Plasmon
პირის ღრუს დაზიანება დიაბეტის დროს

თარიღი: 28 მარტი, 2021

დიაბეტის დროს პირის ღრუს დაზიანება საკმაოდ ხშირია. ისევე როგორც ამ დაავადების სხვა გართულებების დროს, მიზეზი ამჯერადაც სისხლში გლუკოზის სიჭარბეა. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას პირის ღრუს ნებისმიერი ნაწილი: კბილები, ღრძილები, ენა, სასა, ლოყების შიგნითა მხარე.

 

გლუკოზას ნერწყვიც შეიცავს. თუ არ ვაკონტროლეთ, მისი შემცველობა სისხლთან ერთად ნერწყვშიც მოიმატებს.

გლუკოზა შესანიშნავი საკვებია პირის ღრუში მობინადრე მავნე ბაქტერიებისთვის. გამრავლებული ბაქტერიები წარმოქმნიან რბილ, წებოვან ნადებს.

ნადები (აქვე შეგახსენებთ, რომ მის წარმოქმნას ხელს უწყობს არა მხოლოდ ნერწყვში არსებული გლუკოზა, არამედ შაქრისა და სახამებლის შემცველი საკვებიც) მხოლოდ იმით არ არის ცუდი, რომ კბილებს უსიამოვნო შესახედაობას აძლევს – ის აფუჭებს კბილებს, აზიანებს ღრძილებს და პირის ღრუში უსიამოვნო სუნს აჩენს.

დიაბეტიან ადამიანებს ღრძილებიც უფრო ადვილად უზიანდებათ და მკურნალობაც უფრო ხანგრძლივი სჭირდებათ.

 

ნადების პერსპექტივა
თუ ნადები კარგად არ მოვაცილეთ კბილებს, დროთა განმავლობაში გამაგრდება და ქვად იქცევა. ქვა კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებას აძნელებს, ღრძილები ღიზიანდება და ვითარდება ანთება – გინგივიტი. ამ დროს ღრძილების ლორწოვანა წითლდება, შუპდება და ადვილად სისხლმდენი ხდება.

თუ გინგივიტს არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, პერიოდონტიტი განვითარდეს. ამ დროს ღრძილებსა და კბილებს შორის წარჯოიქმნება თავისუფალი სივრცეები – ჯიბეები, რომლებიც დროთა განმავლობაში ინფიცირდება. ინფექცია შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ნადები უფრო და უფრო ღრმად ჩადის ღრძილში და ორგანიზმი ბაქტერიებთან ბრძოლას იწყებს. ამ ბრძოლის შედეგად ნადგურდება ძვალი და ქსოვილი, რომელიც კბილს იჭერს.

თუ პერიოდონტიტს არ ვუმკურნალეთ, ღრძილები, ძვლები და კბილის დამჭერი ქსოვილი დაიშლება. კბილი ან თვითონ ამოვარდება, ან ამოსაღები ხდება.

 

მთავარი პრობლემები
პირის ღრუს დაავადებებიდან დიაბეტიანებს ყველაზე ხშირად ემუქრებათ:

1. გინგივიტი – ღრძილების ანთება, რომელსაც ახასიათებს ღრძილების სიწითლე, შეშუპება და სისხლდენა. მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ძირითადი საშუალებაა კბილების ყოველდღიური ხეხვა და ფლოსით წმენდა, აგრეთვე – სტომატოლოგთან გეგმური წმენდის ჩატარება.

2. პერიოდონტიტი – პერიოდონტის, ღრძილის ირგვლივი ქსოვილების ანთება, რომელიც ვრცელდება კბილისა და ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილზეც. ის შესაძლოა ძალიან მსუბუქადაც გამოვლინდეს და ძალიან მკვეთრადაც.

პერიოდონტიტს ახასიათებს:

• ღრძილების სიწითლე, შეშუპება, სისხლმდენობა;

• ღრძილებსა და კბილებს შორის ჯიბეების გაჩენა;

• ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია კბილებსა და ღრძილებს შორის არსებულ ჯიბეებში;

• ცუდი სუნი, რომელიც არ ქრება;

• მუდმივი კბილების ერთმანეთისგან დაცილება, მორყევა  ან დაკარგვა;

• თანკბილვის დარღვევა;

• კბილებსა და ღრძილებს შორის ჩირქის წარმოქმნა;

• პროთეზის მორგების გაძნელება.

კბილების ღრმა წმენდა პერიოდონტიტის სამკურნალო მეთოდიცაა. საჭიროებისამებრ, იყენებენ წამლებსაც. არც ქირურგიული ჩარევაა გამორიცხული.

3. კანდიდოზური სტომატიტი (რძიანა), რომლის დროსაც პირის ღრუში ჩნდება სოკოვანი ინფექცია და სოკოების გამრავლებას ორგანიზმი ხელს ვეღარ უშლის. ღრძილებზე, ენაზე, ლოყებსა და სასაზე თეთრი (ზოგჯერ – წითელი) მტკივანი ლაქები ჩნდება. ზოგიერთი მათგანი ღია წყლულად იქცევა.

რძიანას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ. თუ პაციენტი პროთეზს ხმარობს, დღე-ღამის რომელიმე მონაკვეთში ის აუცილებლად უნდა ჩადოს სპეციალურ ხსნარში მასზე არსებული სოკოების გასანადგურებლად.

4. პირის სიმშრალე, იგივე ქსეროსტომია, რომლის დროსაც შემცირებულია ნერწყვის რაოდენობა და იმატებს კბილებისა და ღრძილების დაავადების რისკი. ქსეროსტომიას ახასიათებს პირში სიმშრალის შეგრძნება, ენის გამოშრობა, პირის ტკივილი, ტუჩების დახეთქვა, პირის ღრუში წყლულების გაჩენა, ღეჭვის,  ყლაპვის, ლაპარაკის გაძნელება.

პირის სიმშრალეს მკურნალობენ წამლებით, რომლებიც უზრუნველყოფს პირის სისვლეს, სავლებებით, რომლებიც დაზიანებისგან იცავს კბილებს, უშაქრო საღეჭი რეზინით და პიტნით რომლებიც აძლიერებს ნერწყვის წარმოქმნას. პაციენტს ურჩევენ, ხშირ–ხშირად სვას ყლუპი წყალი, სახლში დაამონტაჟოს ჰაერის დამატენიანებელი (ან გამოიყენოს ჰაერის დანოტივების სხვა საშუალება), ერიდოს ცხარე და მარილიან საკვებს, თამბაქოს, კოფეინიან, ალკოჰოლიან სასმელებს.

5. პირის წვა. პირის ღრუში წვის შეგრძნებაც გლუკოზის მომატების ბრალია. წვას შესაძლოა თან ახლდეს პირის სიმშრალის შეგრძნება, მწარე გემო. პრობლემის მოსაგვარებლად ცვლიან ან დიაბეტის სამკურნალოდ დანიშნულ წამალს, ან მის დოზას. როგორც კი სისხლში გლუკოზის დონე დარეგულირდება, წვის შეგრძნებაც გაქრება.

 

სხვა სიმპტომები
დიაბეტის დროს პირის ღრუს დაზიანების სხვა ნიშნებია:

• წყლულები, რომლებიც არ ხორცდება;

• კბილებზე შავი ლაქების ან ღმულების გაჩენა;

• პირის, სახის ან ყბის უწყვეტი ტკივილი;

• კბილის/კბილების დაკარგვა;

• ტკივილი ღეჭვის დროს;

• გემოვნების შეცვლა ან უსიამოვნო გემო პირში;

• პირიდან ამომავალი უსიამოვნო სუნი, რომელიც კბილების გახეხვის შემდეგ არ ქრება.

 

როგორ აღმოვაჩინოთ
იმის დასადგენად, დიაბეტმა პირის ღრუ ხომ არ დააზიანა, ის ხშირად უნდა დაითვალიეროთ სარკეში. ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევისას ექიმს უნდა მიმართოთ. გახსოვდეთ, ღრძილების დაავადების პირველი ნიშნები შეშუპება და სისხლდენაა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ სიმპტომები ყოველთვის არ არის თვალსაჩინო, ამიტომ წელიწადში ორჯერ აუცილებელია სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი და კბილების გაწმენდა. თუ ექიმმა პრობლემა აღმოაჩინა, თავად შემოგთავაზებთ მისი მოგვარების გზას.

 

ექიმთან მისვლამდე
სტომატოლოგიური პროცედურების განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნება. ამის თაობაზე წინასწარ უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმსა და სტომატოლოგთან.

დიაბეტის საწინააღმდეგო ტაბლეტებიც და ინსულინიც შესაძლოა ჰიპოგლიკემიის – სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითების – მიზეზად იქცეს, ამიტომ მათი მიღებისას აუცილებლად უნდა მიირთვათ ადეკვატური რაოდენობისა და შემადგენლობის საკვებიც. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის წამალთან ერთად მუდამ გქონდეთ თან ცოტაოდენი ხემსიც.

თუ სტომატოლოგთან ვიზიტის წინ გლუკოზის დონე ვერ მოიწესრიგეთ, უმჯობესია, ვიზიტი გადადოთ. თუ ვიზიტის გამო ღელავთ, უთხარით სტომატოლოგს. ის გაითვალისწინებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას და მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს პროცედურის დროს. შიშის გამო ვიზიტის გადადება არ ღირს – შესაძლოა, პირის ღრუს მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდეს.

 

ტკივილი პროცედურის შემდეგ
სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ პირის ღრუ ხშირად მტკივნეულია. შესაძლოა, არათუ რამდენიმე საათის, რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გაგიჭირდეთ ღეჭვა. ამიტომ მკურნალ ექიმთან გაარკვიეთ, როგორ მოიქცეთ სტომატოლოგიური პროცედურის შემდეგ, კერძოდ:

• რა ტიპის საკვები და სასმელი მიიღოთ;

• ხომ არ უნდა შეცვალოთ დიაბეტის წამლის მიღების დრო;

• ხომ არ უნდა შეცვალოთ წამლის დოზა;

• რა სიხშირით უნდა შეიმოწმოთ სისხლში გლუკოზის შემცველობა.

 

უარი თამბაქოს
დადგენილია, რომ თამბაქოს წევა ზრდის ღრძილების დაზიანების, პირის ღრუს სოკოვანი ინფექციის, პირისა და ხორხის კიბოს განვითარების რისკს, ფერს უცვლის კბილებს და აჩენს პირში უსიამოვნო სუნს.

მწველობისა და დიაბეტის კომბინაცია საკმაოდ საშიშია. მაგრამ  თუ უარს იტყვით თამბაქოზე, შეგიმცირდებათ:

• ინფარქტის,

• ინსულტის,

• ნერვული დაავადებების,

• თირკმელების დაავადებების,

• ამპუტაციის რისკი;

გაგიუმჯობესდებათ:

• ქოლესტეროლის მაჩვენებელი;

• სისხლის წნევის მაჩვენებლები;

• სისხლის მიმოქცევა.

თუ მოწევისთვის თავის დანებებას გადაწყვეტთ, ჯობს, ვინმეს სთხოვოთ დახმარება და ამ საქმეს მარტო არ შეეჭიდოთ.

 

ჯანსაღი პირის ღრუ
პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ:

1. გლუკოზის მაჩვენებელი რაც შეიძლება მეტად მიუახლოვეთ სამიზნე დონეს, რომელსაც მკურნალი ექიმი გაგინსაზღვრავთ. ექიმი მისი შენარჩუნების საშუალებებსაც გასწავლით. ასევე გეტყვით, როგორ მოიქცეთ, თუ გლუკოზის მაჩვენებელმა მეტისმეტად აიწია ან დაიწია.

2. მიირთვით ჯანსაღი საკვები და დაიცავით ექიმის ან დიეტოლოგის მიერ რეკომენდებული კვების რეჟიმი.

3. კბილები დღეში ორჯერ მაინც გაიხეხეთ ფთორიანი პასტით. ფთორი კბილებს დაზიანებისგან იცავს.

• კბილები უნდა გაიხეხოთ ყოველ დილით, ძილის წინ და ჭამის შემდეგ (მათ შორის – ტკბილეულით ან სახამებლით მდიდარი ნუგბარით წახემსების შემდეგაც).

• გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი.

• გაიხეხეთ კბილები პატარა წრიული მოძრაობებით.

• გაიწმინდეთ ყოველი კბილის წინა, უკანა და ზემოთა ზედაპირები, აგრეთვე – ენაც.

• ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ, თუ ღეროებმა ფორმა დაკარგა – უფრო ადრეც. გახსოვდეთ, ახალი ჯაგრისი ნადებს უკეთ აცილებს.

4. სვით ფთორით გამდიდრებული წყალი ან ივლეთ ფთორის შემცველი სავლები, რომელსაც სტომატოლოგი გირჩევთ.

5. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ნალექისა და გინგივიტის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი სავლებიც.

6. ფლოსი (კბილის ძაფი) დღეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ, რათა კბილთაშორის სივრცეში ნადები არ დაგროვდეს.

• კბილებს შორის ჩადებული ფლოსი ამოძრავეთ ღრძილიდან პირის ღრუს მიმართულებით, ბოლოს კი კბილის ძირის გარშემოც.

• მომდევნო კბილზე გადასვლისას ფლოსის ახალი, სუფთა სეგმენტი გამოიყენეთ.

7. კბილებს შორის ნადების მოსაშორებლად შეიძლება საგანგებოდ ამისთვის წარმოებული მცირე ზომის ინსტრუმენტების გამოყენებაც

8. თუ პროთეზს ხმარობთ, დაიცავით მისი სისუფთავე და ღამით პირში ნუ დაიტოვებთ. თუ მისი ტარებისას დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად დაარეგულირებინეთ.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაიცავით ექიმის რეკომენდაციები და პირის ღრუს პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით.