახსენეთ, რომლის შესახებაც წიგნშიც საუბრობთ. ძალიან ბევრი მშობელი იყენებს სხვადასხვა დასჯის მეთოდს. ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია დასჯის მეთოდი თუ ეს ფსიქოლოგთან უნდა შევათანხმოთ?

ქეთი ნემსაძე: მე პირადად წინააღმდეგი ვარ ასეთი მიდგომის. ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვის დასჯა უნდა იყოს მხოლოდ ტაიმ-აუტი ანუ თქვენ როდესაც გაბრაზებული ხართ უნდა აიღოთ ტაიმ-აუტი და შემდეგ აუხსნათ მას პრობლემა. არასოდეს ადრენალინის და გაბრაზების ფონზე არ უნდა წამოიწყოთ ბავშვთან პრობლემაზე საუბარი, ერთადერთი რითიც თქვენ შეგიძლიათ დასაჯოთ ის, არის დროებითი იზოლაცია. 1 წლიდან იწყება დისციპლინაზე მუშაობა, თუმცა აქაც მხოლოდ ჩვევები შეგიძლიათ მისცეთ, მორალს ვერ ჩაუსახავთ, იმიტომ რომ მორალი სოციალურ ჩვევებთან ერთად შემდგომში მოდის. მისი დასჯა იქნება პრივილეგიების შეზღუდვა, კერძოდ საყვარელი სათამაშოს ჩამორთმევა, კუთხეში მოთავსება. ცოტა უფრო დიდებისთვის ისეთი სათამაშოს ჩამორთმევა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს. დასჯის ერთადერთი მეთოდი ეს არის პრივილეგიების შეზღუდვა.

 

მშობლები ძალიან ცდილობენ რომ ბევრი რესურსი ჩადონ ბავშვის განათლებაში, თუმცა ბევრი მშობელი ცდილობს, ბავშვის განათლებაზე მუშაობა მცირე ასაკიდან დაიწყოს, მაგალითად უცხო ენის სწავლა და ა.შ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ქეთი ნემსაძე: არსებობს ასეთი საიტი baby Einstein, სადაც 0 ასაკიდან იწყებენ მათემატიკის სწავლებას, მაგრამ ეს უნდა იყოს ასაკის შესაბამისი. თქვენ 0-2 წლამდე უნდა ჩადოთ მასში ემოციური ინტელექტი რადგან ეს უმნიშვნელოვანესია. ემოციური ინტელექტი მხოლოდ წახალისების და დადებითი ემოციების ფონზე ყალიბდება. ჩვენ არ ვთვლით, რომ ფიზიკური განვითარების ხელშეწყობის გარეშე ინტელექტუალური განვითარება არ მოხდება. ეს არის ერთობლიობაში, სწორედ ესაა გლობალური განვითარების ხელშეწყობა. ბავშვს უნდა ელაპარაკო გამართულად დაბადებიდან. მუცლადყოფნის პერიოდში მათ მიეწოდებათ ენდორფინები, შინაგანი პრეპარატები, აქედან გამომდინარე ის გაურკვევლობაშია დაბადების შემდეგ, ამიტომ ხშირად უნდა მოეფეროთ მას რადგან რაც მეტად ეფერებით და სიყვარულს გამოხატავთ, მით მაღალი აქვს ემოციური ინტელექტი და შესაბამისად მეტი აქვს სოციალური განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება 0-6 თვემდე, როგორც ხელოვნური საკვები 2 წლამდე.

 

მნიშვნელოვანია ის სოციალური გარემო, სადაც ის იზრდება. მაგალითად: ეზო, ბაღი და შემდეგ სკოლა.

ქეთი ნემსაძე: ბავშვი რომელსაც აქვს შეფერხება ის აუცილებლად უნდა იყოს იმ ასაკობრივ გარემოში სადაც მისაღებია. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი მნიშნვნელობა ენიჭება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების გაერთიანებას, რადგან ისინი სწავლობენ ზრუნვას ერთმანეთის მიმართ, ისე როგორც ოჯახში.

 

ხშირად მშობლები პრობლემის წინაშე დგებიან, რადგან ბავშვი რომელიც დადის ბაღში ხშირად არის ცუდად.

ქეთი ნემსაძე: ძალიან მნიშვნელოვანია მივეჩვიოთ იმას, რომ ბავშვს ჩავუტაროთ სეზონური ვაქციანაცია. ის ავადაც გახდება, თუმცა არ უნდა გაურთულდეს. წელიწადში 5-6 ჯერ ბავშვი ავად უნდა გახდეს, იმუნიტეტი უნდა გავარჯიშდეს რადგან ეს ტრენინგია მისთვის. ტემპერატურა არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია და არ უნდა ვებრძოლოთ მის დაწევას ისტერიულად. ეს არის ორგანიზმის ბრძოლა უცხო ნივთიერებასთან.

 

რეზიუმის სახით, თქვენ წლებია ხართ ამ სფეროში. რამდენად მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა ზრუნვა მათზე?

ქეთი ნემსაძე: როდესაც ექიმი ხარ, პედიატრი, ეს უმნიშვნელოვანესია. მე მახსენდება ავთანდილ კვეზერელი, რომელიც ამბობდა რომ ბავშვის ტირილი რომ არ მესმის ცუდად ვარო. რა საკვირველია ეს არის დიდი ბედნიერება. გაღიმებულ დედას ხედავ მაშინ როდესაც მის პატარას აქვს ჯანმრთელობის სტატუსი.

 


წყარო: https://4u.ge